რამხელა იმედი მომეცით. გადავწყვიტე, აუცილებლად გავაჩენ მეორე შვილს, - წასვლისას მეუბნება ნატალია. მეც გამაბედნიერა ამ სიტყვებმა.
ნატალია კრივიცკაიას ერთი ბიჭუნა ჰყავს, 6 წლის კირილი, მეორის გაჩენაც მინდოდა, მაგრამ ომმა შემიშალა ხელიო...
თავისი ორჭოფობის ამბები რომ მითხრა, ჩემი მოვუყევი: როგორ გადავწყვიტე მესამე შვილის გაჩენა - აფხაზეთის ომის შემდეგ, დევნილობაში, სხვის სახლში, გაურკვეველ მდგომარეობაში. ორი გოგონას მერე მესამე ბიჭი გაჩნდა, თანდათან ყველაფერი დალაგდა და ის ბიჭი ახლა 27 წლისაა...
ხერსონიდანაა ნატალია. 80 დღე იყო ოკუპირებულ ქალაქში. ქუთაისში ოჯახის მეგობრები იყვნენ და აქეთ ჩამოსვლას ურჩევდნენ.
ძმა დიაკვანი ჰყავს. დონბასში ცხოვრობდა და 2014 წელს, საომარი მოქმედებების გამო წავიდა იქიდან. ხერსონში დამკვიდრდა, სახლი ააშენა, ტაძარს აშენებდა. სახლის ეზოში ჩამოვარდა ჭურვები. აუშენებელი ტაძარიც დაანგრიეს. აქედანაც აიყარა, ახლა კიევის ოლქში მსახურობს ეკლესიაში.
- ლოცულობს უკრაინაზე, მშვიდობაზე, ჩვენზე... მჯერა მისი ლოცვების, - ამბობს ცრემლმორეული ნატალია...
ნატალია ერთ-ერთია, ვისაც ქუთაისში შევხვდი.
წელიწადზე მეტია, უკრაინელ ქალებს ვხვდები და ვწერ მათზე.
https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/#blog4იმერეთში ომის დაწყებიდან ათასამდე ადამიანი ჩამოვიდა. როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან მათ ადგილობრივი მთავრობები, ადგილობრივი კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახლობლები, ნაცნობები თუ უცნობები.
ქუთაისი დნიპროსთან დამეგობრებული ქალაქია და კამპანიაც გაიმართა „ქუთაისი დნიპროსთვის“. 30000 ლარი შეგროვდა და გადაირიცხა დნიპროს მერიის სოციალური სამსახურის ანგარიშზე. ამას გარდა, ქუთაისიდან დახმარების ნობათები და თანხები გაიგზავნა უკრაინაში...
ქალების ისტორიების დაბეჭდვაც უკრაინელების მხარდაჭერაა, პროტესტია ომის წინააღმდეგ. ამ ქალებმა თავიანთი ცხოვრების ფრაგმენტები გამიზიარეს, გულის ნაწილი დამიტოვეს... ჩვენი საუბრები არ იყო ჩვეულებრივი ინტერვიუები, ეს ომგამოვლილის და ჯერ კიდევ ომგასავლელის დიალოგები იყო, ტკივილით, ცრემლებით, იმედით...
ყველა დამამახსოვრდა: ჩემი ომის გამოძახილი დავინახე მათში, აფხაზეთის ომში გატარებული 13 თვე და 13 დღე გამიცოცხლდა - 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე. ჩემი დევნილობის პირველი წლები გამახსენა...
ყველა მათგანის ნაამბობი საინტერესოა. ომმა შეცვალა მათი ცხოვრება.
მარკს საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი არ ჰქონია. ექვსი წელი ქუთაისში შეუსრულდა და პირველ კლასში შევიდა. სკოლაში თბილად დახვდნენ, მაგრამ მაინც სხვაგვარი იქნებოდა ეს დღე მის მშობლიურ ქალაქ დნიპროში. ასე წარმოედგინა დედას - ირინა კოზაკს. სხვა ფიქრები და ოცნებები, სხვა გეგმები ჰქონდა. ჩამოსვლამდე ბუქინგზე იპოვა საოჯახო სასტუმრო. სამი დღე აპირებდა ქუთაისში დარჩენას და მერე თბილისში უნდა წასულიყო ბავშვთან ერთად. მაგრამ ერთი თვე დარჩნენ და თან უფასოდ - ბინის პატრონმა ფული არ გამოართვა. ახლაც ქუთაისში ცხოვრობენ, უკრაინაში დაბრუნების სურვილით.
სოფია ხუთი წლისაც არ იყო, ნიკოლოზობას რომ გავიცანი. ამ დღეს, 19 დეკემბერს იწყება უკრაინელი ბავშვებისთვის საახალწლო-საშობაო დღესასწაული. ისინი კეთილ მიკოლა ბაბუას წერენ წერილებს და ელოდებიან საჩუქრებს. ასეთ მოლოდინში იყვნენ პატარები - უკრაინისგან შორს, ქუთაისში... მათ შორის იყო სოფია და მისი დედიკო - ირინა შაპოვალი. კიევიდან მეგობრებმა მოიწვიეს სამტრედიაში. ჯერ იქ იცხოვრა დედა-შვილმა, მერე ქუთაისში გადმოვიდნენ. პატარა სოფია ქართულს სწავლობს, აქაურ წესებს ეჩვევა... საბავშვო ბაღის მასწავლებელმა უთხრა დედიკოს, რომ ბავშვს ყველაფერი ესმის, მეგობრულია. დიდებისგან განსხვავებით, პატარებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ უჭირთ...
ირინა ფილიპოვა პერშოტრავენსკიდან ჩამოვიდა ქუთაისში (უკვე უარს ამბობენ ქალაქის რუსულ სახელზე - პერვომაისკი). ორი თვე გაატარა ომის ქალაქში. მერე პოლონეთში ჩავიდა. ერთხელაც ინტერნეტში ნახა ქუთაისში მცხოვრები უკრაინელების ჯგუფი და ქუთაისში ჩამოვიდა. აქაურმა სითბომ დაავიწყა დარდი. განსაკუთრებით ემადლიერება მასპინძლებს, ნემსაძეების ოჯახს, რომელიც არაფერს იშურებს იმისთვის, რომ კომფორტულად, შინაურულად იგრძნოს თავი. აქაურ პროდუქტებზე გაუჩერებლად შემიძლია ლაპარაკი. ამდენი მანდარინი არასოდეს მიჭამია, უგემრიელესიაო...
ანასტასია ზაცეპა იზიუმში ცხოვრობდა (ხარკოვის ოლქის პატარა ქალაქია. ქართულად ქიშმიშს ნიშნავს, თუმცა არაფერი აქვს მასთან საერთო). თავიდანვე მოხდა იზიუმის ოკუპაცია. დაანგრიეს, გადაწვეს, გაანადგურეს რუსებმა...
ანასტასია და მისი ოჯახის წევრები პირველი თვეები სარდაფში ცხოვრობდნენ, გარაჟში. ივნისის დასაწყისში წამოვიდნენ. 13 საათი იდგნენ რუსეთის საზღვარზე. საჭმელი არ ჰქონდათ - მშივრები იყვნენ ბავშვები. ორი ბიჭუნა ჰყავს 24 წლის ანასტასიას. ქუთაისში ქმართან ერთად ჩამოვიდა. კარგი ამბავი ის არის, რომ უკრაინელებმა სექტემბრის დასაწყისში გაყარეს რუსები იზიუმიდან. დაიწყო დაბრუნება ხალხმა. ანასტასიას დედა და ბებიაც დაბრუნდნენ. ჯერჯერობით რთულ პირობებში არიან: დენის, გათბობის გარეშე. მაგრამ ქალაქში ნელ-ნელა აწესრიგებენ ყველაფერს. ანასტასია ჯერჯერობით აქაა - ბავშვების გამო თავს იკავებს დაბრუნებისგან.
ანაც ქუთაისშია ჯერჯერობით, ახალგაზრდა და ლამაზი. კარგა ხანს ხერსონში იყო. მეგობრებმა ურჩიეს ქუთაისში ჩამოსვლა. მთხოვა, მისი გვარი არ დამეწერა. საუბრისას ბევრჯერ იტირა და სულ მებოდიშებოდა ცრემლების გამო:
- დაბომბეს ამ დღეებში ქალაქი. მაღაზიას მოხვდა... წარმოგიდგენიათ? წავიდა ადამიანი პროდუქტების საყიდლად, იდგა რიგში და დაიღუპა, სახლში ვერ დაბრუნდა... ცუდად ვხდები, ასეთი ამბები რომ მესმის. ომი დამთავრდება, მაგრამ როდის, რის ფასად? ის ქუჩები, სადაც დავდიოდი, განადგურებულია. ნანგრევებად იქცა ჩემი ლამაზი, მწვანე ხერსონი...
ალინა დზიუბინსკაიაც ხერსონიდანაა. იქ დარჩა საყვარელი ადგილები, სახლი, ნივთები და მისთვის ძვირფასი ადამიანები:
- დედა, რომელიც დღემდე საავადმყოფოში მუშაობს და ოჯახურ მეურნეობასაც უძღვება: ქათმები, კვერცხი, ბოსტნეული. სამ ბოსტანში დაუთესია კარტოფილი, შვილიშვილებს რომ დაახვედროს.
- რუსი ეროვნების დედამთილი. რუსების შემოჭრა ვერ გადაიტანა ქმრის ბებიამ - სამ დღეში გარდაიცვალა გულის შეტევით.
- ორი ძმა თავიანთი ოჯახებით.
- მეზღვაური ქმარი, რომელსაც რეისში მოუსწრო ომმა და ახლაც ზღვაზეა. ხელფასის ნაწილს ოჯახს ახმარს, ნაწილს კი ჯარისთვის რიცხავს.
ყველას ენატრება თავისი მშობლიური ქალაქი, მაგრამ ასაკში შესული ქალები განსაკუთრებით განიცდიან სახლიდან წამოსვლას...
ჩემთვის მთავარია, ავად არ გავხდე და როგორმე ჯანმრთელი დავბრუნდე კიევში, - მითხრა ტატიანა ზიმამ. ზამთარში გავიცანი და პირველი, რაც მითხრა, გვარად კი ვარ „ზამთარი“, მაგრამ ზამთარი არ მიყვარსო („ზიმა“ უკრაინულად ზამთარს ნიშნავს).
- ისედაც მგრძნობიარე ვიყავი და ახლა ყველაფერზე მიჩუყდება გულიო, - ეს ტატიანაა, ხოდაკოვსკაია, ხერსონის ოლქიდან. მეუღლე და ორი შვილით დაადგა ტატიანა შორეულ გზას. ეს დღეები სულ კეთილი ადამიანები გვხვდებოდნენ და გვეხმარებოდნენო, - იხსენებს.
ქმარი დაბრუნდა უკრაინაში და ტატიანა მარტოა შვილებთან ერთად.
- არაფერი მახალისებს. სახლის ამბები მადარდებს. ყველა და ყველაფერი იქაა, მენატრება და შიში მაქვს მათი დაკარგვის. რომ ჩავალ, ეს იქნება ჩემი ხელახლა დაბადების დღე...
ჩუგუევი, სადაც ჟანა კრავჩენკო ცხოვრობს, პირველი იყო, რომელმაც ომი იგრძნო. ეს პატარა ქალაქია ხარკოვის ოლქში, რუსეთთან ახლოს. პირველად აქაური სამხედრო ნაწილი დაიბომბა. ჟანას და მის მეუღლეს ომმა ყირიმში მოუსწროთ. იქიდან პირდაპირ ქუთაისისკენ (ქმრის ნათესავს ჰყავდა აქ ნათესავი) წამოვიდნენ მანქანით. უკრაინული ნომრებით. რისკი იყო, მაგრამ გამოაღწიეს.
საქართველოზე ყველა დიდი სიყვარულით ლაპარაკობს, მაგრამ ქუთაისის ხსენებაზე ჟანას ვარსკვლავები აუთამაშდა თვალებში:
- ყოველთვის მესმოდა ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, მაგრამ ახლა ჩემით დავინახე. მეზობლები ცალკე ფენომენია. რომ ჩამოვედით, უცებ მოვიდნენ, გაგვიცნეს, უამრავი გემრიელობა მოგვიტანეს. ეს შოკია ჩვენთვის - ჩვენთან ასე არ არის. ჩვენთან სადარბაზოს ხალხიც არ იცი. თუ შეხვდები ხოლმე, მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლები. აქ კი მეზობლების ნათესავებიც იცი. ეს სასწაული რამეა, ჩვენთვის უჩვეულო და დასაფასებელი...
ირინა ტოკარჩუკსაც ისე შეუყვარდა აქაურობა, ტოკარჩუკაძე ვარო, ამბობს.
ცუდ დროს მოუსწრო ომმა. სხივური თერაპია რომ უნდა დაეწყო, მაშინ... ყვითელი წყლებიდანაა - არის ასეთი პატარა ქალაქი დნეპროპეტროვსკის ოლქში - Жовті Води. ოპერაცია კიევში გაიკეთა. ექიმი ქართველი იყო - შოთა მაღლაკელიძე (უკრაინელი მეუღლე ჰყავს). გადარჩა მკერდის მოკვეთას. პოსტოპერაციული პერიოდი ნორმალურად მიდიოდა. კიევში ჩადიოდა კონტროლზე. სხივური თერაპია უნდა დაეწყოთ და... ომმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
ერთ დღესაც იპოვა ექიმი - საქართველოში ჩამოდიო, წერდა.
ქმარი „დალნობოიშჩიკი“ ჰყავს, ახლა ჰუმანიტარული ტვირთი დააქვს. ვერ გამოყვებოდა. უფროსი ვაჟი ევროპაშია. უმცროსი ხარკოვში სწავლობდა სამედიცინოზე, ის ბებიასთან უნდა დარჩენილიყო...
მოკლედ: შენ ძლიერი ხარო - ქმარმა, შვილებმა და...
სამ დღეში ჩაალაგა ბარგი, იყიდა ბილეთი და ჩამოვიდა ქუთაისში შოთა ექიმთან.
საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობდა და აუსრულდა. რთულმა თვეებმა დაანახა, რომ ყველაზე მთავარი სიცოცხლე და ადამიანური ურთიერთობებია: „ყოველთვის მიმართლებდა ადამიანებში. აქაც სულ სიკეთით სავსე ადამიანები მხვდებიან - ქუჩებში, მაღაზიაში, ოჯახებში. კლინიკაში ხომ სასწაული ხალხია - ჩემი შოთა იოსიფოვიჩი, რომლის სიკეთეს ვერასოდეს გადავიხდი. ყურადღებიანი ექთნები. ქალები, რომლებიც ჩემსავით პროცედურებს გადიან“... ირინა უფრო ჯანმრთელი დაბრუნდა თავის ქალაქში და წაიღო ქუთაისის დიდი სიყვარული.
ოლენა სერხოვეცი და ირინა კრაშნევსკაც წავიდნენ ქუთაისიდან, იტალიაში გაფრინდნენ - მარიუპოლში დაბრუნების იმედით... სხვაგან არც გვიფიქრია და არც არასოდეს დაგვიგეგმავს ცხოვრებაო... ერთმანეთის რძლები არიან, ძმების ცოლები. ომი რომ დაიწყო, მეორე დღეს წავიდნენ სახლიდან. აუცილებელი ნივთები ჩავყარეთ, გვეგონა, უცებ დავბრუნდებოდითო. მაგრამ ქუთაისში აღმოჩნდნენ.
ქუთაისის ბაზარში ვიყავით. რომ გაიგეს, უკრაინიდან ვართ, ყველა რაღაცას გვჩუქნიდაო, ოლენამ. ტირილი ამივარდა და უფროსმა ბიჭმა, რომ გვჩუქნიან, ხომ კარგია, არ იტიროო...
ცდილობენ, ბავშვებს ცრემლები არ დაანახონ. ერთად ვართ და ეს არის ჩვენი სიმდიდრეო...
ბერეზნეგოვატოე - არის ასეთი პატარა დასახლება ნიკოლაევის ოლქში. იქიდან ვარშავამდე ათას კილომეტრზე მეტია. ერთი კვირა დასჭირდათ გზაში ვიქტორია პოპოვიჩს და მის გოგონას, კირას. დასახლებაში თავშესაფარი არ არის და დაბომბვები რომ იწყებოდა, კარადაში იმალებოდნენ. მალე ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყეს. სწრაფად შეკრა ბარგი და ათიოდე მეზობელთან ერთად წამოვიდა. 14 წლის კირას გამო უფრო დატოვა დედამ უკრაინა. კირა ტირილით დაემშვიდობა თავის მეგობრებს: ძაღლს, კატას, კუს, თუთიყუშს...
იღბლიანები ყოფილხართ-მეთქი და... მეთანხმება ვიკა. ყველაფერი შედარებით კარგად აეწყო: სახლიდან ავტობუსით წამოიყვანეს, ღამისგასათევიც ორგანიზებული იყო. ხმელნიცკიში მონასტერში შეიფარეს, ვარშავის რკინიგზის სადგურში საგანგებოდ მოწყობილ ოთახებში გაათიეს ღამე. ფული ნაცნობებმა შეუგროვეს, ბილეთები უყიდეს და 7 აპრილს, ხარებას, პირდაპირი რეისით ქუთაისში ჩამოფრინდნენ.
იმ რეისით მოფრინავდნენ ქუთაისელი დები - ავალიანები. თავიანთ სახლში მიიპატიჟეს და ასე აღმოჩნდა დედა-შვილი რიონისპირა მყუდრო უბანში. გოგონებმა რუსული არ იციან, ვიკამ და კირამ - ქართული, მაგრამ ეს ხელს არ უშლის გულითად სტუმარ-მასპინძლობას.
კატერინა მირნაია განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
- ბავშვობაში ბებიები და ბაბუები სულ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ - ოღონდ მშვიდობა იყოს და სხვა არაფერი გვინდაო. ჩვენ მშვიდობა გვქონდა და გვეცინებოდა მათ ნათქვამზე. ახლა კარგად ვხვდები მათი სიტყვების აზრს, - მეუბნება კატერინა (გამორჩეული გვარი აქვს. მირნაია - მშვიდობიანს ნიშნავს).
იცის, რა ბედნიერებაა მშვიდობიანი ცხოვრება ორჯერ ფუძეაყრილმა. დონეცკიდან ბერდიანსკში მოუწია გადასვლა, ზაპოროჟიეს ოლქში. ეს დევნილობა იყო საკუთარ ქვეყანაში. თავიდანვე ჩაერთო დევნილებისთვის სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში - ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობდნენ. ზეიმებს აწყობდნენ ბავშვებისთვის. მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებს ეხმარებოდნენ...
ოჯახი მიეჩვია ბერდიანსკს. სახლიც იყიდეს, მაგრამ ვერ მოასწრეს გადასვლა. ისევ მოუწია გაქცევა. ამჯერად - საქართველოში.
კატერინას დამოკიდებულება განსაკუთრებულია: „არ მინდა მოწყალების მიღება. ბერდიანსკში მივხვდი ამას. როცა დევნილი ხელგაწვდილია, ეს უძლურს ხდის მას, პასიურს, მოტივაციას უკარგავს. ვერ ვირბენ, სად რას არიგებენ - მირჩევია, ვიმუშაო. ვცდილობ, აქტიურად ვიყო ცხოვრების ყოველ ეტაპზე, რადგან ყველაფერი გამოწვევაა, გამოცდაა და უნდა ჩააბარო“...
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო უკრაინაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრები და მათი განცდები.
ელიზა დევიძე საქართველოდან უკრაინაში 1996 წელს წავიდა ქმართან ერთად. მუშაობდა მზარეულად, შეფ-მზარეულად ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ევროპულ რესტორნებში.
მერე თავისი რესტორანი გახსნა კიევში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მეტის გაკეთება მოუწია: - როცა მარტო რჩები ქალი, სამი შვილი გყავს, კიდევ სამი გემატება, მერე ოთხი შვილიშვილი, პასუხისმგებლობა მეტია. ეს მაძლევდა ენერგიას.
ორი შვილი თავისი ოჯახებით საქართველოში ჰყავს, ნაბოლარა კი - კიევში. „აქაური“ შვილები რომ მოენატრებოდა, კვირას დაკეტავდა რესტორანს, ჩამოფრინდებოდა, მიესიყვარულებოდა და ორშაბათს გაფრინდებოდა.
- უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ისევ მინდა დაბრუნება. ბევრი პრობლემა გამომივლია, ბიზნესი ჩამვარდნია, მაგრამ გამიგრძელებია. ახლაც ასე იქნება. მთავარია, ომი დამთავრდეს, - ამბობს ელიზა.
უკრაინაში დაბრუნებას ნატრობს ნინო მელაძეც, რომელიც 25 წელი ცხოვრობდა ზაპოროჟიეში.
იხსენებს, რომ ჯერ მეუღლე წავიდა უკრაინაში, მერე - მთელი ოჯახი. ძალიან დაეხმარა მათ იქაური მთავრობა, სამუშაოც მისცეს, ბინა, მოქალაქეობა. დიდი სანაცნობო ჰყავთ, სამეგობრო...
ყოველ წელს ჩამოდიოდნენ მელაძეები საქართველოში. ქალიშვილებმაც აქ იპოვეს თავიანთი ბედნიერება. ნინო ილიაევაა, მცხეთელი ასურელი. მეუღლე სენაკში მცხოვრები ასურელია, უფროსი ქალიშვილის მეუღლე - ქუთაისში მცხოვრები ასურელი, უმცროსი ქალიშვილი ბათუმელ ასურელზე დაქორწინდა... ოჯახის მესამე შვილი ლაზარეა - ლაზარემ უკრაინაში მაგისტრატურა დაამთავრა და ახლა კანადაში სწავლობს.
„ჩვენი სახლი დგას, მაგრამ ზაპოროჟიესაც მიადგნენ. ბევრმა დაკეტა ბინა, წავიდა ქალაქიდან. ჩემს ქმარს აქეთ ურჩევნია დარჩენა, მე კი ძალიან მინდა წასვლა,“ - მითხრა ნინომ. რა გასაკვირია, 25 წლის ნაშენებ-ნაჯაფი ოჯახი არ ეთმობა დასაკარგად...
კარინა ბურჯალიანი პოლონეთში მუშაობდა, 1 მარტს უნდა ჩასულიყო კამენსკოეში (დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქია). 8 თვის უნახავი ჰყავდა შვილები - 11 და 6 წლის გოგონები. 24 თებერვალს მისი გეგმები შეიცვალა. 28 თებერვალს დედა და ბავშვები გამოიყვანა უკრაინიდან, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება იმ 4 დღის განცდები, შიში, მოლოდინი...
მერე იყო ბავშვებთან ერთად პოლონეთში ცხოვრების 11 თვე და საქართველოში ჩამოსვლა. მამა ქართველი ჰყავს, ქუთაისში ცხოვრობს. თვითონაც სამი წლიდან 6 წლამდე აქ იყო, ქართულად წერას სწავლობდა, ლაპარაკობდა. მერე დედა და მამა დასცილდნენ ერთმანეთს. დედამ უკრაინაში წაიყვანა. ბოლოს 2006 წელს იყო საქართველოში, 14 წლისა.
კარინა ამბობს: „მანამდე სადმე სხვა ქვეყანაში გვინდოდა გადასვლა, მე პოლონეთზე ვფიქრობდი. მეგონა, იქ უკეთ ვიცხოვრებდი. ჩემი გოგონა ლენა ახლა სულ უკრაინის დროშებს ხატავს. მეც მშვიდობა მინდა და უკრაინაში დაბრუნება!“
მაია სტარიკი ქართველია დედით და მამით (მეუღლის გვარს ატარებს). „სტარიკი“ მოხუცს ნიშნავს. მაიამ იმდენი გადაიტანა 36 წლის მანძილზე, ორ მოხუცს ეყოფა სადარდებლად...
საქართველოში დაიბადა. 9 წლისა მამამ უკრაინაში წაიყვანა და უკრაინელად იქცა. დედასთან კავშირი არ ჰქონდა. მერე დედინაცვალი გაჩნდა მის ცხოვრებაში. 19 წლისა გათხოვდა, რომ საკუთარი ბედნიერება ეპოვა. ბიჭი შეეძინათ. მალე ტრაგედია მოხდა - მეუღლე მოკრივე იყო და მოულოდნელად რინგზე გარდაიცვალა...
მეორედაც იპოვა ბედნიერება. მზრუნველი ქმარი, ორი შვილი - გოგო და ბიჭი... აწყობილი ცხოვრება დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიში: საკუთარი სახლი, ბინა, მანქანა, სამსახური, საკუთარი საცხობი.
„აფხაზეთის ომის დროს 7 წლის ვიყავი. ჭირდა საქართველოში და მე მესმოდა მშობლების. ვინაწილებდით საკვებს. პურსაც არ ავიღებდი ზედმეტად. ახლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს პურის მიმართ. ჩემს შვილებს კი არ ესმით, რომ ომია, რომ არ გვაქვს, ითხოვენ... განა მე არ მინდა, უკეთესად ვაჭამო, უკეთესად ჩავაცვა? ფული გამომელია, ქმარი ბახმუტთან იბრძვის და მეორე თვეა, არაფერი ისმის მისგან. გაგიჟებას ვარ“...
როცა ძალიან უჭირს, თავს იმშვიდებს, რომ სხვებს მეტი პრობლემა აქვს და გაივლის ეს ცუდი დროც...
თეონა და მაგდა დარჩიები ქუთაისში დაიბადნენ. მერე აფხაზეთში გადავიდა მათი ოჯახი. 90-ში მოულოდნელად, ინფარქტით გარდაიცვალა მამა. ორ წელიწადში ომი დაიწყო და დედა ორ პატარა გოგონასთან ერთად ხარკოვში წავიდა ბიჭვინთიდან.
მეორე ომი უფრო რთულად შემოიჭრა მათ ბიოგრაფიაში. 24 თებერვლიდან 16 მაისამდე ხარკოვის მეტროში ცხოვრობდნენ. ზოგჯერ იქვე ახლოს დეიდაშვილთან თუ აირბენდნენ მოსაწესრიგებლად. მაგდა და თეონა იატაკზე იწვნენ, დედა - მეტროს გაჩერებულ ვაგონში.
150 ადამიანი იყო მეტროს ამ სადგურში. ოჯახები, პატარა ბავშვები, ძაღლები, კატები... იყო სადგურები, რომელში 2000-3000 ადამიანი ცხოვრობდა.
საშინელ დაბომბვებში მოჰქონდათ ბიჭებს ცხელი საჭმელი - გვირაბით მოდიოდნენ, ძალიან სარისკო იყო. მეტროში უცნობები ცხოვრობდნენ, მაგრამ ძალიან ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
დები დარჩიები შეეჩვივნენ ხარკოვს და დარდობენ მის მომავალზე: „ისე დაანგრიეს უნივერსიტეტები, სკოლები, საბავშვო ბაღები, უნდათ, რომ აღარასოდეს დაბრუნდნენ აქ ადამიანები, არასოდეს ისწავლონ აქ ახალგაზრდებმა“.
რუსუდან ჩიქვინიძეც თავის მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდა. ახლა იძულებით დატოვა მეორე სამშობლო და საყვარელი ქალაქი ოდესა. 33 წლის წინ წავიდა ქუთაისიდან - მეუღლე იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. პირველ ხანებში ფიქრობდნენ ჩამოსვლაზე, მაგრამ შვილი სკოლაში რომ შევიდა, დარჩნენ.
მეუღლე 7 წლის წინ გარდაეცვალა. ქალიშვილი იტალიაში ცხოვრობს. უკრაინის მუსიკალური აკადემია დაამთავრა, მომღერალია და ახლა თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად იტალიაში ქველმოქმედებაშიც ჩაერთო - უკრაინელების დასახმარებლად. მარტო დარჩენილ რუსუდანს ქალიშვილმა სთხოვა საქართველოში წამოსვლა და დაუჯერა.
თვალი და ყური იქითკენ აქვს. ამბობს, რომ არა მარტო უკრაინელები, მესამე-მეოთხე თაობის რუსები და სხვა ეროვნების ადამიანებიც ძალიან არიან შეყვარებულები იქაურობაზე. თვითონაც ასეა...
საქართველოში ლტოლვილებად ჩამოსული უკრაინელი ქალებიც რაღაცით აქაურობასთან არიან დაკავშირებულები.
ლუბოვ მაქსიმენკოს მამა სამხედრო მოსამსახურე იყო. ხარკოვიდან საქმემ წყალტუბოში ჩამოიყვანა. აქ დაიბადა ლიუბა, აქ გათხოვდა, ქართველი ქმარი ჰყავდა. ქალ-ვაჟი პატარები ჰყავდა, მეუღლე რომ გარდაეცვალა. 90-იან წლებში, საქართველოსთვის რთულ პერიოდში, გაყიდა ბინა და საცხოვრებლად უკრაინაში, ნიკოლაევში, გადავიდა.
ბინის ახალმა მეპატრონემ უთხრა, როცა აქაურობა მოგენატრება, ჩამოდი, კარები სულ ღია იქნება შენთვისო... ვერცერთხელ ვერ ჩამოვიდა. ახლა, ომის დროს, ვარშავიდან გადმოფრინდა კოპიტნარში და წყალტუბოში თავის კორპუსთან მივიდა. არ დახვდა ისინი, ვისაც მიჰყიდა ბინა. იმათაც გაუყიდიათ. არც ძველი მეზობლები იყვნენ. კეთილ ხალხთან ცხოვრობდა ცოტა ხანი, მერე სასტუმრო „პრომეთეში“ გადაიყვანეს.
აზრი არა აქვს ჩემს აქ დარჩენასო და წასვლა გადაწყვიტა. კეთილი ადამიანები გასამგზავრებელი ფულითაც დაეხმარნენ.
- მარტო ჩამოვედი აქ. იმდენი ვიარე, სანამ ჩამოვიდოდი და იქითაც წავალ, ჩემზე არ იჯავროთო, - 76 წლის ქალმა.
- ამ ასაკში შენს სახლში უნდა იყო მშვიდად და მე კიდევ რა დღეში ჩავვარდიო, - წუხდა საუბრისას 74 წლის ელენე ოლიანოვიჩი.
ავტობუსმა, რომელშიც იჯდა, საკმაოდ გრძელი მარშრუტი გააკეთა: უკრაინა (ვინიცა), რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. იქიდან საქართველოში ჩამოვიდა, ბათუმში. ახლა თავის შვილიშვილის ოჯახშია, წყალტუბოსთან ახლოს. გვიშტიბელი ახალგაზრდა ელენას შვილიშვილმა ჩინეთში გაიცნო 6 წლის წინ. შოუში აკრობატულ ნომრებს ასრულებდნენ, გერმანიაშიც მუშაობდნენ ერთად... სიყვარულმა უკრაინიდან აქ ჩამოიყვანა ლამაზი ვერონიკა. ელენა ბებიას მოსწონს მასთან. ყველა ცდილობს, შეუმსუბუქოს ტკივილი. მაგრამ მაინც სახლში უნდა...
ნატალია გლაზოვას ოდესიდან ქმარმა დააძალა წამოსვლა: რამე რომ მოხდეს, მე მარტო უფრო გავალ აქედან, თქვენთან ერთად კი ვერაფერს ვიზამო...
ქუთაისში მეუღლის ბებია ცხოვრობს. გამოცოცხლდა სახლი. ხან ნატალია აკეთებს უკრაინულ ბორშს ან ფარშირებულ თევზს, ხანაც ბებო ანებივრებს ქართული კერძებით.
ნიგოზი ჩემი აღმოჩენააო, - ამბობს ნატალია. ვერასდროს წარმოედგინა, ნიგვზით ამდენი გემრიელობის გაკეთება თუ შეიძლებოდა...
მშობლები უკრაინაში არიან. მეუღლეც. ბევრ რამეზე ფიქრობს და ედარდება იქაურობა. უხერხულობა აქვს, ადამიანები ომში რომ არიან და თვითონ აქ მშვიდადაა...
მთლიანად ბავშვზეა გადართული. პატარაა, მაგრამ უკვე იცის, რომ ომმა დააშორა თავის ლამაზ ქალაქს. ქუთაისიც ძალიან შეუყვარდა. მერე რა, რომ ქუთაისელმა ბავშვებმა არ იციან უკრაინული და რუსული, ან მიხეილმა არ იცის ქართული. ეს ხელს არ უშლით ერთმანეთის სიყვარულში.
- როგორი ბავშვები არიან! ბავშვობიდან, დაბადებიდან ეტყობათ სასწაული ხასიათი. თბილები, მეგობრულები, - კმაყოფილებით ამბობს ნატალია თავისი შვილის მეგობრებზე.
იულია ბურკუპის ქმარიც ქუთაისელია, მაგრამ აქ არავინ ჰყავს. ხარკოვში ცხოვრობს, წლებია. იმან გამოუშვა აქეთ, სამშვიდობოს, სამ ქალიშვილთან ერთად.
ომი აფეთქებებით, დაბომბვებით დაიწყო იულიასთვის... ომს ველოდით. პროდუქტების მარაგი გვქონდა. სამსახურშიც საბუთებით დავდიოდით. მაგრამ დაბომბვებს ვინ ელოდაო...
მატარებლით წავიდნენ ლვოვში. კი არ შევიდნენ, შეაგდეს ვაგონში. მატარებელი შუქის აუნთებლად მიდიოდა, ფანჯრებს არ აღებინებდნენ. სადგურებში უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ამოსვლა უნდოდა. ყვიროდნენ, მაგრამ ადგილები არ იყო... ჯერ პოლონეთში გადავიდნენ, მერე - სლოვაკეთში, ავსტრიაში და ბოლოს საქართველოში გადმოფრინდნენ.
სანკამაც ყოჩაღად იარა მათთან ერთად. ავსტრიამდე ჩაიყვანეს და თვითმფრინავში არ აუშვეს. მთელი აეროპორტი ტიროდა. ძაღლის ტირილი ახლაც ჩაესმის იულიას და ედარდება.
სახლზეც ხშირად ფიქრობს: „ჩემი კორპუსი დგას, თუმცა ჭურვები მოხვდა. იყვნენ სახლთან გასულები და მითხრეს, რომ აივნის კარი ღიაა და დღემდე ჰკიდია ჩემი სარეცხი - 24 თებერვლის მერე შრება“...
უახლდება ყველა ტკივილი. და მადლიერების გრძნობაც...
„კიდევ კარგი, პირველ ტალღას გავყევით“.
„მადლობა ღმერთს, რომ მივუსწარით მატარებელს.“
„მადლობელი ვარ, რომ გადავრჩით. ერთად ვართ“...
„როგორი კარგი ქვეყანაა საქართველო, მაგრამ რუსეთისგან რამდენი უბედურება აქვს ნანახი. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!“ - იმედიანადაა იულია.
პოლოგი ქალაქია ზაპოროჟიეს ოლქში. მშვიდობიან დროს აქ 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მუშაობდა, უყვარდა, ოცნებობდა...
ხონისხელა ქალაქიაო, ნადეჟდამ: ქალაქიან-სოფლიანად თუ ვიგულისხმებთ, კი გამოდის ხონი მაგხელა.
ხონს და პოლოგის ტყუილად არ ადარებს ერთმანეთს, ხონის ერთ სოფელში ჩამოვიდა შარშან, დეკემბერში. ნადეჟდა ტუროვეცს გაუმართლა - მათხოჯში ეთერი ელოდა, თავისი დეიდაშვილი. მათხოჯი უშნოს, უსახურს ნიშნავს, მაგრამ საკმაოდ ლამაზი სოფელია, როგორც ყველა სოფელი საქართველოში.
ლიდა დეიდა ქართველის ცოლი იყო და აქ ცხოვრობდა. ზაპოროჟიეში ზაფხულობით ჩადიოდა, თავისი ქალიშვილი ეთერიც ჩაჰყავდა და გოგონას ბავშვობიდან ჰქონდა უკრაინელი ნათესავების სიყვარული. ამიტომ ომის დაწყებიდან ურეკავდა ნადეჟდას და ჩამოსვლას სთხოვდა...
ნადეჟდა პატარა მარკთან ერთად ჩამოვიდა (მეუღლე უკრაინაში დარჩა).
როცა უკრაინას იხსენებს, ნერვიულობს ნადეჟდა: „დილით იღვიძებ და ეზოში ტანკები დგას. გადიხარ და არ იცი, რას გიზამენ, გადარჩები, თუ ტყვიას დაგახლიან ზურგში. ვიცი, რომ თქვენ აფხაზეთიდან ხართ, ბევრი გადაიტანეთ, მაგრამ ოკუპაციაში ცხოვრებას არავის ვუსურვებ“.
საძარცვად არიან რუსები მოსულები. პირველად ვინც მოვიდა, წაიყვანეს მანქანები, მოტოციკლეტები, ველოსიპედები, გაიტანეს ტექნიკა. მეორე ჯგუფმა წაიღო ავეჯი, ჭურჭელი და რაც დარჩა. მერე - მესამე და ასე... ყველაფერი მიაქვთ: ნახმარი ტანსაცმელი, უნიტაზები...
„კარგი ვქენი, რომ ჩამოვედი საქართველოში. დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ მაინც იძალა წამოსვლის აზრმა. მათხოჯში ეთერს დიდი ოჯახი აქვს. მე და ჩემი ბიჭუნაც დავემატეთ, ვეხმარები ყველაფერში. მთელი სოფლისგან ვგრძნობთ სიყვარულს. მარკს ძალიან მოუხდა აქაურობა. სულ ავადმყოფობდა, სულ წამლებზე ვიყავით. აქ კი, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელადაა“.
თავის დიდ ტკივილსაც მიმხელს: „სახლში მინდა. მაგრამ დავმარხე სახლის თემა ჩემში. იქნება? იქნება. არ იქნება და სხვა გზას ვეწევი. არ შემიძლია ამდენი დარდი, ბავშვზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. ბავშვს ჯანმრთელი, ლაღი დედა უნდა და უნდა ვიპოვო ეს ძალა ჩემში“.
„ნადეჟდა“ იმედს ნიშნავს. იცის ეს ნადეჟდამ და იმედიანად უყურებს ცხოვრებას...
ნატალიას ისტორია ბოლოსთვის შემოვინახე.
ომმა ბედნიერება აპოვნინა - უფრო სწორად, დაუბრუნა ნატალია სერაიას. კიროვოგრადის ოლქში ცხოვრობდა. პროფესიით ტურიზმის მენეჯერია და სტაჟირება გაიარა თურქეთში. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე - ისიც სტაჟირებაზე იყო, როგორც თურქულიდან მთარგმნელი.
ერთად მოუწიათ მუშაობა, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ კიდეც.
ნატალიას მეუღლე ქართველია. დედა რუსი ჰყავს, რუსეთში დაიბადა და იქ ცხოვრობდა.
- მეც გადავედი საცხოვრებლად რუსეთში. ქალიშვილი შეგვეძინა. ლიზა სამის იყო, როცა მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავცილდით. არც მე გავთხოვილვარ და არც იმას მოუყვანია ცოლი. ლიზა ხან ჩემთან იყო, უკრაინაში, ხანაც მამასთან - რუსეთში. რაც აქვს ჩემს ქმარს, ეს არის საოცარი ქართული ხასიათი - სიყვარული შვილისადმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა.
ომმა ბავშვს რუსეთში მოუსწრო. ნატალიას გაუხარდა კიდეც, რომ ბავშვი არ ჰყავდა ომით გარემოცულ ქვეყანაში. მისი მეუღლე ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც პროტესტის გამოხატვა საშიშია. ამიტომ გადაწყვიტა წამოსვლა. საქართველოში არავინ ჰყავს, მაგრამ მაინც აქეთ გამოემგზავრა.
შვილი რომ საქართველოში ეგულებოდა, რა თქმა უნდა, ნატალიაც ჩამოვიდა ლიზასთან.
„შევხვდით ერთმანეთს. და ისე მოხდა, რომ შევრიგდით. ბედნიერია ლიზა, რომ ისევ ერთად ვართ. მივხვდი, რომ ჩემი ყოფილი და ახლანდელი ქმარი მეც მიყვარს. უერთმანეთოდ გატარებული წლებიც გვიყვარდა ერთმანეთი. და აქ, საქართველოში, ხელახლა ვიპოვეთ ერთმანეთი“...
როგორ მინდა, ჩემი გმირების ცხოვრებას მშვიდობიანი, ბედნიერი გაგრძელება ჰქონდეს!
უკრაინელმა ქალებმა თავიანთი გულის ნაწილი დამიტოვეს...
და ჩემი გულის ნაწილიც წაიღეს...
სტატია დაიბეჭდა საინფორმაციო პორტალზე momsedu.ge „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში