წლების შემდეგ, შენს თვალებში შემშრალი ტკივილები დავინახე და მეგონა, თუ ჩაგეხუტებოდი ამოვაშრობდი…
ჩემი ხელები როდესაც გეხებიან
და შენ იღიმი…
ჩემში ანგელოზები იწყებენ გაცოცხლებას…
ვცდილობ გამოტოვებული, ცარიელი წლები ამოგივსო…
მონატრებას მიჩვეული, ჩემთან ყოფნას მიგაჩვიო..
რთულია გიყურებდე და მახსენდებოდეს,
როგორ გაკლდი,
როგორ ცდილობდი უჩემობა ამოგევსო…
ჩემი ხმა მოგესმინა..
ჩემი ხელების მოხვევა გეგრძნო…
წარსულ წლებში ჩავიკარგე…
ვცდილობ იქ აღმოგაჩინო..
შენს თვალებს ვუყურებ და იქედან ჩემი ბავშვობა მიმზერს…
შენში ჩაბუდებული საკუთარი თავი მიყვარს…
შენში არსებული მე…
მიყვარხარ!
ალბათ სამყაროზე მეტადაც…
ისევ მინდა შენს კალთას გამოვეკერო,
შენს ნაბიჯებს ავედევნო…
ხშირად გავიმეორო როგორ მიყვარხარ…
მაგრამ დრო და დრო ამ ძახილში მეკარგები….
შენი სიყვარული იმ ფრთებს ჰგავს, რომლებიც მხრებზე მონატრებისგან შემადნა…
შენ ჩემს ბევრ გაზაფხულს აკლდი,
იმ დაკრეფილ ყვავილებს, რომლებიც შენთან მოტანის ნაცვლად ჩემს ხელისგულებს შეახმა…
შენს დამძიმებულ მხრებს მინდა შევეფარო…
მინდა შენი ყველა ტკივილი, შენიდან გამოვიტანო და ჩემს ჯოჯოხეთში შევასახლო…
შენ ყველაზე მეტი ხარ ჩემს სამყაროში..
წვიმების სეზონი იწყება..
ფოთლებივით გამცვივდა გაცვეთილი იმედები…
მინდა წვეთებს შორის გამეფებულ მდუმარებაში აღმოგაჩინო…
შემოდგომა-ნატარები დარდებით ვარ აკინძული…
მინდა ტკივილები ამოვიყვირო
მაგრამ ხმის ძაფებზე შენი სახელის ბგერებია გაწოლილი
და მე მუდამ შენ არ არსებობას ვაძახებ სამყაროს….
სიცივე შემოაღამდება ჩემს თვალებს
და გათენებას უცაბედად ამოვარდნილი ქარის სურნელი მოჰყვება…
ჩემს ფიქრებს სამოთხის სურნელი აქვს
რადგან მზერის ჰორიზონტზე მუდამ თვალუწვდენელი სიყვარულია…
მე მინდა სახლს ჰგავდეს შენი მკლავები
შენს თვალებს სითბოსთვის მივეფიცხები
და გაშლილ ხელისგულებზე დავიტოვებ შენით გათენებული ღაამების კვალს…
შენს სულს წიგნივით გადავფურცლავ
მინდა შენი ოცნებები და ფიქრები გადავიკითხო
იქნებ რომელიმე მათგანში უცაბედად საკუთარი არსებობა აღმოვაჩინო…
გამუდმებით მაწუხებს შეგრძნება
რომ ყოველ ღამით სიზმრებში ჩემს დატოვებულ ნაკვალებს მოსდევ , მაგრამ გზა არადა არ მთავრდება…
იქნებ ეს გზაც უსასრულოა, როგორც ფიქრები რომლებსაც მუდამ შენს სუნთქვამდე მოვყავარ…
არ მინდა წვიმებმა იარები ჩამორეცხონ
თითოეული მათგანი შენს არსებობას მახსენებს..
შენ თითქოს კარს მიღმა ხარ და მელედები…
მაპატიე რომ ვერასოდეს შემოვაღე შენი სულის დარაბები..
გარეთ სიჩუმე გამაყრურბლად ქუხს…
ოდესმე ჩემს სიტყვებს თითებით შეეხეები….
და მაინც,
სიბნელის მიღმაც ვგრძნობ,
რომ შენი არსებობა სინათლისკენ მიმათრევს.
ჩემთან მისასვლელი გზა იქნებ უსასრულოა, მაგრამ სიყვარული, რომელიც ამ გზას კვეთს,
უკვე მარადისობის ნაწილია.