ელიზა




ქალები უკრაინიდან

ავტორი
ლალი შენგელია

საქართველოდან - უკრაინაში, უკრაინიდან - საქართველოში...

და ისევ საქართველოდან - უკრაინაში. ოღონდ ეს ახლა სურვილია, მიზანია...
ელიზა დევიძე ქართველია. ქუთაისში დაიბადა, აქ ცხოვრობდა, აქ დაამთავრა სკოლა, ინსტიტუტი - სარესტორნო ბიზნესის კუთხით მიიღო განათლება.
ოჯახიც საქართველოში შექმნა. სამი შვილი ჰყავს: ნანა, გიორგი და თემური.
უკრაინა ბავშვობის წლებში შემოიჭრა მის ბიოგრაფიაში. მამა სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა და ხშირად უწევდა უკრაინაში ჩასვლა. ელიზასაც მაშინ შეუყვარდა ეს ქვეყანა.

1996 წელს წავიდა საქართველოდან ქმართან ერთად, ნაბოლარა შვილი წაიყვანა, უფროსები დედამთილთან დატოვა.

კიევში მამის მეგობრებთან მუშაობდა, ჯერ მზარეულად, მერე - შეფ-მზარეულად. იყო ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ევროპულ რესტორნებში.
მერე თავისი რესტორანი გახსნა კიევში.

მარტო დაიწყო და მარტო მართავდა. 550 კვ. მეტრი ჰქონდა ფართი.
წარმატებულად მიჰყავდა საქმე.

ბინაც აქვს კიევშიც, სოფელიც - 70 კილომეტრში. მანქანაც ჰყავს და თავად ატარებს, წლებია.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მეტის გაკეთება მოუწია.

- როცა მარტო რჩები ქალი, სამი შვილი გყავს, კიდევ სამი გემატება, მერე ოთხი შვილიშვილი, პასუხისმგებლობა მეტია. ეს მაძლევდა და მაძლევს ენერგიას, ვიშრომო ჩემი შვილებისთვის.

სამივე შვილი დაოჯახებულია. ერთი ვაჟი და ქალიშვილი საქართველოში ცხოვრობენ თავიანთი ოჯახებით, ნაბოლარა კი კიევშია, 28 წლისაა და ახლა ომში ეხმარება მოხალისეებს.
კიევში უკვე ვერ მუშაობს ელიზა. მის რესტორანს რაკეტა დაეცა და ნაწილი დაიწვა. ქალაქში თითქოს სიმშვიდეა, მაგრამ შიში აქვს ყველას. თვითონაც ეშინია...

ომი რომ დაიწყო, ცოტა ხანს ევროპაში მუშაობდა: საფრანგეთში, პოლონეთში. იქ აკეთებდნენ ხოლმე უკრაინული სამზარეულოს დღეს. ერთხელ ქართულიც გააკეთეს - ხინკალი და ხაჭაპური მოამზადა და, როგორც ამბობს, ეს სტუმრებისთვის იყო შოკი!

ევროპაში შეეძლო ცხოვრება ელიზას, როგორც უკრაინიდან ლტოლვილს, მაგრამ გულმა მაინც ქუთაისისკენ გამოუწია, შვილებისკენ.


ახლა აქ არის, ვაჟიშვილთან და რძალთან. რძალი „შაქარდედას“ ეძახის და ამით ყველაფერი ნათქვამია... იგრძნობა, რომ დიდი სიმპათია აქვს ძლიერი და წარმატებული დედამთილის მიმართ. ელიზასაც ასეთი დედამთილი ჰყავს, ახლაც, 82 წლისა, საკმაოდ ყოჩაღადაა... სწორედ მისი იმედით დატოვა ორი შვილი მაშინ, კიევში რომ წავიდა.

წლების მანძილზე შორს იყო, თუმცა ხშირად ჩამოდიოდა და არაფერს აკლებდა შვილებს. ძალიან რომ მოენატრებოდა, კვირას დაკეტავდა რესტორანს, ჩამოფრინდებოდა, მიესიყვარულებოდა შვილებს და ორშაბათს გაფრინდებოდა.
- ნახევარი ცხოვრება გავატარე უკრაინაში, ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან ბევრი რამ მომცა და ძალიან მიყვარს, მენატრება. საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, დავამთავრე 23-ე სკოლა, ინსტიტუტი, მაგრამ მე იქ ვიცხოვრე დიდი ხანი.

ხალისიანი ხალხია, მეგობრობაც იციან და კარგი მეზობლობაც. ჩემთვის არავის უკითხავს, ვინ ხარ, საიდან მოხვედი, რა გინდა აქ? ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, ბევრი მეგობარი მყავს, ნათლულებიც მყავს. უკრაინამ ცხოვრება მასწავლა. ისევ მინდა დაბრუნება.


ელიზა დევიძე მიჩვეული იყო მუშაობას, ფულს, დამოუკიდებლობას, თავისით გადაწყვეტილებების მიღებას. 21 იანვარს ჩამოვიდა საქართველოში. ჯერჯერობით შვილებთანაა. უხარია მათთან ყოფნა, ვაჟიშვილი რომ მოდის სამსახურიდან, გემრიელობებს ახვედრებს, დიასახლისობს და ბედნიერია ამით.


აქტიური ქალი, ენერგიით სავსე, სულ საქმეში და ამდენ ხანს უმუშევარი... თავს როგორ გრძნობო, ჰკითხა ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ. სწორედ მის ოთახში ვნახე ელიზა და იქ ვესაუბრე.


მიჭირს, მაგრამ დეპრესია არ მაქვსო.


კიდევ უფრო გამაოცა მისმა შემდეგმა სიტყვებმა: ბევრი პრობლემა გამომივლია, ბიზნესი ჩამვარდნია, ნულზეც ყოფილა ჩემი საქმე, მაგრამ ავმდგარვარ. გამიგრძელებია. ახლაც ასე იქნება. მთავარია, ომი დამთავრდეს...


გამოცდილი, წარმატებას მიჩვეული, ძლიერი ქალია და ასეც იზამს. ოღონდ მშვიდობა დადგეს...