ახალი სახეები


თაია ჭეიშვილი


სამი წლის მანძილზე ფონდი „სოხუმის“ ეგიდით დასავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა ახალგაზრდული კლუბები.

2021 წლის მარტიდან ახალგაზრდებთან მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა - 10 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაიდო შეთანხმებები და ახალგაზრდულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით შეიქმნა ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები (სამტრედია, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი), რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ლიდერული და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას.


ჩვენი რუბრიკის „ახალი სახეები“ სტუმარია თაია ჭეიშვილი


როცა ფონდ „სოხუმის“ პროექტი განხორციელდა სკოლაში, ძალიან დამაინტერესა. პირველ შეხვედრას რაღაც მიზეზების გამო ვერ დავესწარი, მაგრამ დანარჩენი შეხვედრები აღარ გამომიტოვებია და ყურადღებით ვუსმენდი. მომეწონა საშუალება, ღიად გველაპარაკა ტოლერანტობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, რასაც ფონდის შეხვედრები გვაძლევდნენ.



ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი ჩანახატი მოეწონათ და სოციალურ ქსელში საკუთარი თავი ვნახე. ამ წარმატებით დედა ვაამაყე და მადლობა ფონდს ამ სიხარულისთვის. მათი დახმარებით ბევრი რამ გავიგე და გავაანალიზე.

გენდერულ თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, მშობლების და შვილების ურთიერთობაზე, ერთი შეხედვით ყველას გვაქვს ზოგადი ცოდნა, მაგრამ ტრენერები კიდევ სხვანაირი კუთხით გვაჩვენებდნენ ამ დამოკიდებულებებს.

ჩემთვის ახალგაზრდობა ახლის და განსხვავებულის ძიებასთან ასოცირდება. მომწონს, როდესაც ახალგაზრდა ცოცხალი და აქტიურია ყველგან და ყველაფერში. მომწონს, როდესაც ახალგაზრდები მთელს გულს და სულს დებენ იმ საქმეში, რომლის მიღწევაც სურთ. ჩემი აზრით, ამაშია წარმატების შეგრძნებაც. და ამ წარმატებით მინდა ვიარო ფონდ „სოხუმთან“ და მის არაჩვეულებრივ პროექტებთან ერთად, რომელიც აუცილებლად უკეთეს მოქალაქედ და ძლიერ ქალად ჩამომაყალიბებს!