ბავშვობაში ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა მასავით უბრალო გოგონას ერთდროულად ჰქონოდა ნაზი ხმა, ჭკვიანი თვალები, ლამაზი ნაბიჯი და მხიარული სული, რომელიც მუდამ მაღლა ცაში იჭრებოდა, თითქოს დაბლა მიწაზე სიარული არ შეეძლო.
გოგონას ხშირად ეძახდნენ: _ „შენ ერთხელაცცას გაიქცევი… ამ ქვეყანას შენი სინაზე დაეწვრილაო.“ მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ განსაკუთრებით დაჟინებით მკაცრად ეკიდება ისეთებს, რომელთა დაშლისაც ყველაზე მეტად ეშინია.
ქალი რომ გახდა, ბედმა უღრუბლო დღე არ გაუთენა, იღბალმა არ გაუღიმა. ახლა ქმრის დედა ეძახდა, ,,ჩამოდი ღრუბლებიდან დედამიწაზე!" ქმარმა, რომელსაც მისი გული ბუტაფორიულად უნდოდა, სულს კი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, ნელ-ნელა გადააქცია იმ ადამიანად, რომელიც მარტოობაში ღამით ცრემლს მალავს და დილით ისევ ახალი ბედნიერება უნდა მოეფიქრებინა, რომ ბავშვებს სევდა არ გადაწვდენოდა.
მის გაკრიალებულ სახლს არადა, ეზო-კარს ზაფხული განსაკუთრებით არ უყვარდა. ყოველ წლობით სიცხის დღეებში, ეზოში გველები ჩნდებოდნენ _ თითქოს რაღაც ბნელმა დაღლილობამ იცოდა გზა მისი მიწისკენ.
თავში სულ ერთი ფიქრი უტრიალებდა: „ნუთუ ღმერთს სურდა მე მებრძოლა ყველაფერთან, რაც დაკბენს, დაგლეჯს, ან დაზაფრავს ჩემნაირებს?“ მაგრამ მაინც იბრძოდა. ქვასავით იდგა და როგორც კლდეზე დალექილი ქარი, თითქოს არც ეშინოდა, არც გაქცევა იცოდა, არც დაბნევა და შეურაცხადის ძალით უშენდა ქვას, ბარს, თოხს ქვეწარმავალს...
მერე ძაღლები იყვნენ…
დაგლეჯილი, მიტოვებული, ადამიანების უგულო ხელების ლაქებით დამახინჯებულნი, რომლებიც სიმწრით ნაზარდ კრუხ-წიწილს უნადგურებდა და ეზოს სისხლით უვსებდა... ის კი მიწას უხმოდ უთხრიდა, ტირილით უხვევდა ჭრილობებს, ემშვიდობებოდა თითოეულს ისე, როგორც ადამიანს ემშვიდობებიან _ პატივით, დუმილით, შიშითაც კი.
შვილებს ეუბნებოდა: _ სიკვდილი ვერასოდეს უნდა იყოს მიტოვებული… როგორი საშინელიც არ უნდა იყოს სოფელში ცხოვრება მსგავსი ჯოჯოხეთის გამო, უნდა გქონდეს ერთი ადამიანის თბილი შეხედვის იმედი, ვის გამოც რჩები..."
მას ხალხი შორიდან უყურებდა და ჩურჩულებდა: _ „ამ ქალს ზედმეტადბევრი ტკივილი ერგო…“ მაგრამ მათ ვერ დაინახეს ის, რაც ყოველი დღის ბოლოს ხდებოდა მის გულში, გონებაში, სულში... როცა ბავშვებს ეძინათ, ქალი ფანჯარასთან ჩამოჯდებოდა, ხელებს მუხლზე შემოიხვევდა და ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება ქარმა ნამდვილად ააფორიაქა, ქარმა, რომელიც კაცის სახით შემოვარდა, მაგრამ ღვთისაგან აღარ გასულა...
ჰოდა, იმედით ეუბნებოდა საკუთარ თავს: „არ უნდა დავპატარავდე… არ უნდა დავჩაჩანაკდე… არ უნდა გატყდეს ჩემი წელი იმ ავადმყოფობებით, რომლებიც უსურვებლად მოდიან… მე ხომ საუკეთესო შვილები მყავს და სანამ ისინი მზისკენ დააბიჯებენ, მე უნდა ვიყო როგორც ბილიკი, რომელიც არ სრულდება, კლდე, რომელიც არ ინგრევა.“
და ერთხელ, ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როცა ქარმა ფანჯრის რაფას ჩაუშრიალა, უცნაური რამ იგრძნო: სხივი, რომელსაც სინათლე მოჰქონდა, თითქოს გულში ჩაუჯდა. ის უცებ მიხვდა, ბედისწერა მას კლდედ აქცევდა არა დასამსხვრევად, არამედ საყრდენად! საყრდენად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მის ზურგს უკან წაიქცეოდნენ, რომ არა მისი სიმტკიცე... საყრდენად იმ სიყვარულისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობდა მძიმედ დაკიდებული კარის მიღმა. და პირველად უამრავი წლის შემდეგ, ქალმა ფრთხილად ჩაიღიმა ნაზი, შეუპოვარი და ჭკვიანი ღიმილით, რადგან მიხვდა, ქარი შეიძლება იყოს დაუნდობელი თუ არ დანებდი, თუ არ დაირღვიე, თუ არ დაკარგე ბავშვივით სუფთა თვალები...
ქარი ბოლოს იმ მხარეს გაგაქროლებს, სადაც ბედნიერება გელოდება...
და ქალმა, რომელიც გველებთან, ტკივილთან და საკუთარი გულის ნგრევასთან იბრძოდა, მთლიანად ჩაწერა საკუთარ ცხოვრებაში ერთი უდიდესი სიმართლე: მომავალი ყოველთვის არის ისე მიჩუმათებული, როგორც ქარი, რომელიც ჯერ კიდევ შენი ფანჯრის წინ დგას და გეძახის.