უკრაინულ-რუსული ომის ფონზე ეს უკრაინულ-რუსული ოჯახი უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ისეთი სიყვარულითაა შეკავშირებული, მხოლოდ ბედნიერება გინდა უსურვო...
ყირიმში გაიცნეს ერთმანეთი. იქ ცხოვრობდა მისი მული. ქმარიც ყირიმშია დაბადებული - უკრაინული ფესვები აქვთ.
ქმარი მოსკოველი რუსია, კატერინა ზალენსკაია კი აღმოსავლეთ უკრაინიდანაა, ქალაქ სუმიდან. სუმი რუსეთთან ხელის გაწვდენაზეაო, ამბობენ. 30 კილომეტრია საზღვრამდე. მოსკოვამდე კი 9-10 საათის გზაა.
ომამდე დიდი ხნით ადრე დაქორწინდნენ. 8 წელი ქმართან ერთად რუსეთში ცხოვრობდა. წელიწადში ორ-სამჯერ ჩადიოდა თავის მშობლიურ ქალაქში.
„ბაბუა გარდამეცვალა. 23 თებერვალს მოსკოვიდან მივდივარ უკრაინაში. ვჯდები ავტობუსში. შუაგზაში გვაჩერებენ და გვაბრუნებენ“...
2022 წელს ასე შემოვიდა ომი მის ცხოვრებაში. დაიწყო იმით, რომ გამზრდელი ბაბუს დაკრძალვაზე ვერ ჩავიდა და მერე ნელ-ნელა ყველაფერი შეცვალა.
იმ წუთას იცოდა, რომ არ იცხოვრებდა რუსეთში!
ქმარ-შვილთან ერთად უნდა წასულიყო ქვეყნიდან, რომელიც მის სამშობლოს მშვიდობიან ცხოვრებას არ აცლის...
დაბრუნდა მოსკოვში. სამ კვირაში მოაგვარეს სამსახურებრივი საქმეები და ოჯახი ყაზახეთში გაფრინდა. სხვა გზები დაკეტილი იყო... ნოემბრამდე დარჩნენ იქ და მერე კი საქართველოში წამოვიდნენ.
რატომ? ვისთან?
ამას თავისი ისტორია აქვს
კატერინა უკრაინაში მონათლა კარგმა ქართველმა კაცმა. სასათბურე მეურნეობებით განთქმული გეგუთიდან მწვანილები ჩაჰქონდა ქალაქ სუმიში, დედას კი ფარდული ჰქონდა, სადაც მწვანილები იყიდებოდა. იქ გაიცნეს ზაზა ნათლიამ და კატერინას დედამ ერთმანეთი.
„ამ დროს სტუდენტი ვარ, ჩემი ნათლია გარდაცვლილია. და ზაზამ მომნათლა ხელახლა. წლების განმავლობაში ჩამოდიოდა უკრაინაში. რვა წელია, ინგლისში ცხოვრობს და მუშაობს. 10 წელია, არ მინახავს, თუმცა შორიდანაც არ მაკლებს ყურადღებას. ყაზახეთში რომ ვიყავით, ნათლიაჩემი მთხოვდა, საქართველოში წადით, ჩემებთანო და დავუჯერეთ“.
ორი საათი დააგვიანა დაფრენა თვითმფრინავმა, მაგრამ ფეხი არ მოუცვლია აეროპორტიდან ზაზა ნათლიას მამას. ამ კარგ ადამიანს ბაბუას ეძახის კატერინა - ჩვენი ქართველი ბაბუა.
სახლში მოსულს გემრიელი ქართული სუფრა დაახვედრეს კატერინას და მის ოჯახს. ბავშვი დასაძინებლად ქმარმა წაიყვანა. კატერინა კი ბოლომდე იყო სუფრასთან:
„ჩემი ქმარი არ სვამს და მე მომიწია დალევა. ხალხი შეწუხდა, ჩვენთვის გააკეთა გემრიელობები და რა უნდა მექნა?“ - სიცილით იხსენებს იმ საღამოს კატერინა.
როგორც ჩემი გმირი ამბობს, დიდი ოჯახი აქვს ზაზა ნათლიას, ძალიან თბილი დედ-მამა, ულამაზესი ცოლი, შვილები, შვილიშვილები... ყველა ერთად ცხოვრობს.
კატერინას და მის ქმარ-შვილს ახალაშენებული სახლი დაუთმეს. ამათ ცოტა ხელი შეავლეს და მოეწყვნენ კომფორტულად.
კატერინა პროფესიით ჟურნალისტია, კიევის საავიაციო უნივერსიტეტში სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. წლები იმუშავა ჟურნალისტად - ბეჭდვით მედიაშიც, ტელევიზიაშიც. მერე მანიკიურ-პედიკურის სპეციალისტი გახდა. ხუთწლიანი პრაქტიკა აქვს ამ საქმეში. გეგუთში ჩამოსულმაც გახსნა თავისი პატარა კაბინეტი.
მეუღლეც კარგ კომპანიაში მუშაობდა რუსეთში. მაგრამ მოახერხა ისე, რომ ისევ იქაა, ოღონდ - ონლაინ. ასე რომ, ორივე დასაქმებულია და შემოსავალიც აქვთ. თავისიანები ეხმარებიან, ნათლიის ოჯახისგანაც განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვთ.
მიეჩვივნენ კატერინა და მისი მეუღლე გეგუთს. მათი ერთადერთი შვილი აქ წავიდა პირველ კლასში. ქუთაისში დაჰყავთ ცეკვებზე (უკრაინელმა ქალმა გახსნა და რამდენიმე ჯგუფი ჰყავს).
კატერინა სწავლობდა განსაკუთრებულ - ესთეტიკური აღზრდის სკოლაში, სადაც მათემატიკის გაკეთილის შემდეგ სოლფეჯიო ჰქონდა, რუსულის შემდეგ - ხელოვნება, ხატვა, მუსიკა... 13 წელია, სკოლა დაამთავრა და დღემდე აქვს კავშირი მასწავლებლებთან. ახლაც წარმატებით მუშაობს ეს სკოლა. ძალიან უნდოდა, მის შვილსაც ამ სკოლაში ესწავლა, მაგრამ ომის გამო ყველაფერი შეიცვალა.
თუმცა კატერინა მადლიერია ყველაფრის, რაც მის ცხოვრებაში ხდება: „ძალიან გაგვიმართლა, საბავშვო ბაღში ქართველი ბაბუს უფროსი რძალი მუშაობს და იმან წაიყვანა ბავშვი, როცა ჩამოვედით. ზაზა ნათლიას ცოლი მასწავლებელია და სკოლის ამბების მოგვარებაში დაგვეხმარა. დაკომპლექტებული იყო კლასები, მაგრამ დირექტორმა მაინც გამონახა საშუალება და ზლატა გეგუთის სკოლაში შევიდა. ძალიან მომწონს, რომ სკოლა თამარ მეფის სახელობისაა. ახალაშენებული, ლამაზი სკოლაა და ზლატასაც მოსწონს - მასწავლებლები, კლასელები. ქართულად კარგად კითხულობს, ყველა ასო იცის, თუმცა ანბანი ჯერ არ დაუმთავრებიათ“.
ზლატა მაღალკლასელებთან მეგობრობს და რუსულ-ქართულად ელაპარაკება ბავშვებს. ოთხ ენაზე აქვს ურთიერთობა. მამა რუსულად ელაპარაკება, ბებია რომ ურეკავს - უკრაინულად საუბრობენ, სკოლაში ქართულს და ინგლისურს სწავლობს. მოკლედ, პატარა პოლიგლოტია...
ქართული ანბანი ისე უყვარს, რომ ოთახში ანბანის ასოები გააკვრევინა დედას.
ასე ცხოვრობს საქართველოში კატერინა და მისი ოჯახი.
ემოციებით მიყვება იმასაც, როგორ ჩავიდა უკრაინაში ორჯერ მარტო. მარტში და ივნისში. სუმიში ცხოვრობენ კატერინას დედა და ბებია. იქ შედარებით სიმშვიდეა. სუმი „ჩააბარეს“, მაგრამ არ დანებდა ქალაქი. რუსეთის მოსაზღვრე ქალაქი ახლა სუფთა უკრაინული გახდა, რუსულ ენაზე სიტყვას ვერ გაიგონებ, პრინციპულად არ ლაპარაკობენ რუსულად.
დედის დედაა მისი გამზრდელი. მამასთან კავშირი არ აქვს სამი წლიდან. ბებიაზე ამბობს, ოჯახის მთავარი დიქტატორიაო, მაგრამ ძალიან ბევრი გააკეთა შვილიშვილებისთვის და ამას ძალიან აფასებს კატერინა.
ერთი და სუმიში ცხოვრობს, დედასთან და ბებიასთან. გერმანიაშიც ჰყავს და-ძმა. ერთმანეთი უყვართ და სიძნელეების გადალახვაში ეხმარებიან.
დედას უნდა ჩამოსვლა საქართველოში. ბებოსაც ენატრება კატერინა და ბავშვი, მაგრამ ვერ ტოვებს მეურნეობას. ყველაფერი ჰყავს: ბატები, იხვები, ქათმები, ძაღლები, კატები. ჩემი სახლიდან არსად წავალო, ამბობს და ელოდება ომის დამთავრებას, რომ ყველანი ძველებურად შეიკრიბონ სახლში.
„მხოლოდ იქ, ბებიის სახლში მაქვს სახლის შეგრძნებაო,“ - ამბობს კატერინა.
მეორე ახალ წელს ხვდება საქართველოში. მადლიერია ყველაფრით. ბოლოს ასე მითხრა: „მადლობა ფონდ „სოხუმს“ - ზაფხულში გავიგე თქვენი ორგანიზაციის შესახებ და უკვე სამჯერ მივიღე დახმარება. ვცდილობ, დიდად არ შეგაწუხოთ. ბევრია, ვისაც ჩემზე მეტად უჭირს. ძალიან კარგია ასეთი მხარდაჭერა. ქართველები კარგი ხალხი ხართ, ამას ყოველდღიურად ვგრძნობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ღმერთმა გაგახაროთ, ბედნიერი წელი დადგეს ჩვენს ქვეყნებში“.
ასეთია კატერინა ზალენსკაია, დიდსულოვანი, ენაწყლიანი, საინტერესო...
ბედნიერი ახალი წელი ჩვენ!