28/02/2026
ეს სტატია ემყარება ტრავმა-ორიენტირებულ მიდგომას და მიზნად ისახავს მხარდაჭერის გამოცდილების გაზიარებას. ტექსტი არ წარმოადგენს შეფასებას მიგრაციასთან დაკავშირებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შესახებ.პრეისტორია: რატომ და როგორ შეიქმნა სამოქალაქო ინიციატივები?
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა, თემის ლიდერებთან და ახალგაზრდებთან თანამშრომლობით, ჩაატარა
დისკუსიებისა და საკონსულტაციო შეხვედრების სერია - სულ 30 შეხვედრა, 3 შეხვედრა თითო მუნიციპალიტეტში: ჩოხატაური, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, ვანი, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი.
შეხვედრები დაეყრდნო ფონდის კვლევას
„რატომ მიდიან ქალები?“, რომელმაც აჩვენა, რომ ქალთა მიგრაციის განწყობები უკიდურესად მაღალია და მას მრავალგანზომილებიანი მიზეზები აქვს: ეკონომიკური, სოციალური, გენდერული და უფლებრივი. რესპონდენტების 67%-ს ერთხელ მაინც უფიქრია მიგრაციაზე, როგორც საკუთარი და ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთ გზაზე. მიგრაციაზე ფიქრობს გამოკითხულთა 30%, ხოლო 37%-ს წარსულში ჰქონია ასეთი განზრახვა. მიგრაციის განზრახვა ყველაზე მაღალია 18-24 წლის ქალებში (51%), რაც ასახავს მათ მაღალ მიგრაციულ განწყობას განათლებისა და დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობების ფონზე. 25-44 წლის ეკონომიკურად აქტიურ ქალებში ეს მაჩვენებელი 32-33%-ია, რაც ზრდის
შრომითი რესურსების დაკარგვისა და დემოგრაფიული სტრუქტურის გაუარესების რისკს
[1].
ამ პროცესში ერთი რამე ძალიან მკაფიოდ დავინახეთ:
მოქალაქეებს სჭირდებათ არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ პრაქტიკული მხარდაჭერის სერვისები ადგილებზე.ამ საჭიროებაზე საპასუხოდ თითოეულ თემში შეიქმნა სამოქალაქო ინიციატივები, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფის წევრები: თეა გოლეთიანი, ემა კამკია და გურანდა გვანცელაძე უწევდნენ ფასილიტირებას.
I. ფონდი „სოხუმის“ სტრატეგია:
რა დგას სამოქალაქო ინიციატივების უკან?
ინიციატივები არ იყო ერთჯერადი ღონისძიებები. მუშაობა ოთხი ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით, თანმიმდევრულად და სისტემურად განხორციელდა:
- ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;
- უსაფრთხო სივრცეების შექმნა;
- ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება;
- ოჯახური და თაობათაშორისი კავშირის გამყარება;
ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ
მუშაობა მიმდინარეობდა თავად თემში, ადგილობრვი მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით.თითოეულ მუნიციპალიტეტში ინიციატივები მართალია განსხვავებული ფორმით განხორციელდა, თუმცა ერთიანი, საერთო ლოგიკით:
- ახალგაზრდული ჯგუფები ჩაერთნენ საინფორმაციო კამპანიებში და გახდნენ თანატოლების მხარდამჭერები,
- პედაგოგები იქცნენ ინფორმაციის გამავრცელებლებად და დამაკავშირებელ რგოლებად სკოლასა და ოჯახს შორის,
- ქალთა ჯგუფებმა დაიწყეს არსებული სერვისების გამოყენება და ერთმანეთის ინფორმირება,
- მუნიციპალურმა სივრცეებმა - ბაღებმა, ბიბლიოთეკებმა, სათემო ცენტრებმა - აიღეს მხარდაჭერის პლატფორმის ფუნქცია.
ამ პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რეაგირება არ ყოფილიყო მხოლოდ ინფორმაციული, არამედ
ქმედითიც. კერძოდ, როცა ადამიანი არა მხოლოდ იგებს, არამედ
ცვლის საკუთარ ყოველდღიურ პრაქტიკას: როგორ ესაუბრება ბავშვს, როგორ ეძებს დახმარებას, როგორ ამოწმებს ინფორმაციას, როგორ იღებს გადაწყვეტილებას.
ამ მუშაობის მთავარი ნიშა იყო
უსაფრთხო ენა და სპეციალისტების ჩართულობა - ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, პედაგოგების, ექიმების.
ეს ქმნიდა სივრცეს, სადაც მონაწილეები არ გრძნობდნენ თავს შეფასებულად, არ ერიდებოდნენ კითხვების დასმას და ნელ-ნელა იწყებდნენ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარს.
როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა ერთ-ერთ შეხვედრაზე:
„აქ პირველად ვიგრძენი, რომ ამ თემაზე საუბარი შეიძლება მშვიდად.“ეს არის სწორედ ის საფუძველი, რომელზეც შემდეგ დაფუძნდა თითოეული კონკრეტული სამოქალაქო ინიციატივა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
III. ემოციური მხარდაჭერა და თაობათაშორისი კავშირებიქუთაისი - ბაღი, როგორც ემოციური ხიდი
ქუთაისის N13 ბაღში განხორციელებული ინიციატივა გახდა პრეცედენტული: ბაღი, როგორც სივრცე, რომელიც აძლიერებს მიგრანტ მშობელსა და ბავშვს შორის ემოციურ კავშირს.
- მშობლებთან დამყარდა რეგულარული ონლაინ კომუნიკაცია,
- ბავშვები ვიდეოზარებით ერთვებოდნენ მშობლებთან,
- ბაღში ჩატარდა “მშობელთა კლუბის” შეხვედრები სპეციალისტების მონაწილეობით,
- მიგრანტი მამები ჩაერთნენ ბავშვებთან აქტივობებში.
ერთ-ერთმა მშობელმა გააზიარა:
„როცა ვიდეოზარით ვერთვები, ვხედავ, როგორ უხარია ბავშვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შორს ვარ, მაინც მის ცხოვრებაში ვარ და მისი ყოველდღიურობის ნაწილი ვარ.“ეს ინიციატივა უკვე ინერგება სხვა ბაღებში
გამოცდილების გაზიარებისა და გაფართოების (მულტიფიცირების) მიზნით.