დეზინფორმაციის გავრცელებას რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მეტად უწყობს ხელს, ცხადია, მაგრამ თავისთავად გენდერული დეზინფორმაცია ახალი ფენომენი როდია. ის არც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად ჩამოყალიბებულა - ქალების შესახებ მუდამ არსებობდა სტერეოტიპები, ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ერთ დიდი ნარატივს რომ შეადგენდა. ამ ნარატივისგან არც მწერალი ქალები ყოფილან დაცული. პირიქით, ისინი ორმაგი წნეხისა და საფრთხის ქვეშ იყვნენ და დღესაც არიან. ამის დასტურად, შეგვიძლია, ინგლისური ლიტერატურის იმ პერიოდს ჩავხედოთ, ვიქტორიანული რომ ეწოდება:
1818 წელი არათუ ინგლისური, არამედ დასავლური ლიტერატურის ისტორიისათვის დიდი გარდატეხით დაიწყო: 1 იანვარს დაიბეჭდა წიგნი, რომელმაც სრულიად ახალ ჟანრს, სამეცნიერო ფანტასტიკას, დაუდო სათავე. წიგნს მიმზიდველი სათაური ჰქონდა: „ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე“ და, ალბათ, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა პოეტ პერსი ბიში შელის წინასიტყვაობა. ამის მიუხედავად, სიახლეს გამომცემელი უნდობლად მოეკიდა და პირველი ტირაჟი სულ 500 ეგზემპლარისაგან შედგებოდა. მაშინდელი კრიტიკა რომანს შერეული შეფასებით შეხვდა, აი, მკითხველმა კი ძლიერ შეიყვარა, ისე, რომ „ფრანკენშტაინი“ მერი შელის სიცოცხლეში კიდევ ორჯერ დასტამბეს. ავტორი რომ მერი შელი იყო, ეს კი პირველი პუბლიკაციიდან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეიტყვეს მკითხველებმა - 1818 წლის გამოცემა ავტორის სახელისა და გვარის გარეშეა.
„ფრანკენშტაინის“ პირველ პუბლიკაციამდე შვიდი წლით ადრე, მეცხრამეტე საუკუნისთვის პოპულარულ ფორმატში ანუ სამწიგნეულად გამოდის კიდევ ერთი რომანი, ასევე რომ დაიმსახურებს მკითხველთა დიდი მოწონებას - „Sense and Sensibility“, რომელსაც სატიტულო გვერდზე, იქ, სადაც ავტორის სახელი უნდა იყოს, უბრალოდ აწერია: „By a Lady“ – „დაწერილი ქალის მიერ“. ასეთივე წარწერა დაამშვენებს ჯეინ ოსტინის დანარჩენ წიგნებსაც, ვიდრე იგი გარდაიცვლება და მისი ძმა გადაწყვეტს, რომ დროა, ხალხმა თავისი საყვარელი მწერლის ვინაობა იცოდეს.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამავე პერიოდში ინგლისურ ლიტერატურაში მოსული „ძმები“: ქერერ, ელის და ექტონ ბელები. ქერერ ბელის „ჯეინ ეარს“ რომ გამოხმაურება მოჰყვა, ბევრ წიგნს არ ღირსებია. ამან თუ მოატყუა ავტორი და გააბედვინა შემდეგ გამოცემაში თავისი ვინაობის გამხელა. და აი, იქამდე მკითხველთა საყვარელი წიგნი, მათი დაჟინებული მოთხოვნით ხელახლა რომ დაბეჭდა გამომცემელმა, უცებ შეფასდა, როგორც საშიში, ამორალური და ანტიქრისტიანული. ასე შეფასდა ერთადერთი მიზეზის გამო - ახლა ყველამ იცოდა, რომ წიგნი ქალმა დაწერა.
ქალებისთვის კი წერა შეუფერებელ საქმიანობად მიიჩნეოდა - ქალის საქმე ხომ ცოლობა და დედობა იყო. წერა ნაკლებად ქალურს ხდიდა მათ, შესაბამისად, ნაკლებად მიმზიდველს, და, შესაბამისად, ნაკლებად შესაფერისს ცოლობისა და დედობისათვის. ამიტომ თუ ქალები წერდნენ, არ აქვეყნებდნენ და თუ აქვეყნებდნენ - კაცის ფსევდონიმით ან სულაც უსახელოდ. ხშირად ამას თავად გამომცემელი მოითხოვდა - შარლოტ ბრონტეს, მაგალითად, გამომცემელმა პირდაპირ უთხრა: „Literature cannot be a business of a woman’s life“ - ლიტერატურა ქალის ცხოვრების საქმე ვერ იქნებაო. მით უფრო შეუფერებელი იყო ნამდვილი ვიქტორიანელი ლედისათვის წიგნებიდან საკუთარი შემოსავლის ქონა - ქალები ხომ მაშინ ფინანსურად ან მამებზე და ან ქმრებზე იყვნენ დამოკიდებული. მათ არც მემკვიდრეობის მიღების უფლება ჰქონდათ.
ამ მავნე ნარატივის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ქალის საგნად, ნივთად აღქმაა - ქალი პიროვნება კი არ არის, არამედ რაღაც, რითაც მთელი ოჯახის, ზოგჯერ მთელი გვარის ღირსება იზომება. საფიქრებელია, რომ ჯეინ ოსტინი, უწინარესად, სწორედ თავისი ოჯახის რეპუტაციას უფრთხილდებოდა და ამიტომ მის სიცოცხლეში გამოცემულ არცერთ რომანს ავტორის სახელი და გვარი არ აწერია.
მეორე მხრივ, ფსევდონიმი თავად ავტორებს ათავისუფლებდა - ასე შეეძლოთ, გაბედულად ეწერათ ქალისთვის „შეუსაბამო“ და „მიუღებელ“ თემებზე. ვიქტორიანელი მწერალი ქალების შემოქმედება ხომ, უპირველესად, მათი თანადროული საზოგადოებისა და ნორმების მწვავე, მოურიდებელი კრიტიკაა.
თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს გასული საუკუნეების ამბავია და ახლა ქალებს, ამ მხრივ, არავინ ზღუდავს. შემეძლო, უბრალოდ, აღმენიშნა, რომ „გრეის 50 ელფერი“ ავტორმა, ერიკა მიტჩელმა, ე.ლ. ჯეიმზის ფსევდონიმით გამოუშვა და ეს არა ორი საუკუნის წინ, არამედ 2011 წელს მოხდა, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო მეტყველი მაგალითიც მაქვს:
1997 წელს ახლა უკვე ძალზე ცნობილმა და მაშინ სრულიად უცნობმა მწერალმა ქალმა, 12 გამომცემლისგან მიღებული უარის შემდეგ, როგორც იქნა, თანხმობის წერილი მიიღო „ბლუმზბერისგან“. ეგ იყო, რომ გამომცემელი ურჩევდა, იქნებ უფრო მამაკაცური სახელი აგეღო, ქალის დაწერილ წიგნს ბიჭები არ წაიკითხავენ, ეჭვით განეწყობიანო. მწერალმა იფიქრა და გადაწყვიტა, ბებიის სახელი, ქეთლინი, შეემოკლებინა. ასე გაჩნდა წიგნის ყდაზე ავტორის ნამდვილი სახელის, ჯოანის, ნაცვლად ინიციალები და გვარი: J. K. Rowling.
*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია