როგორ უნდა გავაშუქოთ ძალადობაგამოვლილი ქალების ისტორიები ეთიკურად? ძალადობის მსხვერპლი ქალების შესახებ ისტორიების ეთიკურად გასაშუქებლად ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან რამდენიმე ძირითადი პრინციპი და მითითება, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს საკითხის მიმართ მგრძნობელობასა და სიზუსტეს და რომლებიც ეფუძნება ძალადობის მსხვერპლთა პატივისცემას, მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ამავდროულად კი ებრძვის სტიგმებსა და სტერეოტიპებს.
ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას ჟურნალისტების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა წარმოშვა საჭიროება, რომ შემოშავებულიყო კონკრეტული წესები და ე.წ. “გაიდლაინები” მედიის წარმომადგენლებისთვის, რაც ხელს შეუწყობდა აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე პირების განათლებასა და მათ ცნობიერების ამაღლებას.
არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა და დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მედიაში ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობის თუ ძალადობაგამოვლილი ქალების შესახებ ისტორიები.
2023 წელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ WECF-სა (ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო), მედიის წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე მოამზადა ფემიციდის გაშუქების
დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:
● დაუშვებელია მსხვერპლის პირდაპირი ან ირიბი დადანაშაულება/დისკრედიტაცია;
● დაუშვებელია მოძალადის პირდაპირი ან ირიბი გამართლება;
● ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება არ უნდა შეილახოს არც მისი გარდაცვალების შემდეგ;
● აუცილებელია შესაბამისი ენისა და ტერმინოლოგიის გამოყენება;
● მნიშვნელოვანია კითხვების სწორი ადრესატის შერჩევა;
● მნიშვნელოვანია ერთიანი სტანდარტი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი იქნება და ჟურნალისტებს ეთიკურ გაშუქებაში დაეხმარება;
● მნიშვნელოვანია სრულყოფილი გაშუქება;
● უფლებადამცველებისთვის, ექსპერტებისთვის აზრის კითხვა სათაკილო არ არის;
● სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიას შეუძლია, დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მასალებს თან დაურთონ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეიძლება დაუკავშირდნენ ცხელ ხაზსს, ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკური სტანდარტები და ძალადობაგამოვლილი ქალების შესახებ მასალების მომზადებისას პრიორიტეტი მიანიჭონ და მხარი დაუჭირონ მსხვერპლს.
საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქალების შესახებ არსებული სტერეოტიპების, სტიგმების დაძლევა და მეტად სოლიდარული, ემპათიური საზოგადოების ჩამოყალიბება.
*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.