სწორადაც მიხვდით! ქართველია - რუსუდან ჩიქვინიძე.
მშობლიურ ქვეყანაში ჩამოვიდა, თავის მშობლიურ ქალაქში. მაგრამ არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა წელიწადში ორჯერ ან ერთხელ მაინც - მონატრებული და ბედნიერი.
ახლა იძულებით დატოვა მეორე სამშობლო და მშობლიური ქალაქი ოდესა.
33 წლის წინ წავიდა ქუთაისიდან, მაშინ, როცა ოჯახი შექმნა. მეუღლე იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. პირველ ხანებში ფიქრობდნენ ჩამოსვლაზე, მაგრამ მერე, შვილი სკოლაში რომ შევიდა, დარჩნენ.
მეუღლე 7 წლის წინ გარდაეცვალა. ქალიშვილი 6 წელია, იტალიაში ცხოვრობს. უკრაინის მუსიკალური აკადემია დაამთავრა, მომღერალია და ახლა თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად იტალიაში ქველმოქმედებაშიც ჩაერთო - უკრაინელების დასახმარებლად.
მარტო დარჩენილ რუსუდანს ქალიშვილმა სთხოვა საქართველოში წამოსვლა. გაუჭირდა ოდესის დატოვება, მაგრამ ნაცნობ ქართველებთან ერთად წამოვიდა მაინც.
მარშრუტი გრძელი და რთული იყო: მოლდავეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, საქართველო...
გრძელი გზის ბოლოს ქუთაისში ჩამოვიდა და დისშვილთან დაბინავდა. დროებით - შინ დაბრუნებამდე. მისთვის მთავარია, მშვიდობა იყოს და ისევ დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას - ბინა ზღვის პირას, აგარაკი ქალაქთან ახლოს, სამსახური საბავშვო ბიბლიოთეკაში, მეზობლები, რომელთაც შეეთვისა წლების მანძილზე.
აფხაზეთის ომი კარგად ახსოვს. დედა აფხაზეთიდან იყო, გუდაუთაში ცხოვრობდა ბაბუა, დეიდა - სოხუმში... ომის შემდეგ ოდესაში ჩავიდნენ მისი ნათესავები. მეუღლე პანსიონატის დირექტორი იყო და ბევრს დაეხმარა, დააბინავა. იქიდან სხვადასხვა ადგილას გადავიდნენ და ახლა ბევრმა ისევ იწვნია საკუთარი კერიდან აყრის სიმწარე...
უკრაინაში ომს არ მოელოდა, თუმცა საშიშროება დიდი იყო.
გულისტკივივლით იხსენებს: ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობთ და სულ ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმები. რთულია ძალიან, დღე ვერ იძინებ, ღამე ვერ იძინებ. სარდაფში ჩავდიოდით. მერე შემეშინდა - გასასვლელი რომ ჩაიხერგოს, საერთოდ ვერ გამოვალთ-მეთქი და აღარ ჩავდიოდით.
ქალიშვილი დაჟინებით სთხოვდა, გაერიდე იქაურობასო და წამოვიდა ქუთაისში.
ახლა თვალი და ყური იქითკენ აქვს, რა ხდება, როგორ არიან. ამბობს, რომ არა მარტო უკრაინელები, იქ მცხოვრები მესამე-მეოთხე თაობის რუსები, სხვა ეროვნების ადამიანებიც ძალიან არიან შეყვარებულები იქაურობაზე. სხვისი მიწები არ გვაინტერესებს, ჩვენ ჩვენი გვინდაო, ასე გაიძახის ყველა. ხვნა-თესვა ჩაგვიშალესო, ამას რომ გაიგონებ ეკრანიდან, როგორია? ომზე კი არ ლაპარაკობენ, მომავალზე ფიქრობენ, ალაგებენ, ასუფთავებენ...
ჩვენს ოფისში, ფსიქოლოგის ოთახში შევხვდი. პატარა ნობათი მოვუმზადეთ, როგორც ყველას, ვინც უკრაინიდან ჩამოვიდა. კარგა ხანს ვისხედით და ვლაპარაკობდით აცრემლებული თვალებით.
ყველაფერზე ეფიქრება და ედარდება:
თანამშრომლები და საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც უკვე ამუშავდა...
მეზობლები, რომლებიც იქ დარჩნენ - ბევრს არავინ ჰყავს და არც წასასვლელი აქვს.
აგარაკი - ბალი შარშან არ იყო საერთოდ, წელს კარგად მოისხა და თუ არ მოკრიფეს, გაფუჭდება.
ქალაქი, რომელსაც ბომბავენ.
ქვეყანა, რომელიც ძალიან უყვარს...
რუსუდან ჩიქვინიძის მთავარი ნატვრა მშვიდობა და შინ დაბრუნებაა - ლამაზ, იუმორით ცნობილ, მზით და სიყვარულით სავსე, გამორჩეულ ზღვისპირა ოდესაში...