ია - სიკეთის სახლიდან
ზეკო ხაჩიძე
ია იაშვილს ქუთაისში ბევრი იცნობს. ია საინტერესო ადამიანია, საინტერესო ცხოვრებით, საინტერესო ფიქრებით, გრძნობებით, შინაგანი პოეზიით, ჰუმანისტური ჟურნალისტიკით, თეატრალობით, თხრობით,

დამოკიდებულებით, გენით და ფასეულობებით.

იას ბევრი იცნობს, მაგრამ არა იმ ჯადოსნური სახლიდან, სადაც ახლა დიასახლისობს. სადაც ახლა ქმნის და აფერადებს მის არომატულ სამყაროს ახალი ადამიანებით.

ქალთა ფონდ „სოხუმის“ არაჩვეულებრივ გუნდს რამდენიმე ხნის წინ შემოუერთდა და ზუსტად იცოდა- რისთვის:

- ადამიანს შეუძლია რასაც აკეთებს, აკეთოს ხალისით და აზარტით. და თუ ატყობ, რომ ამას ვერ აკეთებ, მაშინ უნდა შეცვალო საქმე. ერთად ყველაფრის მიღწევა შეიძლება. თუმცა როგორი კრეატიულიც არ უნდა იყო, როგორი ნიჭიერიც, თუ ხელმძღვანელი არ არის იმ რანგის, რომ ჩაწვდეს შენს ფიქრებს, თუ არ არის გუნდი, რომელიც ხედავს ერთად საკეთებელი საქმის მნიშვნელობას, ვერაფერს შექმნი. ამ ორგანიზაციასთან ერთად ბევრი კარგი რამის კეთება შეიძლება და მე ქალბატონი ალლასი მშურს - გამორჩეული ადამიანების მთელი ამქარი ყავს! და რადგან ყველა ამ სიკეთესთან ერთად, აქ მაქვს იმის საშუალებაც, ადამიანები გავაბედნიერო და ბავშვებსაც სიამოვნება მივანიჭო, ეს კეთილი ჯადოქრობა საქმედ ვიქციე.

და მან ეს საქმე აირჩია. ჩვენი ნარინჯისფერი და მზით გამთბარი სარეაბილიტაციო სახლი. სახლი ბევრი ტკივილგამოვლილი ადამიანის მოსარჩენად და სანუგეშოდ, სადაც ქალები შვილებთან ერთად პერიოდულად მოდიან, ცხოვრობენ და მერე ისევ ბრუნდებიან ახალი სისხლით, ახალი ენერგიით, ახალი მიზნებით.

- ამ ადამიანებისთვის ეს ორი კვირა არის სულის ამოთქმის, ახალი სუნთქვის აღების, რესტარტის, გაანალიზების. მოდიან და ხედავენ, რომ კარგი ადამიანები არსებობენ, მზრუნველები, ჩემნაირებიც, ჩემზე უკეთესებიც, რომლებიც ღამე ფიქრს იყოლებენ ძილში- მათ შვილს ხვალ დილით რა გაახარებს, რა გაალაღებს. ზოგი იკითხავს- ორი კვირა რომ გავა, მერე? მერე ბევრი რამე იცვლება. ერთი სიტყვა, ერთი შეგრძნება ცვლის ცხოვრებას, მითუმეტეს ერთით მეტი ადამიანი. როცა ია იაშვილი ხდება შენი მეგობარი, როცა ამხელა ორგანიზაცია „სოხუმი“ ხდება შენი მეგობარი მისი არაჩვეულებრივი თანამშრომლებით, თავისთავად ცხოვრება ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. აქ რომ მოდი, ესეიგი წარმატების გზაზე დადექი, რადგან აქ ყველა გელაპარაკება - როგორ უნდა შეცვალო ცხოვრება უკეთესობისკენ, გეუბნება ფსიქოლოგი და მართალსაც, რომ ძლიერი ხარ! ხანდახან მხოლოდ იმიტომ, რომ გვერდით ერთი კარგი სიტყვის მთქმელი ვერ იპოვე, მთელ ცხოვრებას ტკეპნი. და ჩვენი ბენეფიციარები მართლა ძალიან ძლიერი ადამიანები არიან. ისინი კრიტიკულ ზღვარს გრძნობენ და რისკავენ- აღარაფერია მოსატკეპნი დ დასაკარგი. ძალა ხომ უნდა ამას, თქვა და თავი აწიო? ხანდახან როცა ჩვენი ფსიქოლოგი მათ ესაუბრება, მინდა იმ გონიერი სიტყვების ადრესატი მე ვიყო.

ია დღესასწაულის შემოქმედია. ესეც ბევრმა იცის ამ ქალაქში. ნარინჯისფერ სახლში, კი მან საკუთარი ტრადიცია დაიწყო და დღესასწაულების მთელი ატრაქციონი დაატრიალა:

- როცა პირველად ვხვდები ჩვენს მაცხოვრებლებს, რიტუალი მაქვს : ბუხარი უნდა გიზგიზებდეს, მოხარშული კვახის არომატი იდგეს და მისი თესლები კეცზე ან ტაფაზე შიშხინებდეს, ხილით უნდა იყოს სავსე დიდი ლანგარი. სახლი უნდა იყოს ფერადი, თბილი, კაშკაშა და ბარაქიანი. მე ზუსტად ისე ვხვდები ჩვენს ბენეფიციარებს, როგორც ყველაზე საპატიო სტუმრებს, განსაკუთრებული სერვისით და გემოებით, ჩვენი ეტიკეტით - რა შეიძლება აქ და რა არა. მაგალითად - პურის ნატეხი სანაგვე ურნაში არ უნდა ჩავაგდოთ. მცენარეს უნდა გავუფრთხილდეთ. ერთმანეთს ზრუნვა უნდა გადავდოთ. პურს რომ ვჭრით, ნამცეცებს ვაგროვებთ და ჩიტებისთვის გაგვაქვს, ძაღლებისთვის საჭმელს ცალკე ვალაგებთ. ბარაქიანები უნდა ვიყოთ და ამიტომ არაფერს ვაფუჭებთ. ყველაფერს ვუფრთხილდებით სამყაროს და ერთმანეთის სიყვარულით.

მე მომწონს როცა რაღაცა არ გავს სხვის გაკეთებულს. ძველით ახალი წლისთვის ჩამოვკრიბეთ ძველი სათამაშოები და ჩემი ბარხატის პერანგის პატარა ნაწილებში კოხტად შევფუთეთ, თვლებით ავაბრჭყვიალეთ,ზარები კოკა კოლას ჭიქებით და ფარდის ძველი მაქმანებით გავაკეთეთ, ნაძვის ტოტები გავპრანჭეთ. ისეთები შევქმენით, ფულით რომ ვერ იყიდი. თორემ ნაძვის ხეც გვაქვს და უარავი თოჯინა და სათამაშოც. ერთად და საკუთარი ფანტაზიით კეთებას აქვს განსაკუთრებული ხიბლი დღესასწაულზე.
ძველით ახალ წელს კარი გამოვხურეთ და დიდი და პატარა, 12 საათს ბაგრატის ტაძრის ეზოში, ღია ცის ქვეშ შევხვდით. და ეს ღამე ჩვენს ბავშვებს არასდროს დაავიწყდებათ. ვთხოვე სურვილების ჩაფიქრებაც და ალბათ ეს კიდე ცალკე თემაა- რა სურვილები აქვთ ბავშვებს. ეს მასევდიანებს. სილაღე აღარ აქვთ და მიტომ. ბავშვებს მეტი დრო უნდა დავუთმოთ ყველამ. რადგან თუ ბავშვები არ იოცნებებენ, ჩვენ კარგი სიბერე არ გვექნება. ზრუნვისთვის და მოვლისთვის არა. ჩვენ ისეთი ცხოვრება უნდა შევქმნათ მათთვის, რომ მოსავლელი და ტვირთი არ ვიყოთ. ესენი უნდა იყვნენ ლაღები და ბედნიერები და ეს ნიშნავს ჩვენს კარგ სიბერეს.

მე და ია დიდხანს ვსაუბრობდით. პატარები თოჯინებით ხელში იქვე დადიოდნენ, თამაშობდნენ. დედები ფოტოებს იღებდნენ და ამ დიდებულ გარემოს ისე უხდებოდნენ... ბუხარი რათქმაუნდა, გიზგიზებდა, გოგრაც მოხარშული იდო სითბოს შესანარჩუნებლად იქვე, ნაკვერჩხალთან. დიდ ლანგარზეც ბარაქიანად ეწყო ხილი და მეორე ოთახიდან ნათიას (ხუთი შვილის დედის) უფროსი ბიჭების გიტარაზე ღიღინის ხმა გამოდიოდა.

დღეს მთხრობელი ვერ ვიყავი, რადგან მინდოდა, რაც შეიძლება იას მეტი მგრძნობიარე ბგერა და მარცვალი ფაქიზად ამეკრიბა, ამეკინძა, როგორც აქაურობის ზღაპრული დიასახლისის და ნამდვილი მეურვის. თან წერაც და ლაპარაკიც, შემოქმედებაც და განცდებიც, მისი ძლიერი მხარეა. ბოლო სიტყვაც, მისი განცდისაა:

- იმედდაკარგულები მოდიან და აქ ბევრ სიკეთეს ხედავენ, რწმენა უბრუნდებათ, იცვლებიან. როგორც სიყვარულშია- როცა არ იცი რატომ შეგიყვარდა. ან - აი, არ ვიცი რა დამემართაო, იტყვი და ასე ხდება: აქ მოხვდება და ყველაფერი კარგი იწყება. მადლიერები უნდა წავიდნენ აქედან. მინდა იცოდნენ, რომ ის სამოთხე, რაც აქ ხვდებათ, ბევრის ნაფიქრი და ნაშრომია, ამაზე იხარჯება დროც და იხარჯებიან ადამიანებიც. უნდა იცოდნენ, რომ მერე ჩვენზე მეტი გააკეთონ. იშრომონ, რომ სხვების ცხოვრებაც უფრო მშვენიერი გახადონ. ქალთა ფონდ „სოხუმის“ და ჩვენი სარეაბილიტაციო სახლის ტრადიციაც ეგ არის - ზრუნვის და მშვენიერების განგრძობითობა. მე რომ ვიქცევი, მინდა ეს უკეთესად გაიმეორონ. და ჩვენი შეხვედრები ნამდვილად შეცვლის მათი და მათი შვილების მომავალს!