შვილები მამების მოლოდინში


ავტორი


ზეკო ხაჩიძე
პანდემიისგან დაუძლურებულ სამყაროში, 24 თებერვალმა თავიდან ამოაყირავა სიხარულს მონატრებული კაცობრიობა და ახალი შიში დაასახლა ყველას ფიქრში, უკრაინელი იყო, თუ არ იყო ის.

სოციალური ქსელი ორ ტონში გადაცხოვრდა. მებრძოლი ქვეყნის ზღვისფერმა და მზისფერმა განსაზღვრა მოკვდავიც და უკვდავიც, მდიდარიც და ღარიბიც, ხელოვანიც და მეცნიერიც, იდეაც და ქმედებაც. თვეების მანძილზე, საათების ქრონოლოგიით აისახებოდა ყოველი მეორე (თუ ყველასი არა) ადამიანის პოსტში უკრაინული გმირობის, ყიჟინის, შეცხადების, აღფრთოვანების, სასოწარკვეთის შორისდებულები, რომელიც მოსალოდნელი კანონზომიერებით დღემდე ვერ დალაგდა.. მილიარდობით ადამიანი აზიარებდა რუსი ოკუპანტებისგან დაბომბილი საავადმყოფოების, მარიუპოლის თეატრის, მატარებლების ბაქნებზე სასოწარკვეთისგან გზაარეული და დედებარეული ბავშვების, იატაკქვეშეთში ომის შვილების დაბადების გულისგამგმირავ კადრებს.

რამდენიმე თვის მანძილზე.. სამყარო შეეჩვია უკრაინის ომთან ერთად ცხოვრებას. გათენებას და დაღამებას.. ზღვისფერი და მზისფერი ტონებიც გაიშვიათდა, გაყოველდღიურდა.. შორისდებულებიც და შემართული მუჭებიც „ემოჯებად“ სპეციფიკური ავატარების ატრიბუტებად შეყოვნდა.

ომი ისევ მძვინვარებს და ჩვენ ისევ დანაღმულ ველზე ვაგრძელებთ ცხოვრებას დროდადრო, დროშაგადაფარებული, უკრაინაში დაღუპული ქართველი ცხედრების პატივგების კამათით- გმირები არიან, თუ არა?

ამ ეგზისტენციალური შფოთვის ქართულ კალენდარზე, ჩემი ფონდი „სოხუმი“, ის, რომელმაც ბევრზე კარგად იცის ომის ჭრილობები, რუსული ოკუპაციის ბოროტების ძალა და საკუთარი ეზო-კარიდან იძულებით აყრის ტრაგიკული ოდისეაც, ნამდვილი სულის კათარზისია.

.. როგორც კი საქართველოში უკრაინიდან პირველი ლტოლვილები გამოჩნდნენ, შეიქმნა დამხმარე ჯგუფი სპეციალური პროგრამებით. უკვე 9 თვეა დახმარება ხორციელდება საკვებით, ბავშვთა საკვებით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით, სასკოლო ნივთებით, თბილი საბნებით, გათბობის მოწყობილობებით, სამედიცინო გამოკვლევებისა და სიმსივნით დაავადებული ლტოლვილებს ოპერაციების დაფინანსებით. საბინაო ქირის უზრუნველყოფით, ფსიქოლოგიური კონსულტაციებით, დასაქმებით, ახალი პროფესიული უნარების სწავლებით.

მაგრამ მთავარი, მაინც სულიერი რეაბილიტაციის მცდელობაა.

ბევრი სხვადასხვა სახის კოლაბორაციული ღონისძიებების მიუხედავად, ყველაზე შთამბეჭდავი, მაინც 19 დეკემბერი იყო. უკრაინელი პატარების ნამდვილი წინასაახალწლო დღესასწაული, რომელიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მისივე სააქტო დარბაზში გავმართეთ ქალაქის მერის- იოსებ ხახალეიშვილის, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის - ზაზა ლომინაძის და საკრებულოს თავმჯდომარის- ირაკლი შენგელიას სტუმრობით და მილოცვებით.

დღესასწაული შედგა!

ისინი - უკრაინელი დედები, ომისგან მამებდაშორებული შვილების გასათამამებლად, სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, ლტოლვილობაში, - ისმენდნენ და ხედავდნენ მათ გასამხნევებლად მოსულ ქალაქის მესვეურებს, რაც მართლა გულწრფელი აღფრთოვანება იყო. ეს შეგრძნებაც, ჩემმა თანაწამყვანმა, უკრაინელმა იულიამ მითხრა ცრემლმორეულმა, როცა სტუმრები დათქმულ დროს მზრუნველი სახეებით შემოვიდნენ დარბაზში და სათითაოდ წარვუდგინე ამაყად.

- არ მქონდა იმედი, რომ ჩვენთვის და ჩვენი პატარებისთვის მოიცლიდნენ. ეს ხომ უკრაინული დღესასწაულია?

- ქუთაისი სხვანაირია. ჩვენმა მერმა პირველმა გააკეთა თქვენი გმირი ხალხის სოლიდარობის განცხადება ევროპის პოლიტიკურ ტრიბუნაზე - თამამად ვუთხარი იულიას და კიდე სხვა ამბებიც მოვუყევი ჩვენი ქალაქის ტოლერანტობის ისტორიაზე.

მისი (იულიას) ხმა სხვა ლითონით ჭექდა უნივერსიტეტის დიდ დარბაზში. მე ცრემლები მიბზარავდა სიტყვებს. ის თავაწეული და ტემპერამენტით სავსე იყო! ვფიქრობდი, ალბათ ასეთი არიან უკრაინელი ქალები, ცოლები, დედები - ასეთი მებრძოლი ბიჭების მშობლები და შეუდერეკელები.

ასამდე წყვილი თვალი გვიყურებდა დარბაზიდან. და ეს, მხოლოდ პატარების. დიდების სევდა მაინც იდგა გარშემო. როცა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული ჩვენი ქუთაისელი პატარების უკრაინული ჰიმნით გაიხსნა, ჟრჟოლვამ მარტო მე არ ამიტანა ალბათ...

ბავშვებით ავსებულ ინტერიერს მხიარულება, წმინდა ნიკოლოზი - მათი სანტა კლაუსი, საჩუქრებით ავსებული კულისები და გართობით თავდავიწყება ელოდა და როგორც კი ეს წამი დადგა, სახელდახელოდ შეთხზული უკრაინელების სპეტაკლის ბოლოს, მხიარულებას მონატრებული უკრაინელი პატარები ქართველ თანატოლებთან ერთად, სცენაზე და სცენის წინ უკონტროლო სიხარულით გაიჭრნენ - ცეკვავდნენ, მღეროდნენ, წმინდა ნიკოლოზს საჩუქრების აბგას უცარიელებდნენ და ერთმანეთით იბედნიერებდნენ პატარა გულებს.

ვუყურებდით შვილებს, რომლებსაც ჯერ კიდე არ გაუცნობიერებიათ, რომ დიდი ომის შვილები არიან.. ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებიათ, რომ მებრძოლი მამების სულის ანთებულ ნაწილს ატარებენ და ეს ვალი ექნებათ სულ! ჯერ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ მსოფლიო მათგან სულ განსაკუთრებულის მოლოდინში იქნება!

ვუყურებდით ამ ზეიმისგან ომდავიწყებულ შვილებს და გვიხაროდა. ვუყურებდით სათითაოდ მათ მონატრებულ ემოციებს დაბომბილი სამშობლოსგან შორს და ჩემმა მეგობარმა ეკა ფხაკაძემ მაშინ თქვა : „იქნებ ამათ შორისაც არის მომავალი პრეზიდენტი მისი გმირული ქვეყნის, როგორც ჩვენი პოლონელი ვლადისლავ რაჩკევიჩი და ჩვენს შვილებს მისი ძეგლის გახსნაც მოუწიოთ ამ ქალაქში დიდი პატივით“ ....

ჩვენ ყველამ, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე, უკრაინის გამარჯვება ჩავუთქვით სასწაულმოქმედ წმინდანს, რომელიც შვილებს - მამების მოლოდინში, ყველაზე მეტად ეიმედებათ!