ირინა




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

როვნო (უკრაინული ფორმით რივნე) სწორ ადგილას გაშენებული ისტორიული ქალაქია - სახელიც აქედან მომდინარეობს. სამჯერ ყოფილა უკრაინის დედაქალაქი.
ბევრი რამის გამო უყვარს ირინას თავისი მშობლიური ქალაქი და მასთან დაშორებამ დეპრესიაშიც კი ჩააგდო.
წარმოშობით შახიძეა, საქართველოდან, თუმცა არ იცის, საიდან. ბაბუას უკრაინელი ცოლი ჰყავდა, უკრაინაში ცხოვრობდა და ირინას დაბადებამდე გარდაიცვალა. მამა ნახევრად იყო ქართველი, ირინას კი მეოთხედი სისხლი აქვს ქართული...
პროფესიით იურისტია, საზოგადოებრივ ორგანიზაციაშიც მუშაობდა, საარჩევნო საკითხებზე...
მერე სახალინზე გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთში. ცოლ-ქმარი ერთხანს როვნოში ცხოვრობდა. ქმარს მოსწონდა უკრაინა, ბინადრობის უფლებაც კი მიიღო და როვნოში აპირებდა საცხოვრებლად გადმოსვლას.
ომმა სახალინზე მოუსწროთ. რუსი მეუღლე უხსნიდა ყველას, ნაცნობებს, ახლობლებს - თქვენ ტელევიზორში ხედავთ და მე ჩემი თვალით ვუყურებდი, უკრაინაში რა ხდებოდაო: რუსულად ვლაპარაკობდი და არავინ არაფერს მერჩოდა, არ არის იქ რუსების მიმართ ცუდი დამოკიდებულება. ტყუილია, რასაც ამბობენო... არავინ უჯერებდა, აზრი არ ჰქონდა ლაპარაკს.
თებერვლიდან ივნისამდე იყვნენ რუსეთში. ირინა ისედაც ვერ ეგუებოდა იქაურობას და ომის შემდეგ საერთოდ არ უნდოდა დარჩენა.
თავიდანვე იცოდა, სხვანაირი რუსი რომ იყო მისი მომავალი ქმარი. 2016 წელს, სანამ ცოლად გაყვებოდა, ჰკითხა, ყირიმი ვისიაო. რა თქმა უნდა, უკრაინის, რომელიც რუსეთმა წაართვაო, - ეს იყო პასუხი, რამაც განსაზღვრა მათი შემდგომი ურთიერთობა.
4 წელი იცხოვრა თითქმის, მაგრამ რუსეთი მშობლიურად ვერ გაიხადა ირინამ. კომუნიკაბელური კი არის, მაგრამ ვერ დაუახლოვდა ვერავის, მარტო ქმართან და კატებთან მქონდა ურთიერთობაო. ნერვიულობისგან დეპრესია დაეწყო. ქმარს ლამაზი სახლი ჰქონდა ზღვის პირას, ბიზნესი - საკუთარი ლომბარდი. ყველაფრის გაყიდვას აპირებდა და უკრაინაში გადასვლას საცხოვრებლად.
ირინა ანერვიულებული ხმით იხსენებს იმ დღეებს:
- მე უკრაინაში წავედი, ქმარი დარჩა რუსეთში. ყველაფერი უნდა გაეყიდა. როვნოში შედარებით სიმშვიდეა და იქ ვიცხოვრებდით. მაგრამ „მოაგნეს“ სპეცსამსახურებმა - 16 საათი ჰყავდათ დაკითხვაზე. ის ლამის კრიმინალად გამოაცხადეს, მე კი - შპიონად. წაართვეს ლომბარდის ოქრო, უკრაინაში ბინადრობის უფლება...
მოკლედ, გართულდა მდგომარეობა. სამი თვის შემდეგ, როგორც იქნა, თურქეთში შეხვდნენ ერთმანეთს - იქიდან უკრაინაში უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ესეც შეუძლებელი გახდა. ორი თვე მოლდოვაში იცხოვრეს. ააწრიალეს სასაზღვრო სამსახურები, რომ ქმარს აღედგინა, ხელახლა მიეღო ბინადრობის უფლება. არაფერი გამოვიდა. რუსეთის სახლი მეგობარს გადაუფორმეს, რომ საერთოდ კონფისკაცია არ მოეხდინათ. მეგობარმა თანხის მცირე ნაწილი მისცა, ახლა მეტი არ აქვს, მაგრამ ჰპირდება, რომ გადაუხდის ნელ-ნელა...
უკრაინაში ვერ წავიდნენ. რუსეთშიც არ უშვებენ - თუ ჩამოხვალ, დაგიჭერთო, დაემუქრნენ.
კანადის საელჩოში შეიტანეს განაცხადი ვიზისთვის. ირინას ჩამოუვიდა დადებითი პასუხი, ქმარს კი უარი უთხრეს.
ყველა გზა გადაკეტილი აღმოჩნდა. ამ დროს მეგობარმა საქართველოში ჩამოსვლა ურჩია. მართალია, გვარით და მეოთხედი სისხლით ქართველს, არავინ ჰყავს საქართველოში, მაგრამ მაინც წამოვიდა... მეგობრის დახმარებით მოხვდა სამტრედიაში შარშან, 7 დეკემბერს. მერე ქუთაისში გადმოვიდნენ.
და ირინა, რომელმაც ვერსად იგრძნო თავი კომფორტულად, ასეთ სიტყვებს ამბობს:
„ვგიჟდები ქუთაისზე. ზღაპარი ქალაქია. არ მეშინია აქ არაფრის, მშვიდად ვარ. ასე მშვიდად ჩემს ქალაქ როვნოშიც არ ვყოფილვარ. ომამდეც მქონდა შიში... მალე ერთი წელი იქნება, რაც აქ ვართ...“
ქართულის კურსები გაიარა. ელემენტარული იცის, მაგრამ ამ ცოდნით ვერსად ვერ იმუშავებს. ფსიქოლოგიურადაც უჭირს, დეპრესიამ, სტრესმა თავისი კვალი დაატყო. ქმარიც არ მუშაობს. სანტექნიკა ეხერხება, ელექტრობა, მანქანებშიც ერკვევა, მაგრამ, როგორც ირინამ მითხრა, ვერ გადალახა „ნაჩალნიკობის“ განცდა და არ მიდის დღიურ სამუშაოებზე.
ირინა საქართველოდან ერთხელ ჩავიდა უკრაინაში. ერთი თვე დარჩა თავის ქალაქში, ექიმები მოიარა, მოაგვარა ჯანმრთელობის ამბები. ბინა გააქირავა, რომ შემოსავალი გასჩენოდა... რაც მთავარია, ავადმყოფი დედა მოინახულა (დედას ირინას დეიდა უვლის, ერთად არიან დები).
ქუთაისშია ირინა, ქართულად ლაპარაკობს „ცოტა-ცოტა“, მოსწონს შემოდგომის ქუთაისი, ხალხი, მეზობლებთანაც გამონახა საერთო, აქ მცხოვრებ უკრაინელებსაც დაუმეგობრდა. ერთად იკრიბებიან ხოლმე, კაფეში დადიან...
ამბობს, რომ ეს კარგი რელაქსია. ვერსად იპოვა სამეგობრო ხალხი, აქ კი მარტივად ურთიერთობს ადამიანებთან და საერთოდ, აქ ძალიან კარგია - классно!
ირინა შახიძე არ კარგავს იმედს, რომ ქმართან ერთად იცხოვრებს ქალაქ როვნოში, რომელიც ყველა ქალაქს ურჩევნია...