ირინა



ავტორი


ლალი შენგელია

პერშოტრავენსკი მეშახტეების ქალაქია, მშვიდობის და შრომის ქალაქი. პირველ მაისს ნიშნავს. უკვე უარს ამბობენ რუსულ სახელზე - პერვომაისკი. ტრავენი მაისია უკრაინულად და ქალაქსაც უხდება უკრაინული სიტყვათშეთანხმება.
ამ ლამაზი ქალაქიდანაა ირინა ფილიპოვა.


უყვარს თავისი ქალაქი, მაგრამ დროებით დაშორდა...

პირველი ელდა მაშინ იყო, როცა ერთი წლის წინ, 24 თებერვალს ომი დაიწყო.
მაშინ ჯერ კიდევ არავინ ფიქრობდა, რომ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე... ამიტომაც დარჩა პირველ ხანებში მშობლიურ ქალაქში.


პერშოტრავენსკი დონეცკთან ახლოსაა, ამიტომაც მეტი იყო საშიშროება, მაგრამ აპრილამდე მაინც იქ ცხოვრობდა ირინა. ორი თვე გაატარა ომის ქალაქში. ხედავდა, როგორ გადიოდა ხალხი, დედა და დაც ირლანდიაში წავიდნენ.
სულ უფრო ძლიერდებოდა შიში.


სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდებაო, ამბობდნენ ხალხში და ამ შიშმა ირინაც პოლონეთის გზას გაუყენა.


პერშოტრავენსკში ახლა შედარებით სიმშვიდეა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ქალაქში ბევრია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი. იქ ცხოვრობენ, სანამ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებს დაუბრუნდებიან. ირინას დედა და და დაბრუნდნენ უკრაინაში, თვითონ კი ვერ გაბედა.

აპრილიდან დეკემბრის ბოლომდე დარჩა პოლონეთში. როცა სხვა ქვეყანაში ხარ, მედიაში ეძებ ყველაფერს, რაც შენს ქვეყანას უკავშირდება... ირინაც ყველაფერს კითხულობდა, უყურებდა. ერთხელაც ინტერნეტში ნახა ჯგუფი, რომელშიც ქუთაისში მცხოვრები უკრაინელები არიან გაერთიანებულნი. აკვირდებოდა ამ ჯგუფს, მოსწონდა, რასაც ქუთაისზე წერდნენ. აქ ჩამოსვლაზე ფიქრობდა.
გადაწყვიტა, მიეღო ოჯახის მეგობრების მოწვევა და საახალწლოდ ჩამოვიდა კიდეც.

განსაკუთრებული სითბო და სიყვარული იგრძნო. ამ სითბომ, ქართულმა ოჯახურმა ურთიერთობებმა დაავიწყა დარდი და ტკივილი.

ირინას მთავარი დარდი ვაჟიშვილის ოჯახია. ვაჟიშვილი ევროპაშია, რძალი და 6 წლის შვილიშვილი კი ბერდიანსკში არიან - ოკუპირებულ ბერდიანსკში. ირგვლივ საშიშროებაა. როგორც ირინა ამბობს, მიწა ზანზარებს. ერთადერთი ის ამშვიდებს, რომ იქვე, ახლოს რძლის დედა ცხოვრობს და ეხმარება თავის ქალიშვილს.
ყოველდღე უკავშირდება რძალს და შვილიშვილს.


დიალოგი ხშირად მოკლეა, მაგრამ დღეში ორჯერ აუცილებელი. ამ დროს მთავარია ორი სიტყვა:
დილა მშვიდობისა!
ღამე მშვიდობისა!
და დილა-საღამოს ნათქვამი ეს სიტყვები ამშვიდებს ირინას.

თვითონ ქუთაისში ძალიან კარგადაა. პირველი ნახვისთანავე მოეწონა და შეუყვარდა აქაურობა. რიონისპირას ცხოვრობს.


- საოცარი ადგილია, - ამბობს ირინა. - ერთ მხარეს მთებია, ბაგრატის ტაძარი, მეორე მხარეს რიონი მოედინება. ვიღებ ფოტოებს, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს ვუგზავნი, რომ ნახონ, რა სილამაზეა. რომ მოთოვა, კიდევ უფრო ლამაზი იყო აქაურობა, მაგრამ მე არ მიყვარს სიცივე. მზე და სითბო მირჩევნია.

წარმომიდგენია, გაზაფხულზე რა ლამაზი იქნება რიონისპირი და მთელი ქუთაისი.

მოსწონს აქაური ხალხი. განსაკუთრებით ემადლიერება მასპინძლებს, ნემსაძეების ოჯახს, რომელიც არაფერს იშურებს იმისთვის, რომ კომფორტულად, შინაურულად იგრძნოს თავი. აქაურ პროდუქტებზე გაუჩერებლად შემიძლია ლაპარაკი. ამდენი მანდარინი არასოდეს მიჭამია, უგემრიელესიაო...
კიდევ: ჩვენი ფონდი „სოხუმი“ შეუყვარდა და უკრაინელებზე ზრუნვისთვის დიდი მადლობა გადაგვიხადა.

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, თქვენც დაგაბრუნოთ თქვენს ფუძეზე და ჩვენც მალე გაგვახაროს ნატვრის ახდენითო...

ღმერთმა გისმინოთ, ირინა!