ზინაიდა კუჩერენკო - სიმპათიური, სევდიანი თვალებით და ამბებით, მაგრამ იმედით სავსე ადამიანი.
დნიპროდანაა. ადრე დნეპროპეტროვსკს ეძახდნენ. ახლა უფრო ლამაზად ჟღერს მისი სახელი - დნიპრო. მდინარე დნეპრზე გაშენებული ქალაქია, უკრაინის მესამე უდიდესი ქალაქი იყო მილიონზე მეტი მოსახლეობით, მაგრამ ახლა...
ბევრმა დატოვა...
ზინაიდაც წამოვიდა. ახალ 2023 წელს შეხვდა თავის საყვარელ ქალაქში. სახლი დაკეტა, ჩემოდანში ცოტაოდენი ბარგი ჩაალაგა და წამოვიდა სხვა ქვეყანაში.
მარტო.
19 იანვარს უკვე აქ იყო, ქუთაისში.
პირველი კითხვა რატომღაც სახლზე დავუსვი - მენანება მარტოდ დარჩენილი სახლები...
სახლი დგას, მეგობრები აკითხავენო. ეს გასახარებელი ამბავია, როცა სახლს პატრონობენ, როცა სახლი გელოდება...
ომის დაწყებიდან თითქმის წელიწადი იყო დნიპროში, მაგრამ მაინც ვერ დარჩა, წამოსვლა არჩია.
ქალაქი შედარებით დაცულია, თუმცა ხშირად იბომბება და საშიშია. საავადმყოფოები დაჭრილებითაა სავსე. საავადმყოფოსაც ესვრიან და იქაც იღუპებიან ადამიანები.
ზინაიდა ინჟინერ-ტექნოლოგია პროფესიით, სარესტორნო ბიზნესში მუშაობდა, კარგად იცის და უყვარს თავისი საქმე.
ერთი მზარეული იყო მასთან, 34 წლის, ორი ბავშვი ჰყავდა. ერთ დღეს დედამისი ჩამოვიდა და თავისთან წაიყვანა უმცროსი ბავშვი. სახლს მოხვდა რაკეტა, დაიღუპნენ ეს ახალგაზრდა კაცი, მისი ცოლი და 9 წლის ბიჭი. ოჯახიდან ის პატარა, 3 წლის გოგონა გადარჩა, ბებომ რომ წაიყვანა თავისთან...
ასეთი ტრაგედიები ხდება... და ამ ყველაფრის გახსენება დიდი ტკივილია ზინაიდასთვის.
ასე დაგროვდა ცუდი, საშიში ამბები, ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა და ამიტომ წამოვიდა საქართველოში.
მისი აქაური ცხოვრება მშვიდად მიედინება:
„მომწონს ქუთაისი, ხალხი, სტუმართმოყვარეობა. ახლოს ვცხოვრობ მთასთან, მაქვს ურთიერთობა ბუნებასთან. როგორი სიმწვანეა! რა გემრიელი წყალია! ბევრს დავდივარ ფეხით. მიყვარს ბოტანიკური ბაღი, პარკები, წყალტუბო... სილამაზეა ირგვლივ. და კიდევ - მხარდაჭერა. მორალური, მატერიალური, ფსიქოლოგიური. ფონდი „სოხუმი“ კეთილ საქმეს აკეთებს. გაიხარეთ - ეს ძალიან ბევრს ნიშნავს უკრაინელებისთვის. თქვენ იცით, რა არის ომი, ისიც იცით, რამდენს ნიშნავს ასეთ დროს მხარდაჭერა... ყველაფერი ხელს უწყობს ჩემს ჯანმრთელობას, განწყობას“.
ქუთაისური ცხოვრებით კმაყოფილია ზინაიდა. დაუმეგობრდა ქართველებს და აქ მცხოვრებ უკრაინელებს. ქართულის კურსებზე დადის, ეჩვევა ენას - რაკი აქ ვცხოვრობ, მინდა მესმოდეს, რას ამბობენ ადამიანები ჩემს ირგვლივ. თუმცა ძნელი ენააო, ამბობს. ინგლისური კარგად ვიცი და ქართულს დიდად ვერ გავუგე, ძლივს ვისწავლე წერა-კითხვაო.
მის ახლანდელ საცხოვრებელთან პატარა სასტუმროა. ხშირად მიდის სასტუმროს კაფეში, ეხმარება მეპატრონეს, რჩევებს აძლევს, როგორ შეადგინოს მენიუ, რა უფრო მოეწონებათ სტუმრებს. თავის მდიდარ უკრაინულ გამოცდილებას უზიარებს - რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. თვითონ სიამოვნებს ასეთი ურთიერთობა, კაფეში მისვლა, ყავის დალევა, თავისი პროფესიონალიზმის გამოვლენა...
მიყვარს ასეთ ადამიანებთან საუბარი:
- თან რომ ტკივილს გიზიარებს და თან ამატებს: - არა, უშავს, გაივლისო.
- ჯანმრთელობის პრობლემებზე გესაუბრება და მაინც ოპტიმისტურად გეტყვის: აქაურობა მომიხდა, უკეთესად ვარო.
- არასტაბილურ ვითარებას ახსენებს და კარგის იმედს არ კარგავს: ჩვენი ომი არ დამთავრებულა და კიდევ ახალი ომი დაიწყო. ყველგან საშიშროებაა, მაგრამ ყველა ომი დამთავრებულა და ესენიც დამთავრდება მალეო.
სევდიან ამბებზე ასეთი ოპტიმიზმით მესაუბრება დნიპროდან ჩამოსული ზინაიდა კუჩერენკო.
მისი დევიზია: ყველაფერი უკეთესი წინაა.
მეც ასე მჯერა: ხვალ უკეთესობა იქნება ყველგან...