როგორ ცვლის ერთი პატარა ინიციატივა თემის ცხოვრებას?
20.05.2025
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო ინიციატივები, 2024

როდის იწყება ცვლილება თემში? - ხშირ შემთხვევაში მაშინ, როცა თუნდაც ერთი ადამიანის თავში მოიხარშება, რომ უკეთესი ცხოვრების პირობებს იმსახურებს. მაგალითდ, როცა ვიღაც გადაწყვეტს, რომ სარდაფი, სადაც წვიმის წყალი გროვდება, უნდა მოაწესრიგოს. როცა დედა, რომელიც შვილისთვის სკოლის წინ მიკროავტობუსს ელოდება, ფიქრობს, როგორი კარგი იქნებოდა, თუკი მოსაცდელი ექნებოდა იქვე. როცა ქალი, რომელმაც ბევრი გადაიტანა, სწამს, რომ უკეთესი მომავალი ექნება.
ცვლილება სწორედ ასე იწყება - სურვილითა და მოქმედებით.

2024 წელს ქალთა ფონდი „სოხუმის“, Equality Fund-ის, Brot für die Welt-ისა და UN Women-ის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ქალებმა თავდაჯერებითა და დიდი მოტივაციით, ერთობლივად განაცხადეს: „ჩვენ ვხედავთ ჩვენს პრობლემებსა და საჭიროებებს, სწორედ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თემი უკეთესი გავხადოთ და გვაქვს კიდეც ამის სურვილი!“ და ამისთვის ბევრი მათგანი თავად შეუდგა საქმეს.
ქუთაისი
სამი პრობლემა, სამი გამარჯვება (UN Women-ს მხარდაჭერით)
ინიციატივების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდა დევნილთა სამ საცხოვრებელ ადგილზე: ილია ჭავჭავაძის №58-ში, ჭომის დევნილთა დასახლებასა და ავტოქარხნის დასახლებაში, კოტეჯი №2-ში.

საერთო ჯამში, პროექტმა 195 დევნილ ოჯახში მცხოვრები 582 ადამიანი მოიცვა. თემში განახლდა ამორტიზებული ღობეები, დასუფთავდა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიები და აღმოიფხვრა დატბორილი სარდაფების პრობლემა, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხოების, სანიტარული და ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებს ქმნიდა დიდი ხნის განმავლობაში.

ინიციატივამ დევნილთა ცხოვრების პირობები გააუმჯობესა და თემში გარემოზე ზრუნვის, შიდა მობილიზაციისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის პრაქტიკა გააძლიერა.
წყალტუბო
ქალების ხელით კეთილმოწყობილი გარემო (UN Women-ს მხარდაჭერით)
სამოქალაქო ინიციატივების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დევნილთა სამ დასახლებაში საცხოვრებელი პირობები – აფხაზეთის ქუჩის 8 კორპუსში, სტატისტიკის შენობაში და 9 აპრილის ქუჩის #10 კორპუსში.
ჯამში, პროექტმა 906 ოჯახში მაცხოვრებელი, დაახლოებით 3,000 დევნილი ადამიანი მოიცვა. განხორციელდა ნესტიანი სადარბაზოების რეაბილიტაცია და კორპუსების გარე ინტერიერის მოწესრიგება, რამაც ასევე უზრუნველყო მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება.
აღნიშნულმა ინიციატივამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დევნილთა საცხოვრებელი გარემო, ხელი შეუწყო ჯანმრთელობის რისკების შემცირებასა და საერთო სივრცეზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას.
წყალტუბო
ორი ინიციატივა (EqualityFund/BrotfürdieWelt-ის მხარდაჭერით)
პირველი ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩის 8 კორპუსში, სტატისტიკის შენობასა და 9 აპრილის ქუჩის 10 კორპუსში მცხოვრები 906 დევნილი ოჯახი (დაახლოებით 3,000 ადამიანი) ჩაერთო ადგილობრივი ქალების გააქტიურებაზე ორიენტირებულ პროექტში. სკვერის გამწვანებისა და დასუფთავების აქციამ, მარადმწვანე ნერგების დარგვის ჩათვლით, ხელი შეუწყო ჯანსაღი და თანაზიარობითი გარემოს შექმნას.
მეორე ინიციატივამ, რომელიც იგივე დასახლებაში განხორციელდა, მიზნად დაისახა უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის გაზრდა. სადარბაზოებში დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები, რომლებზეც განთავსდა ინფორმაცია ძალადობის პრევენციის სერვისებზე და ცხელ ხაზებზე. შედეგად, გაიზარდა ქალების ინფორმირებულობა და შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მიიღონ დახმარება.
ორივე ინიციატივამ თემში გააძლიერა ქალების როლი, საერთო პასუხისმგებლობის განცდა და ხელი შეუწყო სოციალურ ერთიანობას.
ხონი
როცა წყალი პრობლემად იქცევა (UN Women-ს მხარდაჭერით)
ინიციატივების ფარგლებში დევნილთა სამხედრო დასახლების ორ კორპუსში მცხოვრები 80 ოჯახი, სულ 274 ადამიანი გათავისუფლდა მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემისგან.
ორივე კორპუსში წლების განმავლობაში არსებობდა გაუმართავი სადრენაჟე სისტემა, რის გამოც წვიმის წყალი გროვდებოდა როგორც კორპუსების მიმდებარედ, ასევე სადარბაზოებსა და სარდაფებში.
ინიციატივამ უზრუნველყო სისტემის მოწესრიგება, რაც არა მხოლოდ ტექნიკური პრობლემის მოგვარებას, არამედ თემის ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც ნიშნავს.
ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეამცირა წვიმიან დღეებში წარმოქმნილი რისკები და გაზარდა დევნილთა უსაფრთხოებისა და ღირსეული ცხოვრების შეგრძნება.
ხონი
უსაფრთხო საჯარო სივრცე (EqualityFund/Brot für die Welt-ის მხარდაჭერით)
ხონის მუნიციპალიტეტში, დევნილთა დასახლებაში, სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა სკვერის გამწვანების აქცია, რომლის მიზანი იყო თემში არაკონფლიქტური, არაძალადობრივი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ინიციატივამ მოიცვა 4 კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები, სულ 160 ოჯახი, 546 ადამიანი.
სკვერის მოვლა და გამწვანება არა მხოლოდ ფიზიკური სივრცის მოწესრიგებას, არამედ თემის შიგნით ურთიერთობების გაუმჯობესებასა და თანაცხოვრების კულტურის გაძლიერებას ემსახურება.
პროექტმა ხელი შეუწყო ბავშვებისთვისა და ზრდასრულებისთვის ჯანსაღი და პოზიტიური სივრცის შექმნას, რაც აუცილებელია კონფლიქტების პრევენციისა და თემში მშვიდობიანი თანაცხოვრების განსამტკიცებლად.
სენაკი
უსაფრთხოებისა და ძალადობის პრევენციის გაძლიერება
(EqualityFund/Brot für die Welt-ის მხარდაჭერით)
დევნილთა სამხედრო დასახლებაში განხორციელებულმა ინიციატივამ სრულად მოაგვარა 31-ე კორპუსის ინფრასტრუქტურული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემა. სარგებელი მიიღო დაახლოებით 1500-მა ადამიანმა.
ინიციატივა პირდაპირ იყო მიმართული ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისკენ. კერძოდ, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების დროული რეაგირება სერიოზულად ფერხდებოდა ბინის ნომრების არქონის გამო. აღნიშნული ბარიერი ქალებისთვის დახმარების მიღებას აძნელებდა, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში.
ინიციატივის შედეგად უზრუნველყოფილი გახდა ბინების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქალების უსაფრთხოების სტანდარტსა და ამცირებს ძალადობის რისკებს თემში.
ეს ნაბიჯი ხაზგასმით აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მცირე, პრაქტიკულ ცვლილებებს დიდი გავლენა ჰქონდეს ადამიანის უსაფრთხოებასა და ღირსეულ ცხოვრებაზე.
სენაკი
კეთილმოწყობილი გარემო (UN Women-ს მხარდაჭერით)
დევნილთა სამხედრო დასახლებაში ორი ინიციატივის განხორციელებით სრულად მოგვარდა 24-ე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ხანგრძლივი პრობლემები. სარგებელი მიიღო 452 ოჯახმა, სულ 950-მა ადამიანმა.
ინიციატივებმა უზრუნველყო სარდაფების დატბორვის პრობლემის აღმოფხვრა და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის სრულყოფილი დასუფთავება.
აღნიშნულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საცხოვრებელი პირობები, შეამცირა ჯანმრთელობის რისკები და გაზარდა დევნილთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დონე თემში.
ზუგდიდი
სპორტული სივრცე ინგირის დასახლებაში (UN Women-ს მხარდაჭერით)
სამოქალაქო ინიციატივა განხორციელდა ინგირის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, სადაც ცხოვრობს 101 ოჯახი, დაახლოებით 2000 დევნილი.
პროექტის მიზანი იყო დასახლებაში ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად სპორტული და დასასვენებელი სივრცის შექმნა.
ინიციატივის ფარგლებში დასუფთავდა ტერიტორია და განთავსდა ტრენაჟორი და ძელსკამი, რაც მაცხოვრებლებს შესაძლებლობას აძლევს ღია სივრცეში ივარჯიშონ, დაისვენონ და გაატარონ დრო აქტიურად.
პროექტმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, არამედ თემში სოციალური ურთიერთობების გაძლიერებასა და მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებისთვის მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი (Equality Fund/Brot für die Welt-ის მხარდაჭერით)
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოკში, სკოლის გარე ტერიტორიაზე განხორციელებული სამოქალაქო ინიციატივით მოგვარდა ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებისა და კომფორტისათვის მნიშვნელოვანი საკითხი.
საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ სკოლის მიმდებარედ, სადაც სკოლის დასრულების შემდეგ დედები და ბავშვები მიკროავტობუსებს ელოდებიან, არ არსებობდა ელემენტარული ინფრასტრუქტურა - კონკრეტულად, მოსაცდელი ზონა.
ინიციატივის ფარგლებში შეიძინეს და დაამონტაჟეს ორი ძელსკამი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყოველდღიურ პირობებსა და უსაფრთხოების განცდას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე ეხმარება თემის ქალებსა და ბავშვებს ტრანსპორტის მოლოდინში კომფორტულად იყვნენ და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
თერჯოლა
თაობათა შორის გაუცხოების აღმოფხვრა (Equality Fund/Brot für die Welt-ის მხარდაჭერით)
თერჯოლაში განხორციელდა ორი ინიციატივა: პირველი მიმართული იყო ახალგაზრდების გააქტიურებაზე და თაობათა შორის დიალოგის გაღრმავებაზე. 30-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა სოფლის მეურნეობის მიმართულებით პრაქტიკული მასტერკლასები, რაც მათ დაეხმარება ადგილობრივ დასაქმებასა და მიგრაციის შემცირებაში. ასევე, გაძლიერდა მათი პასუხისმგებლობის განცდა უფროს თაობასთან ურთიერთობაში.
შეძენილი ტექნიკ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

მეორე ინიციატივა განხორციელდა სოფელ ღვანკითში და მარტოხელა დედების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 4 ქალს გადაეცა საჭირო ტექნიკა, რაც მათ დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტმა გააძლიერა ქალების როლი თემში.
ხობი
2 მნიშვნელოვანი ინიციატივა
(EqualityFund/Brot für die Welt-ის მხარდაჭერით)
ქალაქ ხობში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული სკვერის მოვლა-პატრონობის ინიციატივაში ჩართულმა დედებმა შექმნეს უსაფრთხო და მეგობრული გარემო 350-მდე მოზარდისთვის. პროექტმა შეამცირა ბულინგის შემთხვევები და გააძლიერა კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკა. სკვერის მოსაწესრიგებლად ქალებს გადაეცათ შესაბამისი ტექნიკა.

სოფელ ნოჯიხევში განხორციელებული მეორე ინიციატივა ძალადობაგამოვლილი 2 მარტოხელა ქალის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მიღებული ტექნიკით ისინი არა მხოლოდ საკუთარ შემოსავალს ზრდიან, არამედ ეხმარებიან თემის სხვა ქალებსაც. ინიციატივამ გააძლიერა თემში სოლიდარობისა და მხარდაჭერის კულტურა.
ვანი
მოწესრიგებული სტადიონი და სკვერი
(EqualityFund/Brot für die Welt-ის მხარდაჭერით)
სოფელ სალხინოში განხორციელებული ინიციატივა მიმართული იყო სკვერებისა და სტადიონის მოვლა-პატრონობაზე, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ბავშვებისთვის, ამცირებს ქვეწარმავლების საფრთხესა და აუმჯობესებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოებას. ქალების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში ამყარებს თემში სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და განამტკიცებს თემის კეთილდღეობას. აღნიშნული ინიციატივით სარგებელი მიიღო 1121-მა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
ჩოხატაური
(equalityFund/BrotfürdieWelt-ის მხარდაჭერით) განხორციელდა ერთი ინიციატივა
სოფელ გოგოლესუბანში ჩატარებული გამწვანების აქცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და მეგობრული სივრცის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურ ჩართულობასა და ზიანის მომტანი ქცევების პრევენციას.
ინიციატივა პასუხობდა იზოლაციისა და კომუნიკაციის პრობლემებს, რაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას იწვევს მოსაზრდებში და ბულინგის გავრცელებას უწყობდა ხელს.
ქალების ხელმძღვანელობით განხორციელებულმა პროექტმა გააძლიერა ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თემში ჯანსაღი ურთიერთობების გაძლიერებას საფუძველი ჩაუყარა. აღნიშნული ინიციატივიძთ სარგებელი მიიღო 1224-მა მაცხოვრებელმა, მათ შორის 100 მოზარდმა.
სამტრედია
3 ინიციატივა (EqualityFund/BrotfürdieWelt-ის მხარდაჭერით)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სხვადასხვა დასახლებაში - დიდ ჯიხაიაში, ახალსოფელსა და ნახალოვკაში - ქალების ჩართულობით განხორციელდა სკვერების მოვლა და გარემოს გამწვანება. პროექტმა ხელი შეუწყო უსაფრთხო და კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნას, სადაც ადგილობრივები თავს დაცულად გრძნობენ და ბავშვებს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო აქვთ. ინიციატივამ გააძლიერა ქალების ჩრთულობა თემში, გამოკვეთა მათი როლი ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში და სოციალური ერთიანობის განმტკიცებაში. აღნიშნული ინიციატივით სარგებელი მიიღო თითოეულ დასახლებაში დაახლოებით 100-მა ადამიანმა, ჯამში 300 მაცხოვრებელმა. ინიციატივის ფარგლებში მოხდა საჭირო ტექნიკის შეძენა.
წალენჯიხა
შრომის მადლი და დაფნის სურნელი
(EqualityFund/BrotfürdieWelt-ის მხარდაჭერით)
პირველი ინიციატივით, სოფელ საჩინოში, ადგილობრივმა სოციალურად დაუცველმა ქალმა, რომელიც ეკლესიის მიმდებარე სასაფლაოს საკუთარი ძალებით უვლიდა, პროექტის ფარგლებში მიიღო საჭირო ტექნიკა (მათ შორის ბალახის საჭრელი), რაც მას სამუშაოს შესრულებას გაუმარტივებს.
ინიციატივამ ხელი შეუწყო თემში ქალების გააქტიურებასა და საერთო პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერებას. აღნიშნული ინიციატივით სარგებელი მიიღო 100-მდე ადამიანმა.

მეორე ინიციატივის ფარგლებში, სამი კონფლიქტით დაზარალებული ქალი დაფნის კულტურის გაშენებისთვის საჭირო ნერგებით აღიჭურვა, რამაც ისინი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა. პროექტმა გააძლიერა ქალების თვითდასაქმების პოტენციალი და ხელი შეუწყო მათი შვილების კეთილდღეობასაც. სარგებელი მიიღო 3 ოჯახმა, თუმცა ინიციატივას ფართო სოციალური გავლენა აქვს თემზე.
ეს ისტორიები გვარწმუნებსს, რომ ცვლილება ყოველთვის არაა დიდი და გრანდიოზული. ხშირ შემთხვევაში, ის მცირე-მცირე საქმეების კეთებით მიიღწევა. ზოგი ღობეს აღადგენს, ზოგიც გარემოს დაასუფთავებს, ნაწილი კი დატბორილ სარდაფს მოაწესრიგებს...

ეს გაკეთებული მცირე საქმეები კი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას უკეთესს ხდის, საკუთარ შესაძლებლობების ძალას განაცდევინებს და კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკებს აჩვევს.