3. გამოსავლის გზებიფონდი „სოხუმის“ ინიციატივებიფონდი „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოში ქმნის მრავალფუნქციურ მხარდაჭერის ქსელს, რომელიც ერთდროულად ორიენტირებულია ქალებისთვის, როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე, ასევე სოციალურ და უფლებრივ გაძლიერებაზე. ამგვარი მიდგომა ამცირებს ქალების მოწყვლადობას, ზრდის ქვეყნის შიგნით მათ პერსპექტივებსა და ამცირებს ქალების მიგრაციის რისკებსა და სტიმულებს.
ამ მიდგომის პრაქტიკული განხორციელება უზრუნველყოფილია სხვადასხვა პროგრამითა და ინიციატივით, რომლებიც მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
- ქალთა მხარდაჭერის ცენტრები — იურიდიული, ფსიქოლოგიური, სოციალური დახმარება;
- ციფრული რესურსცენტრი — sosfsokhumi.ge, სადაც ქალებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია უფლებებსა და სერვისებზე გეოგრაფიული განფენილობის მიხედვით, მიმდინარე საგრანტო კონკურსებზე, წაიკითხონ ძლადობაგამოვლილი ქალების წარმატების ისტორიები და სხვ.;
- სარეაბილიტაციო ცენტრი — ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის, სადაც შემოქმედებით და სოციალურ აქტივობებში ერთვებიან;
- ტრენინგები და პროფესიული კურსები — ჭრა-კერვა, საბუღალტრო საქმე, მცირე მეწარმეობა, მანიკურისა და პედიკურის გაკეთება და სხვ.;
- მცირე გრანტები და ფინანსური მხარდაჭერა — ახალი ბიზნესის დასაწყებად;
- სამოქალაქო ინიციატივები — ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ქალების აქტიურ მონაწილეობას ეფუძნება.
ქალებისთვის თემში დარჩენის პირობების შექმნა, რაც მოიცავს ღირსეულ დასაქმებას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, უფლებრივ გაძლიერებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას, არსებითად შეამცირებს მიგრაციის ტენდენციას. ეს პირდაპირ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ სტრუქტურასა და შრომით რესურსებზე და შექმნის უფრო მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს, რაც ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა ქვეყნის სტაბილური და ინკლუზიური განვითარებისათვის.
„ქალები დასავლეთ საქართველოს სოფლებში ხშირად დგანან ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე: დარჩნენ და იცხოვრონ უმუშევრობასა და ძალადობაში, თუ წავიდნენ უცხო მიწაზე. ეს არჩევანი მხოლოდ მათზე არ აისახება, ეს ქვეყნის მომავლის არჩევანია. ქალის გაძლიერება, მისი ღირსეული შრომა და უსაფრთხო გარემო, ნიშნავს ოჯახების ერთიანობასა და ქვეყნის განვითარებას,“ - ლელა ჯალაღონია, ქალთა ფონდი „სოხუმის“ კოორდინატორი.