11/02/2026


ონლაინ ძალადობა და ციფრული უსაფრთხოება რეგიონებში: ახალგაზრდებთან და ქალთა ჯგუფებთან საინფორმაციო მუშაობის გამოცდილება



ავტორი: ლინდა ჩიხლაძე

ციფრული სივრცე დღეს ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, ურთიერთობის, სწავლისა და თვითგამოხატვის ერთ-ერთ მთავარ არხად იქცა. თუმცა, იქ, სადაც ონლაინ გარემო ხშირად ერთადერთი ხელმისაწვდომი სოციალური სივრცეა, რისკებიც უფრო თვალსაჩინოდ იჩენს თავს. პრობლემა არ არის ის, რომ რეგიონებში ძალადობა მეტია, განსხვავება იმაშია, რომ ცოდნის, რესურსებისა და მხარდაჭერის სისტემები ხშირად ნაკლებად ხელმისაწვდომია.
საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ტექნოლოგიებით ხელშემწყობილი ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ახალგაზრდებსა და ქალებზე, რადგან ონლაინ სივრცე მათთვის ხშირად ერთდროულად არის კომუნიკაციის სივრცე და რისკის ზონაც.

სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ონლაინ ძალადობა უკვე მილიონობით ქალის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად იქცა. მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი, დაახლოებით 38%, თავად გამხდარა ონლაინ ძალადობის მსხვერპლი, ხოლო ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას, 85%-ს, სხვა ქალების მიმართ მსგავსი ძალადობა საკუთარი თვალით უნახავს. რისკი განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებისთვის: ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის ალბათობა 18-24 წლის ქალებისთვის ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 65 წელს გადაცილებული ქალებისთვის[1]. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობის უმრავლესობისათვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია: 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 95.4% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებს, ხოლო ახალგაზრდებში (15–29 წლის) ეს მაჩვენებელი თითქმის 100 %-ია[2]. ამავე კვლევით, ინტერნეტის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანია სოციალურ ქსელებში მონაწილეობა (96 %), რაც მიუთითებს, რომ ონლაინ სივრცე არა უბრალოდ ტექნიკური პლატფორმაა, არამედ მნიშვნელოვანი სივრცე ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის მიღებისა და სოციალური ურთიერთობებისთვის. სწორედ ის გარემო, სადაც ადამიანები ყველაზე მეტად ექვემდებარებიან როგორც კომუნიკაციურ, ისე ძალადობრივ საფრთხეებს[3].

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდის „სოხუმი“ ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ონლაინ ძალადობა რეალურ პრობლემას წარმოადგენს და საჭიროებს უფრო მიზნობრივ გააზრებას ადგილობრივ კონტექსტში, განსაკუთრებით რეგიონებში. სწორედ ამ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2025 წელს ორგანიზაციამ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შორის სწრაფი მოკვლევა[4] ჩაატარა, სადაც გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 25%-ს ონლაინ ძალადობის პირადი გამოცდილება ჰქონდა, ხოლო ძალადობის ფორმებსა და გავლენაში აშკარაა გენდერული განსხვავებებიც. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეები ხშირად რეალურ სოციალურ გარემოშიც გრძელდება - სკოლაში, ოჯახსა და თემში.
სწორედ ამ მიგნებებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯი - საინფორმაციო ვორქშოფები თემაზე - ონლაინ ძალადობის ფორმები და ციფრული უსაფრთხოება - ახალგაზრდებთან და ქალთა ჯგუფებთან, რომლებიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას, არამედ უსაფრთხო ონლაინ ქცევის პრაქტიკულ გაძლიერებასაც.

საინფორმაციო ვორქშოფების წინ ჩატარებული გამოკითხვით გამოვლინდა მონაწილეთა საწყისი ცოდნა, აღქმები და ონლაინ გამოცდილებაში არსებული ძირითადი პრობლემები. ხოლო ვორქშოფების დასრულების შემდეგ გამოკითხვით დაფიქსირდა მონაწილეთა ცოდნის, დამოკიდებულებისა და თვითშეფასებული ციფრული ქცევის ცვლილებები. ტრენინგების ფარგლებში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 82 ადამიანმა.

ქვემოთ წარმოდგენილია საინფორმაციო ვორქშოფების ფარგლებში გამოვლენილი შედეგები და საგანმანათლებლო მუშაობის შედეგად დაფიქსირებული ცვლილებები მონაწილეთა ონლაინ ქცევაში.

______________________________________
[1] https://georgia.unfpa.org/ka/TFGBV
[2] https://shorturl.at/Fu6GY
[3] იქვე
[4] სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმებისა და ონლაინ ძალადობის გენდერული განზომილება, 2025. ხელმისაწვდომია - https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15550-2025-03-05-13-41-37
ტრენინგის დროს გამოვლენილი მიგნებები
ონლაინ ძალადობა, როგორც ყოველდღიური გამოცდილება

ერთი შეხედვით, ტერმინი “ონლაინ ძალადობა” უმეტესობას გაუგია: საინფორმაციო ვორქშოფების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში 86.6% ამბობს “კი, მსმენია”. მაგრამ შემდეგ პასუხებში ჩანს, რომ ეს მხოლოდ მოსმენილი ტერმინი არ არის, ბევრისთვის ეს უკვე რეალურად გამოცდილი ან ნანახი სიტუაციაა.
შეხვედრების წინ განხორციელებული გამოკითხვის შედეგებით, მოსწავლეებმა ყველაზე ხშირად აღნიშნეს, რომ ონლაინ სივრცეში უნახავთ ან გამოუცდიათ:
  • ყალბი პროფილები - 53.7%
  • დაცინვა/შეურაცხმყოფელი კომენტარები - 43.9%
  • არასასურველი შეტყობინებები - 36.6%
  • პირადი ინფორმაციის ან ფოტოს გავრცელება ნებართვის გარეშე - 30.5%
  • და მხოლოდ 22% ამბობს “არ შემხვედრია”.
გამოკითხვის შედეგები გვაჩვენებს, რომ ონლაინ ძალადობა იშვიათად იწყება პირდაპირ მძიმე ფორმით. ის ხშირად ვითარდება ეტაპობრივად: იმიტაცია → დამცირება → არასასურველი კონტაქტი → პირადი საზღვრების დარღვევა → ზეწოლა ან შანტაჟი.

ეს პროცესები ხშირად ონლაინ სივრცეში იწყება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში გრძელდება სკოლაში, მეგობრულ წრეში ან ოჯახურ გარემოში. სწორედ ამიტომ, ონლაინ ძალადობის შედეგები მხოლოდ ციფრულ სივრცეში არ რჩება.


ფიშინგი როგორც “კარიბჭე”, მაგრამ არა ერთადერთი საფრთხე

ვორქშოფების დაწყებამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ფიშინგი ზუსტად იცოდა მხოლოდ 13.4%-მა, 47.6% მიუთითა - “არა”, ხოლო, 39%-მა აღნიშნა - “მსმენია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი”.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ონლაინ თაღლითობა ხშირად ხდება კონტაქტის პირველ ეტაპზე. თუმცა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რისკი აქ არ ჩერდება: როცა კონტაქტი დამყარებულია, საფრთხე ხშირად გადადის სხვა ფორმებში - ყალბი პროფილებით მანიპულაციაში, დამცირებაში, პირადი მასალების ბოროტად გამოყენების რისკში და ონლაინ დევნაში.

საერთაშორისო პრაქტიკაშიც ონლაინ ძალადობა სწორედ ასე განიხილება, როგორც ტექნიკური და სოციალური შეტევების ერთიანი სპექტრი, რომელიც მოიცავს როგორც ანგარიშებზე შეღწევას და მონაცემების მოპოვებას, ისე შევიწროებას, შერცხვენას, დევნასა და პირადი მასალის გავრცელებას[1].



ფიშინგი - ტექნიკური საფრთხე, რომელიც ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში გადადის

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მონაწილეთა დიდ ნაწილს ფიშინგის მნიშვნელობა ზუსტად არ ესმოდა. თუმცა ფიშინგი მხოლოდ ტექნიკური თაღლითობა არ არის. ის ხშირად ონლაინ ძალადობის საწყის წერტილად იქცევა.

ფიშინგის დროს თავდამსხმელი ცდილობს მომხმარებლის მოტყუებას, რათა მოიპოვოს წვდომა მის ანგარიშებზე - სოციალურ ქსელებზე, ელ.ფოსტაზე ან ფინანსურ სერვისებზე. შედეგად შესაძლებელია როგორც პირდაპირი ფინანსური ზიანი, ისე პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენება[2].

როდესაც მოძალადე ან თაღლითი ანგარიშებზე წვდომას მოიპოვებს, შემდეგ ხშირად იწყება ძალადობის სხვა ფორმებიც:
• პირადი მიმოწერის გამოყენება შანტაჟისა და ზეწოლისთვის;
• პირადი ფოტოებისა და მონაცემების მოპარვა ან გავრცელების მუქარა;
• ყალბი პროფილების შექმნა მსხვერპლის სახელით;
• რეპუტაციის დაზიანება ონლაინ სივრცეში;
• ფინანსური ზიანის მიყენება ან ანგარიშების გამოყენება თაღლითობისთვის;
• ან მსხვერპლის ხანგრძლივი ონლაინ დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ამგვარად, ტექნიკური დაუცველობა ხშირად გადაიქცევა არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ფსიქოლოგიურ ძალადობად, რომლის შედეგებიც ონლაინ სივრცეს სცდება და რეალურ ცხოვრებაშიც აისახება[3].

სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით უბრალო ბმულზე დაწკაპუნებაც შეიძლება ძალადობის უფრო მძიმე ფორმების დასაწყისად იქცეს.


რა შეიცვალა ვორქშოფის შემდეგ: ქცევითი ცვლილება

ტრენინგის შემდგომ გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები მხოლოდ ინფორმაციის მიღებაზე არ გაჩერდნენ. პრაქტიკული დავალებებისა და განხილვების შემდეგ ბევრმა უკვე საკუთარი ონლაინ ქცევის შეცვლაც დაიწყო.

მონაწილეთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ:
  • 80.9%-ს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა სანდო და არასანდო ინფორმაციის გარჩევის უნარი;
  • 91.2% უკეთ ამოიცნობს სტერეოტიპებზე დაფუძნებულ მანიპულაციას;
  • საეჭვო ინფორმაციის ნახვისას 75%, პირველ რიგში, ამოწმებს წყაროს, ხოლო 17.6% დამატებით ინფორმაციას ეძებს;
  • 73.5% უსაფრთხო ქცევის მთავარ პრიორიტეტად პირადი მონაცემების დაცვას მიიჩნევს;
  • 67.6% საკუთარ ანგარიშებს ახლა უფრო დაცულად თვლის;
  • 83.8% დარწმუნებულია, რომ შეუძლია ფიშინგის ამოცნობა.

[1]https://www.unfpa.org/TFGBV
[2]ონლაინ უსაფრთხოების ფაზლი: იპოვე ნაკლული ელემენტები, ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA), 2025

[3] https://www.unfpa.org/TFGBV

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ცნობიერების ამაღლება ხშირად ცოდნის დონეზე რჩება, ხოლო აქ ვხედავთ რეალურ ქცევით ცვლილებას:

  • პაროლების შეცვლა,
  • ინფორმაციის გადამოწმება,
  • საეჭვო ბმულების თავიდან აცილება,
  • კონფიდენციალურობის პარამეტრების გააქტიურება,
  • არასასურველი კონტაქტების დაბლოკვა.
ეს ნიშნავს, რომ მონაწილეები პასიური მომხმარებლიდან აქტიურ და პასუხისმგებლიან მომხმარებლებად ყალიბდებიან.


ქალების ჯგუფი: ონლაინ ძალადობის უხილავობა

ქალთა ჯგუფთან ჩატარებულმა დისკუსიებმა აჩვენა, რომ ონლაინ ძალადობის მრავალი ფორმა მათ ყოველდღიურ გამოცდილებაში უკვე არსებობს, თუმცა ხშირად მას საფრთხედ არ აღიქვამენ.

არასასურველი შეტყობინებები, ყალბი პროფილები, პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მცდელობები და ონლაინ დამცირება ხშირად „უბრალოდ უხერხულობად“ აღიქმება, რაც ძალადობის ნორმალიზაციას იწვევს.

მუნიციპალიტეტებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც თემები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ონლაინ რეპუტაციულ ზიანს ხშირად რეალური სოციალური შედეგებიც მოჰყვება - სტიგმა, იზოლაცია, ფსიქოლოგიური წნეხი.

ამიტომ ონლაინ ძალადობის პრევენცია ქალებისთვის მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების საკითხი არ არის, ეს სოციალური უსაფრთხოების საკითხია.

მოკვლევამ გამოკვეთა სამი მნიშვნელოვანი ტენდენცია:
  1. ონლაინ ძალადობის შემთხვევები ხშირია, მაგრამ ხშირად ნორმალიზებულია;
  2. ტექნიკური დაცვის ცოდნა დაბალია, თუმცა სწორი ჩარევის შემდეგ სწრაფად უმჯობესდება;
  3. ცნობიერების ამაღლება პირდაპირ აისახება ქცევის ცვლილებაზე.
მონაწილეთა ხმა: ვორქშოფების შემდეგ ყველაზე მკაფიო ცვლილება მონაწილეთა პასუხებში ჩანდა. ისინი უკვე საკუთარ ქცევაზეც საუბრობდნენ.
მოსწავლეებისა და ქალთა ჯგუფის მონაწილეები ამბობენ:

„აქამდე მეგონა, ეს ყველაფერი უბრალოდ ონლაინ ხდებოდა. ახლა ვიცი, რომ შეიძლება მართლა საფრთხე იყოს.“

„ვორქშოფის დროსვე შევცვალე პაროლი — მივხვდი, რომ ჩემი ანგარიში ძალიან მარტივად შეიძლებოდა გაეტეხათ.“

„ყველა ლინკზე აღარ შევალ, თუნდაც ნაცნობმა გამომიგზავნოს.“

„ახლა ვიცი, რომ თუ ვინმე მაწუხებს ონლაინ, შემიძლია დავბლოკო — და ეს ნორმალურია.“

„სანამ რამეს გავაზიარებ, ჯერ შევამოწმებ. შეიძლება სხვას ვავნო.“

ეს ხმები აჩვენებს მთავარ ცვლილებას: ონლაინ საფრთხე მათთვის უკვე მხოლოდ ინფორმაცია აღარ არის. ის პირადი პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების ნაწილად იქცა.

და სწორედ აქ იწყება რეალური ცვლილება.
გვემეგობრე:
👉www.fsokhumi.ge
👉 www.sosfsokhumi.ge 
👉@wfsukhumi (Instagram, Tik Tok); WFSTbilisiOffice (Facebook)