ზეკო ხაჩიძე

08.11.2024


ოჯახი, თუ ოჯახის წინააღმდეგ

გენდერული დეზინფორმაციის შესახებ მეტ-ნაკლები მგრძნობელობით, უკვე 6 თვეა ბლოგებს ვწერ. არ ვიცი მათ შორის რომელია ისეთი, რომელიც ზუსტად გადმოცემს ტერმინის ცხად შინაარსს, ცხად საშიშროებას - დამანგრეველს, დამაზიანებელს..

საერთოდ, როდის დავიწყეთ ამის შემჩნევა და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი? ალბათ, ტერმინის დაბადებამდე. გაცილებით ადრე, ვიდრე „გენდერიც“ და „დეზინფორმაციაც“ ხშირი და მოქნილი ვერბალური ინსტრუმენტი გახდებოდა.
დღევანდელი ბლოგის თემა ყველაზე ნაკლებად საჭიროებს დიდ და ბუნდოვან შესავალს. სახალხო ხმაური, რომელზეც ვწერ, გენდერული დეზინფორმაციის კლასიკაა - ჩვენი საზოგადოების ავტორობით: დღეს და ახლა!

იშვიათია საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ გულგრილია. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხარდამჭერი იყო. ერის ერთმა ნაწილმა ისევ გამეტებული პირველყოფილებით გადაუარა მეორე ნაწილს და პირიქით. საოცარია და „გამარჯვებული მხარეც“ ვერ დააცხრო გამარჯვების უუმრავლესობითმა კმაყოფილებამ. ჰოდა, ჩვენი ამბავიც პოსტსააარჩევნო ბრძოლის ნარჩენებს ელინკება:

„მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ორ ოლქში ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. ამ გადაწყვეტილებით, მან არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა“.

თითქოს დამარცხებულებმა (თუ ამ დამარცხებას ერთი მხარე აქვს) ამ თამამი და პრეცედენტული გადაწყვეტილებით, სადღაც, გამოტირებული სახელმწიფოს შარაზე, ურმით მოჭრიალე სამართალსაც მოკრეს თვალი და ნაწილობრივ სულიც დაუამდათ. გამარჯვებულებმა კი ეს პატარა სიამეც არ აპატიეს. და აი, აქ იწყება გენდერული დეზინფორმაციის ბობოქარი იერიში. წარმოუდგენელი ჭუჭყის და ირონიის სტიქიური მოქცევა სოციალური ქსელების ემოციურ ზღვაში. მათ შორის, არა მხოლოდ პერსონალური, მსხვილი მედია ორგანიზაციებისიც კი, სამწუხაროდ.
არადა ბლოგი მინდოდა დამეწყო იმით, რომ დაოჯახებული ვიყავი. დაახლოებით 17 წელი მყავდა ქმარი და ვიცოდი რას ნიშნავდა ოჯახი, ჯერ კიდევ ჩემი ტკბილი მშობლების გარემოდან მოყოლებული. ჩემი „გათხოვება“ არაფრით გავდა მათ, მაგრამ ჩვენებური იყო, ერთმანეთს ვაგულიანებდით და ვუწონებდით იდეალისტობას, ბასრ სიტყვებში და შავ იუმორში ვმეგობრობდით, მან მასწავლა ბევრი საინატერესო რამე, რასაც ვერასდროს გავიგებდი, -გამაკარგტიპა კიდეც, მე ასე მგონია. როცა ერთმანეთის ღირებულებითი წახალისება დავკარგეთ, დავიშალეთ. არა, ეს სულაც არ არის კარგი მაგალითი, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრება იყო და ჩვენი არჩევანი. ყოველ შემთხვევაში, 17 წლის მანძილზე, ერთმანეთის მოსმენა არ მოგვბეზრებია.

იმ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, „ოჯახი“ და „ოჯახის სიწმინდე“ სულ უფრო და უფრო ხმამაღალ მოწოდებად ისმის. თითქმის საარჩევნო სლოგანია. თითქმის განსხვავებულის დიკრედიტაციის „კეთილხმოვანი“ ხერხი, თითქმის ცუდი ზრახვების კიტჩური შეფუთვა, თითქმის ძალადობის ერთგვარი თავშესაფარიც და კიდევ ბევრი „თითქმის“... მაგრამ ეს სხვა ბლოგის თემაა. მოკლედ, თუ ამ სლოგანის მართლა სჯერა იმას, ვისაც სჯერა და თუ ქვეყნის შენებაში ეს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანდატი სრულფასოვნებისთვის, მაშინ რას ვგულისხმობთ „ოჯახში“, თუ არა ცოლ-ქმრის ფასეულობით მეგობრობას, თუ არა ცოლ-ქმრის მთლიანობას წინ, უკან ან გვერდზე გადადგმულ ნაბიჯებში, თუ არა შენებაში, ნგრევაში, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციაში მყარ ხელჩაკიდებას? რაა ოჯახი ერთმანეთის ფასეულობითი აღფრთოვანების გარეშე?

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ცოლი, რომელზეც საზოგადოების ერთმა ნაწილმა გენდერული დეზინფორმაციის მყრალი ბალღამი გადმოანთხია, - სამარცხვინოც და ცოტა სასაცილოც არსის უბადრუკობით, - ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული, მწერალი ელზა გურგენიძეა. „ზაოდის“ ავტორი. მკაფიო, საინტერესო, ნიჭიერი, გაბედული. პრემია „საბა“ ელზამ „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ ნომინაციით მიიღო. არ არის პატარა საქმე.

ჩვენი ორგანიზაციის გზამკვლევში წერია: „გენდერული დეზინფორმაცია პოლიტიკურად ან სოციალურად აქტიური ქალების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტია, რაც, ძირითადად, ონლაინ სივრცეში ვლინდება. ქალები ძალიან ხშირად ხდებიან ყალბი და არაზუსტი ინფორმაციის სამიზნედ, რაც ორიენტირებულია მათ დისკრედიტაციაზე, დაშინებაზე, დაკ ნინებასა და გაჩუმებაზე“.

ვისაც „ზაოდი“ წაუკითხავს, აუცილებლად მიხვდება, რომ მისი ავტორის დაკნინება და დაშინება ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ცდა იყო. ალბათ ამაზე მწერალი ახალ ბესტსელერს დაწერს და ის გაცილებით ვნებიანი იქნება, ვიდრე ჩვენი ბლოგი გამოვიდა : ყველა ეთიკური ნორმის დაცვით და დეზინფორმაციული წყაროების ტირაჟირების გარეშე.

მაგრამ! ისევ ოჯახის მნიშვნელობას ვუბრუნდები და ბოლო ათწლეულის საარჩევნო სლოგანს: თუ ოჯახური ერთგულებისა და სიწმინდისკენ მოგვიწოდებთ, ესაა, ზუსტად ეს - ხუჭუა-გურგენიძის ტანდემი, რასაც თვითონ ებრძვით და განიკითხავთ, ბოტებით, ტროლებით, ოფიციალური მედიების ქარდებით თუ სხვა საშუალებით, არ აქვს მნიშვნელობა. თვითონვე ნუ გახდებით ნამდვილი ოჯახური ფასეულობის მტრები, ძვირფასებო. ნუ ანგრევთ იშვიათ ერთობას ნამდვილ წყვილებს შორის, რომელიც, როგორც ტრიბუნებიდან ვამბობთ, ასე მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობისთვის - ჩოხით, თუ ჩოხის გარეშე. ჩამოყალიბდით.

ოჯახი არის ეს!