პირველია, ვინც მთხოვა, მისი გვარი არ დამეწერა.
პირველია, ვინც ფოტოს გამოქვეყნებაზე მითხრა უარი.
პირველია, ვინც ბევრი იტირა და სულ მებოდიშებოდა ცრემლების გამო.
დაიწყებდა ლაპარაკს და: ახლა ვიტირებ, მაპატიეთ...
- დაბომბეს ამ დღეებში ქალაქი. მაღაზიას მოხვდა... წარმოგიდგენიათ? წავიდა ადამიანი მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად, იდგა რიგში და დაიღუპა, სახლში ვერ დაბრუნდა... ცუდად ვხდები, ასეთი ამბები რომ მესმის. ვერ ვიკავებ თავს.
ლამის ყველა წინადადების ბოლოს წერტილის ან კითხვის ნიშნის ნაცვლად ცრემლებს სვამს ანა...
როცა გტკივა, სხვას უყვები, გისმენს, თანაგიგრძნობს და ტირი, ტირილი შვებაა, ცრემლები წამალივითაა...
ასე ცრემლებით მიყვება თავის თავზე. არაფერი მაქვს სათქმელი, ჩვეულებრივი გოგო ვარო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება საინტერესოა... თანაც - ყველას თავისი ისტორია აქვს ამ ომში. და თავისი როლი.
ანა ხერსონში ცხოვრობდა. თებერვლიდან აგვისტომდე თავის ქალაქში იყო. არ იცოდნენ ოჯახის წევრებმა, რა ექნათ, სად წასულიყვნენ, დარჩენა ჯობდა, თუ წასვლა.
აგვისტოში ანა წავიდა ხერსონიდან. აპრილამდე.
ნუ მკითხავთ, სად ვიყავი. არ მინდა გახსენებაო. და არც ვეკითხები...
- ახლა ქუთაისში ვარ, რაც მთავარია. ჩემი მეგობრები იყვნენ აქ და იმათ მითხრეს, ჩამოდიო. კარგი ვქენი...
ქუთაისი ლამაზი, სასიამოვნო ქალაქია. თბილი, კომუნიკაბელური ხალხი ცხოვრობს. ასეთი ადამიანები არსად მინახავს. ყველა გულღიად გხვდება, გეხმარება. ნაცნობები მყავს ყველგან - სამეზობლოში, მაღაზიებში, ახლა უკვე ქალთა ფონდ „სოხუმშიც“... ისე გექცევიან, რომ თავს არ გრძნობ უცხოდ, შინაურულად ხარ, სახლის მონატრებაც გავიწყდება და უფრო ადვილად იტან ტკივილს. ერთი თვეა, რაც ჩამოვედი და მშვიდად ვარ. ვმუშაობ ონლაინ. მარტო ვცხოვრობ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ვატარებ თავისუფალ დროს. ქალაქში დავსეირნობ ხშირად, ძალიან მიყვარს პატარა ქუჩები. შთამბეჭდავია მოყვავილე გლიცინიები, პალმები, ჰორიზონტზე - მთები. ძალიან ლამაზი გაზაფხულია აქ, განუმეორებელი სურნელით და სიცოცხლით მავსებს... აქაური პურიც ძალიან მომწონს, წყალიც უგემრიელესია...
სიტყვა-სიტყვით ვიწერ, რასაც ამბობს. ამ დროს თვალები უბრწყინავს და ავიწყდება ყველაფერი...
მერე მაინც თავის ტკივილს უბრუნდება და ისევ ტირის.
მშობლებზე ვლაპარაკობთ და არ შეუძლია უცრემლოდ... ეცოდება, ედარდება. ხერსონში არიან, არ მუშაობენ, არც საპენსიო ასაკი აქვთ და ჰუმანიტარულზე არიან დამოკიდებულები... იმათ იქ უჭირთ ძალიან და ანას აქ - მათზე რომ ფიქრობს. სულ იმას ნატრობს, გადარჩნენ...
ხერსონში ბრძოლები ომის დაწყების პირველივე დღეს - 24 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს ქალაქის ოკუპაციით დასრულდა... 29 აგვისტოდან იყო კონტრშეტევა მთელ ოლქში. ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს და 2022 წლის 11 ნომებერს უკრაინის ჯარი უომრად შევიდა ქალაქში. ეს დიდი გამარჯვება იყო. მაგრამ სანამ მტერი კიდევ ბოგინობს ქვეყანაში, ბომბავს, ანგრევს, სიმშვიდე მაინც არ არის...
- ყოველდღე ვკითხულობ ნიუსებს, სად რა ხდება. გული მეგლიჯება. არ მეგონა, ამდენ ხანს თუ გაგრძელდებოდა ეს ომი. დამთავრდება, მაგრამ როდის, რის ფასად?
ის ქუჩები, სადაც დავდიოდი, განადგურებულია. დაცარიელდა, ნანგრევებად იქცა ჩემი ლამაზი, მწვანე ქალაქი. ეს არის ქალაქი-მოჩვენება. ზოგიერთებმა ყველაფერი დაკარგეს, ბევრს ოჯახის წევრები, ახლობლები დაეღუპა. მინდა იცოდეს ყველამ, რომ საშინელება ხდება უკრაინაში, მტკივა ეს ყველაფერი... ომს არანაირი გამართლება არა აქვს და ვერც ვერავინ იმართლებს თავს... მადლობა თქვენს ორგანიზაციას, რომ ეხმარებით ადამიანებს, მადლობა, რომ წერთ ქალებზე. ყველას მართლაც თავისი ისტორია აქვს და ამის გაზიარება აუცილებელია. მაპატიეთ ცრემლებისთვის...
ღიმილი აქვს განშორებისას ანას ლამაზ სახეზე, უხდება ძალიან...