დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათი ჩართულობა არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ხელს უწყობს პოლიტიკურ კულტურაში მრავალფეროვანი პერსპექტივების შემოტანასა და უფრო ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებას.
2006 წელს დამტკიცებული
„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის” თანახმად, გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებთა განუყოფელი ნაწილია და გულისხმობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში.
მიუხედავად ამ ჩანაწერისა, საქართველოში პოლიტიკური გარემო, ისევე, როგორც პოლიტიკური პარტიები, უმეტესად მაინც მასკულინური და პატრიარქალურია, რაც ქალი პოლიტიკოსების მიმართ ხშირად ქმნის დისკრიმინაციულ გარემოს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპული დამოკიდებულებებისა და აღქმების კიდევ უფრო გაძლიერებას.
ქალ პოლიტიკოსებს მთელ მსოფლიოში ძირითადად რამდენიმე ნიშნით ესხმიან თავს, მაგალითად, ხშირია მორალური კრიტერიუმით თავდასხმა (“სლატშეიმინგი”), გარეგნული მახასიათებლებისა თუ გონებრივი შესაძლებლობების კრიტიკა.
ეს საკითხი კიდევ უფრო პრობლემური და უკონტროლოა ონლაინსივრცესა და სოციალურ ქსელებში. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ამას ადასტურებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის
კვლევაც, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატებზე ონალინ ძალადობის შემთხვევებს სწავლობდა. კვლევის ფარგლებში 2020 წლის 31 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით 491 მაჟორიტარი კანდიდატის ფეისბუქის გვერდების კომენტარებზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ქალმა პოლიტიკოსებმა შეურაცხმყოფელი კომენტარების 40% მიიღეს მაშინ, როდესაც ისინი შესასწავლი პროფილების მხოლოდ 22%-ს შეადგენდნენ.
ამავე კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ კომენტარების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ერთგვარი მოწოდება ქალი პოლიტიკოსებისთვის, რომ დაბრუნებოდნენ “გენდერულ როლებს”, მაგალითად, ეზრუნათ ბავშვებზე, ოჯახებზე, დარჩენილიყვნენ სახლში და ეკეთებინათ “ქალებისთვის შესაფერისი საქმე”, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წარმატებას არათუ მათი შრომით ხსნიდნენ, არამედ ხშირად მიაწერდნენ ცნობილ მამაკაცებთან პირად თუ სექსუალურ ურთიერთობას.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ქალი პოლიტიკოსების ისტორიებს, რომლებიც არაერთხელ გახდნენ დიკსრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლები. იმისთვის, რომ პრობლემა მეტად განვაზოგადოთ და მთელ მსოფლიოში ქალი პოლიტიკოსების ჩაგვრის თუ დისკრიმინაციის მასშტაბი ვაჩვენოთ, უპირველესად, განვიხილოთ მოლდოვის პროევროპელი პოლიტიკოსის, მაია სანდუს მაგალითი, რომელსაც წარმატებული პოლიტიკური კარიერა აქვს - სხვადასხვა დროს იყო განათლების მინისტრი და პარლამენტის წევრი. 2020 წლის არჩევნებში კი იგი გახდა მოლდოვაში პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც 2024 წელს მეორე ვადითაც აირჩიეს.