კომპლექსები მქონდაო... უყურებ, ესაუბრები და ვერ წარმოგიდგენია, რომ ხუთი წლის წინ მორიდებული იყო და ეშინოდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის.
რამდენს მიაღწია ამ ხუთ წელიწადში! უბრალო ჩამოთვლითაც მიხვდებით, რამდენი შრომა და მონდომებაა ამ წარმატებებს მიღმა:
ირმა ბრეგაძე - სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის პროექტების აქტიური მონაწილე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზატორი, პროგრამა FLEX-ის ნახევარფინალისტი, MAC Georgia-ს თეატრალური დასის წევრი...
ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ირმას წარმატების გზას.
ირმა ბრეგაძე: „მეექვსე კლასში ვიყავი, როცა გვითხრეს, კონფლიქტების თემაზე იწყება მუშაობა და ვინ ჩაერთვებითო. დამაინტერესა და დავესწარი. პირველივე გაკვეთილი დამამახსოვრდა. ეს იყო ჩემი უშუალო კონტაქტი ფონდ „სოხუმთან“, როცა ტრენერმა ლელა შენგელიამ ჩაგვიტარა ათმოდულიანი სატრენინგო კურსი კონფლიქტების მართვის შესახებ“.
ხუთი წლის წინ, აქედან დაიწყო ირმას აქტიურობა. ამბობს, რომ მისი ცვლილებების ათვლის წერტილი სწორედ ეს პირველი უჩვეულო შეხვედრა იყო. მაშინ ისწავლა დამოუკიდებელი მუშაობა. პირველად მეხუთეკლასელები შეკრიბა და კონფლიქტის მართვაზე ესაუბრა, თამაშით, ხალისიანად. ნერვიულობდა, მაგრამ კარგად გამოუვიდა. იხსენებს, რომ ბავშვები გაოცებულები უყურებდნენ, თითქმის მათმა თანატოლმა საიდან იცოდა ამდენი რამ...
ფონდმა „სოხუმმა“ დააკავშირა ირმა ბრეგაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან. სხვადასხვა კლუბის წევრია. ახლახან ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კურსი გაიარა, 20 ბავშვიდან ორი აარჩიეს, გუდაურში სწავლება ჩაუტარდა და შემდეგ განახორციელა სამთვიანი პროექტი „სად გადის ზღვარი რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის“ (ჩეხური ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით). მედიაწიგნიერების საკითხებზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში ჩაატარეს ტრენინგები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და Street Art კონკურსი „გახდი მედიაწიგნიერი!“.
ამ პროექტზეა საუბარი
ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის სიუჟეტში:ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგთა საქმიანობაში ირმას დაიკო ნინისაც უნდოდა ჩართვა, მაგრამ მაშინ მეხუთეკლასელი იყო, კლუბში კი მეექვსე კლასიდან იღებდნენ.
ნინი ბრეგაძე: „ძალიან მომწონდა. მახსოვს, ერთხელ ლელა მასწავლებელთან ერთად იდგნენ ეზოში, წრეში. მეც ისე მინდოდა მათთან... მეორე წელს ახალი ჯგუფის შექმნა დაიწყო. ჩემი კლასიდან ბიჭები აარჩიეს - 11 ბიჭია და მე ვარ ერთი გოგო. ლელა მასწავლებელმა - გოგონებიც გვჭირდებაო და მეც მოვხვდი ამ ჯგუფში. ძალიან საინტერესო მუშაობა გვქონდა.“
ნინი ბრეგაძე ახლა მეათე კლასშია. უფროს დასავით აქტიურია - მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის პროექტებშიც მონაწილეობს, თეატრალურ დასშიც...
იანვრის ბოლოს ზესტაფონის დრამატულ თეატრში გაიმართა მაკ ჯორჯიას (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) თეატრალური ფესტივალის საზეიმო დახურვა. იმერეთის, გურიის, აჭარის, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის სკოლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის გამარჯვებული გახდა ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დასი სპექტაკლით „დოქტორ პაპადაჩის ვალსი“.
ამ ყველაფერზე ემოციებით გვიამბეს ირმამ და ნინიმ, მაგრამ არ უთქვამთ ყველაზე განსაკუთრებული, რაც ჩვენით მოვიძიეთ: ირმა ბრეგაძე დასახელდა ნომინაციაში „ქალის საუკეთესო მთავარი როლი“.