მაია


ავტორი


ლალი შენგელია
მაია სტარიკი ზის ჩემს წინ. „სტარიკი“ მოხუცს ნიშნავს. მაია ახალგაზრდაა, მაგრამ იმდენი გადაიტანა 36 წლის მანძილზე, ორ მოხუცს ეყოფა სადარდებელ-საჯავრებლად...

ქართველია დედით და მამით. საქართველოში დაბადებული. 9 წლისა მამამ უკრაინაში წაიყვანა და უკრაინელად იქცა - ენით, წესებით, ცხოვრების სტილით. დედასთან კავშირი არ ჰქონდა. მერე დედინაცვალი გაჩნდა მის ცხოვრებაში. ვერ ეგუებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.

19 წლისა გათხოვდა, რომ საკუთარი ბედნიერება ეპოვა. იპოვა კიდეც, ბიჭი შეეძინათ. მალე ტრაგედია მოხდა - მეუღლე მოკრივე იყო და მოულოდნელად რინგზე გარდაიცვალა...

მეორედაც იპოვა ბედნიერება. მზრუნველი ქმარი, ორი შვილი - გოგო და ბიჭი... აწყობილი ცხოვრება დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიში: საკუთარი სახლი, ბინა, მანქანა, სამსახური, საკუთარი საცხობი.

18-წლიანი პაუზის შემდეგ დედასთან ურთიერთობაც აღადგინა. შორიდან. დედა უკრაინაში არ ჩადიოდა და მაიასაც არ ეპატიჟებოდა აქეთ. ონკოლოგია ჰქონდა და უფრო - დახმარების გამო დაუკავშირდა. 10 წელი უგზავნიდა მაია ფულს, მკურნალობას უფინანსებდა. შარშან, 26 თებერვალს, ჩამოსვლა გადაწყვიტა. ბილეთიც იყიდა. 24-ში ომი დაიწყო და ყველაფერი აირია.

პირველი პერიოდი სლოვაკეთში იყო. ეგონა, ყველაფერი მალე დასრულდებოდა. მერე გაიგო, რომ ავადმყოფ დედას კოვიდი დაერთო და ვერ გადაიტანა. დაკრძალვაზე ჩამოვიდა შვილებთან ერთად და უკვე ერთი წელია, საქართველოშია.

„საკმაოდ მქონდა ფული, მაგრამ მალე დავხარჯე, - ამბობს მაია. - დედის საფლავის ქვის გაკეთებასაც მე მთხოვენ ნათესავები, მაგრამ არ შემიძლია... დიდი ფული მაქვს ანაბარზე. დიდხანს ვაგროვებდი. ყველაფერს ვიკლებდი, ზღვაზე არ მივდიოდი, კბილები დამცვივდა და არ ვიკეთებდი. ფული დავაგროვე და ახლა ვერ ვიღებ ანგარიშიდან. დონეცკის ბანკშია და ვერ გამომაქვს“.

მაია ცდილობს, ძლიერი იყოს, მაგრამ, ეტობა, რომ უჭირს - ფიზიკურად, მორალურად, ფინანსურად... სახლი უკვე არ აქვს, განადგურდა, მაგრამ არის ბინა, სადაც შეიძლება ცხოვრება. იცის, რომ ბევრი დაბრუნდა, რადგან ვერ ძლებენ სხვა ქვეყანაში. თვითონაც ფიქრობს დაბრუნებაზე.

ბავშვებსაც უნდათ უკრაინაში, ვერ ეგუებიან აქ. 12 წლისაა უფროსი და ორი წლის - პატარა. უფროსი და უმცროსი - ბიჭები არიან, შუათანა - გოგონა. გოგონას სტრესისგან სლოვაკეთში ყოფნისას მიკროინსულტი დაემართა და ძალიან შეიცვალა. ყველას თავისი დეპრესია აქვს და თავისებურად გამოხატავენო:

„აფხაზეთის ომის დროს 7-8 წლის ვიყავი. ჭირდა საქართველოში და მე მესმოდა მშობლების. ვინაწილებდით საკვებს. პურსაც კი არ ავიღებდი ზედმეტად. ახლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს პურის მიმართ. ნამცეცებსაც ვიღებ თეფშიდან. ჩემს ბავშვებს კი რატომღაც არ ესმით, რომ ომია, რომ არ გვაქვს, უნდათ, ითხოვენ... ვიცი, მიჩვეულები არიან კარგ ცხოვრებას, მაგრამ რა ვქნა??? განა მე არ მინდა, უკეთესად ვაჭამო ჩემს შვილებს, უკეთესად ჩავაცვა? ფული გამომელია, ქმარი ვერაფერს მიგზავნის. ბახმუტთან იბრძვის და მეორე თვეა, არაფერი ისმის მისგან. გაგიჟებას ვარ“...

აქ სამუშაოს შოვნაც ჭირს. მთელი დღით ვერ გავა. დიდხანს ვერ უტოვებს პატარას უფროსებს. კი მიიყვანა ქუთაისის ბაღში, მაგრამ ერთხელ ჩუტყვავილა გადმოედო, რამდენჯერმე ვირუსი შეეყარა და მეტი ხანი მაინც სახლში უწევს ბავშვს ყოფნა.

ამიტომ სტაბილურ სამსახურზე არც ფიქრობს. საცხობში იმუშავა რამდენიმე დღეს, მაგრამ ისე ცოტა მისცეს, რომ თავი დაანება. ახლა დალაგებებზე დადის. იქაც არ აძლევენ ბევრს, მაგრამ მალე ილევს საქმეს და სახლში გარბის ბავშვებთან.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მადლიერია - პროდუქტებითაც დაეხმარა, ბინის ქირაც გადაუხადა... მაგრამ მაინც ბევრი სადარდებელი დაუგროვდა:

  • დედა, რომლისგანაც ვერ გაიგო პასუხი კითხვაზე, რატომ მიატოვა, რატომ არ ნახულობდა, რატომ არ ეპატიჟებოდა საქართველოში...
  • ქმარი, რომელიც ბახმუტშია და არ ურეკავს...
  • გოგონა, რომელიც მიკროინსულტის შემდეგ აგრესიული გახდა...
  • უკრაინაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ახლობლები...
  • ქართველი ნათესავები, რომლებმაც ზურგი აქციეს საქართველოში ჩამოსულს...
  • ბინის ქირა, რომელიც სულ ძვირდება..
  • უკრაინაში დარჩენილი მამა, რომლის მხარდაჭერა გამოიხატება მხოლოდ სიტყვებით: შენ ხომ ძლიერი ხარ!
  • უფულობა და სამი ბავშვი: დავითი, მიროსლავა, გიორგი...
  • ის, რომ საბუთები აქვს მოსაწესრიგებელი: ვერ დავრჩები აქ. ან უკრაინაში წავალ, ან საზღვარგარეთ.
როცა ძალიან უჭირს, თავს იმშვიდებს, რომ ეს დროებითი სირთულეებია, რომ სხვებს მეტი პრობლემა აქვს, რომ გაივლის ეს ცუდი დროც...
მეც ვეცადე, ყველა მისი ჯავრის საპასუხოდ იმედი მიმეცა, რომ ქმარი მალე დაურეკავს, რომ ბავშვები კარგად იქნებიან, ომი მალე დასრულდება, მშვიდობით დაბრუნდება უკრაინაში...
მინდა, ასე იყოს...