იულია


ავტორი


ლალი შენგელია
იულია ბურკუპი - ხარკოვიდან. ჩემი ბლოგის ახალი გმირი. სამი ქალიშვილის დედა.

საავადმყოფოში ქირურგიის განყოფილების მედდა იყო. ძალიან უყვარდა თავისი სამსახური. კარგი ანაზღაურება ჰქონდა. ქმარი ევროპაში მუშაობდა და უზრუნველად ცხოვრობდნენ. არაფერი აკლდათ. ფულის გადადებასაც ახერხებდნენ (ფული რომ არ მქონოდა გადადებული, ვერაფერს ვიზამდით, ვერ წამოვიდოდითო).

„ომს ველოდით. პროდუქტების მარაგი გვქონდა. სამსახურში საბუთებით დავდიოდით. მაგრამ დაბომბვებს ვინ ელოდა! მე-16 სართულზე ვცხოვრობდით. 24 თებერვალს, დილის (თუ ღამის) 4-ის ნახევარზე, დაბომბვები რომ დაიწყო, მთელი სახლი ზანზარებდა. აფეთქებისგან გამეღვიძა. მივხვდი, რაც იყო, ავყარე ყველა. თან ვრეკავდი ყველასთან, ვყვიროდი ტელეფონში: გაიღვიძეთ, ადექით!“

ბავშვებთან ერთად ჩავიდა ძირს, სამალავს ეძებდნენ, არ იცოდნენ, სად იყო ბუნკერი. მერე იპოვეს. იფიქრა, ბავშვებს აქ დავტოვებ, ავალ სახლში, ტანსაცმელს წამოვიღებ, საჭმელს გავაკეთებო... ვინ აცალა?! ისევ აფეთქებები, ისევ დაბომბვები...
სხვა გზა არ იყო, უნდა გარიდებოდნენ იქაურობას. მშობლებთან გადაწყვიტა წასვლა, უფრო უსაფრთხო ადგილას...

„მეგობრის ოჯახთან ერთად წავედით. მეგობრის ქმარი ერთი თვის ნაოპერაციევი იყო გულზე. მანქანაში რომ ჩავსხედით, სპაზმები დაეწყო კაცს. ხმამაღლა ვლოცულობდით ყველა, რომ გადარჩენილიყო. მადლობა ღმერთს, მშვიდობით ჩავაღწიეთ დნეპროპეტროვსკში. ორი კვირა დავრჩით იქ. ჩვენი გამოსვლა ხარკოვიდან და -პოსტებიც დაიხურა, არავის უშვებდნენ ქალაქიდან...

გავიგეთ, რომ მატარებელი მიდიოდა ლვოვში. მატარებელში შესვლა ცალკე ამბავი იყო. კი არ შევედით, შეგვაგდეს. ყველგან ხალხი იჯდა და იდგა, სადაც კი შეიძლებოდა. მატარებელი შუქის აუნთებლად მიდიოდა, ფანჯრებს არ გვაღებინებდნენ, იმიტომ რომ გზადაგზა, სადგურებში უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ამოსვლა უნდოდა. ყვიროდნენ, შველას ითხოვდნენ. დილა იყო, რომ ჩავედით, იქიდან პოლონეთში გადავედით, მერე - სლოვაკეთში, ავსტრიაში და ბოლოს საქართველოში გადმოვფრინდით“.

იულია - სამი შვილით. წარმოდგენაც კი რთულია - რამდენი კილომეტრი გაიარეს, სანამ ქუთაისში ჩამოვიდოდნენ. მისი ქმარი ქართველია, ქუთაისელი, მაგრამ აქ არავინ ჰყავს. ხარკოვში ცხოვრობს, წლებია. იმან გამოუშვა აქეთ, სამშვიდობოს.

მშვიდობიანად ჩამოვიდნენ. სანკამაც ყოჩაღად იარა მათთან ერთად უკრაინის ერთი კიდიდან მეორემდე, მერე - პოლონეთში, სლოვაკეთში. ავსტრიამდე ჩაიყვანეს და თვითმფრინავში არ აუშვეს. მთელი აეროპორტი ტიროდა. ძაღლის ტირილი ახლაც ჩაესმის იულიას და ედარდება.

სახლზეც ხშირად ფიქრობს: „ჩემი კორპუსი დგას, თუმცა ჭურვები მოხვდა. იყვნენ სახლთან გასულები და მითხრეს, რომ აივნის კარი ღიაა და დღემდე ჰკიდია ჩემი სარეცხი - 24 თებერვლის მერე შრება“...

ეტირება იულიას. მეც. ყველაფერზე გვეტირება.
უახლდება ყველა ტკივილი. და მადლიერების გრძნობაც...
„კიდევ კარგი, პირველ ტალღას გავყევით“.
„მადლობა ღმერთს, რომ მივუსწარით მატარებელს. რომ ვერ მიგვესწრო?“

„მადლობელი ვარ, რომ გადავრჩით. ერთად ვართ“...
„თითქოს ვიღაცამ დამიწერა მარშრუტი და მივყვებოდი, ვიცოდი, რის მერე რა უნდა მეკეთებინა, რა თანმიმდევრობით“...
ამ თანმიმდევრობით იმოქმედა და ჩამოვიდა ქუთაისში.
ბავშვები მე-13 სკოლაში დადიან. უფროსი გოგონა ლერა, ვალერია სკოლას ამთავრებდა, ბანკეტისთვის ემზადებოდა, სამედიცინოზე უნდა ჩაებარებინა. მაგრამ თებერვლის ერთმა დღემ შეცვალა მისი მომავალი.

ქუთაისში ჩამოსული, მე-12 კლასში შევიდა (უკრაინაში 11 კლასია) - სხვა ქალაქში, უცხო ენაზე და მე-12 კლასში უნდა ესწავლა... ერთ დღესაც მასწავლებელმა დაურეკა, რომ შეეძლო საქართველოდანაც ჩაებარებინა გამოცდები. ჩააბარა და იაროსლავ ბრძენის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა - უფასოდ ისწავლის. მისი ოცნების ახდენა არ არის, მაგრამ კარგია, რომ აქედან ისწავლის კიევის უნივერსიტეტში.

ლერა დედასაც ეხმარება - დაიკოები პატარები არიან, ერთი მეორე კლასში სწავლობადა მეხუთე კლასში არიან.
იულია მიეჩვია აქაურ ცხოვრებას, ცოტათი ერთფეროვანს, მაგრამ თავის ოჯახთან, მშვიდად - სკოლა, სახლი, სახლი, სკოლა, დალაგება, სადილის კეთება...

ფონდი „სოხუმის“ პროდუქტები რომ მისცეს, ტირილი დაიწყო: მერიდება ამ პროდუქტების წაღება. მერიდება, რომ მეხმარებიან, არ მქონდა ამის გაჭირვება. იქ სახლში ყველაფერი გვქონდა, ტკბილეული, სასუსნავები. აქ ვიზოგავთ, ძვირია. ფულს არ ვითვლიდი, ახლა ვერ ვაძლევ თავს ფუფუნების საშუალებას და გული მტკივა.

დედამისს უთქვამს, კანფეტებს გამოგიგზავნითო (ტირის ისევ).
„მშობლები პენსიას იღებენ, მეურნეობა აქვთ, ვენატრებით, განიცდიან, მაგრამ ვერაფერს ვშველით ერთმანეთს. ახლა ჩემი ძმაა მათთან. რუსეთის საზღვართან ცხოვრობდა. სულ განადგურებულია იქაურობა, მიწასთან გაასწორეს და დედ-
მამასთან გადავიდა, შედარებით უსაფრთხო ადგილას“.
მშობლების გახსენებაზეც ვერ იკავებს ცრემლებს იულია: პირველ ხანებში უფრო ყოჩაღად ვიყავი, ახლა უფრო მიჭირსო.
მიდის ჩვენგან მადლიერი და ამ სიტყვებს მიტოვებს:
„როგორი კარგი ქვეყანაა საქართველო, მაგრამ რუსეთისგან რამდენი უბედურება აქვს ნანახი. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!“
მეც ასე მჯერა და მინდა, ყველაფერი კარგად იყოს, იულია!