ელენა






ავტორი
ლალი შენგელია


სახლში მინდა, სახლში მინდა - რამდენჯერმე ლოცვასავით გაიმეორა. ცრემლიანი, მავედრებელი თვალებით.

სახლი ვინიცაშია, უკრაინის პატარა ქალაქში. სულ ახლახან უმოწყალოდ დაიბომბა იქაურობა. მაშინ ელენა უკვე საქართველოში იყო და ძალიან განიცადა.
საერთოდ, გულის კანკალით უსმენს ყველა ინფორმაციას, რომელიც უკრაინიდან ესმის.

74 წლისაა ელენე ოლიანოვიჩი. ამ ასაკში შენს სახლში უნდა იყო მშვიდად და მე კიდევ რა დღეში ჩავვარდიო, - წუხს ძალიან. თვენახევარის წინ ჩამოვიდა საქართველოში. რა თქმა უნდა, შემთხვევით არ აუღია აქეთკენ გეზი. შვილიშვილი ეგულებოდა აქ, ჩამოსვლას სთხოვდა და ასე მოხვდა იმერეთში.

მისი შვილიშვილი ვერონიკა მარჩუკი გვიშტიბში ცხოვრობს. გვიშტიბელი ახალგაზრდა ჩინეთში გაიცნო 6 წლის წინ. მსახიობები არიან, შოუში გამოდიოდნენ, აკრობატულ ნომრებს ასრულებდნენ, მერე გერმანიაშიც მუშაობდნენ ერთად... სიყვარულმა უკრაინიდან აქ ჩამოიყვანა ლამაზი ვერონიკა...
როგორ მოსწონს?

კარგია სოფელში: ძროხები, ბოსტანი, სათბურები, - აბობს ქართულად. სლავური კილოთი.

პატარა ლამაზი ქერა გოგონა ჰყავს ვერონიკას და ბედნიერია. მაგრამ უკრაინის ომმა ააფორიაქა, მოსვენება დაუკარგა. ბებიაზე ჯავრობდა ძალიან და ახლა, როცა აქ ჩამოიყვანა, დამშვიდდა...


ბებიას მოსწონს აქ. ყველა ცდილობს, გაამხნევოს, შეუმსუბუქოს ტკივილი. მაგრამ მერიდება სიძესთან ყოფნაო, იძახის.

სახლში მინდა, - ამბობს მერამდენედ... რა თქმა უნდა, სახლს ვერაფერი შეუცვლის, მაგრამ სანამ დაბრუნებისს დრო დადგება, უნდა შეეგუოს სხვაგან ყოფნას...
განსაკუთრებული სიმძაფრით იხსენებს 24 თებერვალს. დილის 8-ის ნახევარი იყო, სახლი რომ საშინლად შეირყა. მეშვიდე სართულზე ცხოვრობს და არ იცოდა, რა ექნა. რა მოხდა? სად წასულიყო?

ასეთ განცდებში იყო მერეც. სულ სირენები, სულ შიში. ქალაქის ცენტრში ცხოვრობს. ლიფტის ეშინოდა, კიბეებზე ჩასვლისაც... ეზოში რომ ჩავიდე და სახლთან დავდგე, სახლი რომ დაინგრეს? თან ირგვლივ სულ კორპუსებია... სარდაფში ჩავიდე? ეს კიდევ უფრო სახიფათოა, იქნებ სახლი ჩაინგრეს, ნანგრევებში მოვყვე და იქედან საერთოდ ვერ ამოვაღწიო. ახლაც, ამას რომ ამბობს, თვალებში შიში და ტკივილი აქვს, თითქოს ხელახლა განიცდის იმ დღეებს.


თებერვლის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე მაინც დარჩა თავის ქალაქში. ელოდა ომის დამთავრებას, სიმშვიდეს, ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას. მერე კი წამოვიდა...

სამი დღე და ღამე მოდიოდა ვინიციდან. თვითმფრინავით არ შეიძლებოდა გადმოფრენა - ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ ავტობუსით წამოვიდა. ავტობუსი რეგულარულად დადის და მოჰყავს ხალხი, რომლებიც მერე სხვადასხვა მხარეს ნაწილდებიან...

ავტობუსმა, რომელშიც ელენა ოლიანიჩი იჯდა, საკმაოდ გრძელი მარშრუტი გააკეთა:

რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და იქიდან საქართველოში ჩამოვიდა, ბათუმში.


ახლა თავის შვილიშვილთანაა, ლამაზ ვერონიკასთან, საოცნებო საკურორტო ადგილას - წყალტუბოსთან ახლოს, სოფელ გვიშტიბში.

მაგრამ მაინც სახლში უნდა...

კიევში დარჩენილ ქალიშვილზე დარდობს. იქ ცხოვრობს ოჯახით. მედდაა. პირველ ხანებში, ომი რომ დაიწყო, ღამეებს ათევდა სამშობიაროში. ის და ექიმი იყვნენ და ყველაფერს მარტო აკეთებდა: ნემსებს უკეთებდა ქალებს, წვეთოვანებს უდგამდა, ალაგებდა, საჭმელს უმზადებდა... ახლა საავადმყოფომ ნორმალურად დაიწყო მუშაობა, დაბრუნდნენ თანამშრომლებიც და ისიც ძველებურად, მხოლოდ თავის ცვლაში მუშაობს.

ელენას მეორე ქალიშვილი, ვერონიკას დედა, ჩინეთში მუშაობს.

ვერონიკამ გაუკვალა გზა შორეული ქვეყნისკენ... წავიდა და დარჩა, მუშაობს, იქედან ეხმარება თავის გოგონას, ახლა უკვე დედასაც.


ვინიცელი ელენა ჩვენს ორგანიზაციაში გავიცანი, შვილიშვილთან და შვილთაშვილთან ერთად მოვიდა. ჩვენს ახალ ფსიქოლოგს, ხერსონიდან ჩამოსულ ანია შალიმოვას თავისი განცდები გაუზიარა. იმანაც რჩევები მისცა. მერე მანანა ფიფიამ, ვინც მაღაზიებში გულმოდგინედ არჩევს ხოლმე პროდუქტებს და მერე ალაგებს უკრაინელებისთვის, სავსე ჩანთები გამოუტანა, ჩვენი ორგანიზაციისგან საჩუქრადო. გაუხარდათ ძალიან, მადლობები იხადეს ბებიამ და შვილიშვილმა... ამ დროს მცირედი დახმარებაც სასიამოვნოა...


გახარებული, მაგრამ მაინც სევდიანი წავიდა ელენა ოლიანიჩი, ჯერეჯერობით იმერეთის პატარა ლამაზ სოფელში. თუმცა მთელი გულით სახლში უნდა, თავის ვინიცაში...