დამისახელე რამდენი გენიოსი ქალი იცი? - ეს ძალიან პოპულარული კითხვაა, რომელსაც ე.წ. „ძლიერი სქესი“ ხშირად კამათის ბოლო „ფიშკად“ იყენებს. მიუხედავად გენდერული კულტურის, მიუხედავად ბევრი ახალი სტანდარტის და სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გულის სიღრმეში მაინც თვლის, რომ ქალი „მეორე სქესია“ მეცნიერებასა და ხელოვნებაში მცირედ გამოვლენილი. და ისინიც კი, ვინც ზემოთ დასმულ შეკითხვაზე ძალიან ცხარდებიან, დიდხანს ფიქრობენ, როგორ დააჯერონ შეკითხვის ავტორები მცდარ ფორმულირებაში.
რამდენიმე თვის წინ აინშტაინზე ფილმი ვნახე და მიუხედავად მისი გენიალურობით, ეპატაჟურობით, სამოქალაქო პოზიციით, უკიდეგანო ნიჭიერებით და არტისტულობით მოხიბლული ვიყავი და ვარ, ვერ დავივიწყე ტრაგიკული პერსონაჟი მილევა მარიჩი, სერბი ქალი, ფიზიკოსის პირველი ცოლი და შვილების დედა.
ბუნებრივია ახალს ვერაფერს მოვყვები, მაგრამ განცდა ცოცხალია: ტკივილის. ქალური სოლიდარობის. ნატანჯი ტალანტის. გადაგვარებული ბედნიერების. დამარხული გენერაციის. ფსიქიკაშერყეული ნიჭიერების. უსახელო გენიოსის.
მილევა მარიჩი.
ვუნდერკინდი. ძლიერი გონების და გამორჩეული უნარების პატარა გოგო, რომელიც მათემატიკაში ყველა სხვა მოსწავლეს (მხოლოდ ბიჭები სწავლობდნენ) წარმოუდგენელი სხვაობით ჯაბნიდა. მერე ციურიხის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და იქაც ერთადერთი ქალი იყო! ძლიერი და გონიერი! უკონკურენტო!
„როგორი ამაყი ვიქნები, ჩემს მეუღლეს რომ დოქტორის ხარისხი ექნება, როცა მე მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნები“ - წერდა ალბერტი მილევას ჯერ კიდევ გაგიჟებული შეყვარებულობის დროს. საერთო ვნება ჰქონდათ - ფიზიკა! ის, რაც მართავს სამყაროს! ის, რაც სწავლობს მატერიას, სივრცეს და დროს, ყველაფერს, რაც ცვლის და ავითარებს, რაც შლის და ბადებს, კლავს და აცოცხლებს! საერთო ვნება - მარადიული სახელის და მუსიკის სიყვარულის!
ამ ორი გენიალური ადამიანის თანაცხოვრება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ვერ იქნებოდა, მაგრამ რაც იყო, საშინლად ტრაგიკულია და დრამატული მილევასთვის. ქალისთვის, რომელმაც საკუთარ მნიშვნელობაზე თქვა უარი, როგორც ბევრმა სხვა, თავისნაირად ნიჭიერ კაცზე უგონოდ შეყვარებულმა და თავგანწირულმა ქალმა, რომ სხვისი ბრწყინვალე გონების ჩრდილში დარჩენილიყო. თუმცა, ყველა მათგანს ალბათ მაინც ჰქონდა ბედნიერი იმედის მოლოდინი. იმედის, რომ როდესმე მისი სახელიც, მათგან შექმნილი ძლიერი კაცების გვერდით გაანათებდა, თუნდაც ორმხრივი სიყვარულის გამო (!).
მილევამ წლობით მიუძღვნა დღეც და ღამეც ონავარ გენიოსს, მის მეცნიერულ შრომებს, მისი მათემატიკური ნაწილების სრულყოფას, ყველა ახალი გაფიქრების სიტყვებში და ფორმულებში გამოყვანას სამყაროს დაუღალავად გაოცებისთვის, თანაც შვილებს აჩენდა, ზრდიდა, სარეცხს რეცხავდა, სადილს ამზადებდა, უნივერსიტეტში აღარ დადიოდა, სახლში გენიოს ქმარს გენიალურობის შექმნაში გონებით და ცოდნით თანასწორად ეხმარებოდა, უკორექტირებდა, მის მაგივრადაც წერდა, აგზავნიდა, პასუხობდა, გაჭირვებას იტანდა, ფიზიკურად სუსტდებოდა, ემოციურად ტყდებოდა. წლების მანძილზე!
„როგორი ბედნიერი და ამაყი ვიქნები, როცა ჩვენ ორნი ჩვენს ნაშრომს ფარდობით მოძრაობაზე გამარჯვებით დავასრულებთ”- ამას აინშტაინი მილევას წერდა, ოღონდ მერე ბევრჯერ, ბევრჯერ კი არა და თითქმის სულ, ყველა ახალ შრომასა და სამეცნიერო სტატიაზე, მისი გვარის მიწერაც ავიწყდებოდა.
აინშტაინის მსოფლიო აღიარებამდე, რა თქმა უნდა, მილევას დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა დადგა. აღიარების და ბრწყინვალე ეპოქის დროს, კი გენიოსის გვერდით სხვა ქალის ბიოგრაფია დაიწყო. დედის შემცვლელი ელზასი. ბევრად უფრო მშვიდის, სტაბილურის, გაწონასწორებულის, ქმარზე თმენით მზრუნველის, კარგი ტონის, გონიერის, მაგრამ არა - გენიალურის! მილევას ეპოქა ქმრისგან საშინელი ულტიმატუმით სრულდებოდა:
თუ გსურთ ქორწინებაში, თქვენ უნდა დაეთანხმოთ ჩემს პირობებს:
· ჩემს ტანსაცმელსა და საწოლზე იზრუნებ;
· დღეში სამჯერ მომიტანთ საჭმელს ჩემს კაბინეტში;
· უარს იტყვით ჩემთან ყველა პირად კონტაქტზე, გარდა იმისა, რაც აუცილებელია საზოგადოებაში წესიერების დასაცავად;
· პროტესტის გარეშე, მეცნიერულ გამოთვლებს გამიკეთებთ;
· ჩემგან გრძნობების რაიმე გამოვლინებას არ მოითხოვთ
დასრულდა ისე, როგორც სრულდება: მილევამ „ამოწურა“ თავი ფიზიკაში. მილევამ „ამოწურა“ თავი გაგიჟებულ სიყვარულში,როგორც მსხვერპლმა. გააგრძელა ორი შვილის რთული დედობა, ფორტეპიანოს გაკვეთილები კერძო მოსწავლეებთან და აინშტაინის ყოფილი ცოლობა შერყეული ფსიქიკით: როცა შეელიე და მაინც ვერ თმობ შენს მთელ განძს, რაც დაბადებიდან დაგყვა - გამორჩეული ნიჭის ძალა!
როცა ყოფილი ქმრის ნობელის პრემიამ კიდევ ერთხელ დაუზოგავი ტკივილით გადაიარა მილევა მარიჩის გაძარცვულ თავმოყვარეობასა და სამყაროსგან დავიწყებულ ტალანტზე, ეცადა შეეხსენებია გენიოსისთვის, რომ მის მიღწევებში სერბი ვუნდერკინდი გოგოს პატარა წვლილიც იყო, რაზეც აინშტაინისგან პასუხად მიიღო:
„გამეცინა, როდესაც შენი მოგონებებით დამუქრება დამიწყე. ერთი წამით მაინც თუ გიფიქრია, რომ არავინ არასდროს დაუგდებდა ყურს შენს ნათქვამს, თუკი ის, ვიზეც საუბარობ, რაღაც მნიშვნელოვანს არ მიაღწევდა? როდესაც ვიღაც სრულიად უმნიშვნელოა, სათქმელი არაფერია და თავდაჭერა და გაჩუმება სჯობს. სწორედ ამის გაკეთებას გირჩევ.”
სად არიან გენიოსი ქალები, მეგობრებო? სად იკარგება მათი სახელები და გონებრივი შესაძლებლობები? სად იცრიცება მათი ყოველდღიურობა, დიადი ფიქრი სამყაროს უკეთესობაზე, ცვლილებებზე, გამოგონებებზე? დიდ მეცნიერებებზე, ხელოვნებაზე?
ვირჯინია ვულფივით უნდა დავასრულო: მიიღეთ განათლება, იყავით ძლიერები, ეცადეთ გქონდეთ საკუთარი ფინანსები და რაც მთავარია „საკუთარი ოთახი“, რომლის კარიც იკეტება ხოლმე... არასოდეს დაჯერდეთ საკუთარ ჩრდილს. თქვენ არ ხართ მარტო!