ზოგიერთისთვის ბულინგზე, გენდერულ სტერეოტიპებზე ან ძალადობაზე საუბარი დღემდე უხერხულობასა და შიშს იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახსა და სკოლაში ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი ჯერ კიდევ ყველასთვის გამოწვევაა. მოზარდები მარტო რჩებიან კითხვებით - როგორ დაიცვან თავი, როგორ გამოხატონ გრძნობები, რა პასუხი გასცენ ჩაგვრას.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ სწორედ ამ სიჩუმეს არღვევს. ის ქმნის სივრცეებს, სადაც მოზარდები ერთმანეთს უსმენენ, თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებსა და სწავლობენ, რომ თვითგამოხატვა მათი უფლებაა და არა - სირცხვილი.
წარმოიდგინე ადგილი, სადაც შენს აზრს უსმენენ.
სადაც არ გეუბნებიან: „ნუ ერევი დიდების საქმეში!“
სადაც არ გრძნობ თავს უცხოდ, სადაც სწავლობ, როგორ გამოხატო საკუთარი აზრი, მოუსმინო სხვას, მართო კონფლიქტი და თავად იმოქმედო, დაგეგმო, ჩაერთო, შეცვალო.
სწორედ ეს ცოდნა გეხმარება, გახდე ლიდერი.
სწორედ ასეთ სივრცეს ქმნის ქალთა ფონდი „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში: ჩოხატაურში, ქობულეთში, წყალტუბოში, ქუთაისში, ხონში, თერჯოლაში, სამტრედიაში, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ხობში. სოფლებში, ქალაქებში, დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა ზონებში მოზარდები იკრიბებიან, რომ უკეთ გაიცნონ თავიანთი თავი, მიიღონ ცოდნა და შექმნან ცვლილება საკუთარ თემში.
საკუთარი თავის აღმოჩენა ახალგაზრდულ კლუბებში
ახალგაზრდული კლუბები იქცა სივრცეებად, სადაც მოზარდები სწავლობენ, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება სიძლიერეა და ლიდერობა ასაკით არ იზომება. ისინი საუბრობენ თემებზე, რაზეც სხვები დუმან: გენდერული უთანასწორობა, ემოციების გამოხატვის თავისუფლება, კონფლიქტის გავლენა ინდივიდზე.
„ფონდ „სოხუმში“ პირველად მაშინ მივედი, როცა მეცხრე კლასში ვსწავლობდი. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, როგორ წარვადგენდი თემას? საჯარო გამოსვლების შიში მქონდა, ერთგვარი კომპლექსიც, ხომ გესმით? თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, როცა პირველი თემა წარმოვადგინე და ტრენერს მოეწონა, იმ დღიდან ეს შიში სრულად მომეხსნა. მას შემდეგ თავისუფლად და თავდაჯერებულად შემიძლია საჯაროდ გამოვიდე. უფრო მეტიც, იმ დღიდან დღემდე აქტიურად ვერთვები ყველა შესაძლებლობაში, რასაც ფონდი ახალგაზრდებისთვის ქმნის,“ – ქრისტინე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა.
„პირველ შეხვედრაზე ცოტა დაბნეული ვიყავი - უცხო გარემო, ახალი ადამიანები, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ჩემი აზრი მნიშნელოვანია. დავიწყე საუბარი იმაზე, რასაც მანამდე მხოლოდ საკუთარ თავს ვუზიარდებდი და დღეს უკვე ვგრძნობ, რომ ჩემი ხმა მართლა ისმის," — ბექა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა.