ქეთი ფრუიძე

06.11.2024


წითელი პომადა,

ანუ როგორ დავხატოთ ადვილად სხვისი პორტრეტი

მართალი გითხრათ, არც კი ვიცოდი, რომ ჩვეულებრივ პომადას ამდენი ხმაური შეეძლო გამოეწვია. თუმცა, შესაძლოა, ოდნავ ვაჭარბებ.

ახლახან ერთ ამბავს გადავაწყდი და დავფიქრდი. რატომ არის, რომ ქალები ხშირად ხდებიან სამიზნეები? ერთხელ შეცდი – მორჩა, მოემზადე. ერთი სიტყვა არასწორად თქვი, არასწორი მიმართულებით გაიხედე – და საზოგადოებრივი აზრის მთელი არმია უკვე შეტევაზე გადმოდის.

ამბავი თითქოს ერთ კონკრეტულ ქალზეა, მაგრამ სინამდვილეში ის ყველა ჩვენგანზეა.

ყველაფერი დაიწყო ორი ერთი შეხედვით სრულიად შეუთავსებელი რამით - კანონპროექტით და პომადით. თითქოს, სად ერთი და სად მეორე? მაგრამ არა, ეს საზოგადოებაა, ჯერ კიდევ დიდი მიკერძოებების სამყარო; აქ ისეთი მიქსები ხდება, რომ მაღალი მოდის კრიტიკოსებსაც შეშურდებათ. ეს ზუსტად იგივეა, რომ შევუდგეთ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ზომების განხილვას და მოულოდნელად გარკვეული ფერის პომადის გამოყენების შესახებ რეკომენდაცია დავამატოთ.

ასე რომ, წარმოიდგინეთ: მაისი. პარლამენტი. გარეთ ჭექა-ქუხილი და მიტინგია, დარბაზში კი ქვეყნის ბედზე მსჯელობენ... და ამ დროს სოციალური ქსელების სივრცეში ახალი სკანდალი ფეთქდება. და იცით, ვინ არის ამ სკანდალის გმირი? დეპუტატი სალომე სამადაშვილი! და რის გამო, იკითხავთ? პომადის ტუბი! წარმოიდგინეთ, მთელი ქვეყანა, უამრავი კითხვა, აქ კი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის თემაა: ვინ, სად და როგორ იღებება. მარტივი ჟესტი, მინიმალური მაკიაჟი და აი უკვე სხვისი პორტრეტი იხატება.

მოკლედ, 2024 წლის 13 მაისს POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პარტია "ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი, „შეიარაღებული“ წითელი პომადის ტუბით ტუჩებს იღებავს. და შოუ დაიწყო!.. ვიდეოს თანდართულია წარწერა რომელიც მიანიშნებს "უპასუხისმგებლობაზე" და "საზოგადოების ნდობის დარღვევაზე" - პირდაპირ ცრემლი მოგადგება: „სანამ გარეთ ხალხი წვიმაში, ღამენათევი იდგა, პარლამენტში სხდომა მიმდინარეობდა, ეს იპრანჭებოდა და დააგვიანა შესვლა. მაგრად ადარდებთ გარეთ ხალხი და შიგნით კანონი”. თითქოს ქუჩაში ბრძოლა მიმდინარეობს, ხოლო დარბაზში ნამდვილი დრამა ვითარდება ეს კი... და – ეგრევე ინტერნეტი ფეთქდება!

ჰოდა, რა გამოდის? ჩვეულებრივი პომადა, რომელიც უმეტესობისთვის არაფერი განსაკუთრებულია, გადაიქცევა „მტკიცებულებად“ რაღაც უფრო დიდის, უფრო ნეგატიურის და მიკერძებულის. და აი, ვითომდა ესაა გასაღები ხასიათისა და პროფესიონალიზმის. კომენტარებში მაშინვე იწყებენ განხილვებს...

მაგრამ მოიცადეთ, რა ხდება, რეალურად, პარლამენტში?

სინამდვილეში, სალომე ადგილზე იყო! პარლამენტში, სადაც სწორედ მნიშვნელოვან კანონპროექტს განიხილავდნენ. სხდომა კი მას "ბიუთი-რიტუალის" გამო არ გამოუტოვებია, არამედ იმიტომ, რომ პოლიციამ შეაყოვნა.

უფრო მეტიც, ეს „მედია-კრეატივის“ მთელი თავისი კონტენტით სინამდვილესთან ძალიან შორს იყო. ვიდეო, როგორც აღმოჩნდა, გადაღებულია სასამართლოს სხდომაზე, სადაც განიხილავდნენ... დიახ, თქვენ გამოიცანით, სალომეს თანაპარტიელის საქმეს! მაგრამ ეს არავის აინტერესებს! მთავარია ის, რომ "ვიღაც პომადას ისვამს, ვიღაც კი ხალხისთვის იბრძვის". დრამატიზმი დამატებულია...

შემდეგ უკვე „სირცხვილის კორიდორი“ – შოკ-კონტენტი, რომელიც ინტერნეტს ააფეთქებს! იწყება ნამდვილი შეტევა: ანტილიბერალური, ანტიდასავლური გვერდები Facebook-ზე ენთუზიაზმით ავრცელებენ დამამცირებელ ვიდეოს, თითქოს კოსმეტიკური კომპანიის დისტრიბუტორები იყვნენ, „პატრიოტული“ წარწერით: „ლობიანი არ შეხვდა და პომადის ჭამა დაიწყო“.

დიახ, სასაცილოა! თქვენ არ გაგეცინათ? მაგრამ გახსოვდეთ: სიცილი კარგია, ქალთა სოლიდარობა — კიდევ უკეთესი!

თემა აიტაცეს. ყველაფერი კლასიკის მიხედვით, მეგობრებო: "ნამდვილი ქალი მაკიაჟს არ იკეთებს პარლამენტში!" საბჭოთა ქალები ტუჩებს იღებავდნენ? - არა! მართლა გითხრათ, ისინი პარლამენტში არც ყოფილან. მაგრამ ვის აინტერესებს?

ქილიკი გრძელდება კომენტარებშიც, თითოეული ამატებს თავის წილ დეზინფორმაციას. საბოლოოდ, ვიღაც გადაწყვეტს, რომ ეს "წმინდა ჭეშმარიტებაა": "როგორ შეიძლებოდა ასე? როგორ გაბედა?!" ძალიან მარტივად, მეგობრებო! მან, როგორც ჩანს, არ წაიკითხა ის ცნობილი დაუწერელი წესების კრებული: "უფლებებისთვის ისტორიული ბრძოლის მომენტში ტუჩებზე პომადას არ ვისვამთ!"

საზოგადოება კანონის ნაცვლად, მოდის ტენდენციას განიხილავს! არა მხოლოდ განიხილავს, არამედ უკვე ვერდიქტი გამოაქვს : იპოვეს „ნეგატიური იმიჯის“ ახალი სიმბოლო. პირადი არჩევანი - ტუჩების შეღებვა უცებ ხდება არასერიოზულობის და თავმოყვარეობის ნიშანი. ლამაზდება, ესე იგი, არ ფიქრობს ხალხზე! პომადა ახლა ქალის ეგოიზმის ემბლემაა.

ამ დროს, როცა მამაკაცი ჰალსტუხს იწესრიგებს, არავინ კითხულობს: „ხალხი, რომელიც ცვლილებებს ელოდება, ახლა რა უნდა ქნას?“

უბრალო ნივთი კოსმეტიკის ნაკრებიდან, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი ისე იყენებს, მაგრამ დიდად არ უფიქრდება. თითქოს უვნებელი რამაა, არა? მაგრამ როდესაც ეს პომადა საჯარო თანამდებობაზე მყოფი ქალის ხელში აღმოჩნდება, შეიძლება მასობრივი... ასე ვთქვათ ... „ჰეიტის“ იარაღად იქცეს. მოხერხებულ ინსტრუმენტად გენდერული დეზინფორმაციის ტალღის შესაქმნელად.

ეს ისტორია — კიდევ ერთი შტრიხია გენდერული დეზინფორმაციის სურათში, სადაც საზოგადოებრივ აზრსა და კოსმეტიკას შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დეტალები იძენს არასწორ შეფერილობას და ბუნდოვანი ხდება საზღვრები, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ წარმოგვაჩენს ჩვენ მედია.

აი, ასე. არ დაგავიწყდეთ, რომ პომადაც კი შეიძლება ფატალურ იარაღად იქცეს. და ღმერთმა არ ჰქნას, რომ არასწორი ელფერით "სირცხვილის კორიდორში" მოულოდნელად თქვენც აღმოჩნდეთ.

*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.
ჩვეულებრივი პომადა კოსმეტიკური ჩანთიდან