თაობა, რომელმაც არ იცის იმ ლაჟვარდოვანი ცის და ზღვის მაგიური საიდუმლო აფხაზეთი რომ ქვია.. არც მშობლები ყავს იმ კურთხეული მიწიდან, არც ნათესავები. უბრალოდ, ქართველები არიან და დროდადრო ესმით პოლიტიკოსების ხან ყალბი, ხან სულისშემძვრელი მოწოდება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე. თაობა, რომელსაც ამ ტერიტორიებზე ფეხი არ დაუდგამს, რომელსაც სოხუმის, გაგრის, ბიჭვინთის სანაპიროებზე არც შეყვარებულებთან ღამისთევებზე ვარსკვლავთცვენა ქონიათ, არც მშობლიურ სკოლასთან ერთად უვლიათ ახალ ათონში ტრადიციულ ექსკურსიებზე და მაინც, რაღაც, კოლექტიური მეხსიერებით, სტკივათ და აწუხებთ აფხაზეთის ხსენებაზე.
ამ თაობიდან ცოტას მაინც ესმის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დიდი სიყვარულის ნაწილი დაკარგა. ათი ათასობით ოჯახი საკუთარი კერიდან აიყარა, წლების მანძილზე ნასათუთები საქმე, სამეზობლო, ეზო-კარი, ავტორიტეტი, შემოქმედება და კარიერა ასე იძულებით დატოვა და ახალი ათვლის წერტილიდან სხვა ქალაქში, სხვა ადამიანებთან, სხვა კედლებში გადმოცხოვრდა. „მშობლიურის“ დაუსრულებელ მონატრებაში.
თაობამ, ჯერ რომ აფხაზეთში არ ყოფილა და არც საკუთარი მოგონება აკავშირებს იმ განუმეორებელ სილამაზესთან, როგორ უნდა მიიღოს სამოქალაქო შეგნებით ეს მძიმე პატრიოტული ესტაფეტა? ბევრჯერ მიფიქრია ამაზე..
ფონდი „სოხუმი“ მისი ადამიანური რესურსით, ყოველდღიურობის აჯენდით და მიმართულებებით, რომელსაც ირჩევს, მთლიანად ამ სულისკვეთების მატარებელია. სულისკვეთების, რომელსაც ნოსტალგიის ამოვსება ქვია მომავალი თაობებისთვის, რადგან ამაზე კეთილშობილი- აფხაზეთის არდავიწყების ცოცხალი აქტი, - დღეს არ არსებობს!
ბევრჯერ ვიკითხე ახალგაზრდების შესახებ ფონდში. მიკვირდა მათი აქტიურობა და მოტივაცია. გულწრფელად მიკვირდა. დღეს, სრული ნიჰილიზმის, პირბადიანი დესოციალიზაციის და დისტანცირებების ფობიურ ქაოსში, როგორ ახერხებდა „სოხუმი“ ახალგაზრდული კლუბების ასეთი პათოსით ახმაურებას, ფორუმ თეატრის რეპეტიციებს, აქციებს, ქველმოქმედებებს, ინიციატივებს ამ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც „პატრიოტული მოტივები“, ეროვნული ფასეულობები, ჟრუანტელის დავლა დაკარგული ტერიტორიების კადრებზე, უფრო ძველმოდურ განცდებად განიხილება მხოლოდ იმიტომ, რომ პერსონალური ტრაგედიების სტატისტიკაა დიდი. ასეთ დროს, როცა თაობები „ნამდვილსა“ და „მოგონილს“ შორის საკუთარ სიმართლეს ეძებენ, საკუთარი უნარების უგზოუკვლოდ განვითარებას, ბევრ ქასთინგს და ცოტა ინფლაციაშეპარულ „წარმატებას“, ფონდ „სოხუმის“ საიტზე საინტერესო სახელწოდების პროექტი ჩნდება - „განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“- მოულოდნელი რეზონანსით ახალგაზრდებისგან.
სენაკი. ილია გვარამია:
ჩვენი პროექტი იყო „ინტერაქცია ახალგაზრდებთან Street art-ის ენაზე“ და ამ იდეას თავისი ისტორია აქვს. სენაკის მუნიციპალიტეტში სამხედრო დასახლებაა, სადაც 500- მდე ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. აქ ბევრი ახალგაზრდაა, არის საჯარო სკოლა, მაგრამ არ არსებობს ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადგილი, სადაც შეიძლება ახალგაზრდებმა გამოხატონ საკუთარი პოზიციები. არქიტექტურა მთლიანად ყოფილი საბჭოთა პერიოდის დროს არის აშენებული, შენობების გალამაზება და საკუთარი დამოკიდებულების ილუსტრირება, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასე სტუმრისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ამმის შესაძლებლობა მოგვცა ფონდმა „სოხუმი“. ეს არ იყო მარტო სთრითარტი. ეს ჩვენი მიზანია, რომელსაც ახლა ყველა გაიგებს სლოგანით „ახალგაზრდობა - ფანჯარა ნათელი მომავლისკენ“!
წალენჯიხა. ლია-პალური. თეკლე პაჭკორია. 17 წლის :
ენგურის მარცხენა სანაპიროს დასუფთავება- ეს იყო ჩვენი პროექტის ყველაზე ამაღელვებელი იდეა, - ყვება თეკლე, რომელიც იმ სოფელში ცხოვრობს, სადაც ფონდ „სოხუმს“ ბევრი მეგობარი ყავს. სადაც წლების წინ, არეულობის დროს, ხალხმა მდინარე ენგურზე ჯებირები დაშალა და მდინარემ კალაპოტი შეიცვალა. ძველ ურთიერთობებსაც საზღვარი დაედო. სახნავ-სათესი მიწები დაიკარგა. მიტოვებულ მიწებზე თხმელის ტყე გაიზარდა. თეკლა და მისი მეგობრები ამ რეალობის თაობაა და ძველი ურთიერთობები არა, მაგრამ ენგური, როგორც აუხსნელი განშორების საზღვარ-სიმბოლო, მაინც აწუხებს.
- “ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. ამ პროექტზე მუშაობის პროცესში გამიჩნდა გრძნობა, თითქოს, რაღაც ღირებულ და სასიკეთო საქმეში შემქონდა ჩემი წვლილი და ეს ძალიან სასიამოვნო იყო მისი დაწერიდან დაწყებული -განხორციელებამდე. ფონდ „სოხუმთან“ ურთიერთობამ დიდი გამოცდილება შემძინა, გუნდური მუშაობის და პრეზენტატორის როლიც პირველად მოვირგე.”
პროექტის „განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“- ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბები, რომელთა პოტენციალის გაძლიერება ხდება ტრენინგების გზით. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ადვილად დაამყარონ კომუნიკაცია, უფრო ხარისხიანი გახადონ თვითპრეზენტაციის უნარი, ითანამშრომლონ ადგილობრივრივ დონეზე ყველა რგოლთან საკუთარი და თუნდაც სხვა თაობის პრობლემების ადვოკატირებისთვის, რომლებიც გამოვლენილი იქნა პროექტის ფარგლებში ჩატარებული საჭიროებების კვლევის დროს. ბევრი მათგანის სურვილი - უფრო ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ, გავდა ერთმანეთს. ამას მიზეზიც საერთო აქვს და ბუნებრივი. ახალგაზრდები, მისი განსაკუთრებული სწრაფვით, უკეთესი გახადონ სამყარო, ჯანსაღი ცხოვრების წესს ირჩევენ და ერთგულობენ კიდეც. ხშირად ახალგაზრდების ეს გამოწვევა, სხვებისთვისაც გადამდები ხდება. მაგალითად, ქუთაისში, სადაც პროექტის ჯგუფმა ქუჩაში გამვლელების გულიც აანთო და საკუთარი ენთუზიაზმი საყოველთაო გახადა. #იცხოვრეეკოსტილით - ეს იყო მათი მოწოდება მარადიული სიცოცხლის ოქროსფერი ხის ლოგოთი ქათქათა მაისურებსა და კეპებზე, რაც შემდეგ საინტერესო ვიდეოკონტენტად აქციეს და შემოქმედების ელფერიც მისცეს სხვა თანატოლებთან ერთად.
თეა გოლეთიანი - პროექტის კოორდინატორი :
საოცარი აკადემიურობით იმუშავეს წყალტუბოს საპროექტო კლუბებმაც. გაკეთდა სადისკუსიო სივრცე, სადაც ახალგაზრდებს, პედაგოგებს, მშობლებს საშუალება აქვთ მყუდრო, მშვიდ გარემოში მოუსმინონ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ინიციატივით „მდგრადი მოხმარება და წარმოება“- ახალგაზრდები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციისათვის“ წყალტუბოს მეორე ჯგუფმა ხელი შეუწყო მოსახლეობის ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მავნებლობაზე და ზოგადად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ეკოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას. დამეთანხმეთ, მსგავსი ფუნდამენტური მიდგომა მოკლევადიან პროექტზე, ბევრ გამოცდილ ორგანიზაციასაც გაუჭირდება. ჩვენ ვამაყობთ ფონდის შვილობილი „ახალგაზრდული კლუბებით“, რომელიც ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე ამის წარმოდგენა დღევანდელ მოცემულობაში შეიძლებოდა.
ზუგდიდი, სოფ კოკი. ელენე შენგელია:
კოკის საჯარო სკოლამ განახორციელა ძალიან საინტერესო და პროდუქტული პროექტი სახელწოდებით: ,,ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისთვის". მეც ამ პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვარ! -ამბობს ელენე, რომელიც ამაყია პროექტის შედეგებით. სოფელი მართლა გააცოცხლა ამ შემართებამ და ფონდ „სოხუმის“ მხარდაჭერამ. სპორტული ინვენტარის მიღების შემდეგ, ერთიანი ძალებით დაიწყეს სოფლის მოედნის გაუმჯობესება, ძელების შეღებვა, მინდვრის მოხაზვა, საჭირო რეკვიზიტების დამონტაჟება, პრეზენტაციის და ტურნირების ორგანიზება.
- აქტივობებში ჩავრთეთ მასწავლებლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შეჯიბრებებში. ძალიან მოგვეწონა ის ფაქტი, რომ ბევრად უფროსი ადამიანების ინტერესები ჩვენს ინტერესებს ემთხვეოდა. იმ დღეს არავის გვიგვრძვნია, რომ ზოგი ბავშვი იყო, ზოგი უფროსი და მშობელი, ბებია ან ბაბუა. ყველა ერთნაირად გაერთო და ყველამ ძალიან ისიამოვნა. ვფიქრობ, სწორედ მსგავსი პროექტებით იწყება ახალგაზრდების წარმატება და გზა მწვერვალებამდე, მადლობა ფონდ ,,სოხუმს" ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელმაც ახალი მუხტი შესძინა ჩვენს სკოლას- აღტაცებით ყვება ელენე, რომელიც იმ სოფლიდანაა, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებში საკუთარი სახელი ღირსეულად რომ აქვს დატოვებული.
ხონი. ანა ქურასბედიანი. 16 წლის:
-მეგობრების ჯგუფი შევიკრიბეთ ინიციატივებით. დავწერეთ. გავაგზავნეთ. გავიმარჯვეთ. ფონდმა მხარი დაგვიჭირა და გაგვიხარდა ძალიან, რადგან ყველაზე ღირებული ამ ინიციატივებს შორის, ორი უფერული კედლის მოხატვა იყო, რომელიც გვგონია, ჩვენი სურვილების გზავნილია კოსმოსში ????. დევნილების დასახლებაში ვხატავდით. და ვხატავდით ყველა, შეგვეძლო თუ არ შეგვეძლო, ჩვენი ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით, თვალისმომჭრელი ფერებით, პალმებით, ზღვით და ლურჯი ცით. გვიხაროდა, რადგან დასახლებიდან მოქონდათ ყავა, წყალი, სახლში გამომცხვარი თბილი ორცხობილები.
გვივლიდნენ, გვეფერებოდნენ და ჩვენც სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, გული გვიფართხალებდა მათ შემოხედვაზე და ჰეშთეგიც სწორედ მათი განწყობით დავწერეთ. დავწერეთ, თითქოს ჩვენი პატარა ომი მოვიგეთ და ამ ადამიანებს სამუდამო ერთგულება მივეცით მთავარ დაპირებაში #ჩვენდავბრუნდებით! ???? ამ პროექტის შემდეგ, ჩვენ, მონაწილეებს, ვერავინ გადაგვაფიქრებინებს რომ დიდი დაბრუნების შემოქმედები ჩვენ არ ვიქნებით!
ჩვენ ვყვებით თაობაზე, რომელიც აფხაზეთში ჯერ არ ყოფილა. მაგრამ მათ უკვე იციან, რომ ფონდ „სოხუმში“ ყავთ ერთგული მეგობრები, რომელიც მათი გაძლიერების და განვითარებისთვის კიდევ ბევრ რამეს, კიდევ უფრო შთამბეჭდავად განახორციელებს. ამის დაწერის სურვილიც პროექტის განსაკუთრებულმა მუხტმა განაპირობა.
ამ ახალგაზრდებთან ნებისმიერი შეხვედრა იყო დღესასწაული. ამ თაობის ახალი გენერაცია ისე მძლავრად იგრძნობოდა ყველა დიალოგში, პროექტის ყველა ეტაპზე, რადგან ეს არ გახლდათ ფორმალური საქმე -საქმისთვის. ეს იყო ურთიერთობა, რომელმაც ნამდვილად მოიტანა შედეგი - ახალგაზრდების გაძლიერება და სამოქალაქო განვითარება, მათი ცნობიერების ამაღლება, გადაწყვეტილების მიღების ოპერატიულობა, შემოქმედებითობა, გუნდურობა და ჰეშთეგებში და სლოგანებში მოქცეული საკუთარი სათქმელის მზის შუქზე გამოტანა!
ჩვენ ვყვებით თაობაზე, რომელიც აფხაზეთში ჯერ არ ყოფილა...