"მაშინ მე ვიყო დედაკაცი, ის კიდე - მამრი"






ზეკო ხაჩიძე

რადგან გენდერულ დეზინფორმაციაზე პირველი ბლოგი მედეას მითით დავიწყეთ, ისევ არ მშორდება ფიქრი, რომ შორს ვერ წავედით.. თითქოს ამ პრობლემაში დრო ისევ დგას ურჩად და უტეხად, რადგან ბევრი არაფერი შეცვლილა ადამიანების თვითგამოხატვის ფორმებში. ჰოდა „ანტიგონე“ გამახსენდა - ახლანდელი ჯენზის პროტოტიპი. შეუპოვარი თინეიჯერი. ბუნტარი, პროტესტანტი, რომელიც ეწინააღმდეგება მეფე-ბიძის მიერ საკუთარი სურვილით შეცვლილ, დროზე მორგებულ „კონსტიტუციას“ და თავისთავად იცავს მარადიულ/ღვთიურ კანონს - წესი აეგოს და დაიმარხოს მისი ძმა პოლინიკე. ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის თხზულებაშიც, კრეონი ასე პასუხობს ბედისწერით დაღდასმული დისშვილის „სიშლეგეზე“ საკუთარ „მთავრობის კაბინეტს“ და თებეს მოქალაქეებს:
„მაშინ მე ვიყო დედაკაცი, ეგ კიდევ მამრი,
თუ დაუსჯელად შევარჩინო ეს თავხედობა“
და თითქოს ესეც საგანთა წესრიგშია. ოღონდ ასე, ზედაპირული გადაკითხვის დროს და არა სოფოკლეს უკვდავი ტექსტის გაანალიზების შემდეგ, რაზეც ამჯერად აღარ შევჩერდები და კარგმა მკითხველმა უჩემოდაც იცის.
კრეონის და ჰემონის- მისი ვაჟის ნევრულ ზღვარზე გასული დიალოგის ფრაგმენტებია მამის დაცინვაც : „ჰო, რა თქმა უნდა, დედაკაცზე ზრუნავს ჭაბუკი“, ან „უღირსო მონავ, დედაკაცის ფეხქვეშ გართხმულო!“ . ყველა ამ ფრაზის არაზუსტი განმეორება, ან იგივე სულისკვეთებით ნათქვამი თითქმის იგივე სიტყვები, საკუთარ ბიოგრაფიაშიც ბევრჯერ გვისმენია და იქნებ, თანამონაწილეც ვყოფილვართ, ან მსხვერპლი.. იმ ფაქტის ცხადყოფისთვის კი, რომ საზოგადოდ ბევრი არაფერი შეცვლილა, - ახლა კატეგორიების განსაზღვრა სულერთია. მთავარია, რომ კაცების ერთ ნაწილს, სხვა კაცის დამცრობა ასეთი მიმართვებით, დღემდე ეფექტურად და ბუნებრივად სიამოვნებთ.
რამდენიმე ხნის წინ ჩემს ერთ ნიჭიერ მეგობართან ვსაუბრობდი და კონკრეტული ადამიანის გახსენების დროს, დამახასიათებელ ნიშნად ვახსენე - ისეთი კაცი იყო, ალბათ, კარგი გარეგნობის გამო რომ თანამდებობაზე დანიშნავდნენ მეთქი ადრე, საბჭოურ ნომენკლატურაში და წინსვლასაც ადვილად მოახერხებდა გაეშხებით და სუფრებითთქო. ჩემმა მეგობარმა იქვე გააანალიზა - ხო, რა საოცარია, ის რაც კაცის კარიერისთვის ადვილი გზა იყო, ართულებდა ქალის წინსვლასო. ანუ, ქალისთვის კარგი გარეგნობა სწორედ კარიერაში იყო ხელისშემშლელი. და მართლაც ასე იყო.
აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ქალი მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის ან პროფესიისთვის განიხილებოდა, სანამ ამ სტერეოტიპების დანგრევა მასობრივად არ დაიწყო. როგორც კამილ კლოდელი გახდა როდენის ნიჭიერების მძევალი, რადგან მოქანდაკე ქალი არასერიოზულად განიხილებოდა. ისე არასერიოზულად, რომ არაჩვეულებრივი კამილა ჭკუიდან შეშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყველასგან მიტოვებულმა დაასრულა სიცოცხლე.
ტრენინგზე, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ პროექტის "ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგრძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ ფარგლებში დააორგანიზა და ქუთაისის მედიაწარმომადგენლები მოიწვია, ბევრ მსგავს და უფრო თანამედროვე ამბებზეც ისაუბრა გენდერის ექსპერტმა ანა ლობჟანიძემ: მიზოგინია და ინტერსექციურობა, ტერმინთა განმარტება და ზოგადი მახასიათებლები, ციფრული ძალადობის 7 ნიშანი. ანუ, რა საფრთხეს ქმნის გენდერული დეზინფორმაცია.
რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ მედიას ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აქვს, რა თქმა უნდა, ე.წ. პირველ, მეორე და მესამე ხელისუფლებასთან ერთად, ტრენინგის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსულტაციაც და სწავლებაც სწორედ გენდერულად პასუხისმგებლიან გაშუქებას დაეთმო. დღეს, როცა სოციალური ქსელის სუპეროპერატიული თუ ეპატაჟური პოსტების და ნიუსების ავტორები ხშირად სცოდავენ და შესაბამისად, არც მედიაწიგნიერების ხარისხით ვბრწყინავთ, ვირუსული გავრცელება აქვს არასწორ აღქმებს, არასწორ ფორმულირებებს, სათაურებს და თუნდაც, შემთხვევით ან „ცხლად“ წამოსროლილ იარლიყებს, რომელიც ადამიანების ცნობიერებაში ილექება და სტიგმას აძლიერებს.
ჩვენმა ტრენერმა ისაუბრა ონლაინ ძალადობის შესახებ, რომელიც ხშირად კარგად ორგანიზებული და ორკესტრირებულია. ის შეიძლება შეიცავდეს სახელმწიფოს მიერ დასპონსორებულ მართულ ქსელს და მასში მონაწილეობდნენ ტროლები. ასეთი ონლაინ ძალადობით ხშირად თავს ესხმიან არა მხოლოდ ქალ ჟურნალისტებს ან ქალ პოლიტიკოსებს, არამედ მათ ოჯახებს, კოლეგებს და მხარდამჭერ ონლაინ ჯგუფებსაც. ასეთი ძალადობა მიზოგინურია და ინტიმური.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ მასობრივი და საზოგადოებრივი ტკივილების პრევენციებზეც.
ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ე.წ. „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებსა და მცველებს შორის სასტიკი, ხილული თუ უხილავი ონლაინ (და არამარტო) ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საზოგადოებას მხოლოდ თეთრ და შავ ნაწილად ყოფს, რაც თავისთავად, ბევრი დეზინფორმაციის, და მათ შორის გენდერული დეზინფორმაციის ნიაღვარს ქმნის ორივე მხრიდან. ხელისუფლებისგან ამ პროცესის „წახალისებას“ არაერთგვაროვანი ტრავმები მოაქვს მთლიანად საზოგადოებისთვის, რომლის მოშუშებასაც წლები დასჭირდება.
ამ სახიფათო მომავლის პრევენციისთვის, ხშირად იკითხეთ ჩვენი გზავნილები, ბლოგები, ქუოტპოსტერები, უყურეთ საინფორმაციო-შემეცნებით ვიდეოებს იმისთვის, რომ ერთად ვისწავლოთ - როგორ ამოვიცნოთ გენდერული დეზინფორმაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯანმრთელობას ვნებს, და ესეიგი, ჩვენი ქვეყნის მომავალსაც.
და ბოლოს: კრეონი კლავს ანტიგონეს. არადა, ანტიგონე მომავალია!