ლალიკო




ნიჭის და სიკეთის ზეიმი
წარმატების ისტორია


ლალი შენგელია ქალთა ფონდ „სოხუმის“ ერთ-ერთი კაპიტანია. წლებია მედიასთან ურთიერთობას უძღვება და ბევრ თაობას დაატყო საკუთარი ხელი და მადლი. სულ სიახლეს მიყვება ფეხდაფეხ. სულ ახლახანს, კიდევ ერთი საინტერესო პროექტის მონაწილე იყო. „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შედგა და 60-მდე ჟურნალისტის ნაშრომს განიხილავდა მათი რეპორტაჟებით, ბლოგებით, სიუჟეტებით.
ლალი შენგელია გამარჯვებულთა პირველ ხუთეულში დასახელდა და საჩუქრად Canon EOS 4000D მიიღო.

მთელი ქალთა ფონდის სახელით ვულოცავთ გამარჯვების ამ სიხარულს ლალიკოს, რომელზეც სულ მინდოდა წარმატების ისტორია დამეწერა.
და როდის უნდა მექნა ეს, უკეთეს დროს, თუ არა მის დაბადების დღეზე...

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ერთად მივდიოდით მემორიალთან. სევდიანი დღე იყო. მინდოდა, გზაში ყველას გაეხსენებინა სოხუმი, მაგრამ ლალიკოთი დავიწყე და ვეღარც გავაგრძელე სხვებთან... მანძილი აღარ გვეყო.
სოხუმი მისი სტუდენტობის ქალაქია. გულიას ქუჩა გაიხსენა და აუყვა ოცნებებით, ძველებურად, წარმოსახვით, ახალგაზრდულად. „აფხაზეთის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი - მერე უნივერსიტეტი“ - გამოთქვა მონატრებით. ქუთაისის უნივერსიტეტის მსგავსი არქიტექტურის იყოო, დაამატა ემამ. კურსელები იყვნენ. საუკეთესო და ნიჭიერი ახალგაზრდების კურსი. აფხაზეთი მოვლილი ჰქონდათ ჯერ ფეხით და მერე მეგობრის პირველი ავტომანქანით.
ჩვენი სტუდენტობის მერე დაიწყო გაყოფებიო, გაიხსენა ლალიკომ: უნივერსიტეტი გაიყო ორად, მწერალთა კავშირი - ორად, ჟურნალისტები, თეატრალები. ლამის ავტობუსებიც კი სხვა აზრის ხალხს არ ემსახურებოდნენო...
„დღეს დილით სოხუმს ვიხსენებდი, იქედან წამოსვლას. ზუსტად 27 სექტემბერს წამოვედი, ღამის 10 საათზე. მაშინ გულრიფშში ვიყავით მშობლებთან, მე და ჩემი შვილები. სომეხი მეზობლის სარდაფში ვიმალებოდით. უკვე სოხუმში იყო ბრძოლები და გამორბოდა ხალხი... ჩვენთანაც მოვიდნენ ნაცნობები და გვითხრეს, რომ წავსულიყავით, რადგან დარჩენა საშიში იყო... დავიწყეთ „აბარგება“. დედამაც წამოსვლა გადაწყვიტა. მამა დაჯდა მუშმალის ხის ქვეშ და სიგარეტს მოუკიდა. აუწყლიანდა თვალები. მაშინ მიხვდა დედა, რომ იქაურობას ვერ დატოვებდა.
4 დღე ვიყავით გზაში, 1 ოქტომბერს ჩამოვედით ზუგდიდში... ნათესავების სახლში ვცხოვრობდით. ყოველდღე ტელევიზიით კი გვაცხადებდნენ. დაიკარგა ლალი შენგელია, ორი პატარა შვილით. თუ ვინმემ იცის მის შესახებ, გთხოვთ დარეკოთ... და ნათესავების ნომრებს აცხადებდა დიქტორი. მივდიოდი ფოსტაში, ვიდექი რიგში, მაგრამ კავშირი არ იყო, ვერ ვრეკავდი თბილისის ნომრებზე. ლამის გამოგვიტირეს. მერე, როგორც იქნა, გავაგებინე ნათესავებს, რომ გადავრჩით...
დედა და მამა 15 ოქტომბერს წამოვიდნენ, სომხების დახმარებით. ჩვენზე არაფერი იცოდნენ. ენგურის ხიდზე შემთხვევით შეხვდა დედას ნაცნობი და უთხრა, რომ ზუგდიდში ვიყავით. დედას მაშინვე გულის ჯიბიდან რაღაც ამოუღია და გადაუგდია ხიდიდან - მანდარინის შესაწამლი შხამი. თუ შვილებს და შვილიშვილებს ვერ ვიპოვიდით, რად გვინდოდაო სიცოცხლე?“

(ლალიკოს ამ ამბავზე ჩვენი ფონდის გერმანელმა კონსულტანტმა ბევრიც იტირა გულამოსკვნით და მერე მემორიალზე წამოვიდა ჩვენთან ერთად).
აქედან დაიწყო ცხოვრების მეორე ეტაპი.
და ქალთა ფონდი „სოხუმი“.

1997 წელს ჩამოვიდა საცხოვრებლად ქუთაისში. ამ წელს შეიქმნა ჩვენი ქალთა ფონდი, რომელსაც ლალი 4 წლის შემდეგ შემოუერთდა.
ლალიკოს მეგობარი სერგო წურწუმია ქუთაისში გამოსცემდა „ცხუმს“ და იყო მისი რედაქტორი. ლალიც ამ გაზეთში მუშაობდა.
ერთხელ ღონისძიებაზე შეხვდა არაჩვეულებრივ ქალებს - ალლა გამახარიას, ჟანა ჭაბუკიანს, ნანული რამიშვილს. ღონისძიებაზე წერილი დაწერა გაზეთში და სასიამოვნო მოგონებადაც დარჩა, თუმცა მაშინ არ გადაკვეთილა მათი გზები. შემდეგ სერგო წურწუმიამ არასამთავრობო ორგანიზაციაში, „აფხაზინტერკონტში“ დაიწყო საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ქალბატონმა ალლამ სერგოს უცნაური თხოვნით მიმართა: „მინდა ზუსტად შენნაირი, ოღონდ ქალი“ და პასუხიც იყო ადეკვატური: - „მე მყავს ასეთი მეგობარი“!
ქალთა ფონდ „სოხუმის“ პირველი პუბლიცისტური წესრიგი ლალიკოს სახელს უკავშირდება. ჯერ გაზეთი მერე კი ჟურნალი „ქალთა ხმა“, სხვადასხვა გამოცემები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პირველი აქციები, ექსპერიმენტები, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი, კონკურსები, მედიასთან მეგობრობა და ბევრი ნიჭიერი კადრი - ლალი შენგელიას ღვაწლია.
მოკლედ, ლალიკო თვითონ გახდა გუნდის ერთი და საინტერესო ხმა.
ყოველი დღის, თვის და წლის მანძილზე, ამ ტკბილ და შეყვარებულ ცოლს, ბედნიერ ქალს, დედას, მზრუნველ, მგრძნობიარე დიასახლისს - უწევდა ქალების მწარე ისტორიების მოსმენა, ჩაწერა, რედაქტირება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამშვიდობო მანიფესტების გატანა, რადიოთი და ტელევიზიით გამოსვლა, მშვიდობის თუ თანასწორობის მოწოდებებით ქუჩაში დგომა. აქციებს მდუმარედ აწყობდნენ. თან მაშინ პირველები იყვნენ, უკვირდათ, როცა ხედავდნენ - მოწესრიგებულ, მშვიდი გარეგნობის ქალებს ქუჩაში ლოზუნგებით: „ჩვენ ვგმობთ ძალადობას!“ „ძალადობა ბოროტებაა!“ „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ!“ და ა.შ. მდუმარე აქციის ტრადიციას, სხვათაშორის, ქალთა ფონდი „სოხუმი“ დღემდე არ ღალატობს.
ფეხბურთელები და კალათბურთელებიც კი ჩართო სოციალურ კამპანიებში. პირველად, ქუთაისში, ასე სტადიონზე და ხმამაღლა!
მოკლედ, რის თქმა მინდა...
ლალიკოს ვინც იცნობს, ყველამ იცის მისი შინაგანი პოეტურობა და სათუთი გული. ყველამ იცის მისი უზღვავი სიკეთე და სიყვარული, რომელსაც გარშემო დაუზარებლად აფრქვევს და საქმეშიც ასე გეშველება.
მისთვის აქციები არ იყო მოწოდება. მაგრამ ესეც სხვა სინაზით შეძლო. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ქალთა ფონდ „სოხუმში“ სულ სხვა ხელწერა და ლიტერატურულად საინტერესო მესამე სექტორი დამხვდა. ნამდვილი, ფუნდამენტური ღირებულებების სხვა სამყარო.
ლალიკო - ნიჭის და სიკეთის ზეიმია...
ლალიკო ნამდვილი განძია ჩვენი ფონდის და იმ ადამიანების, ვისი ცხოვრებაც ქალთა ფონდ „სოხუმის“ სრული რესურსით, მართლა შეცვალა!
დღეს მისი დაბადების დღეა!
ბევრი წარმატების ისტორია მის ბედნიერ ბიოგრაფიას და აღიარებული ღვაწლი!