ნინო წვერავა
ბრძოლა საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის
რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქალი ჟურნალისტები საქართველოში?

02.10.2024
საქართველოში ქალი ჟურნალისტები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, მათი სამუშაო პროცესი სულ უფრო სახიფათო ხდება. შევიწროება, დისკრიმინაცია, მუქარა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, კიბერბულინგი - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ისინი ხშირად აწყდებიან.

საზოგადოების ინფორმირებაში მათი უმნიშვნელოვანესი როლის მიუხედავად, ქალი ჟურნალისტები ხშირად მხოლოდ იმიტომ ხდებიან სამიზნეები, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, სვამენ კრიტიკულ კითხვებს, იძიებენ მაღალჩინოსნების საქმიანობის დამალულ ფაქტებს, საუბრობენ ადამიანების დარღვეულ უფლებებზე და ამხელენ დამნაშავეებს.

ამ სტატიაში მოგიყვებით ორი ქალი ჟურნალისტის შესახებ, რომლებიც მათი საქმიანობის გამო არაერთხელ გახდნენ აგრესიის ობიექტები.
ერთ-ერთი თავდამსხმელის მიერ საკუთარ გვერდზე სიამაყით გავრცელებული ეს ვიდეო ქეთი თუთბერიძეზე თავდასხმას ასახავს.

ქეთი 2009 წლიდან ჟურნალისტია, მუშაობდა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე, აშუქებდა ისეთ თემებს, როგორებიცაა ჰუმანიტარული კრიზისი კონფლიქტის ზონებში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში, 2022 წლიდან კი გამომძიებელი რეპორტიორია.

„2016-2017 წლიდან დავიწყე ახალი სფეროს შესწავლა - ეს არის რუსული პროპაგანდა და მასთან დაკავშრებული ტროლები, მათი ტრაექტორია, მოქმედებები საქართველოში და ა.შ. სწორედ იმ პერიოდში გავხდი ულტრაკონსერვატიული, ობსკურანტული პრორუსული ჯგუფების სამიზნე. იმდენად შემაწუხებელი იყო მათი დევნა, წლები იყო მათი შემოტევები კიბერბულინგი, ვიღებდი მუქარებს როგორც უცხო ადამიანებისგან, ასევე პრორუსული ჯგუფის ორი მოქმედი წევრისგან, მაგრამ ფიზიკური თავდასხმის მერე, მე ვიჩივლე. ამის მიუხედავად, შსს-მ დაზარალებულის სტატუსი არ მომანიჭა‘’, - ამბობს ქეთი.

ქეთის აზრით, საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარებისა და პოლარიზებული გარემოს გათვალისწინებით, თავდასხმისგან ამ პროფესიის არც ერთი წარმომადგენელი არ არის დაზღვეული, თუმცა ქალი ჟურნალისტების მიმართ რადიკალური ჯგუფები თუ ცალკეული პირები კიდევ უფრო შეუწყნარებლები არიან, სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირად სექსუალური შინაარსისა და კონტექსტის მატარებელია, რაც ქალი ჟურნალისტების შევიწროებას, მათ დაშინებასა და საქმიანობაში ხელშეშლას ისახავს მიზნად.

„ალყაში როცა მომაქციეს „ალტინფოს“ მხარდამჭერებმა, მიღებდნენ ვიდეოს და პარალელურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. ამ ალყას როგორღაც თავი დავაღწიე, მაშინ ყურებში ჩამესმოდა ძალიან შეურაცხმყოფელი ფრაზები, რასაც მხოლოდ ქალებს ეუბნებიან, დამამცირებელ, სექსუალური შინაარსის მქონე სიტყვებს, მეძახდნენ ძუ*ნას. კაცსაც შეიძლება დაესხნენ თავს, მაგრამ იქ სექსუალურობაზე არ გაკეთდება აქცენტი, კაცს არ ეტყვის არავინ მსგავსი შინაარსის სიტყვებს, თუ ის არ არის ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს ადამიანები ჩვენ, ქალ ჟურნალისტებს გვიშლიან ხელს საქმიანობაში, მაშინ ამ ჯგუფთან აფილირებულმა ერთ-ერთმა პირმა ჩემზე თქვა, რომ აწუხებს უკაცობა, არის დაუკმაყოფილებელი და ყველგან შევიწროვება ეჩვენებაო. ასევე, სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ჩემზე ჰქონდათ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რაც არასწორია, მათ ვერანაირად ვერ ექნებოდათ ჩემზე რაიმე მასალა‘’, - იხსენებს ქეთი.


ქალ ჟურნალისტებზე თავდასხმის კიდევ ერთი თვალსაჩინო შემთხვევა „სტუდია მონიტორის’’ რედაქტორსა და გამომძიებელ ჟურნალისტს, ნინო ზურიაშვილს უკავშრდება. ნინო არაერთი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი და მრავალი პრიზის მფლობელია. 1997 წლიდან ამ პროფესიაშია და სამი მთავრობის მმართველობის პერიოდში ამხელდა მათს დანაშაულებებსა და კორუფციულ საქმიანობას, ამზადებდა ჟურნალისტურ გამოძებებს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. ნინო იხსენებს, რომ ამ დროის განმავლობაში არაერთხელ დამუქრებიან, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობითაც.

„ბევრი წლის წინ ერთ-ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობისას სიკვდილის მუქარა მივიღე, მაშინ პერიოდულად ჩემს მეგობრებსაც ემუქრებოდნენ. რა თქმა უნდა, მუქარის გამო არასდროს გვითქვამს უარი ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რადგან როცა ამ პროფესიაში ხარ, გააზრებული გაქვს რისკები.უბრალოდ არსებობს წესი, რომ მუქარას არასოდეს უნდა დაექვემდებარო და დაემორჩილო“, - ამბობს ნინო ზურიაშვილი.

ნინო ზურიაშვილზე ღია თავდასხმის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ,,ქართული ოცნების’’ მიერ „რუსული კანონის“ განხილვის პერიოდს უკავშირდება, როდესაც ოფისთან და საცხოვრებელ სახლთან მისივე გამოსახულებით შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გაურკეს, მისი პირადი მანქანა კი დააზიანეს.

ნინო გასული წლის მარტიდან მის გუნდთან ერთად უარს ამბობს ე.წ. „აგენტების რეესტრში“ რეგისტრაციაზე და ამ კანონის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის, რადგან მიაჩნია, რომ ეს კანონი თავისი შინაარსით განსხვავებული აზრის დევნას, თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მტრად გამოცხადებას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო „გამჭვირვალობასთან“, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს.
ამის გამო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო პროტესტების მიმდინარეობისას უცნობი პირებისგან შეურაცხმყოფელი ზარები მიიღეს.

“უნდათ, რომ იარლიყი მოგვაწებონ, ეს კანონი, ჩემი აზრით, არის ჩვენი დემონიზების კანონი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვისაც ვიცნობ, ჩემ გარშემო თავისუფალმა ჟურნალისტებმა ყველამ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ მივიწებებთ ამ იარლიყს, ჩვენ გვაქვს ერთადერთი სტატუსი და ეს არის თავისუფალი ჟურნალისტობის სტატუსი. ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე გავაპროტესტებთ, რადგან ამდენი წელი სიმართლეს ვემსახურებით. ამ კანონმა ამოარჩია ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რათა ,,ქართულმა ოცნებამ” კიდევ შეინარჩუნოს ძალაუფლება 12 წელზე მეტი ვადით. ხელისუფლება ცდილობს, რომ საერთოდ მოგვსპოს და გაგვანადგუროს მთელი სეგმენტი დამოუკიდებელი მედიის”, - გვეუბნება ნინო.

ჟურნალისტებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი რეფორმებია განსახორციელებელი, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც.
დაბრკოლებების, დისკრიმინაციული და მტრული გარემოს მიუხედავად კი ქალი ჟურნალისტები შეუპოვრად იბრძვიან საკუთარი და სხვების უფლებების დასაცავად, ამხელენ სისტემასა და საუბრობენ უსამართლობაზე.


*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია