ბიუჯეტი, როგორც ძალადობაგამოვლილ ქალთა და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის პოლიტიკის სარკებიუჯეტი არასოდეს არის მხოლოდ ციფრები, ის ასახავს პოლიტიკურ ხედვებს, სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ღირებულებებს. სწორედ ბიუჯეტის სტრუქტურა და შინაარსი გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ, ასახავს თუ არა მუნიციპალიტეტების მიერ გაწერილი პროგრამები ქალების, განსაკუთრებით მოწყვლადი და ძალადობაგამოვლილი ქალების, საჭიროებებს და რეალურად უწყობს თუ არა ხელს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას. როცა საქმე გენდერულ თანასწორობასა და ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერას ეხება, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი ყველაზე ნათლად აჩვენებს, აღიქმება თუ არა ეს საკითხი, როგორც ადგილობრივი განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ეხმიანება თუ არა იგი კონკრეტულ სოციალურ რეალობასა და მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს.
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ 2003 წლიდან აქტიურად მუშაობს დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით კი ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის მიმართულებით, მათი საჭიროებების ადრეულ გამოვლენასა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე. ორგანიზაცია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პირდაპირი მხარდაჭერის სერვისებით, მის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობების ცნობიერების ამაღლება ქალთა საჭიროებებზე და მათი ინტეგრაციის აუცილებლობაზე ადგილობრივ პოლიტიკაში, ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე, ორგანიზაციის ინიციატივითა და პილოტური პროგრამის ფარგლებში, 2013-2016 წლებში შეიქმნა საქართველოში პირველი
გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოები (ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში), რომლის დროსაც განხორციელდა ბიუჯეტების გენდერული ანალიზი, შემუშავდა ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და ჩატარდა ფართო საინფორმაციო კამპანიები. 2017 წელს, ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ გატარებულმა საკანონმდებლო რეფორმებმა ხელი შეუწყვეს
გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციონალიზაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
ამასთან, ფონდმა „სოხუმმა“ 2009 წლიდან, პარალელურად დაიწყო მუშაობა პასუხისმგებელ უწყებებს შორის ძალადობაგამოვლილი ქალების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, კოორდინაციისა და დროული, მიზნობრივი რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე.2021 წლიდან კი, ორგანიზაციის აქტიური ხელშეწყობით მოხდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისიების ინსტიტუციონალიზაცია, მათ შორის სენაკის, ჩოხატაურის, ბაღდათის, და ვანის მუნიციპალიტეტებში.
ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი 2024 წლის 17 სექტემბერს მიღებულმა
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოზე, რომელშიც გენდერული თანასწორობის საკითხები რეგულირდებოდა. კანონმდებლობის ფარგლებში ტერმინი „გენდერი“ ეტაპობრივად იცვლება ფორმულირებით „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“, რაც გარკვეულწილად ცვლის თავად გენდერული თანასწორობის კონცეპტუალურ საფუძველს. ამ ცვლილებების ფონზე, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეინიშნება მიდგომის გადახედვა
გენდერული თანასწორობის საბჭოების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის გათვალისწინებული საბჭოების გაუქმება, პრაქტიკაში მათ ფუნქციებს რიგ მუნიციპალიტეტებში ანაცვლებს
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები“. აღნიშნული ცვლილებები ამ ეტაპზე სრულად არ აისახა ბიუჯეტურ პოლიტიკაში, თუმცა შეინიშნება გენდერული საკითხების პრიორიტეტულობის შემცირების ტენდენცია ადგილობრივ დონეზე.
სწორედ ამ კონტექსტში ქალთა ფონდმა „სოხუმი“ სამაგიდე კვლევის ფარგლებში შეისწავლა საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული სამიზნე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები, რომლის მიზანია
2025 წლის ბიუჯეტებში გენდერული საკითხების ასახვის დინამიკის შეფასება წინა წელთან შედარებით და არსებული ტენდენციების, მათ შორის,
გენდერული პოლიტიკის პროგრესის თუ შესუსტების გამოვლენა.პროგრესის ტენდენცია: ჩოხატაური, ზუგდიდი, ქობულეთი, ქუთაისიჩოხატაურიჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში აქვს გაწერილი შემდეგი გედნერული პროგრამები:
- გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
- ეკონომიკური გაძლიერება (ქალებისა და შშმ პირების დედებისთვის);
- ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა – 1500 ლარამდე;
- მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება;
- გადაუდებელ შემთხვევაში ბინის შესყიდვის ან დაქირავების ხარჯების ანაზღაურება;
- სამედიცინო თანადაფინანსება.
ამ მუნიციპალიტეტმა ბოლო წლებში გამოავლინა სტრატეგიული მიდგომა, როგორც პროგრამულ, ისე სტრუქტურულ დონეზე. 2025 წლის ბიუჯეტში იზრდება სამედიცინო თანადაფინანსების ზღვარი და მხარდაჭერის სამიზნე ჯგუფებში პირველად ჩნდებიან საპენსიო ასაკის ქალები. მცირე ცვლილებებია, თუმცა ღირებული.
ზუგდიდიზუგდიდის მუნიციპალიტეტს ქალებზე ორიენტირებული შემდეგი გენდერული მუნიციპალური პროგრამები გააჩნია მიმდინარე და წინა წლის ბიუჯეტის ჩანაწერების მიხედვით:
- გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც მოქმედებს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის გენდერული განყოფილების მეშვეობით;
- მოქმედებს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ქვეპროგრამა – ქირის სუბსიდირება თვეში 200 ლარამდე, რაც ვრცელდება:
- ძალადობის მსხვერპლებზე,
- ყოფილ პატიმრებზე,
- ზრუნვის სისტემიდან გამოსულებზე,
- სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულებზე;
- ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება/თანადაფინანსება;
- „ქალთა ოთახის“ ხელშეწყობა;
- მარტოხელა მშობლის სოციალური დაცვის პროგრამა;
- სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსება;
- სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო წრეების დაფინანსება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არის სტაბილური ლიდერი გენდერულ პოლიტიკაში. ძალადობის მსხვერპლთა ქვეპროგრამა რჩება ბიუჯეტში, დამატებულია ცნობიერების ამაღლება და გენდერული სტრატეგიის განმტკიცება. ბიუჯეტში პირდაპირ წერია, რომ
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვან იარაღს“. ზუგდიდის მაგალითი აჩვენებს, რომ ინკლუზიური და მიზნობრივი პოლიტიკა მდგრადი ინსტიტუციური ჩარჩოს გარეშე ვერ იარსებებს.
ქობულეთიქობულეთის მუნიციპალიტეტს ქალებზე ორიენტირებული შემდეგი გენდერული მუნიციპალური პროგრამები გააჩნია მიმდინარე და წინა წლის ბიუჯეტის ჩანაწერების მიხედვით:
- ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა;
- სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- მარტოხელა მშობლების ფინანსური დახმარება (100 ლარი ბავშვზე);
- მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება (1000–1500 ლარამდე);
- გაზიფიცირება მოწყვლადი ოჯახებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში პროგრამები რჩება ძირითადად უცვლელი: მარტოხელა მშობლისა და მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, იგრძნობა სოციალური სოლიდარობის კონტექსტი. თუმცა გენდერული მიმართულება არ ვითარდება.
ქუთაისიქუთაისის მუნიციპალიტეტს კი ქალებზე ორიენტირებული შემდეგი გენდერული მუნიციპალური პროგრამები გააჩნია მიმდინარე და წინა წლის ბიუჯეტის ჩანაწერების მიხედვით:
- მედიკამენტებით უზრუნველყოფა,
- სამედიცინო დახმარება,
- სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა,
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება,
- სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა,
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა,
- მარტოხელა მშობელთა დახმარება,
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება,
- საქართველოს „ბავშვთა ეს-ო-ეს სოფლის" დღის ცენტრის ბენეფიციართა დახმარება,
- გადაუდებელი რეაგირება,
- გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფსიქიატრიული სერვისებით უზრუნველყოფა,
- მრავალშვილიანი ოჯახების მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა,
- ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება,
- გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
სტაგნაციიის ნიშნები: თერჯოლა, ხონი, ვანი, სენაკი, წყალტუბო, ხობი, წალენჯიხაწყალტუბო და თერჯოლაორივე მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება მინიმალურია, გენდერული პოლიტიკა კი - ფორმალური. ბიუჯეტში არის ზოგადი სოციალური პროგრამები, თუმცა მცირე თანხებით და პრაქტიკულად მიუწვდომელი ინფრასტრუქტურით. წყალტუბოში ადგილობრივები ამბობენ:
„დახმარება თითქოს არსებობს, მაგრამ როგორ მივიღოთ, არ ვიცით“.წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ქალებზე ორიენტირებული შემდეგი გენდერული მუნიციპალური პროგრამები გააჩნია მიმდინარე და წინა წლის ბიუჯეტის ჩანაწერების მიხედვით:
- ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის დახმარება (გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან/და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი;
- მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება - 300 ლარი;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეთა ბინის ქირით უზრუნველყოფა;
- გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქალებზე ორიენტირებული გენდერული მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს წინა წლების ბიუჯეტის თანახმად, უცვლელად. აქვს მხოლოდ ქვეპროგრამა
სოციალური დაცვა, რაც მოიცავს მოსახლეობის ყოფითი საჭიროებების დაფინანსებას, თუმცა
გენდერული ელემენტი დაკონკრეტებული არ არის.
ხონიხონის მუნიციპალიტეტშიც ქალებზე ორიენტირებული გენდერული მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს წინა წლების ბიუჯეტის თანახმად უცვლელად:
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფა;
აქვე აღსანიშნავია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ერთადერთია, რომელსაც აქვს ჩანაწერი, სადაც აღნიშნული სერვისის მიღება შეუძლია, როგორც ხონში რეგისტრირებულ მოქალაქეს, ასევე ფაქტობრივად მცხოვრებსაც.- მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
- მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების/ თანადაფინანსების პროგრამა;
- მრავალშვილიან მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარება.
სენაკისენაკის მუნიციპალიტეტში ქალებზე ორიენტირებული გენდერული მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს წინა წლების ბიუჯეტის თანახმად:
- ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება და თანადაფინანსება;
- მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;
- მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
- სოციალური ადაპტაციისა და ძალადობის მსხვერპლთა პროგრამა;
- სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
- სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა;
- პროექტი ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ თანადაფინანსება.
ხობიხობში დახმარება შშმ პირებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კვლავ მოქმედებს, თუმცა გენდერულად სპეციფიკური პროგრამები არ იკვეთება. თუნდაც ქირის ანაზღაურების ფორმატში, ბენეფიციარების გედნერული საჭიროებების მიხედვით დიფერენციაცია არ ხდება.
წალენჯიხაწალენჯიხაში ბიუჯეტში მოქმედებსა ტრანსპორტის სუბსიდირება სოფლებში, ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარება და საცხოვრისის პროგრამები. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ,
„გენდერული თანასწორობის ქვეპროგრამა კი წერია, მაგრამ რეალურად ვის ეხმარებიან, არ ვიცით“. მუნიციპალიტეტი | 2024 წლის დონე | 2025 წლის ცვლილებები | შეფასება |
ჩოხატაური | ინსტიტუციონალიზებული გენდერული პოლიტიკა | დაფინანსების ზრდა და კვლევითი მიმართულების დამატება | ✅ პროგრესი |
ზუგდიდი | მიზნობრივი გენდერული მხარდაჭერა | ინსტიტუციური გაძლიერება | ✅ სტაბილური ლიდერი |
ქობულეთი | ცალკეული გენდერული პროგრამები | ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების გენდერული კრიტერიუმი | ✅ ტენდენციური პროგრესი |
ქუთაისი | გენდერული საბჭოს სტრატეგია | ინსტიტუციური გაძლიერება | ✅ პროგრესი |
წყალტუბო | სოც. პროგრამები, გენდერული კომპონენტია ნაჩვენები | ცვლილება არ ფიქსირდება | ⚠️ სტაგნაცია |
ხონი | ძალადობაგამოვლილი ქალების ან მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერი ჩარჩო არ მოქმედებდა | ცვლილება არ ფიქსირდება | ⚠️ სტაგნაცია |
ვანი | ზოგადი სოც. პროგრამები, გენდერული მახასიათებლების გარეშე | ცვლილება არ ფიქსირდება | ⚠️ სტაგნაცია |
თერჯოლა | სოციალური დახმარება ბენეფიციართა საჭიროებებზე | ცვლილება არ ფიქსირდება | ⚠️ სტაგნაცია |
სენაკი | ძალადობის მსხვერპლთა ზოგადი მხარდაჭერა | ცვლილება არ ფიქსირდება | ⚠️ სტაგნაცია |
ხობი | შშმ და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება | ცვლილება არ ფიქსირდება | ⚠️ სტაგნაცია |
წალენჯიხა | არ ჩანს გენდერული პოლიტიკა მკაფიოდ | ცვლილება არ ფიქსირდება | ⚠️სტაგნაცია |
გენდერული ბიუჯეტირება - ფორმალური პროცედურა თუ რეალური ინსტრუმენტი?დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანალიზმა აჩვენა გენდერული პოლიტიკის განხორციელების განსხვავებული დინამიკა. ზოგან იკვეთება წინსვლის ნიშნები, სხვაგან კი ცვლილებები პრაქტიკულად არ ფიქსირდება. მუნიციპალიტეტები, სადაც ძლიერია არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, ავლენენ სტრატეგიულ მიდგომას და გენდერული პრიორიტეტები რეალურად აღსაქმელია ბიუჯეტების ჩანაწერში. დანარჩენ შემთხვევაში გენდერული ბიუჯეტირება, როგორც მექანიზმი, ან გაუჩინარდა ან წლების წინ დაწერილ დოკუმენტებს ფორმალურად იმეორებს.
ერთი მხრივ, ზუგდიდისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, შეინიშნება გენდერული საკითხების სტრატეგიულ დოკუმენტებში ინტეგრაციის და ბიუჯეტში პრიორიტეტულად ასახვის ტენდენცია. მეორე მხრივ, წყალტუბოს, თერჯოლას, ვანის, წალენჯიხის ბიუჯეტებში, ქალები, მათ შორის ძალადობის მსხვერპლი ქალები, ბიუჯეტში ძირითადად წარმოდგენილია, როგორც ზოგადი სოციალური კატეგორიის ნაწილი, სპეციფიკური საჭიროებების გარეშე, რაც ვერ უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ მხარდაჭერას.
ერთ-ერთი მუნიციპალიუტეტის მკვიდრი ქალის თქმით: „
არც ვიცით, თუ რამე ქალების დახმარების პროგრამა არსებობს… არავინ გვიხსნის, რისი მოთხოვნა შეგვიძლია.“ეს ფრაზა ნათლად ცხადყოფს სისტემურ გამოწვევას: მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას არსებული მომსახურებების შესახებ, შესაბამისად ვერც დახმარებას ითხოვს და ვერც თავის საჭიროებას აჟღერებს. გენდერული ბიუჯეტირება მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ქალებს აქვთ მასზე რეალური წვდომა და ხედავენ, რომ ბიუჯეტი მართლაც პასუხობს მათ საჭიროებებს და არ რჩება მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად.
დღეს, როცა ძალადობაგამოვლილ ქალებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ხელშესახები მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების ბიუჯეტში მკაფიოდ ასახვა და რესურსების მიზნობრივი გადანაწილება. პოზიტიური პრაქტიკა, როგორც წესი, იქ იკვეთება, სადაც ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობით ხორციელდება, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება, ქალების საჭიროებების გათვალისწინებას პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს.
სტატია მომზადებულია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ბიუჯეტებზე დაყრდნობით.გვემეგობრე:
👉
www.fsokhumi.ge👉
@wfsukhumi (Instagram, Tik Tok);
WFSTbilisiOffice (Facebook)