09/12/2025
ეკრანის მიღმა: როგორ ვლინდება ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში?ციფრულ სამყაროში ძალადობა ხშირად უხილავია. ის იმალება შეტყობინებებში, იოლ პასვორდებში, გაზიარებულ ლოკაციაში, სოციალურ ქსელებში, თითქოს „ზრუნვის“ სახელით დამალული კონტროლის ქვეშ.
დღეს იმაზე მეტი ქალი ხვდება ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე ამას ხმამაღლა გამოხატავენ.
მე ვმუშაობ ციფრულ კომუნიკაციების მიმართულებით. კონტენტის შექმნა და გავრცელება ჩემი მთავარი საქმიანობა და ხმაა. ეს ხმა იქამდე მქონდა, ვიდრე ერთი მოულოდნელი შეტყობინებით ყველაფერი არ გაქრა.
სამსახურის ოფიციალურ ფბ გვერდზე კონტენტს ვანთავსებდი, გენდერულ დეზინფორმაციაზე
ანიმაციურ ფილმს. იმ მომენტში მივიღე გაურკვეველი სახელისგან მოთხოვნა, რომ უნდა დავუდასტურო წვდომა ჩემს ბიზნეს-გვერდზე -
"Please confirm access to your business page”. უარვყავი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, მეტიც, ეს იყო „უცნაურობის“ დასაწყისი.
ისევ მივიღე შეტყობინება. ამჯერად:
“you are expired”. ამ ფრაზამ ერთ წამში წამართვა წვდომა როგორც პირად, ისე სამუშაო გვერდებზე.
მოგრძო, ყინულივით სიცარიელემ დამიარა მთელს სხეულში, თითქოს ხელ-ფეხი შემიკრეს და პირზე უსქელესი, ათმაგი “სკოჩი” გადამაკრეს: ციფრული სივრცე, სადაც ვმუშაობდი, ვყვებოდი, ვმოქმედებდი გაქრა.
ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემა არ იყო, ეს იყო აქამდე უცნობი ციფრული ძალადობა, რომელმაც:
– ჩემი სამუშაო ინსტრუმენტები მოშალა,
– ჩემივე ხმა ჩაახშო,
– შიშის ახალი ფორმები გამიჩინა: კოშმარები, დაუსრულებელი ფიქრი ჯარიმებზე, კონტროლზე, დაუცველობაზე.
112-ზე არ დამირეკავს, რადგან არ მქონდა იმედი, რომ კიბერუსაფრთხოებაში ვინმე დამეხმარებოდა. ერთადერთი გამოსავალი მესახებოდა იმ ადამიანთან, ვისგანაც ვიცოდი, რომ გონივრულ, პროფესიულ დახმარებას მივიღებდი, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე გავიცანი. სწორედ მას, კიბერუსაფრთხოების ტრენერს, დავუკავშირდი.
პირადი ანგარიში აღდგა, თუმცა ორი მნიშვნელოვანი გვერდი სამუდამოდ დავკარგე:
„სოციალურ მეცნიერებათა კლუბი“ — ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების ცოდნის გაღრმავების პლატფორმა და
„ახალგაზრდების ხმა წყალტუბოდან“ — ჩემი საკურსო ფოტოპროექტი ფოტოგრაფიაში, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებს ვაშუქებდი.
ამ გამოცდილებამ არ გამტეხა — მაჩვენა, რამდენად დაუცველები არიან ქალები როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ სივრცეში.
მალევე გადავაწყდი კონკურსს Women in Tech / EU–BTU მენტორშიფის პროგრამაში. იმწამიერად შევავსე აპლიკაცია, გავიარე ყველა ეტაპი და მოვიპოვე ევროკავშრის დაფინანსება 5-თვიან პროგრამაში უფასოდ მონაწილეობის მისაღებად.
დღეს უკვე სხვებს ვასწავლი, როგორ მოიქცნენ კიბერშეტევის დროს, რათა იცოდნენ თავი როგორ დაიცვან მსგავს სიტუაციაში. ხმა, რომელიც ერთხელ დამიკარგეს, ახლა სხვების ხმების გასაძლიერებლად ვიყენებ.