ხიბლი, რომელიც ეზოში შესვლისთანავე ქალთა ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრს ახლავს, შინაურია. გგონია, რომ ბევრჯერ იყავი და კიდევ ბევრჯერ მოხვალ მშვიდად, წყნარად, ჰარმონიულად. ლამაზია მისი ზოგადი ფერიც, ეზოც, სახლიც, აივნებიც, ტერასაც, ატრაქციონებიც, ფლორაც და რაც მთავარია, ადამიანები, ვინც აქ გხვდება. ამ სახლის დიასახლისზე მანამდე დავწერე, გახსოვთ ალბათ - ნუგეშა, შეყვარებული დედ-მამის ნასათუთევად გაზრდილი სოხუმელი გოგო, ეფექტური და კოლხური გარეგნობით, ამაყი და ბევრჯერ ბრძოლაგამოვლილი. დღეს, კი ახალ პერსონაჟზე ვწერ.. ჩემი სტუმრობაც მისი გაცნობის, მოსმენის და შთაბეჭდილების გასაზიარებლად იყო.
ეს ანიკაა.
არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტის პრაქტიკა, ქალთა ფონდ „სოხუმის“ დიდ ისტორიაში ანიკათი იწყება.
ახალგაზრდობის მოხდენილობით, დახატული ნაკვთებით, გაწელილი, ნუშის ფორმის სხივიანი თვალებით, თბილი ტემბრით, მის ასაკზე მეტი მზრუნველობის გრძნობით და სრულიად თეთრი სამოსით - სისუფთავის და უმწიკვლობის რაღაცნაირი, ნივთიერი იმიჯით, რომელიც გგონია, რომ თან დაყვა.
ანიკა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში უკვე ორი თვეა, ბენეფიციარების შვილების მორალურ და ცნობიერ მხარდაჭერაზე ზრუნავს. ეს, ვფიქრობ, ქალთა ფონდ „სოხუმის“ საუკეთესო გადაწყვეტილებაა- დედების სევდას ცოტა ხნით გამოარიდო პატარა ადამიანები მათი ემოციური სამყაროთი და გააფერადო, გაამზიანო ბავშვების დღე.
ანიკამ ჩვენს სამოთხეში (სარეაბილიტაციო სახლში) მისი პატარა „პერსონალური სამოთხის“ კარიც გააღო და აჟრიამულდნენ ბავშვები. ლამაზ „მასწ“-ს (ასე ეძახიან) 9 საათიდან აჩქარებული გულისცემით ელოდებიან. ამბებს უყვებიან, ინფორმაციებს და განცდებს უცვლიან, ეკითხებიან, ეთამაშებიან და სწავლაზეც ვერ ეუბნებიან უარს. ანიკასთვის უარის თქმა, ქვეცნობიერადაც ძნელია, მოგინდეს ????. თუმცა აქამდე მისვლა ადვილი არ იყო.
ვიდრე ანიკას „პერსონალური სამოთხის“ სუფთა, თეთრ კედლებზე ამდენი ახალი არასტანდარტული ნახატი, თოჯინა, წარწერა, „ავტოგრაფი“ და შემეცნებითი თამაშების ჭრელ-ჭრელი ილუსტრაციები გაჩნდებოდა, ვიდრე ერთ კუთხეში თოჯინების სპექტაკლისთვის ხის მინიატურულ თეჯირსაც მოაწყობდნენ არტისტობის წყურვილით და ამ სამყაროს კარს, სულ მცირე, მხიარულად, ან ყიჟინით შემოაღებდნენ, ბევრი სიძნელე იყო. ურთიერთობის დასაწყისს ვგგულისხმობ, რა თქმა უნდა. ანიკას მოსაპოვებელ რწმენის გზას, ჯერ მშობლებთან და მერე მათ შვილებთან. და ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა.
სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრები ხომ პერიოდულად იცვლებიან?
ყველა ახალ ზრდასრულს, რთული ცხოვრებიდან წამოყოლილი საკუთარი სტიგმების და ტკივილების გარდა, შვილების (არასრულწლოვნების) ბევრი ასახსნელი კომპლექსი და ინტრავერტული გარემო მოაქვთ. რთულია აქ გახსნილი დიალოგის დაწყება, ნდობის მიღება, პოსტტრავმული ფონის გაქრობა, ახალი ადამიანის ხმის, გრძნობის და მითუმეტეს შემეცნების სურვილების მიღება. რთულია გულწრფელი დამოკიდებულების მოპოვება, მაგრამ ეს სირთულე ანიკას პიროვნულმა უნარებმა აშკარად დაჯაბნა.
ახლა ვიჯექით ორივე ერთად და ამაზე ბევრს ვსაუბრობდით. თან კედლების „გამოფენით“ ისტორიებს ეტაპობრივად მიყვებოდა. ფრთხილი იყო ყველა ეპითეტში, რომელსაც მისი ახალი „მეგობრების“ მისამართით ამბობდა. ამბავთან ერთად, პარალელურად ცდილობდა აქცენტი მოეცა- რა იყო ამ ამბავში მნიშვნელოვანი დაკვირვებისთვის, გარდაქმნისთვის, გამოსწორების ან უკეთესობისთვის.
ქონდა ისეთი წარმატებაც, მოძალადე მშობლისგან მიღებული ემოციური სტრესით მეტყველების დეფექტის მქონე არასრულწლოვანს, საუბარი მოტორული აფაზიის გარეშეც რომ დააწყებია! თანაც ორი ასეთი მიღწევა ასისტენტობის სულ ცოტა ხნის, სამი თვის პრაქტიკაში! წარმოგიდგენიათ ჯერ ანიკას, მერე მათი დედების ბედნიერება? ასეთი შედეგები პროფესიონალიზმზე ხშირად, გულწრფელ ემოციურ კავშირებს მოაქვს, სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნებას, ნდობას და სიყვარულს, ნამდვილ მზრუნველობას.
მოკლედ, ეს ამბავი არ არის იმ არასრულწლოვნებზე, ვინც ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრობს. რომლებიც თითქოს ძალადობის მსხვერპლი დედების „მომყოლები“ არიან, ვიდრე ნუგეშა და ანიკა არ შეანათებთ მონატრებულ სითბოს და თავიდან არ გაუჩენს სიცოცხლის სილაღეს. ეს ამბავი არ არის იმ არასრულწლოვნებზე, რომლებიც ყვებიან ან არ ყვებიან ოჯახურ ტრაგედიებზე, ცნობიერად ახსოვთ თუ ქვეცნობიერში აქვთ დალექილი ძალადობის ტკივილები..
ეს ამბავი, როგორც სწორად მიხვდით, ანიკაზეა.
არასრულწლოვნებთან მუშაობის ჩვენს პირველ ასისტენტზე, რომელმაც ერთი ულამაზესი ფურცელი გადაშალა ქალთა ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრის ახალგაზრდა ისტორიაში. ფეხბედნიერზე, ძალიან საჭიროზე და სასარგებლოზე იმ დედებისთვის, რომლებიც ბედნიერი თვალებით უცქერიან შვილებს ანიკას გარემოში, რომლებმაც სულ იციან, რომ შვილებს სევდა კი არა, თამაში, წიგნის კითხვა და ტკბილად საუბარი კურნავთ, მაგრამ თვითონ დათრგუნულებს, ამის ძალა ჯერ არ შესწევთ. სწორედ ამ ძალების აღსადგენად მოდიან ჩვენთან და ბევრად ძლიერები აგრძელებენ საკუთარი ცხოვრების ახალ გზებს.