ნატალია


ავტორი

ლალი შენგელია


რამხელა იმედი მომეცით. მორჩა, გადავწყვიტე, აუცილებლად გავაჩენ მეორე შვილს, - წასვლისას მეუბნება ნატალია. - აი, ეს იყო, რაც მინდოდა და თქვენგან მივიღეო...

მეც გამაბედნიერა ამ სიტყვებმა.

ნატალია კრივიცკაიას ერთი პატარა ბიჭუნა ჰყავს, 6 წლის კირილი, მეორის გაჩენაც მინდოდა, მაგრამ ომმა შემიშალა ხელიო...

თავისი ორჭოფობის ამბები რომ მითხრა, ჩემი მოვუყევი: როგორ გადავწყვიტე მესამე შვილის გაჩენა - აფხაზეთის ომის შემდეგ, დევნილობაში, სხვის სახლში, გაურკვეველ მდგომარეობაში, როცა არ მქონდა არანაირი პერსპექტივა. ორი გოგონას მერე მესამე ბიჭი გაჩნდა, თანდათან ყველაფერი დალაგდა და ის ბიჭი ახლა 27 წლისაა...

ნანახ-განცდილით და ომგამოვლილი ადამიანების მაგალითებით ვცდილობ ხოლმე უკრაინელი ქალების გამხნევებას. ისეთი რა უნდა გავიგონო, ჩვენ რომ არ გადაგვხდენია...

ინტერვიუს ვართმევ ქალებს და იმედს ვაძლევ, რადგან მეც მშველოდა იმ რთულ დღეებში იმედი...

თვალებში სხივჩამდგარი, ბედნიერი წავიდა ნატალია... ამ ბოლო წუთებამდე კი ბევრი ვილაპარაკეთ, ცრემლიც არაერთხელ მოგვადგა...

ხერსონიდაა. თითქმის 80 დღე იყო ოკუპირებულ ქალაქში.

ომი რომ დაიწყო, ვერ გაიგეს, რა უნდა გაეკეთებინათ. ზოგმა უცებ დატოვა ქალაქი. ნატალიას და მის ქმარს ეგონათ, მალე დამთავრდებოდა ყველაფერი და იცდიდნენ. ოკუპირებული ქალაქიდან შეუძლებელი იყო გასვლა. ცუდი ამბები ესმოდათ: ბლოკპოსტები, მძიმე ტექნიკა ყველგან. თუ ვინმე მიდიოდა მანქანით, ჩამოყრიდნენ ყველას, ჩხრეკდნენ, ამცირებდნენ.

- ძალიან მეშინოდა, მეგონა, ყველას დაგვხოცავდნენ. სამი კვირის შემდეგ დავიწყეთ გამოსვლა სახლიდან. აგარაკი გვაქვს მდინარის პირას, იქაც იყო საგუშაგოები. ყველაზე საშინელი ოკუპაციის დროს არის უკანონობა, განუკითხაობა. სახლიდან გასული შეიძლება დაგიჭირონ, გაგაქრონ, მოგკლან, გვამი წყალში გადააგდონ... და არავინ არაფერზე აგებს პასუხს.

არ უნდა იმ დღეების გახსენება ნატალიას. მაინც მიყვება ფრაგმენტებს, რაც განსაკუთრებით ჩარჩა გონებაში. ერთხელ 5 საათი იდგა რიგში, რძე რომ ეყიდა, უცებ დაბომბვა დაიწყო და ყველა გაიქცა. მერე მაღაზიები დაიკეტა, ბაზარში თუ იყიდიდი რამეს. ჭირდა პროდუქტები. იმის შიშიც კი გაუჩნდა, რომ შიშილით მოკვდებოდნენ. ბევრმა დაკარგა სამუშაო. მეუღლე ონლაინ მუშაობდა მანამდეც და ახლაც აგრძელებდა. მაგრამ მერე ინტერნეტი გაითიშა.

შიშმა და გაურკვევლობამ წამოსვლა გადააწყვეტინათ. ქუთაისში მათი მეგობრები იყვენ უკვე და აქეთ ჩამოსვლას ურჩევდნენ.

- რუსეთიდან წამოვედით ჩვენი მანქანით - ეს არის ერთადერთი, რაც დაგვრჩა. სამი დღე მოვდიოდით. იმის დავიწყება მინდა, რაც იყო. ბავშვს არ უყვარს დიდხანს მანქანით მგზავრობა, მაგრამ როგორღაც მობილიზდა. კაცურად იქცეოდა. დაბნეულები ვიყავით, ехали никуда… სტრესში, გაურკვევლობაში უბრალოდ ავდექით და წამოვედით, არაფერი დაგვიგეგმავს. საქართველოში რომ შემოვედით, შვებით ამოვისუნთქეთ...

წელიწადია, აქ არიან, ქუთაისში. კირილი რუსულენოვან ბაღში დადის. უჭირს ქართულის სწავლა. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არიან მისი პატარა მეგობრები, ენატრება ისინი და ხშირად ურეკავენ. წელს სკოლაში უნდა შევიდეს ბიჭუნა. რატომღაც ვერ შეეგუა აქაურობას, სახლში უნდა...

ნატალიას მოსწონს ქუთაისი. უკრაინული სამეგობრო ჰყავს. კომუნიკაბელური ადამიანია და აქაც ბევრი ადამიანი გაიცნო. მეგობრებთან ერთად დაუვლიათ ქუთაისის შემოგარენი და უშეცდომოდ ამბობს ჩვენთვის ნაცნობ და საყვარელ სახელებს: გელათი, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი...

აქაურობა შეუყვარდა კიდეც ნატალიას, თუმცა მაინც თავის ქალაქში ჩასვლას ნატრობს. მისი მშობლები და დედამთილი ხერსონში არიან. მართალია, ოკუპაციისგან ქალაქი ჯერ კიდევ ნოემბერში გაათავისუფლეს, მაგრამ მაინც საშიშია იქ ყოფნა. არავინ იცის, როდის რა მოხდება. მრავალსართულიან ბინებს ხვდება ჭურვები. ბევრი სახლი დაინგრა, ადამიანები იღუპებიან. ვიღაც გაჩერებაზე იდგა და იქ დალია სული, ვიღაც მაღაზიის რიგში დაიღუპა, ვიღაც - სახლში... ამიტომ ძალიან დარდობს იქ დარჩენილებზე.

- რომ ჩავალთ, იქ ძველებურად უკვე არაფერი არ იქნება, ვიცი. ნახევარი ალბათ არც დაბრუნდება. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ აეწყობა ცხოვრება მომავალში. ყველაფერი მაფიქრებს, - ამბობს ნატალია.

თავის ძმაზეც მიყვება, დიაკვანია. დონბასში ცხოვრობდა თურმე და 2014 წელს, საიმარი მოქმედებების გამო წამოვიდა იქიდან. ხერსონში დამკვიდრდა, სახლი ააშენა, ტაძარს აშენებდა. ახლა ომი რომ დაიწყო, ჯერ შვილები გაუშვა იქიდან, მეუღლესთან ერთად დარჩა. მაგრამ სახლის ეზოში ჩამოვარდა ჭურვის ნამსხვრევები. ჯერ კიდევ აუშენებელი ტაძარიც დაანგრიეს... სხვა გზა არ დარჩა და აქედანაც აიყარა, ახლა კიევის ოლქშია, იქ მსახურობს ეკლესიაში.

- ლოცულობს უკრაინაზე, მშვიდობაზე, ჩვენზეც... მჯერა მისი ლოცვების, - ამბობს ცრემლორეული ნატალია...

ძმისშვილებს იხსენებს და თავის ფიქრსაც მანდობს, მეც მინდა მეორე შვილიო.
თუმცა ეს უკვე გითხარით - გადაწყვიტა ნატალიამ მეორე შვილის გაჩენა...