ქალთა ფონდი „სოხუმი“ - აფხაზეთის პატარა ნაწილი


ავტორი
ლალი შენგელია
ერთმანეთს არ იცნობდნენ.
სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ასაკისანი, სხვადასხვა ფიქრით და ოცნებით...

​თეას ოქტომბერში უსრულდებოდა 13 წელი. ბებიასთან იყო გალის რაიონში, ბიძამ რომ მოაკითხა დიდი სატვირთო მანქანით...

„ჩემები (დედ-მამა, და-ძმა) ჯერ კიდევ ოჩამჩირეში იყვნენ. მახსოვს ის დაუსრულებელი კოლონა მანქანების, რომელიც ენგურისკენ მიემართებოდა... რამდენი ხანი ვიდექით საცობში! ზუგდიდში ჩავედით. გამთენიისას ჩამოვიდნენ ჩემებიც. მანქანა ენგურის ხიდთან დაუტოვებიათ, სროლა რომ ატეხილა. პირველი ქალაქი, სადაც გავჩერდით, სამტრედია იყო. ვიღაცამ დაგვითმო დიდი სახლი, სადაც არავინ ცხოვრობდა. მერე წამოვედით ქუთაისში, მამაჩემის ნათესავის ბინაში ვცხოვრობდით სამი ოჯახი! იატაკზე ვიწექით, მაგრამ მიხაროდა, ყველა ერთად რომ ვიყავით. მახსოვს იმდროინდელი განცდები, თუმცა პატარა ვიყავი...“ - იმ დღეების მოგონებამ ააფორიაქა თეა თორინავა.

​ლელა 17 წლის იყო. დედასთან ერთად წამოვიდა სოხუმიდან ოჩამჩირემდე პატარა სეინერით (ძმა ომში იყო და მამამ არ დატოვა). მერე იყო ზუგდიდი, სოფელი ლია წალენჯიხაში. ესიზმრებოდა, როგორ დადიოდა სახლში, სოხუმში და ტირილით ეღვიძებოდა.

„ერთი წლის მერე ჩამოვედით ქუთაისში, ჩემთვის სრულიად უცნობ ქალაქში. ჩაგვასახლეს კომპაქტურად ჩასახლებულ ცენტრში. მახსოვს, ერთმა მეზობელმა თავისი ეზოდან მომაწოდა ყურძნით და მწვანილებით სავსე პარკი, მიირთვით, ძალიან გემრიელიაო. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, რატომ მაძლევს, ხომ არ მითხოვია-მეთქი. მაშინ არ მესმოდა, რა გვჭირდა. და რომ ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდებოდა. ქუთაისი გახდა ჩემი მეორე მშობლიური ქალაქი, მაგრამ დაბრუნება მინდა! მიყვარს, მენატრება, მეფიქრება ჩემი სოხუმი“ - ლელა ჯალაღონიასაც აეშალა სევდიანი ფიქრები...

​თეა 8 წლის ყოფილა და ყველაზე ადრე მოუწია აფხაზეთის დატოვება. 1992 წლის სექტემბრის ბოლოს, გაგრაში სიტუაცია რომ დაიძაბა, სოჭში გაიყვანეს ქალები და ბავშვები, ახლობლის სახლში.

„მინდოდა, ჩემი თოჯინა და სათამაშოები წამომეღო. მამამ არ წამომაღებინა, უკან იქნება 2-3 დღეში წასაღები და არ გინდაო... 2 ოქტომბერს დილაუთენია ატყდა კარებზე კაკუნი. მამა და ბიძა მოვიდნენ: დავმარცხდით, გაგრა აიღესო... ჩემი ოჯახიდან მამა, ოთხი ბიძა, და ბიძაშვილი იყვნენ ფრონტზე. გადავრჩით ყველანი. მერე თვითმფრინავი და ქუთაისის აეროპორტი მახსოვს და ბაბუაჩემის და ბებიაჩემის სასოწარკვეთილი სახე: 8 შვილიდან 6 დევნილად, უსახლკაროდ დარჩათ!

დღემდე სანერვიულო მაქვს, რომ სურათები ვერ წამოვიღეთ. დღემდე ვეძებ სანათესაოში ჩემი და ჩემი ძმის პატარაობის ფოტოებს. ის თოჯინაც მედარდება, მამამ რომ არ წამომაღებინა. მეორე კლასი გაგრაში დავხურე. მესამე კლასში უკვე წყალტუბოში ვიყავი. მერე ქუთაისში გადმოვედით,“ - ტკივილიან დღეებს იხსენებს თეა გოლეთიანი.

​თამრიკო კუხალაშვილი სტუდენტი იყო, უკრაინაში სწავლობდა. ისე მოხდა, რომ საერთოდ არ ჩასულა ომის დროს ბიჭვინთაში. ომი ახალი დაწყებული იყო, მამამ ხონში ჩამოიყვანა ბებიასთან, მერე თბილისიდან გაფრინდა დნეპროპეტროვსკში... მთელი წელი იქ იყო, მამამ ჩააკითხა ერთხელ და ძალიან გაახარა... განიცდიდნენ უკრაინელი მეგობრები, ნაცნობები. ეუბნებოდნენ, ჩამოიყვანე მშობლები, აქეთ იცხოვრეთ, სამუშაოსაც იპოვით, ომია და ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებაო...
არც მშობლებს უფიქრიათ ბიჭვინთის დატოვება და თამრიკოსაც სხვა გეგმები ჰქონდა, გაგრაში უნდა ემუშავა, საწარმოში, სადაც სტაჟირება გაიარა... თუმცა ომმა მისი ყველა ოცნება დაამსხვრია.

​ემას უჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. მგონი, პირველი ვარ, ვისაც გაენდო და დამიწერა დევნილობის პირველ დღეებზე:

„30 წლის ვიყავი...

...მეხსიერების ლაბირინთებში კადრებთან ერთად ხმები, ემოცია, ფერები, სურნელი ილექება.

მაშინდელ კადრებს თითქმის არცერთი ახლავს.

მხოლოდ შავ-თეთრი მოძრავი სურათები.

ამოტივტივდება რაღაც კადრი. ხედავ, „იქ“ - როგორ ცდილობ მიყვე დინებას. არ ჩაუღრმავდე იმას, რაც ხდება...

აი, სატვირთო მანქანა მტვრიან გზაზე მიჯაყჯაყებს. დევნილობის პირველი „სადგურიდან“ მეორეში მიდიხარ. იქით-აქეთ ორი პატარა გეკვრის.

გაფართოებული თვალებით მზირალი. კალთაში უმცროსი - ორი თვის ჩვილი გიწევს.

უფროსები ზოგჯერ ვერ ერევიან თავს, წაუცელქებენ. შენიშვნის მერე ისევ უქრებათ ღიმილი სახეზე.

პატარას არხეინად სძინავს.

უბრალოდ უყურებ.

არ ფიქრობ, სად მიდიხარ, რა დაგხვდება, რა გელოდებათ.

ხარ იქ, სადაც ხარ და უნდა აკეთო ის, რაც უნდა გააკეთო...

არანაირი შიში ან სასოწარკვეთა, უკანდარჩენილზე სულის გაბზარვა.

რომ გადარჩე, უნდა იყო აქ და ახლა!!! ეს არავის უსწავლებია. არასდროს. თავისით მოდის... ეს სიტყვა „გადარჩე“-ც ახლა გაჩნდა, ამ კადრების „გადახვევის“ დროს.
„იქ“ კოსმიური სიმშვიდეა შავ-თეთრ კადრებში...

შენკენ მოპყრობილი, ხმამაღლა არცერთხელ გაჟღერებული, კითხვით სავსე პატარა თვალები.

...პერიოდულად, ასე, ორ წელიწადში ერთხელ, დევნილობის მოწმობა მხვდება ხელში. საბუთების ყუთში, დიდი ხნის ვადაგასული.

წესით, უნდა გადამეგდო.

ეს ფიქრი ყოველ მის დანახვაზე მსტუმრობს.

მასზე სურათია დაკრული.

ვიცი, რომ მე ვარ და ყოველ ჯერზე მაინც უცნობი სახე შემომყურებს. დევნილობის პირველი დღეების მემატიანე.

ყველაფერს იტევს ის მზერა.

მაშინ, თითქმის 30 წლით უფრო ახალგაზრდა ვარ, ვიდრე ახლა. თუმცა არა - საუკუნით მეტი, ვიდრე ახლა.

გაუგონარი რიდი მიჩნდება იმისი, ვინც შემომყურებს. მე ვარ და თან არა ვარ... ფრთხილად ვაბრუნებ ყუთში განცდით, რომ ვერასოდეს ჩავწვდები იმ მზერის სიღრმეს“...

ნოველას ჰგავს ემა კამკიას ნაწერი - ნაღვლიანი, ტკივილიანი... თუმცა სამი პატარა ბიჭი იმედით ავსებს ამ სევდას. ახლა ემა ხუთი შვილიშვილის ბებიაა.

​ეს ქალები აფხაზეთში არ იცნობდნენ ერთმანეთს, სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ: ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გალში... შეიძლება არასოდეს შეხვედროდნენ ერთმანეთს.

ახლა კი ერთ ქალაქში არიან, ერთად მუშაობენ, ერთ ოფისში, ერთ ორგანიზაციაში, რომელსაც ქალთა ფონდი „სოხუმი“ ჰქვია.

რატომ „სოხუმი“?

ორგანიზაცია 24 წლის წინ დააარსეს ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა: ალლა გამახარიამ, მერი გელაშვილმა, ჟანა ჭაბუკიანმა და ნანული რამიშვილმა. და, რა თქმა უნდა, სოხუმი დაარქვეს - აფხაზეთის დედაქალაქის, ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული ქალაქის სახელი.

დაიწყეს იმით, რაც მაშინ მიაჩნდათ საჭიროდ: აფხაზეთიდან ჩამოსულ ქალებს მცირე ბიზნესის საფუძვლებს ასწავლიდნენ, ჰუმანიტარულ აქციებს აწყობდნენ, ბავშვებზე და ხანდაზმულებზე ზრუნავდნენ... მერე შეხვედრები დაიწყეს კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებლებთან, ტრენინგების ჩატარება - კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ესაუბრებოდნენ ქალებს. მონაწილეთა შორის იყვნენ ქალები, რომელთაც შვილი დაეღუპათ ომში, ძმა, მამა, ახლობელი, საფლავები ენატრებოდათ, შურისძიებას ფიქრობდნენ... მათთან ძნელი იყო მშვიდობაზე, შერიგებაზე საუბარი, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მეორე გზა - ახალი ომი, ახალი მსხვერპლი და ტრაგედიები იყო.

მაშინ, 1997 წელს, როცა ფონდში რამდენიმე თანამშრომელი მუშაობდა და ოფისი ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის ორიოდ ოთახში იყო მოწყობილი, მის დამფუძნებლებსაც კი არ შეეძლოთ წარმოდგენა, რომ რამდენიმე წელიწადში ეს ორგანიზაცია გაიზრდებოდა, გაფართოვდებოდა, გაძლიერდებოდა, საკუთარ ლამაზ ოფისს გახსნიდა, ქუთაისს გასცდებოდა და მთელ დასავლეთ საქართველოს გასწვდებოდა, სოკოებივით მოამრავლებდა ფილიალებს, თბილისში გახსნიდა წარმომადგენლობას, უამრავ პროექტს განახორციელებდა და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა...

ყველა ეტაპზე ფონდისთვის მთავარი დევნილებთან მუშაობა იყო. და ურთიერთობა ბევრი საინტერესო ფორმით ხდებოდა: შეხვედრები მშვიდობისმყოფელ ქალთა კლუბში, ტრენინგების ციკლი სამშვიდობო თემაზე, აფხაზური ენის სწავლება, ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტები, შეხვედრები აფხაზ ქალებთან.

განსაკუთრებული იყო ახალგაზრდებთან მუშაობა:

კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთის შესახებ“ - ზოგმა გოგონამ, რომელიც კლუბში დადიოდა, არც იცოდა, რომელ ქალაქში ცხოვრობდა, რცხვენოდა დევნილობის, ზოგს საერთოდ არ აინტერესებდა წარსული - მერე დაინტერესდნენ, ისწავლეს, სიამაყით აივსნენ, აფხაზეთიდან რომ იყვნენ...
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლამაც ბევრი მისცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ გოგონებს. მორცხვი, ჩუმი გოგონები ორი წლის შემდეგ სულ სხვანაირები იყვნენ: აქტიურები, თამამები, წარმატებულები! უამრავი რამ ისწავლეს და, ისედაც ნიჭიერები, კიდევ უფრო გამორჩეულები გახდნენ.
ამ ახალგაზრდებზე, ქალებზე ასობით წერილი დაიბეჭდა „ქალთა ხმაში“ - ფონდი „სოხუმის“ ეს გაზეთები და ჟურნალები სტიმული იყო თითოეული მათგანისთვის, წახალისება, მეტი მოტივაცია მომავლისთვის და საინტერესო მატიანე...

ბევრის თქმა შეიძლება ფონდი „სოხუმის“ წვლილზე არაერთი დევნილის ცხოვრებაში.

ეს ურთიერთობები განსაკუთრებული ალბათ იმითაც იყო და არის, რომ ფონდში, ძირითადად, დევნილები მუშაობენ - მათაც გამოიარეს იძულებითი მიგრაციის რთული პერიოდი და კარგად ესმით თანაკუთხელების გულისტკივილი, გულწრფელად ცდილობენ მათ დახმარებას...

ფონდი „სოხუმი“ აფხაზეთის პატარა ნაწილია, თავისი თანამშრომლებით, სულით, იმედით... ყველგან, სადაც ჩადის, თან მიაქვს სოხუმური პეწი და განსაკუთრებულობა... წლებთან ერთად იზრდებიან თანამშრომლები, სწავლობენ, ახალ-ახალ საქმეებს ეჭიდებიან...

20-მდე მუნიციპალიტეტში მუშაობს „ფონდი“ ახლა, მრავალფეროვანია აქტივობების ფორმა: ტრენინგები, კვლევები, საინფორმაციო მუშაობა, ფორუმ-თეატრი, ჩრდილების თეატრი, თოჯინების თეატრი, ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაციები, მსხვერპლთა დახმარება, ადგილობრივი საჭიროებების და პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარება, ქართულ-აფხაზურ დიალოგში მონაწილეობა, გაეროს რეზოლუციების განხორციელება კონფლიქტის გამყოფ ხაზზე მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის, უამრავი პუბლიკაცია...

​წერილის დასაწყისში რამდენიმე ფონდელს გავახსენე დევნილობის პირველი დღეები. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გასახსენებელი: დამფუძნებლებს, თანამშრომლებს: ტყვარჩელელ მანანა გოცირიძეს, სოხუმელებს: ეკატერინე გამახარიას, ეკატერინე კულუმბეგაშვილს, ლალი გახარიას, ვალენტინა ბაკურაძეს, ნინო ჭაბუკიანს, ხათუნა გოგუას, დარეჯან ჩილაჩავას, გულრიფშელ ლელა შენგელიას... მეც, გულრიფშელ ლალი შენგელიას - 20 წლის წინ რომ მივედი ფონდ „სოხუმში“ და დღესაც იქ ვარ.

„სოხუმი“ რომ გქვია, პასუხისმგებლობა მეტი გაქვს, ასე მგონია მეც და ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც მივეჩვიეთ ამ სახელს, მაგრამ მის ყოველ გაგონებაზე მაინც უჩვეულოდ შეგვითრთოლდება ხოლმე გული.

​დევნილობის პირველი დღეები რომ გაიხსენეს, აქაც გამოჩნდა ეს დამოკიდებულება. მოკლედ ვთხოვე და მოკლედაც დაწერეს. მაგრამ ყველა მოგონებებში წავიდა, ყველას გაახსენდა ძველ, კომფორტულ, უზრუნველ ცხოვრებასთან განშორების ტკივილი და ახალ ცხოვრებასთან შეხვედრის, ადაპტაციის, ახალ სამეზობლოსთან, სანაცნობო-სამეგობროსთან ურთიერთობების, ინტეგრაციის და თვითდამკვიდრების არც ისე მარტივი ჟამი. ეს ყველაფერი თითქოს გულში ჩუმადაა ჩამალული, მაგრამ საკმარისია, შეეხო - ტალღასავით მოდის და მოდის... გუშინდელ დღესავით მახსოვსო, ერთმა, დეტალებში შემიძლია იმ დღეების გახსენებაო, მეორემ... მეც ხომ ასე ვარ, ყველაფერი მახსოვს, ყველა ის ადამიანი, ვინც გული მატკინა, მაგრამ უფრო ისინი, ვინც იძულებითი მიგრაციის ტვირთი შემიმსუბუქა, ვინც სითბო და სიყვარული მიწილადა. ალბათ ეს არის ის, „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“...