ხვალ ფსიქოლოგად დაიწყებს მუშაობს ჩვენთან.
ამ დღემდე შორი გზით იარა. ბევრი ტკივილით, შიშით, სასოწარკვეთით.
3 ივლისს ჩამოვიდა ქუთაისში ხერსონიდან მეგობართან ერთად.
ქალაქი ოკუპირებული იყო პირველივე დღეებიდან.
ანტონოვსკის ხიდთან ცხოვრობდა. ეს დიდი საავტომობილო ხიდია დნეპრზე, დაბა ანტონოვკას და პატარა ქალაქ ალიოშკის აერთებს ერთმანეთთან. ამ ხიდით არის გასასვლელი ყირიმისკენ, ამიტომ მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ომში. ხიდის სიახლოვეს ცხოვრებასაც მეტი შიში ახლდა. ამიტომ რამდენიმე დღეში დედასთან გადავიდა. დედა მოშორებით ცხოვრობს, იქ უფრო სიმშვიდე იყო.
ანია შალიმოვა საბავშვო ბაღში მუშაობდა ფსიქოლოგად. ხერსონის უნივერსიტეტი დაამთავრა და თანდათან ხვდებოდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა - ძალიან მოსწონს ეს პროფესია.
ომის პირველივე დღეებიდან ბაღი ონლაინ მუშაობაზე გადავიდა. პატარებთან ეკრანიდან ურთიერთობა მარტივი არ არის, მაგრამ უფრო მშობლებთან ჰქონდა კავშირი, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა მათ.
პირველ ხანებში ტელევიზიაც იყო, ინტერნეტიც. მერე გათიშეს უკრაინის ტელეარხები, გაწყდა კავშირი სხვა ქვეყნებთან. ინტერნეტი რუსულით ჩაანაცვლეს...
ცოტათი რომ მიწყნარდა, მეგობართან ერთად ისევ დაბრუნდა თავის ბინაში. მიწყნარდა - პირობითი ცნებაა. უბრალოდ, მარტიდან მთელი ქალაქი აიღეს. ბინებში არ უვარდებოდნენ ადამიანებს, არ ისროდნენ. ქუჩებში რუსი ჯარისკაცები იდგნენ. თავიდან ყველას ეშინოდა ეზოში ჩასვლის. მერე გაბედეს. მაღაზიებში შევიდნენ. საშინლად გაზრდილი იყო ფასები - 1000 გრივნად ორი კვირის სამყოფს რომ იყიდდი, ახლა ერთი კვირაც არ გეყოფოდა. შეიძლებოდა 2-3 საათი მდგარიყავი რიგში და არ შეგხვედროდა პროდუქტი. რაც საწყობში იყო, ის იყიდებოდა და ნელ-ნელა მთავრდებოდა მარაგი, ახალი არაფერი შემოჰქონდათ. მერე ყირიმიდან დაიწყეს ჩამოტანა.
ჩვენი პროდუქტები ბევრად ხარისხიანი და გემრიელი იყო. რაც შემოჰქონდათ, ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმასთან, რასაც ადრე ვიწუნებდითო, - ამბობს ანია. მართლა ასე იყოო, მარწმუნებს, თურმე რა კარგად ვყოფილვართ, რა კარგი ცხოვრება გვქონიაო...
ფული საიდან ჰქონდათ? თვითონაც უკვირს. ზოგს გადადებული ჰქონდა ცოტა, ზოგი მუშაობდა და უხდიდნენ. ანიასაც ერიცხებოდა ხელფასი. ვისაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, მოხალისეები ეხმარებოდნენ, მოჰქონდათ პროდუქტები, მაგრამ ესეც სარისკო იყო, თუ გაიგებდნენ, არ გაახარებდნენ. შემოსულები თვითონ სთავაზობდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობას - რუსული პასპორტების სანაცვლოდ. ურჩებს „ფილტრაციონნი ბანაკში“ უშვებდნენ. ასეთი ბანაკები მარტიდან გაჩნდა. აქ მიდიოდა დაკითხვები, შეურაცხყოფა, წამება. ბევრი გადაჰყავდათ რუსეთის ტერიტორიაზე...
ანია ივლისის დასაწყისამდე იყო ხერსონში. თავისი თვალით ხედავდა, რა ხდებოდა:
ჯარისკაცები ბინებში შედიოდნენ, აბინძურებდნენ ყველაფერს, მასპინძელს შეურაცხყოფდნენ, სცემდნენ, ართმევდნენ ტექნიკას.
კატის საკვების საყიდლად შევიდა მაღაზიაში. მაღაზიის მეპატრონემ თქვა, რომ გაძარცვეს მაღაზია, ყველაფერი წაიღეს, რისი წაღებაც შეიძლებოდა.
დახურეს უკრაინული მაღაზიების ქსელები, აფთიაქები არ მუშაობს. იხსნება რუსული მაღაზიები. ბაზარშია ახლა ყველა - პატარა მაგიდები აქვთ ადამიანებს გაშლილი და ყიდიან ყველაფერს ერთად: ბოსტნეულს, კვერცხს, წამლებს. ყველაფერი ძვირია...
ბლოკპოსტებზე, იქ, სადაც მეტი მანქანა მოძრაობს, ხალხს ჩხრეკდნენ, აშიშვლებდნენ, თუ თვალში არ მოუვიდოდათ, სცემდნენ. კლავდნენ კიდეც.
მისი მეზობელი, პენსიონერი კაცი, ყოფილი პოლიციელი, დილაუთენია წაიყვანეს სახლიდან. ერთი კვირის მერე დააბრუნეს, ნაცემი...
ბებიამ ვერ გაუძლო ოკუპაციას. ერთ ომში დაიბადა და მეორე ომში გარდაიცვალა...
უკვე არსად იყო სიმშვიდე. სულ უფრო ძლიერდებოდა შიში და მეგობართან ერთად წამოსვლა გადაწყვიტა. სად უნდა წასულიყვნენ? როგორ იცხოვრებდნენ? ეფიქრებოდათ ყველაფერი. ახლობლების დატოვებაც არ უნდოდათ, მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა.
წასვლაც არ იყო მარტივი. შეიძლება სამი დღე იყო მინდვრებში, ან სამი კვირა. შეიძლება გააღწიო, ან დაიღუპო - როცა სამშვიდობო დერეფნებს აკეთებენ, რუსები თითქოს უშვებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მერე კი შეიძლება შეტევაზე გადავიდნენ და ჩახოცონ. ეს ყველაფერი იცოდნენ, იცოდნენ, რომ შორი გზაც გამართლებაა. მაგრამ უნდა გაერისკათ.
ყირიმიდან წამოვიდნენ. ავტობუსით. იყო დაკითხვებიც, ჩხრეკაც, შეურაცხყოფაც. გზაში ავტობუსი გაფუჭდა, 10 საათი ელოდნენ, სანამ შემცვლელი ჩამოვიდოდა. როდის-როდის ჩამოვიდნენ ვლადიკავკაზში. რუსეთიდან არ უნდოდათ საქართველოში გამოშვება, იქაც დაკითხვები: რატომ? სად? რისთვის? ის და მისი მეგობარი სხვადასხვა მანქანაში მოხვდნენ. უკვე თბილისში, დიდუბის სადგურში ჩამოსული, 5 საათი ელოდა მეგობრის ჩამოსვლას - კიდევ კარგი, მძღოლის დახმარებით იგებდა ამბებს...
თბილისში, სასტუმროში რომ შევიდნენ, საღამოს რვა საათი იყო... ჭუჭყიანები იყვნენ, დაღლილები, მშივრები...
ომიდან ჩამოსულებს გაუკვირდათ საღამოს ხალხმრავლობა ქალაქში. ხერსონში საღამოს ყველა კეტავდა შტორებს, კაცის ჭაჭანება არ იყო გარეთ. აქ კი სიმშვიდე, სილაღე, თავისუფლება, ბედნიერი სახეები დაინახეს და მიხვდნენ, რომ უკვე სამშვიდობოს იყვნენ...
რატომ ვყვები ასე დეტალურად?
რატომ ვაყოლებ ანიას? ასე მგონია, უნდა, რომ ვინმეს ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უამბოს ყველაფერი. თითქოს თავისუფლდება მტანჯველი განცდებისგან...
მერე ქუთაისში ჩამოვიდნენ.
„ორჯერ პატარა ქალაქია ჩემს ქალაქზე. ვეჩვევი ნელ-ნელა. ძალიან მიყვარს პალმები და მომწონს, აქ რომ ვხედავ. მშობლებს ვუკავშირდები, მოკლედ ვსაუბრობთ, ზედმეტის თქმა არ შეიძლება და არც გვინდა. პირიქით, ვციდლობ, გავუადვილო განცდები. ჩემზე უკვე არ ნერვიულობენ. იციან, რომ სამუშაოსაც ვიწყებ“.
ფსიქოლოგია და შეუძლია ემოციების მართვა, მაგრამ მაინც ვგრძნობ მის ცრემლებს, ტკივილს, ემოციების სიმძაფრეს:
„ახლაც, ლიფტის ხმა რომ მესმის, მეშინია, მგონია, რომ ბინაში მოდიან ჩემთან გასაჩხრეკად“.
„კამაზს რომ დავინახავ, სულ მეშინია, რომ გადმოხტებიან და დაგვერევიან, ან ისვრიან ზემოდან - კამაზებით დადიოდნენ რუსები“.
„თვითმფრინავი რომ გადაიფრენს, კანკალი მეწყება. ფეირვერკების ხმა რომ მესმის, მუხლები მეკეცება, სანამ მივხვდები, რაც არის“.
ანია შალიმოვა 24 წლისაც არ არის, პატარაა, მაგრამ ერთი სრული ცხოვრება უკვე გაიარა... ახლა ცოტა იმედიანად არის, იმიტომ რომ ხვალიდან ქალთა ფონდ „სოხუმში“ მუშაობას იწყებს ფსიქოლოგად. სხვების დახმარება მისთვისაც დახმარებაა...
„დიდხანს არ ვიყავი საბავშვო ბაღში, მაგრამ იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები, ბევრი იდეა მაქვს, როგორც ფსიქოლოგს. ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკა სხვანაირია და შევძლებ, დახმარო განვითარებაში. ცენტრებს გავხსნი. მინდა, რომ ყველა ბავშვისთვის კომფორტული გავხადო ცხოვრება. მანამდე კი აქ დავეხმარები ჩემს თანამემამულეებს, ბავშვებს, დიდებს, უკრაინელებს რთული პერიოდი გვაქვს და ამ დროს ფსიქოლოგის სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს“.