მე ვარ ქალი, რომელმაც საკუთარი ბედის გზა ბევრჯერ შეცვალა. დაიწყო და დაამთავრა. და ისევ დაიწყო. და თუ ცხოვრების ყმაწვილურ ასაკშიც, ღმერთთან არ გავრიგდი, რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველაფრის მიუხედავად, სულ ერთ სწორ გზაზე სიკვდილამდე ვივლიდი, სავარაუდოდ, ტკივილის და ბრძოლის ბევრი ეპიზოდი დაიწერება.
ბედნიერებისკენ სწრაფვა ყველას უფლებაა! ეს არ მისწავლია. უბრალოდ, დაბადებიდან რწმენასავით დამყვა და არც აღზრდის დროს შემირყიეს მშობლებმა. მადლობა მათ!
როგორ დაწერდა ჩემზე ბლოგს ვინმე, სხვა ავტორი, გენდერული დეზინფორმაციის ჭრილში, ძნელი წარმოსადგენია.. ყველა მოსაყოლი ისტორიაა ჩემს პალიტრაში: დედისგან ნაწამები შეყვარებული, ფსიქოლოგიური ძალადობა, მსხვერპლობა და შიში, რომელიც ერთდროულად დამანგრეველიც იყო და შთამაგონებელიც, დაუსრულებელი კავშირები, რომელსაც უხერხულობის გამო წერტილს ვერ ვუსვამდი, სირცხვილსა და ამპარტავნებას შორის ჩაშლილი ფორმალური თუ არაფორმალური დაწყვილებები. სხვისგან მოყენებული სულის ტკივილიც და სხეულზე სილურჯეც მაშინ , როცა მხოლოდ დაშორებას ითხოვ. როცა ამას მივაღწიე, სხვა ტრაგედიით გამეცა პასუხი და ეს სამუდამო მსხვერპლობაში ჩარჩენის განაჩენია..
იქნებ, არასწორ დროს ვითხოვდი ყველაფერს? არ ვიცი. ან, ვინ იცის რამე, რეალურად? ურთიერთობებში გაჩენილ პრობლემას ხომ ერთი არც კუთხე აქვს და არც ხმა. ყველგან მისი წილი სიმართლე შეიძლება მოჩიჩქნო.
როგორ დაიწერებოდა ნეტა, ჩემზე?არ ვიცი, ძნელი წარმოსადგენია.
მაგრამ მე ვწერ სხვებზე. ვწერ და ინდუქციური აზროვნებისკენ მიდრეკილს, ბევრი დასკვნა გამომაქვს, რომელსაც რა თქმა უნდა, საჭირო დროს, ვერასდროს ვიხსენებ.
როცა რესპონდენტს ვუსმენ და მის ისტორიაში წარმოსახვით გადაცხოვრებას ვიწყებ, იქ უკვე გულამომჯდარი პროტაგონისტი ვხვდები და ვნებები მარყევენ. ანუ: რაციონალური ლოგიკა და წესები, რომელიც ასე სჭირდება უკვე თანამედროვე გენდეროლოგიას, მხოლოდ რეტროგრადულად და ისიც, მოგვიანებით წამომეწევა, როგორც „სქოლიო“ საინტერესო წიგნში.
გრძნობ, თუ სწავლობ, როგორ წერო ეთიკურად? ფიქრობ, რომ პირველი მაინც ავტორის შინაგანი წონასწორობის განცდაა. მაგალითად, მქონია ბევრი შემთხვევა, როცა თვითონ, პირად ურთიერთობაში გამძაფრებული, დასტრესილი, დაჭიმული ნერვით და შეშინებულიც კი მივსულვარ ინტერვიუერთან, ჩემივე, იმ წუთის და იმ წამისვე მწარე ისტორიის ტვირთით და მომისმენია ისეთი ამბავი, რომ გამღიმებია - საკუთართან შედარებით. ოღონდ, შინაგანი წონასწორობა მაძლევდა ძალას, ან უფრო, ზოგადი ემპათიურობა, დინჯად ამეკრიბა ნაბიჯები და სუნთქვა „სხვა ადამიანის“ (ბლოგის გმირის) სულის კორიდორებში, რომელიც კიდეც გავდა და არც გავდა ჩემსას.
ტკივილში ბევრი ქალი გავს ერთმანეთს, მაგრამ წინადადებებს შორის მაინც ამოიკითხავ ნამდვილს, განსაკუთრებულს და აი, ამ წერტილიდან ქმნი მის ისტორიას, ანუ მისი „წამოდგომის“ მთავარ ხელჩასაჭიდს ჩაავლებ და, სხვა რა დანიშნულება აქვს ჩვენს ბლოგებს, თუ არა, პერსონაჟის წელში გასწორების სურვილი? ეს, თეატრში „პარტნიორის ნდობის“ ვარჯიშს გავს.. მოატყუებ და თავიდან წაიქცევა, უკვე ორჯერ უფრო გულაცრუებული და ძალაგამოცლილი.
ამიტომაა მსხვერპლზე წერა ფაქიზი დრამის ჟანრი.
ამიტომაა ავტორის სამყაროც მნიშვნელოვანი.
არ გამოვა ემპათიის გარეშე.
ვერ დააჯერებ თუ თვითონ არ გჯერა და ვერც დაინახავ დასაჯერებელს, თუ ბოლომდე არ იგრძენი და გაიარე წარმოსახვით მაინც მისი მწარე გზა..
ამიტომაა მასზე დაწერილ ტექსტში, რომ ყველა ეპითეტი დამატებით ფერს იძენს: „ტკბილი“ არ ნიშნავს მარტო ტკბილს და „მწარეც“ არ არის მხოლოდ მწარე.
ამიტომაა, რომ ხშირად ბლოგის წერისას, არქეტიპებს ვესტუმრები, მსოფლიოს უკვდავ ქალებს- მედეას, ანტიგონეს, ელექტრას, კლიტემნესტრას.. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი ცოცხალი რესპონდენტი ერთი პატარა სოფლის ბინადარი იყოს, უპრეტენზიო წარმომავლობით და გაუმართავი ლექსიკით.. მთავარია, ასწლეულების მანძილზეც, ბევრი არაფერი შეცვლილა. მითუმეტეს ვნებათაღელვის, კაცის და ქალის, ოჯახის და საყვარლობის ფორმალურ თუ არაფორმალურ ინსტიტებშიც. ჩვენ ყველა მართლა ვგავართ ერთმანეთს საწყის განცდებში და ისტორიებშიც კი, რომელსაც უბრალოდ, სხვადასხვა სინტაქსით ვყვებით. გადაფასების სხვა რეგისტრში.
როცა ბლოგს ვწერ, მიზანი ერთი მაქვს: ჩემგან მონაყოლი მისი ნამდვილი ისტორიით, პერსონაჟს უფრო მეტად შევაყვარო და მოვაწონო საკუთარი თავი და ამით ფეხზე ადგომის პირველი ძალა მივცე!
ჰოდა, ბოლოს მაინც მგონია, რომ სიყვარულით იქმნება ყველაფერი კარგი და სათუთი. გიყვარს ადამიანი? - ბლოგის დანიშნულებასაც ამართლებ! და თუ ეს სიყვარული, მარცვლებს და წერტილ-მძიმეებს შორის რომ თავისთავად ყვავილობს, დაბადებიდან არ დაგყვა, მაშინ ისწავლე წესები - როგორ წერო, რომ არ ავნო და დაიცავი მკაცრად, რადგან უკვე გაქვს ჩვენი გზამკვლევი და გყავს ნამდვილი მეგობარი ქალთა ფონდ „სოხუმის“ სახით. მადლიერი ვარ. სწორედ ამ ფონდმა მომცა ის გამოცდილება, რომლითაც, ვფიქრობ, ბევრი ქალის ცხოვრება შევცვალეთ. და ეს უკვე, ისტორიაა ჩემი ბლოგების პერსონაჟების „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“.
მე ვარ ქალი, რომელმაც საკუთარი ბედის გზა ბევრჯერ შეცვალა. დაიწყო და დაამთავრა. და ისევ დაიწყო. და თუ ცხოვრების ყმაწვილურ ასაკშიც, ღმერთთან არ გავრიგდი, რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველაფრის მიუხედავად, სულ ერთ სწორ გზაზე სიკვდილამდე ვივლიდი, სავარაუდოდ, ტკივილის და ბრძოლის კიდევ ბევრი ეპიზოდი დაიწერება!