როდისმე გიცდია ფეისბუქით დროში უკან დაბრუნება? ისე რომ, უბრალოდ გადახედო გასული წლების ჩანაწერებს. ვთქვათ 2012 წლამდე? როცა შენს ფიდში ჯერ კიდევ უვნებელი „ტოპ 10 სიმღერა“ და უიქენდის სურათები ჭარბობდა. პასტა, ჯერ კიდევ მაკარონი იყო. შემდეგ ისევ დაუბრუნდე 2024-ს, სადაც რეალური მოვლენების ნაცვლად, სურათებზე ღიმილი რეტუშირებულია და არსი ფილტრებითაა გაუმჯობესებული. ყოველი დღე არაფრისმომცემი ახალი „მემია“, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე რეალური ამბები. ახლა ყველას შეუძლია ნებისმიერი რეალობის შექმნა და ბევრი მას დაიჯერებს.
გიფიქრია, რამდენად შორს წავედით? ან რამდენად ღრმად ჩავრჩით ამ ყველაფერში?
ეს დროის მანქანაა. ერთი ნაკლით - ის მხოლოდ წარსულში მიდის. გინდა დაბრუნება? მობრძანდი. სადაც შენი ძველი პოსტი, სამუდამო პატიმრობამისჯილივით ქეშშია ჩარჩენილი.
რა არის მომავალში? არავინ იცის. საინტერესო იქნებოდა იქ გადახედვა, არა? ვინ გავხდით, რა შევცვალეთ, რა გავაკეთეთ უკეთესად. მაგრამ "დროის ლიფტი" აქ და ახლა ჩერდება. ბოლო სართული ახლანდელი მომენტია. ერთადერთი რისი გაკეთება შეგიძლია, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა. აქ და ახლა შექმნა მომავალი, რომელიც ჯერ არ არსებობს. დაფიქრდი ამაზე, სანამ დააჭერ ღილაკს "გაზიარება". ეს მხოლოდ მოქმედება არაა. ეს შენი არჩევანია - რა დატოვო წარსულში და რა წაიღო მომავალში.
წარმოიდგინე, ჩვეულებრივი დღეა. ზიხარ ტელეფონით ხელში და ფეისბუკს სქროლავ. ყავა ცივდება, სამუშაო იცდის. ყველაფერი კარგადაა, ცხოვრება მიდის. სიახლეებს ჩვეულებრივ ლანჩივით ღეჭავ და იცინი. კატებს ცვლის მემები, მემებს კი საარჩევნო კამპანიები და ფილოსოფიურ ციტატები მზის ჩასვლის ფონზე. მერე მასტერკლასი - როგორ შევქმნათ"რეალისტური" ფოტოები, ვიდეოები და მემები? "ბუნებრივობისკენ" სწრაფვა გაუმჯობესებული ფილტრებით. აი, კიდევ ერთი ბლოგერი, რომელიც განმარტავს, როგორ მოვამზადოთ პასტა "კარბონარა" სწორად. და ამ დროს შენი ფიდის ცენტრში,
ვიდეო ჩნდება.
ოჰ, დიახ, ის უკვე გააზიარა შენმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ყველა მეზობლებმა კიბის უჯრედიდან. შიშნარევი სიფრთხილით აჭერ ვიდეოს ჩართვის ღილაკს და... ამოისუნთქავ. ეკრანზე ცნობილი პოლიტიკოსი ქალი - თინა ბოკუჩავაა, ის თავდაჯერებულად, რაღაც უცნაურს ამბობს, ძალიან უცნაურს.
კითხვაც აბსურდულად ჟღერს:
- "მიშა თუ ქმარი?"
რომელსაც თინა ღიმილით პასუხობს:
- “ეს არ არის მარტივი, იმიტომ, რომ ორივე ძალიან მიყვარს”.
როგორ? მართლა თქვა ეს? - ფიქრობ. შენს აღშფოთებას ათასობით ადამიანი უერთდება. კომენტარები უხამსი ლექსიკით ჭრელდება. ზოგი ბრაზობს, ზოგი ერთობა. შენ კი რას აკეთებ? დაბნეული ხარ. უბრალოდ უყურებ და ფიქრობ: - "ამ ქალზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა".
და უკვე საკუთარ თავთან იწყებ კამათს:
- გავაზიარო?
- არა.
- მოვიწონო?
- აბა, რა ვიცი.
- საერთოდ, ვინ იცის რა ხდება აქ?
მართალი ხარ. აქ სულ სხვა რამე ხდება. ის, რაც შენ ნახე ვიდეოს დამონტაჟებული ფრაგმენტი იყო, რომელიც ფეისბუკ-გვერდმა “სიმართლის დროამ” გაავრცელა. მაგრამ სიმართლის ნაცვლად მან დახვეწილი მანიპულაცია წარმოგვიდგინა.
სინამდვილეში, ეს ყველაფერი გაცილებით პროზაული იყო:
2024 წლის აგვისტო. „დემოკრატიის ფესტივალი“ კახეთი, თელავი, კაშკაშა მზე, სტენდები, ხალხმრავლობა, მათ შორის თინა ბოკუჩავაა. აქვე იწერება “კახური ქვიზი”- პატარა
ვიქტორინა რეგიონის შესახებ.კითხვა კი სულ სხვა იყო:
- “მწვადი თუ ხაშლამა”?
- "ეს არ არის მარტივი, იმიტომ, რომ ორივე ძალიან მიყვარს, თუმცა მაინც მწვადი".
ნახევარი წუთი, ორიოდე ამოჭრილი ფრაზა და უბრალო ქვიზის ფრაგმენტი, ვირუსად იქცა ხმამაღალი სათაურით "ღალატი". ხალხი წერს გაბრაზებულ პოსტებს, ავლენს ზიზღის, გადასცემს ანათემას, აკერებს იარლიყებს. ეჭვქვეშაა ნდობაც. „შემოქმედებითმა შეურაცხყოფამ" თავისი საქმე თითქმის მთლიანად შეასრულა.
ასე, ხდებიან საჯარო ცხოვრებაში აქტიური ქალები გენდერული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის სამიზნეები. რატომ? იმიტომ, რომ რაღაცას აკეთებენ. ეს უკვე შეცდომაა! და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ ქალები არიან!
ქალებს უფრო ხშირად უწევთ გამიზნული თავდასხმების, შევიწროების შეურაცხყოფის და დამცირების მოგერიება და სწორედ ამიტომ მათ ჩვენგან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.
მწვადის და ხაშლამის საკითხი საბოლოოდ რით დასრულდა? საზოგადოებამ ორივე კერძი მიირთვა და მაინც მშიერი დარჩა. მთელი ამ "ინფორმაციული სამზარეულოდან" კი ერთი გემო გამოჰყვა - სიმწარე. იმიტომ რომ, წინასწარ ვერავინ იტყვის, ვინ დაამზადებს "რეცეპტს", ვისი შეკვეთით მოხდება ყველაფერი, და რაც მთავარია, ვინ, სად და როდის შეიძლება გამწარდეს შემდეგი ბლეფით.
ასე რომ გააკეთე შენი არჩევანი. სიმართლე არსებობს. ის შენით იწყება. შეამოწმე, დაფიქრდი, და დაეჭვდი!ამ ამბავმა გამახსენა ერთი ვირუსული ვიდეო, რომელიც ალბათ უკვე გინახავს, თუ არა - დილით ის უკვე შეავსებს შენს სიახლეების ფიდს.
ჩამოსქროლე ქვემოთ, ორწლიანი ვოიაჟი უკან — 2022 წელზე.
ყავა უკვე გაცივდა, ისევ ზიხარ მყუდრო კუთხეში და აგრძელებ ონლაინ სამყაროთი ტკბობას, როგორც დილის სქროლინგის ექსპერტი. ღიმილი არ გტოვებს - როგორ უცნაურად ცვლიან ერთმანეთს მოცეკვავე ძაღლები და მემები. მემებს კი პოსტი: "როგორ დავძლიოთ კრიზისი პანდემიის შემდეგ და როგორი იქნება ჩვენი მომავალი?", მერე მეგობრის ფოტო, რომელიც ისეა დარედაქტირებული, რომ მარტო სახელით თუ ამოიცნობ. გვერდზე მისივე შემოთავაზებული ლინკი: მასტერკლასი - იდეალიზებული რეალობა. როგორ შევქმნათ ფოტოები, ვიდეოები და მემები მკვეთრი ფილტრებისა და მძიმე რეტუშირების გამოყენებით, ამას მოჰყვება, მრავალწლიანი დავა ფილოსოფიური შეხედულებებით: „ანანასის ადგილი პიცაზე: თავისუფლების ჰიმნი თუ კულინარიული წარმოსახვის დასასრული?“.
და უცებ ჩერდები... თითქმის ვერც კი შეამჩნიე, როგორ გადაავლე თვალი რამდენიმე პოსტს. აი
ვიდეო, რომელიც ფეისბუქ გვერდმა „არ აგარევინებთ“ გაავრცელა. თამამი სათაურით „ინგას ძვირფასი მამაკაცი ვინ ალისო ვინაო?!“, რომელმაც მყისიერად დააგროვა ასობით ათასი ნახვა. უამრავი ადამიანი მას ეკრანიდან ეკრანზე ისე სწრაფად აზიარებდა, როგორც რამდენიმე ხნის წინ ვირუსს, ხელიდან ხელში. უსასრულო კომენტარები, დიდი ხანი იყო ჩატვირთვის პროცესში.
ეს ისაა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვო. რთავ და... თვალებს არ უჯერებ.
- ვიიინ?
ინგა გრიგოლია, რა თქმა უნდა.
ვიდეო იწყება ცნობილი ტელეწამყვანის სრულიად სერიოზული "აღიარებით":
- "ჩემი ძვირფასი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია”.
ამ სიტყვებს მოჰყვება დრამატული ფონი - გისოსებს მიღმა ყოფილი პრეზიდენტის კადრები და ფონად მოულოდნელი ფრაზა:
- „ქალი მინდა, გესმით?"
ვიდეოს ზედა ნაწილში განთავსებულ წარწერაში ისმის კითხვა:
- „ინგას ძვირფასი მამაკაცი ვინ ალისო ვინაო?!“
ინტრიგა... დიახ, სწორედ ეს არის ის საიდუმლო, რომლის გახსნასაც ყველა სუნთქვაშეკრული ელის.
ფიქრობ: - ეს რა სიტკომია? არა, ეს არაა უბრალო ხუმრობა.
ვიდეო თავდაჯერებულად დაფრინავდა ქსელში და აგროვებდა მოწონებებს, როგორც ფუტკარი თაფლს.
ახალი ინტერნეტ-სენსაცია!
ვიდეო, იმავე ტექსტით, ფეისბუქ გვერდმა „პოლიტიკური სამარე N5“ - მაც აიტაცა, როგორც მსუბუქი საზაფხულო კოქტეილი.
საინტერესო დეტალი: ინგა გრიგოლია ამ ვერსიაში უბრალოდ "ზანტად" არ ზის. არა! მის ფონს მუსიკა და ანიმაციური გულები ამშვენებს. როგორც ჩანს, ვიდეოს შემქმნელებმა გადაწყვიტეს მაქსიმალურად გაეძლიერებინათ ექსპრესიული სტილი და რომანტიკული დრამის ელემენტების დაამატეს. ამ ვიდეოს სტილი იმდენად ტკბილია, რომ ეკრანიდან გადმოდის. ერთადერთი, რაც აკლია, სათაურია: „განსაკუთრებით შენთვის, მხოლოდ კვირაობით“!, მაგრამ ნუ მოგატყუებთ ტკბილი გარსი — ვიდეოს მიზანი აშკარად შორსმიმავალია.
ეკრანზე თვალებმილურსმნული საკუთარ თავს ეკითხები:
- რა არის ეს?
- სერიოზულად ამბობს ამას, თუ მორიგი ქლიქბეითია?
რაც არ უნდა გაგიკვირდეს, ინგა გრიგოლია მართლა ამბობს ამ სიტყვებს. და სინამდვილეში ყველაფერი ასე იყო:
4 ოქტომბერი.
გადაცემა “რეაქცია”. ინგა გრიგოლია მას შემდეგი სიტყვებით იწყებს:
“ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ძვირფასი მამაკაცი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია. მაშინ რომ მცოდნოდა, რამდენი მოღალატეა მის ირგვლივ, მხარს არ დავუჭერდი მის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ” .
ის კითხულობს ციტატას უმაღლესი რადას დეპუტატის ლიზა იასკოს (რომელიც, სხვათა შორის, სააკაშვილის პარტნიორია) მიერ გამოქვეყნებული
პუბლიკაციიდან.
გასაგებია, რომ ამ ვიდეოს "შემქმნელებს" არ უფიქრიათ, რომ სრულ ეპიზოდს ვინმე ნახავდა და ეს ფრაგმენტი გადაცემიდან "მარტივად" ამოჭრეს.
სწორედ აქედან დაიწყო "ოსტატური ფენტეზის" მონტაჟი.
ყველაფერი როგორც კარგად გაწყობილი სცენარი: ვიდეო, მონტაჟი, და — ვიდეოპრემიერა „ჩემი ძვირფასი მამაკაცი“ სექსისტურ ენაზე მზადაა. მთავარ როლში - ინგა გრიგოლია.
იდეაში, მას ინტერნეტ-სივრცე უნდა დაეპყრო, რადგან ვის არ სურს იცოდეს, ვინ ვისთან არის, მით უფრო, თუ საუბარია ყოფილ პრეზიდენტსა და პოპულარულ ტელეწამყვანზე? ჩვენ, მაყურებლებს, ჩვეულებისამებრ, გვიყვარს ასეთი კონტენტების შთანთქმა, არა?
აქვე დაიწყო ახალი ნარატივის ჩასახვა, რომელიც კონტექსტიდან ამოღებულ ფრაზაზე დაფუძნებულია და ჩვენი აღქმის ფორმირებას იწყებს.
კომენტარებში, სიტყვასიტყვით, ახალი ინგა იქმნება. არა ჟურნალისტი, არამედ ვულგარულ სიტყვიერი სლალომის ობიექტი.
მონტაჟის "კრეატიული" მიდგომით, ახალი რეალობა დაგვიდგა. კლასიკური სლათ-შეიმინგი თანამედროვე გემოთი. ახალი სახე, ახალი იმიჯი. ინგა გრიგოლია, პატივსაცემი ჟურნალისტი, პოლიტიკურ ფიგურასთან „დაკავშირებული“ ქალი გახდა, არა თავისი პროფესიონალიზმით, არამედ ემოციური აღქმით. ახლა ის აღარ არის ინფორმაციის სანდო წყარო, ის განხილვის ობიექტია. ამ დროში ინგა გრიგოლია გახდა ქალი, რომელთანაც აღარ საუბრობენ მნიშვნელოვან თემებზე, არამედ იმაზე, ვინ არის ის და ვისთანაა.
გადასქროლე ქვემოთ, ათი წელით ადრე.
2012 წელი. მორიგი დღე. თვალს ავლებ ფეისბუქს, რომელიც შენი პირადი აღსარების ვერსიაა. ჩვეულებისამებრ ათვალიერებთ უთვალავ ფოტოებს, და სხვა ადამიანების განცდებს.
არჩევნები, "მემების ომები", „ტოპ 10 სიმღერა“ და უიქენდის სურათები, აქვე, გვერდზე, რეკლამა: „დღესვე იყიდე ორთქლის უთო და მიიღე ორი უფასოდ!“, ვინმეს ბებიის რეცეპტი: „საოცარი ხაჭაპური ხუთ წუთში!“.
ბოლოს კი ვიდეო, რომელიც ინტერნეტში სინათლის სიჩქარით მიედინებოდა. ტოვებდა ემოციების ნაკადს და მოწონებებს.
- და რა არის აქ განსაკუთრებული?
ყველაფერი.
ინტრიგა, აღშფოთება, დაცინვა, "საიდუმლო", რომელიც "გაირკვევა". ამ ვიდეოს ნახულობენ, უგზავნიდნენ მეგობრებს და განიხილავდნენ ყველგან, ოფისის გამაგრილებლებიდან საღამოს ვახშმობამდე.
ვიდეო რეალური კი არა, ჰიპერრეალურია. ყოველგვარი მონტაჟის და ფილტრების გარეშე. დაქირავებული პირებით. დამამცირებელი, შემარცხვენელი.
ეს ვიდეო სლათ-შეიმინგი დამანგრეველი ძალის სიმბოლოა.
რამდენიმე ღილაკის დაჭერამ ადამიანის კარიერა ნანგრევებად აქცია.
ერთი ქალი, რომელიც პოლიტიკაში უკვე კარგად იყო ცნობილი უეცრად გაქრა.
- რატომ? იკითხავ.
"გადაწყდა", რომ ის უნდა წასულიყო. და ეს გადაწყვეტილება მას საზოგადოებამ მიუსაჯა. ყველამ, ვინც ვიდეოს უყურა, გააზიარა, მოიწონა და კომენტარიც დატოვა.
არა სასამართლომ, არამედ "კოლექტიურმა ტრიბუნალმა ფინჯან ყავაზე".
ბოლოს რას მივიღეთ?
დამსხვრეულ რეალობა. ირონიულ სარკე, სადაც სახალისოსა და უმძიმეს შედეგს შორის ზღვარი ქრება.
ამ ამბავმა ნათლად ასახა. როგორ აყალიბებს გენდერული სტერეოტიპები საზოგადოების დამოკიდებულებას ერთსა და იმავე მოვლენაზე.
და აი, მთავარი კითხვა:
- რა მოხდებოდა, ეს რომ მამაკაცი ყოფილიყო? იგივე?
სავარაუდოდ არა.
მამაკაცები იშვიათად არიან სლათ-შეიმინგის მსხვერპლნი და თუ მათი პირადი ცხოვრება სკანდალის ცენტრში მოექცევა, ყველა მდუმარე მაყურებლები ხდება.
ასე ყოფს საზოგადოება ადამიანებს ორ ბანაკად: ქალების ბედის გადაწყვეტა ერთი ღილაკის დაჭერით ხდება, მამაკაცების შემთხვევაში კი – ყველაფერი ნორმალურია. ყველა ჩუმადაა...
სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ეს უსამართლობაა, მსგავსი ისტორიები ისევ განმეორდება. სამართლიანობისთვის, საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ყველას ერთნაირად განსჯა, სქესის მიუხედავად.
და რაც მთავარია, შეწყვიტოს სხვისი ცხოვრების გასართობად გადაქცევა.
თითოეული ფიქრობს: "მე უბრალოდ გავაზიარე, ეს ჩემი ბრალი არაა".
მაგრამ ეს არის სწორედ ის, რისი იმედიც აქვთ ამ ვიდეოს შემქმნელებს. მათ იციან, რომ ჩვენ უფრო გვჯერა, ვიდრე ვამოწმებთ. ჩვენ უფრო ხშირად ვგმობთ, ვიდრე ვუფიქრდებით.
თუ არ გინდა გახდე გადაწყვეტილების ნაწილი, მაშინ გაჩერდი და შეამოწმე. იფიქრე. ჰკითხეთ საკუთარ თავს: "-იქნებ ეს ტყუილია?"
ისევ ჩაისუნთქავ , ყავას მიკროტალღურ ღუმელში დგამ და... დღეს აგრძელდებ, უკვე ახალი გაგებით -
კი, სიმართლე არსებობს. და ის ჩემით იწყება.სქროლავ ფეისბუქს და დახეტიალებ ამ ქრონოლოგიურ მაკულატურაში.
უაზრო და გამოუსადეგარი, ნაგვის ნაფლეთებში, რომელთა ნაწილი უკვე გზადაგზა დაკარგულია. აქ გენდერული დეზინფორმაციის ნიუანსები, ფრაგმენტების მსგავსად მიმოიფანტა სქროლზე:
ვიღაც პომადას ისვამს და ხალხზე საერთოდ არ ზრუნავს.
პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი შველას ითხოვს, მაისურზე წარწერით "ლიფი მიჭერს". აქეთ კიდევ ერთი ამბობს:
"კაცები რომ არ არსებობდნენ, უფრო სწრაფად გავმრავლდებოდით." და აი, უკვე არსებობს იდეა
ბიჭების რაოდენობის შემცირებასა და გოგონების შობადობის რეგულაციებზე.
ეს უწყვეტი, გაცვეთილი ფანტაზიის ამბები, თავმოყრილია უზარმაზარ ნაგვის ურნაში, სახელად - სოციალური ქსელი.