ქეთი ფრუიძე

30.10.2024


კარიერული მეტამორფოზები
Gen Z-ის ინოვაციური აზროვნება მინის ჭერის წინააღმდეგ
„მინის ჭერი“ - ეს არა მხოლოდ არქიტექტურული ელემენტი, არამედ მეტაფორაა, სიმბოლო უხილავი ბარიერის, რომლებიც ქალებს ხელს უშლის კარიერულ და სოციალურ წარმატებაში.
"მინის ჭერი", იგივე შუშის ჭერი" -
იმ წინააღმდეგობათა ერთობლიობა, რომელიც ხელს უშლის ქალის კარიერას, პროფესიულ, საზოგადოებრივ წარმატებებს.
ქალები პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში შემსრულებელ ინსტრუმენტს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე ხელღძვანელს, ლიდერს, მაშინ, როცა მათი კომპეტენტურობის დონე ანდა ლიდერის უნარ-ჩვევები სულაც არ ჩამოუვარდება მამაკაცისას.
ზოგჯერ ქალი თავად უქმნის საკუთარ თავს ბარიერებს, რადგანაც საზოგადოების ნეგატიური შეფასების ეშინია.
გენდერული ცენზურა „მინის ჭერის“ წარმოქმნის ერთ-ერთი პირობაა.
თეორიულად, ყველას შეუძლია წინსვლა. კანონები ამას არ კრძალავენ. ასე რომ, დამაბრკოლებელი ბარიერი სრულიად გამჭვირვალედ გამოიყურება. მისი გადალახვა კი წარმოუდგენლად რთულია, რადანაც გენდერული დეზინფორმაციის მყარი ნარატივებითა არის კონსტრუირებული... საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული ნარატივებით, რომლებიც ქალებს წარმოგვიდგენენ არასანდო, არაკვალიფიციურ და კომუნიკაციისთვის არასტაბილურ ადამიანებად. თითქოს ისინი ზედმეტად ემოციურები არიან ორგანიზაციულ იერარქიაში მაღალი თანამდებობების დასაკავებლად.
დავიწყოთ ისტორიით.
70-იან წლები, ნიუ-იორკი... იმართება პანელური დისკუსია ქალთა მისწრაფებების შესახებ - „რატომ ვერ აღწევენ მდედროითი სქესის წარმომადგენლები კარიერულ მწვერვალებს“. დისკუსანტები (ქალები!) მიზეზად ასახელებენ შემზღუდავ შიდა ფაქტორებს, როგორიცაა დაბალი თვითშეფასება, გაუბედაობა და ემოციურობა.
საინტერესო ფაქტი ისტორიიდან

90-იან წლებში აშშ-ის კონგრესის ექსპერტების სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ ქალების სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მათი წილი ხელმძღვანელ თანამდებობებზე გაცილებით დაბალი იყო მამაკაცების წილთან შედარებით. ეს დისბალანსი ვერ აიხსნებოდა განათლებისა და გამოცდილების დონეში განსხვავებით. ამ ვითარების გათვალისწინებით, კონგრესმა შექმნა ფედერალური კომისია „მინის ჭერის“ პრობლემის შესასწავლად.
ერთ-ერთმა მათგანმა გამოთქვა განსხვავებული აზრი. სატელეფონო კომპანიის მენეჯერმა მერილინ ლოდენმა ქალთა წარუმატებლობის მიზეზად დაასახელა ობიექტური, ქცევისა და თვითშეფასებისგან დამოუკიდებელი, სოციალური ნორმები, რომლებიც ფრთებს უკვეცავენ ყველაზე ინტელექტუალურ, გამბედავ და დაჟინებულ ქალებს - ევლინებიან უხილავ ბარიერებად მათი წარმატების გზაზე. სწორედ მან გაჟღერა პირველად ტერმინი „მინის ჭერი“, რომელიც გახდა ქალთა კარიერული ზრდის დამაბრკოლებელი სოციო-კულტურული ბარიერების ამსახველი უნივერსალური სიმბოლო.
მსგავსი გენდერული დეზინფორმაცია გავრცელდა აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის მიშელ ობამას , საფრანგეთის პირველი ლედის ბრიჯიტ მაკრონის, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯასინდა არდერნის მიმართ.
საზოგადოებას თავისი სტერეოტიპული აზროვნებით დღესაც არ სურს სქესთა თანაბარი შესაძლებლობების აღიარება. ამიტომ მაღალი ეფექტურობის მქონე ქალი ლიდერები ხშირად ეხვევიან უსამართლო დეზინფორმაციულ კამპანიებში - ისინი „საიდუმლო ტრანსგენდერებად“ ცხადდებიან. საზოგადოებისთვის ასეთი სცენარის დაჯერება უფრო მისაღებია, ვიდრე ქალის შესაძლებლობის აღიარება.
„მინის ჭერის“ ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაა. კანონი არ კრძალავს ამ პოზიციაზე ქალის არჩევას, წარმატებული ქალი პოლიტიკოსების ნაკლებობაც ნამდვილად არ იგრძნობა. მაგრამ აქ არის პარადოქსი: არცერთ მათგანს ჯერ არ მოუგია არჩევნები. ამომრჩევლები კვლავ მამაკაცს ანიჭებენ უპირატესობას. და ეს სულაც არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება – ეს კულტურისა და სოციალური აზროვნების საკითხია.
„მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით ძალზედ მაღალი და მყარი მინის ჭერის დამსხვრევა, თქვენი წყალობით, მასში დაახლოებით 18 მილიონი ბზარია და სინათლე ისე ანათებს, როგორც არასდროს!“
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი
ჰილარი კლინტონი
2008 წელს მისი პირველი წარუმატებელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
გავიდა 16 წელი. 18 მილიონიანი სინათლის სხივის ბზარი, საკმარისი არ აღმოჩნდა სტერეოტიების დასანგრევად. ასპარეზზე გამოჩნდა ახალი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი... კამალა ჰარისი... მყისიერად აგორდა გენდერული დეზინფორმაციის ახალი ტალღა - შეცდომაში შემყვანი ფაქტები, ვიდეო და ფოტო მანიპულაციები.
ფოტომნტაჟით გაყალბებული კადრი, სადაც ჰარისი პოზირებს რეკეტსა და ტრეფიკინგში ბრალდებულ რეპერ შონ კომბსთან (Puff Diddy) ვირუსულად მოედო მსოფლიოს. Reuters Fact Chek -ის ინფორმაციით, ორიგინალი სურათი გადაღებულია 2001 წლის 18 მაისს, ტელეწამყვან მონტელ უილიამსთან და მის ქალიშვილ ეშლი უილიამსთან ერთად, სადაც ისინი იმყოფებიან გაფანტული სკლეროზის აღმოსაფხვრელად მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაზე კალიფორნიაში.
რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ქალია?
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანია ხასიათდებოდა სექსისტური ენით და მიზნად ისახავს პრეზიდენტის ინტელექტუალური უნარების დაკნინებას, გარეგნული და მორალური კრიტერიუმებით გაკიცხვას. პრეზიდენტის რეზიდენციას ადარებენ „მადმუაზელ სა(л)იომეს ბორდელს“ (სლათ-შეიმინგი) და თავად პრეზიდენტს „პოლიტიკურ ცოცხზე გადამჯდარ დედაბერს“ უწოდებენ (ეიჯიზმი).

„მინის ჭერი“ მდგრადი სოციალური მიკერძოებებისგან აღმართულ საყრდენს ეყრდნობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მყარდებოდა პატრიარქალურ საზოგადოებაში და დღემდე შემორჩენილია ოდნავ გაცვეთილი სახით. თუმცა ამ სტრუქტურის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც განაპირობებენ მის სიმტკიცეს, ნელ-ნელა სუსტდება. ევოლუციური პროცესი გაშვებულია... ერთგვარი ბზარი განათლების სხივმა უკვე დაატყო. მთავარია, ახალ თაობას მეტი ცოდნა მიეცეს. მაშინ სწორედ ეს თაობა გახდება რეალური ძრავა, რომელიც დაამსხვრევს ამ უხილავ ბარიერებს.

დიახ, ეგრეთწოდებულ თაობა z-ს აქვს პოტენციალი შეცვალოს არსებული ბარიერები და შექმნას გენდერული თანასწორობისთვის უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება. სამყარო, რომელშიც ეს თაობა გაიზარდა, ფუნდამენტურად განსხვავდებოდა მათი მშობლების და თუნდაც მილენიანელების სამყაროსგან. Gen Z-ის ცნობიერება განსაზღვრა სწრაფი სიჩქარით მომხდარმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, რომლებმაც ასევე შეცვალეს სოციალური გამოცდილება.

ცვლილებების და გაურკვევლობის პირობებში ზრდამ Gen Z-ს მისცა მახასიათებლების უნიკალური ნაკრები, მათ შორის აზროვების მოქნილობა და ელასტიურობა. სწორედ ამ თაობის მხარდაჭერაში და განათლებაში რესურსების მობილიზაციაში ინხება ის სუსტი წერტილი, რომელზე ზემოქმედებაც ნამსხვრევებად აქცევს „მინის ჭერს“.

*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია.