სარეაბილიტაციო, ანუ კრიზისულ ცენტრებს, როგორც ყველაფერს სამყაროში, საკუთარი არსებობის ისტორია აქვს. ნუგეში, თანაგრძნობა და მხარდაჭერა ყველა ეპოქაში და ყველა დროში ძვირფასი განცდა იყო და მანამდე ამ საქმეს უბრალოდ კეთილი ადამიანები აკეთებდნენ. მერე, წლების განმავლობაში, დიდ პროცესებზე დამკვირვებელმა და შემფასებელმა საზოგადოებამ, ან საზოგადოების ერთმა პროგრესულმა ჯგუფმა, ასეთი სახლების დაარსების ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო და 70-იანი წლებიდან, ქალთა თავშესაფარის ნიშნით, მსოფლიო რუკაზე ათასობით იმედის წერტილი აინთო.
ბევრი ვეძებე, როგორი იყო მისი პირველი სახე.. Haven House-ზე უფრო მხცოვანის ამბავს ვერსად წავაწყდი. Haven House 1964 წელს გახსნილი პირველი ქალთა თავშესაფარია კალიფორნიაში, რომელიც ალბათ, ლამაზ, მწვანე ეზოში იდგა და დარაბებიდან ბევრი მზის სხივი ათბობდა. ისეთივე, როგორც ჩვენი სარეაბილიტაციო სახლია ქუთაისის ერთ კოლორიტულ უბანში და ის, რა თქმა უნდა, მარტო სახლი არ არის. კედლებს იქეთ, ფანჯრის მიღმა და ყველა ოთახის ყველა კუთხეში სავალდებულო სიმყუდროვეა, ისეთი, რომ შეხვალ და ნერვებს მიანდობ, შფოთს დაგავიწყებს, სამყაროს სიკეთეს დაგაჯერებს. სახლი, რომელსაც დიასახლისიც გამორჩეული ყავს - ფონდ „სოხუმის“ კიდევ ერთი მონაპოვარი. სახელიც ასეთი აქვს - ნუგეშა.
- აგრონომიული ფაკულტეტი დავათავრე. სტუდენტობის საოცარი წლები იყო სოხუმში. ახალგაზრდული სითამამე და ზღვისპირა ქალაქის ხმაური. ბევრი სტუმარი, კარგი მშობლები, საინტერესო გარემოცვა და დრო, როცა პერსპექტივებზე არ ფიქრობ. უბრალოდ, ცხოვრობ და ბედნიერი ხარ. კელასურში იყო ჩვენი სახლი, საუნივერსიტეტო კორპუსებში, რადგან დედ-მამა უნივერსიტეტში მუშაობდა. სამეგობროც ამ წრიდან ყავდათ და სამეგობროს შვილებმაც გავაგრძელეთ ტრადიცია როგორც შეგვეძლო.
მერე დაიწყო ომი...
- როგორ წამოდით სოხუმიდან?
- ჩვენ 1 წელი ამის მერეც მოგვიწია დარჩენა. ჩვენიანი იქ აღარავინ იყო. დედის ავადმყოფობის გამო მერხეულიდან სვანეთში ფეხით ვერ გადავედით. მოკლედ, სრულიად დაძაბულ და მტრულ გარემოცვაში ყოველ დღე თვითგადარჩენის ენერგიით ვიღვიძებდი პარალიზებულ დედასთან ერთად, რომელსაც მოვლა სჭირდებოდა.
უტრანსპორტოდ და უნუგეშოდ დარჩენილებს, პირველად აზერბაიჯანელი კაცი დაგვეხმარა და თავშესაფარი მოგვცა. ამ პერიოდში ბაგრამიანის ბატალიონი შიშის ზარს ცემდა ყველას. ვერც ჩვენ გადავურჩით. მამა დაიჭირეს. წარმოუდგენელი იყო მისი გადარჩენა. ხვრეტდნენ ქართველებს. და აქ სომეხმა სტუდენტმა გამოიჩინა თავდადება. მამა მისი ლექტორი იყო. ხელმოწერები შეაგროვა, მამის დამსახურებასა და სიკეთეზე ეუბნებოდა მეთაურს და ფეხებში ჩაუვარდა - არ მოეკლათ ერთი კარგი ადამიანი.
ასე გადამირჩინეს მამა.
თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ სარეაბილიტაციო სახლის დიასახლისთან სხვა თემებზე უნდა მესაუბრა და ნაკლებად იყო ჩემი ვალდებულება - წარმომედგინა მისი ამაყი გარეგნობა 27 წლის ასაკში, როცა მშობლებზე და საკუთარ თავზე მზრუნველობა მარტოს უწევდა ბევრი „არამეგობარისგან“ თავდაცვით. ტყვიების ხმაში და დანგრეული მოგონებების ქალაქში, სადაც აღარც კეთილი მეზობლები იყვნენ და არც დედ-მამის ინტელიგენტი მეგობრები. არც შეყვარებული, არც ქმარი, არც ნათესავი.
კი, სხვა თემების გამო დავრეკე... სხვა თემაზე ვწერდი ბლოგსაც. მხოლოდ იმ ქალებისთვის, ვინც უკვე იცხოვრა, ან აწი იცხოვრებს ჩვენს კრიზისულ ცენტრში, მაგრამ მე ხომ ფონდ „სოხუმს“ წარმოვადგენ? და აქ ყველაფერი უჩვეულოდ სენტიმენტალურია მისი სახელიდან დაწყებული - ადამიანებით დამთავრებული. ნუგეშა ერთი კონკრეტული ისტორიაა, მისი მძაფრი განცდებისგან შემდგარი ქალი, მისი წლების და მცდელობების უჩვეულო გემოთი.
ნუგეშა, ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრისკენ იმედიანად მომავალი ქალების პატარა დიასახლისია, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს მხარში დგომა, თანაგრძნობა იმ დროს, როცა სასო გერთმევა, როცა შვილებთან ერთად ცხოვრების ახალ გზაზე მარტო დგები და თავი უნდა აწიო, ხერხემალი გაასწორო და წინ იარო, შიშის მიუხედავად. სარეაბილიტაციო სახლში მისი ყოფნაც, აქაურობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და ყველა აქ ნაცხოვრებ ქალს, სახლში დაბრუნებულს, გულში ერთი ნამდვილი მეგობრით მეტი მიყვება...
- ეზოში შემოსვლისთანავე მეცვლება განწყობა. ბალახი, ყვავილი, ხე, მიწა, გარემო, რომლითაც კარი უნდა შეაღო და სახლში შეგყვეს, ისეთი არაჩვეულებრივია, გულგრილს ვერავის დატოვებს.
- ქალები, ვინც ფონდმა „სოხუმმა“ აქ შეიფარა, საკუთარი ტრაგედიიდან მოდიან. როგორ აღიქვამენ იმას, რასაც თქვენ ასე ლამაზად აღწერთ?
- იყო შეთხვევები, ახალმოსულებს განსაკუთრებული არაფერი უგრძვნიათ ამ პატარა სამოთხეში. მიკვირდა კიდეც. მერე მივხვდი, რომ მათ ტკივილებს დრო ჭირდება. დრო და მკურნალობა სიტყვით, გვერდით ყოფნით, ბუხართან ჯდომით, თბილი, ფუმფულა საწოლით, ამბების მოყოლოთ, სამზარეულოში ჩაის და ყავის ერთად სმით. და ძალიან მალე ეზოშიც იხედებიან - ფანჯრიდანაც, ყვავილებსაც აქებენ, გარეთ გასვლის ძალა და სურვილიც უბრუნდებათ და თქვენ წარმოიდგინეთ, მუზეუმიც აინტერესებთ, თეატრიც, ქუჩაც ადამიანებით ახმაურებული და ნამდვილი ცხოვრებაც.
- რთულია ალბათ, სხვადასხვა ადამიანებთან ამ ტიპის ურთიერთობა, რომელსაც თავიდანვე იცი უკვე, რომ მძიმე ექსპოზიცია აქვს...
- რა თქმა უნდა, რთულია. ყველა სხვადასხვა უნარის და ჩვევის ადამიანია. ყველას სხვადასხვა ძალადობის სტიგმა აქვს გადასაგდები. შვილები მოსავლელი. ფიქრი მომავალზე. ყველაფერი ეს მძიმეა და ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ამ სირთულეს არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი და იურისტი უმკლავდება ჩვენთან ერთად. ჩვენ ვცდილობთ მათი ყოველდღიურობა ჩვენი სახლის ყოველდღიურობით გავალამაზოთ და გარდავქნათ. რომ ეს დღეები მაინც იყოს მაგალითი, როგორ შეიძლება უკეთ იგრძნოს თავი, უკეთესად მოექცეს შვილებს, დათბეს, სამყაროს დაუმეგობრდეს თავიდან.. რთულია, მაგრამ საჭირო და სასურველი. ქალები ჩვენთან რეალურად უნდა გაძლიერდნენ და ძლიერდებიან კიდეც! ბევრად უფრო დიდი ენერგიით და თავდაჯერებით გადიან სარეაბილიტაციო სახლიდან.
„დიდი სახლის პატარა დიასახლისთან“ დიდხანს ვილაპარაკე. მისი ხასიათით და სწორად გამოთქმული სიტყვებით, გრძნობებით, ნუგეშა კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდიდა ჩემთვის ისედაც ძალიან საინტერესო სამყაროს, ფონდ „სოხუმის“ ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრს, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო სიცოცხლე და 20-დე ბენეფიციარს უმასპინძლა არაჩვეულებრივ გარემოში.
სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს რუკაზე, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალების და მათი შვილების თავშესაფრად ათასობით იმედის წერტილი ანთია, ერთი ჩვენიცაა, ლამაზი და გამორჩეული ქუთაისური ეგზოტიკით და სოხუმური ყავის განუმეორებელი არომატით.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
ეს ქალთა ფონდი „სოხუმია“!