ნახატები რომ ვნახე, მაშინვე გადავწყვიტე, დამეწერა მასზე. პატარა ქალია. ამიტომ მისი ადგილიც არის ჩვენს ბლოგში „ქალები უკრაინიდან“.
ყველგან ნახატები აქვს, სახატავ რვეულში, ზამბარებიან ბლოკნოტში. თან დაატარებს რვეულებს, სახლშიც უამრავი აქვს. ყველა მომეწონა, რამდენიმეს ფოტო გადავუღე...
მშობლებზე არ უნდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ეშინია, არ ავნოს... კარგად მესმის მისი. ამიტომ არაფერს ვიტყვი დედ-მამაზე...
ვკითხე, შეიძლება შენზე დავწერო-მეთქი... კიო. დედას ხომ არ ვკითხოთ-მეთქი, არა, ჩემს ამბავს მე თვითონ ვწყვეტო.
ასეთია. გამხდარი, მაღალი, პატარა, სულ რაღაც 13 წლის და... დამოუკიდებელი.
4 და ჰყავს და ერთი ძმა. უმცროსი დაიკო მალე ერთი წლის გახდება. ფეხმძიმედ იყო დედა, საქართველოსკენ რომ დაადგნენ გზას და ჩამოსვლის შემდეგ მალე იმშობიარა. გოგონას მედეა დაარქვეს. ასე რომ ოჯახის ნაბოლარა, მეექვსე შვილი საქართველოშია დაბადებული.
ალისა ყველაზე უფროსია და-ძმებში და ის პატრონობს უმცროსებს. ბავშვები აქაურ სკოლაში არ დადიან, უკრაინულ სკოლაში არიან ისევ. დედა ამეცადინებს, გამოცდებს აბარებენ ონლაინ და ასე სწავლობენ.
ძალიან დატვირთულია მათი ყოველი დღე.
ალისა დადის ფარიკაობაზე, ბალეტზე, ხატვაზე, ქართული ენის კურსებზე, პოლიმერული თიხით ძერწვაზე, სამსახიობო ხელოვნების კურსზე.
ფარიკაობაზე აქ შევიდა პირველად და ძალიან მოსწონს. ხატვის წრეზე უკრაინაშიც დადიოდა და აქ განაგრძო.
ბალეტიც სიამოვნებას ანიჭებს - ბევრ ზეიმზე გამოსულა ქუთაისში, თბილისშიც წაუყვანიათ კონცერტზე. შარშან გვირილობაზეც ვიყავითო...
ქალთა ფონდ „სოხუმში“ სამ კურსზე დადის - პოლიმერული თიხით ძერწვას სწავლობს, სამსახიობო ხელოვნებას და ქართულ ენას.
ქართულის კურსი მე მიმყავს და ალისაც იქ გავიცანი, თავის უმცროს დასთან და ძმასთან ერთად დადის.
პირველივე ჯერზე ლამაზად გამოიყვანა ასოები, ალბათ კარგად ხატავ, ასე უნაკლოდ რომ გადახატე-მეთქი, გამიკვირდა. მითხრა, რომ ძალიან უყვარს ხატვა და კარგად ხატავს.
მერე ნახატები მანახა. გადახატული არაა, ჩემით მოფიქრებულიაო.
მასწავლებლიდან უცებ ჟურნალისტად გადავიქეცი, მეცადინეობის ბოლოს ცოტა ხნით დარჩენა ვთხოვე და სახელდახელო ინტერვიუც ჩავწერე:
- როდის დაიწყე ხატვა?
- არ მახსოვს, დაბადებიდან ვხატავ.
- ბევრს ხატავ?
- სულ...
- კიდევ რა გიყვარს?
- კითხვა. ვკითხულობდი რუსულად და უკრაინულად. ახლა უკრაინული წიგნები ცოტა მაქვს და რუსულად ვკითხულობ. ქართული მომწონს, უნდა ვისწავლო.
- რატომ გინდა ქართულის სწავლა?
- ქუთაისში მყავს მეგობრები, მათთან რუსულად ვლაპარაკობ, ცოტა ქართულიც ვიცი... ქართული კარგად რომ მეცოდინება, ქართულად ვისაუბრებთ.
ოჯახთან ერთად იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ზღვაზე, მთაში. მესტიაშიც კი ასულან, მაგრამ ქუთაისი ყველაზე მეტად მოსწონთ. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა ქართული კერძი გაუსინჯავს ალისას და უშეცდომოდ ამბობს სახელებს: ხაჭაპური, კუბდარი, ლობიანი, შქმერული...
განსაკუთრებით ის მაკვირვებს, როგორი მოწესრიგებულია, როგორ ზრუნავს და-ძმაზე. სხვადასხვა წრეზე დაჰყავს. საქალაქო ტრანსპორტით დადიან ქუთაისის ერთი კუთხიდან მეორეში. შესვენებებზე ხემსს მიირთმევენ. დიდი ქალივით, დედასავით პატრონობს ალისა და-ძმას. ისინიც თვალებში უყურებენ, უჯერებენ. ჩუმად აკეთებენ ყველაფერს, უხმაუროდ, უთქმელად ესმით ერთმანეთის. არ ვიცი, რა არის ეს? აღზრდა? ომისშემდგომი სიყვარულის გამოხატულება? მრავალშვილიანი ოჯახის განსხვავებულობა? თუ ასეთებად დაიბადნენ.
ალისას გვარი ქართულად პეპელას ნიშნავს, თუმცა არ დავწერ გვარსაც. პატარა გოგოა, მაგრამ იცის, რომ გაფრთხილება უნდა დედ-მამის სხვადასხვა წარმომავლობას, რომ ომია ჯერაც და ომში რაღაცებს დამალვა და დაფარვა უნდა. იცის, რომ ომის მერეც უჭირთ შერეული ოჯახის შვილებს. ამიტომაც მთხოვს, არაფერი დავწერო მშობლებზე (არადა, მეფიქრება მის დედაზე და მამაზე, როგორ ცხოვრობენ სრულიად სხვა ქვეყანაში, სხვა ადამიანებს შორის? როგორ ეგუებიან? როგორია მათი დღე? რას აჭმევენ ამდენ შვილს? როგორ უვლიან? როგორ გაზარდეს ასეთი მორიდებული, მოწესრიგებული ბავშვები?)...
ალისა გამორჩეული მგონია და-ძმებში, ასაკთან შედარებით უფრო დიდი, დამოუკიდებელი, ნიჭიერი.
იცის, რა მოსწონს. ისიც იცის, რა უნდა მომავალში: წიგნები უნდა დავწერო და ილუსტრაციებიც მე თვითონ უნდა გავაკეთოო.
ახლაც ჩამესმის, როგორ მთხოვდა, არაფერი დაწეროთ დედიკოზე და მამიკოზეო.
და ისიც: აუცილებლად ჩაწერეთ, ილუსტრატორობა რომ მინდაო.
კიდევ ბევრჯერ შევხვდები ალისას ქართულის გაკვეთილებზე. ვეცდები, არ დამეტყოს განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ...