ვერონკა



ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

გმირობა ბევრს აბსტრაქტული ცნება, ხმამაღალი სიტყვა ჰგონია.
მაგრამ ხანდახან გმირები ჩვენს შორის არიან და ერთხელაც - დაგიმტკიცებენ.
ჩვენს შორის - უკრაინაშია ამჯერად ჩემი წერილის გმირი. მართლაც გამორჩეული ქალი.


მის სახელს ვცვლი, იმიტომ რომ მისი გმირობა საშიშია - ბევრი მტერი ჰყავს: მომხდური, ასე ურცხვად რომ იტაცებს მიწებს, კლავს, ანადგურებს, აუპატიურებს...

ჩემს გმირს სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ უკრაინაში გავრცელებულ სახელს - ვერონკას დავარქმევ - თან, ზუსტად ისაა, რაც მჭირდება - та, що приносить перемогу (ვისაც გამარჯვება მოჰყავსო - ასე ითარგმნება)...
წაიკითხავთ და მიხვდებით, რომ ასეთ ადამიანებს მოაქვთ გამარჯვება.
დავიწყებ თავიდან:

24 თებერვალმა შეძრა სამყარო!

მას მერე ჩვენც, ფონდი „სოხუმის“ ქალებმაც მოსვენება დავკარგეთ – ომმა გაგვიახლა ყველა საგულდაგულოდ მივიწყებული ტკივილი. და თან - ჩვენნაირების დახმარებაზე დავიწყეთ ფიქრი.

შევაგროვეთ, გადავრიცხეთ, ვიყიდეთ, გავაგზავნეთ... რასაც დღეს ყველა აკეთებს საქართველოში.

მთავარი ახლა იწყება.

უკრაინაში ყველა ნაცნობ თუ უცნობ ქალთა ორგანიზაციას გავუგზავნეთ მხარდაჭერის წერილი და ვეკითხებოდით: რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?

და 1 მარტს მივიღეთ ერთი ქალის წერილი მელიტოპოლიდან, რომელიც მზად იყო, ადგილზე დახმარებოდა ქალებს, ხანდაზმულებს და ბავშვებს. დაასახელა ორი ძირითადი პრობლემა: სურსათის და მედიკამენტების დეფიციტი.
რთული აღმოჩნდა, მაგრამ ზაპოროჟიეში მაინც მოხერხდა გადარიცხვა და ოკუპირებულ მელიტოპოლში მიიღეს 55 285 უკრაინული გრივნა!
23 მარტს უკვე გამოაგზავნა პირველი ქვითრები და ფოტოები.

უშიშარი მელიტოპოლელი ქალი, ვერონკა რომ დავარქვი, თავის მეგობარ ქალებთან ერთად ურიგებდა ადამიანებს იმას, რაც სჭირდებოდათ.


მიჰქონდათ არა მარტო პროდუქტები და წამლები, იმედიც, რომ ისინი ახსოვთ და ზრუნავენ მათზე!

ამონარიდები მისი წერილებიდან:

„აი, ახლა მივემგზავრები სოფელში, იქ კავშირი არ არის. მიმაქვს საჭმელი, პროდუქტების მეორე წყების ნაწილი.“

„ის იყო, წამლები დავარიგე და ორი მანქანით სამხედროები შევიდნენ ეზოში, გამოვასწარი...“

„ძალიან რთული სიტუაციაა. სოფელში სამხედროები მოვიდნენ ავტობუსებით და ყველა სახლი გაჩხრიკეს. მიმძიმს, არასოდეს ვყოფილვარ ასე…“
„უფალო! უღრმესი მადლობა თქვენ, რომ დაგვეხმარეთ. ბევრი ტირის, წამლებს რომ ვაძლევ“.

„ბებიებმა მოკითხვა დამაბარეს თქვენთან, საქართველოში და დიდი მადლობა დახმარებისთვის“.

„ცოტათი შვებას გვაძლევს ის, რომ ადამიანებს რაღაცას მაინც ვაძლევთ, მაგრამ ვითარება სულ უფრო რთულდება“.

„ორკებმა თავიანთი ხელისუფლება დასვეს დასახლებებში, დადიან სოფლებში და ჩხრეკენ სახლებს“.

„უკვე გვიანია, ღამით შედარებით უკეთესია ინტერნეტის ჩატვირთვა“.

„ბლოკადაზე მყოფმა რაშისტებმა წაიღეს გამაყუჩებლების ერთი შეკვრა, რამდენიმე ამპულა, ბინტი, დამამშვიდებლები. მადლობა ღმერთს, დანარჩენი მივიდა ადგილამდე. ხსნიან ყუთებს, მუდმივად ამოწმებენ“.

„უღრმესი მ ა დ ლ ო ბ ა ! ვერც წარმოიდგენთ, როგორ დაეხმარეთ ჩვენს ხალხს“.
„ზაპოროჟიეს გზა დაკეტეს, ვეძებთ ახალ გზებს“...

„ვიპოვეთ! ვაშა! მივიღე წამლების ბოლო ამანათი. კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა რაღაცის დარიგებაც მოვასწარი“.

„ჯერჯერობით აქ ვრჩები, ვეძებ კიდევ, ვის შეიძლება მივმართო დახმარებისთვის“.

„საკვებს ცოტას მაინც იშოვი, მედიკამენტები კი პრაქტიკულად არ არის“.
«Все буде Украiна!»

ახლახან კი ასეთი წერილი მივიღეთ ვერონკასგან:

ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობდით, წინ მივდიოდით, ვურთიერთობდით, ვიცინოდით, ვსწავლობდით, ვხარობდით, ვგიჟდებოდით ჩვენს ქალაქზე და ჩვენს ქვეყანაზე! „რუსკი მირის“ მოსვლამდე...

24 თებერვალმა სამუდამოდ ამოატრიალა ჩვენი ცხოვრება და გადაგვიხაზა ყველა გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი რუსულად მოლაპარაკეა, ჩვენ არასოდეს გვითხოვია გათავისუფლება ან დაცვა!



25 თებერვლიდან მოყოლებული, მთელი მელიტოპოლის რაიონი ოკუპაციაშია. ოკუპაციაში ცხოვრება... ცხოვრება არ არის, ეს თავის გადარჩენაა მხოლოდ.
ახლა მოსახლეობის დაუცველ ფენებზე მინდა ლაპარაკი, განსაკუთრებით სოფლებში და ქალაქის შემოგარენში... რამდენიმე თვეა, ადამიანებს პენსია არ აუღიათ, საკვების მარაგი ამოწურულია, მედიკამენტები გაუთავდათ, სოციალური შემწეობებიც არ არის, მესამე თვეა...

მ ა გ რ ა მ გამოჩნდა ქართული ორგანიზაცია - ქალთა ფონდი „სოხუმი“ და მისი წყალობით ჩვენ შევძელით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა - შევიძინეთ 50 სასურსათო ნაკრები, მედიკამენტები და გადავეცით მათ, ვისაც სჭირდებოდა. 1890 დოლარით ჩვენ 250-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ! ეს კი ძალიან ბევრია! სოფლებში ადამიანებს განსაკუთრებული მედიკამენტები სჭირდებოდათ, რაც ძნელად იშოვება, განსაკუთრებით ასეთ დროს. მაგრამ ჩვენ მოვინდომეთ და გამოგვივიდა! მართლაც, გამოგვივიდა - რადგან მაშინ, როცა დაკეტილია შემოსასვლელები და გასასვლელები, როცა 150 კილომეტრის გავლას ადრე რომ 2 საათიც არ უნდოდა, ახლა ორი-სამი დღე სჭირდება - სროლების და საომარი მოქმედებების ზონაში. ჩვენ შევეჭიდეთ რთულ საქმეს და მივუტანეთ ადამიანებს საჭირო პრეპარატები! ქალთა ფონდი „სოხუმის“ დახმარებით შევძელით. შეძლებს უკრაინაც! ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა იზეიმებს და ყველანი დავუბრუნდებით ძველებურ ცხოვრებას!
მთელი გულით ვუხდით მადლობას ქალთა ფონდ „სოხუმს“ უკრაინის მხარდაჭერისათვის!

Все буде УКРАЇНА!

როგორც ახერხებდა, ისე აგზავნიდა ამ ფოტოებს.. ბევრი ფოტო გამოაგზავნა. ვეცადე, ისეთები შემერჩია, თვითონ რომ არ ჩანდეს, მაგრამ მაინც ყველგან ჩანს მისი კვალი...

ასეთი გმირი ქალია ვერონკა - ბევრი რომ ვერ შეძლებს, ისეთი საქმე აკეთა, შიში დაძლია, სიკეთე და იმედი ჩამოატარა ეზო-ეზო...