ავტორი:
ზეკო ხაჩიძე
18.10.2024

„უხერხემლო“ზე უსათაუროდ

მე რომთეატრალურ ბლოგს ვწერდე „ზეკოს გემოვნებით“, მაინც ისე დავწერდი, როგორც ახლა ვწერ იმ მკითხველისთვის, რომელიც ზუსტად გრძნობს გენდერული დეზინფორმაციის შხამს და მავნებლობას. ის ყველას ერთნაირად აზიანებს. ხშირად - გამიზნული, ხშირად კი, უბრალოდ, სტერეოტიპის ემბრიონული სიცოცხლით ჩვენს მეხსიერებაში. ცნობიერების კათარზისული კამპანია, რომელსაც ჩვენ და ჩვენნაირები, ამ ეპოქას ცოტა ხელში დაჭერილი ლოზუნგებივით ჯერ კიდევ კარიკატურებად ვეხატებით, გაცილებით ფუნდამენტური პრობლემაა, ვიდრე პერიოდული აქცია, ან მცირერიცხოვანი პროტესტი. გენდერული დეზინფორმაციის მომაკვდინებელი საცეცები ყველა ოჯახში ხან ხილულად, ხან უხილავად მოძრაობს და ყველგან ყავს მეტ-ნაკლები მსხვერპლი.

ალბათ პრობლემა უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მხატვრული ფორმაა საჭირო - შემოქმედებითი ხერხით მოყოლა, სადაც ხედავ, უსმენ, განიცდი, იაზრებ, გტკივა, თანაუგრძნობ.. ზუსტად თეატრს აქვს ეს მაგია და ზუსტად ამ მაგიის ტყვე ვიყავი, როცა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი „უხერხემლო“ ვნახე. ზუსტად ამ დროსაა ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის (ვანო ხუციშვილი) ჯადო - ფაქიზი და იუველირული სიზუსტით შექმნილი სწორ სათქმელზე და მსახიობების მაღალი ოსტატობა იმისთვის, რომ ნამდვილ ამბავში გადაცხოვრდე.
„უხერხემლო“ ყველა მაყურებლისთვის სულისგამყინავი ამბავია.. ხარ თუ არ ხარ სტერეოტიპების მნგრეველი, ხარ თუ არ ხარ გენდერული დეზინფორმაციის მავნებლობით შეწუხებული, ხარ თუ არ ხარ ემპათიური უმცირესობების მიმართ.. ყველასთვის ერთნაირად მწარე სინამდვილეა, რომელსაც არ ჰყავს მხოლოდ ერთი მსხვერპლი, რომელსაც არ ჰყავს მხოლოდ ერთი დაზარალებული.

სოფლის ოჯახია. მეფუტკრე ცოლ-ქმარი. ერთმანეთით და ყოველდღიური შრომით დაღლილი. შვილმკვდარი დედ-მამა. სცენაზე ფუტკრის სკებს შორის ცოტა უფრო დიდი სკის ფორმის ყუთშია გარდაცვლილი.. არც ჭირისუფალი ზის მასთან ახლოს, არც პანაშვიდებზე მოდიან. მხოლოდ ორი მეგობარი ქალაქიდან, რომელიც გოგოდ იცნობდა ბიჭად დაბადებულს.. ტრაგედიაც ეს არის.. გარდაცვლილთან ბრძოლა გრძელდება.. მის იდენტობასთან სიცოცხლის მერეც პროტესტი, ტრადიციის განდგომა, სოფლის მღვდლის (გიო ჩაჩანიძე) ამბივალენტურობა, მამის რეფლექსია, დედის განწმენდა. და მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის დასაწყისიდანვე ნამდვილი საკმევლის სუნით არის გაჟღენთილი პირობითი სოფელი (სააქაო), არაფერია ნამდვილად ადამიანური და ქრისტიანულად კაცთმოყვარე.

მთელი ეს წვალება ცხედართან, მამისგან მიუღებელი გრძელი თმის ამოჭრა, კაბის ამოცლა კუბოდან, დედისგან შესწორებული შეცდომები მის გაპატიოსნებამდე და ჩუმად დამარხვამდე, ურიტუალოდ, - გაქვავებული მაყურებლის საერთო ცოდვადაც მძიმდება 2 საათის განმავლობაში. ხან დედა ხარ, ხან მამა, ხან მეგობარი და ვერ გებულობ სად ამოისუნთქო ამ თითქოს თანამედროვე სამყაროში, სადაც ისევ ძველებურად ბნელა, როცა რაღაცა არ გავს იმას, რის წესსაც დამალვა არ სჭირდება..

ზიხარ და ფიქრობ, რატო ტანჯავენ ადამიანები ასე ერთმანეთს? რა არის იმაზე ადვილი, ადამიანს მისგან არჩეულ გზაზე აცალო ბედნიერების მიღება? რატომ არ უნდა აუგო წესი, თუ ეს შენთვის ასე მნიშვნელოვანი და სარწმუნოა, სულამოცლილ სხეულს, რომელმაც დაბადებიდან საკუთარი თავის პოვნაში ასე იწამა.. არადა, ხომ სულ პირიქითაა? ხომ წამებულები იდგამენ ნათელს? სად სრულდება თუ იწყება აქ, სტერეოტიპების ბრძოლა? თუ, „სტერეოტიპი“ სულ არაა ის სიტყვა, რომელიც გტეხავს და გაუძლურებს განყენებული სიმართლის დაცვაში?

გარდაცვლილი, რომელიც სპექტაკლის მანძილზე ფოტოშიც კი არსად ჩანს, ბრუტალური საზოგადოების მსხვერპლია. ის მოკლეს. ისე, როგორც კლავენ ლამაზ პეპლებს.. ასეთი ადამიანები ზრდას და კარიერას ვერასდროს აღწევენ. მოუნდა და შეეწირა. ადვილად დაამტვრიეს, ადვილად მოსპეს. ისე ადვილად, რომ დედ-მამაც ვერ დატირის ხმამაღლა. სიკვდილის სირცხვილშიც ტრაგედია. მშობლური დრამა. ჭირში სიმარტოვე. სოფელმა არ ჩამოართვა ხელი ჭირისუფალს.. ვისი ბრალია ეს?

ვუყურებდი სპექტაკლს და პარალელურად, გულისხმით ვწერდი ჩემს ამოოხვრებს, მაჯისცემის დარღვევას, ნაღვლის სიმწარეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ზესტაფონის თეატრის დარბაზში, სადაც „უხერხემლო“ ვნახე, ყველა ჩემნაირად ოხრავდა, რომ ერთი ვიყავით ამ ტრაგედიის აღქმაშიც და გააზრებაშიც. ვფიქრობდი ძალადობაგამოვლილ ქალზე, ჭირისუფალ დედაზე (ნინელი ჭანკვეტაძე), რომელმაც მოახერხა დუმილიდან და ტრადიციიდან ამოსვლა, რომელიც ხალხისგან გარიყვამ და უსამძიმრობამ საბოლოოდ დაბადა თავიდან შვილის გზის ტრანსფორმაციის მაღიარებლად, თანამზრახველად. ვფიქრობდი წელში გატეხილ მამაზე (გოგა პიპინაშვილი), უხეშზე, უბედურზე, უმეგობროზე, სტერეოტიულად მკაცრზე ცოლთან და შვილთან, რომელმაც „კაცობა“ შეაძულა შვილს (ასე რეფლექსირებს თვითონ)..

მოკლედ, რატომაა ეს შთაბეჭდილება და ბლოგი გენდერული დეზინფორმაციის და ძალადობის პრევენციის გასაცნობიერებლად, ჩემი მკითხველი აუცილებლად მიხვდება.

„პირველი იყო სიტყვა“ - ასეა კოსმოგონიურად.

ჩვენ ვამბობთ სიტყვებს, რომელიც ადამიანს აძლევს შთაგონებას, ან ვამბობთ სიტყვებს, რომელიც ადამიანს კლავს. ზუსტად ესაა გენდერული დეზინფორმაციის შავი ორმო და ამ ორმოს არ აქვს ერთი სქესი, ერთი პროფესია, ერთი ასაკი.. ის ითრევს ყველას, თუ ორმოს წინ გადაჯაჭვული ხელებით მცველად არ დავდეგით როდესმე, ისე, როგორც ეს „უხერხემლო“-მ მოახერხა იმ დღეს, იმ დარბაზში!

*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია