ლამაზი, სლავური გარეგნობის ქალია, სავსე, ცისფერთვალება. ფოტოს გადაღებაზე უარი მითხრა - ეშინია, საქმე არ გაუფუჭოს ტყვეობაში მყოფ ახლობლებს. უსიტყვოდ ვეთანხმები. გვარიც არ მიკითხავს. სვეტლანას შვილთან ერთად შევხვდი. მისი ათიოდე წლის ბიჭუნაც ერთვებოდა საუბარში, ფაქტებს და თარიღებს აზუსტებდა.
მიყვარს, წერილს ფოტო რომ ახლავს. ფოტოც თავის სათქმელს ამბობს: თვალები, განწყობა. სიამოვნებით დაგანახებდით ორივეს, მაგრამ...
ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი ლამაზი ქალაქიდან არიან. რთული ბედის ქალაქიდან. ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 2022 წლის 25 თებერვალს შევიდა იქ რუსული ჯარი და სრული კონტროლი დაამყარა, თავისი ვერაგი წესების დამყარება დაიწყო. სვეტლანას თქით, ტელევიზორში მიდიოდა რუსული პროპაგანდა. გამორთეს უკრაინული არხები, ინტერნეტი. მის ოჯახში სატელიტური „თეფშით“ უყურებდნენ ადგილობრივ არხებს. რიგრიგობით შემოდიოდნენ მეზობლები, რომ გაეგოთ, რა ხდებოდა ქვეყანაში.
9 მარტს მიადგნენ სახლში. ეს იყო პირველი ჩხრეკა. კაცები ბოსტნიდან გაიქცნენ - სვეტას დამ მოასწრო დარეკვა და გაფრთხილება.
- იარაღს ეძებდნენ. ვერაფერი იპოვეს. აზოვის დროშები სად არისო, კითხულობდნენ აგრესიულად, - ამას ბიჭუნა ამატებს...
იმ დღეს წავიდნენ აგრესორები, მაგრამ აპრილში დაბრუნდნენ და სვეტას ქმარი წაიყვანეს. სამ საათში გამოუშვეს - გაესაუბრნენ და სცემეს, რადგან არ დათანხმდა მათთან მუშაობას.
არ მოეშვნენ. მაისში ისევ მოვიდნენ. წაიყვანეს ქმარი და ძმა. ერთი თვე იქ ჰყავდათ, ქალაქში, „პერედაჩებიც“ კი მიჰქონდა სვეტლანას. ხვალ გავუშვებთო, ეტყოდნენ და გახარებული წამოვიდოდა. მაგრამ ატყუებდნენ, არ უშვებდნენ, არც დაჭერის მიზეზს ამბობდნენ. ერთი თვის მერე საერთოდ გააქრეს ქალაქიდან ისე, რომ 10 თვე არაფერი იცოდნენ. სად არ კითხულობდნენ, ვის არ მისწვდნენ, ვერაფერი გაიგეს. თებერვალში წითელი ჯვრის დახმარებით მიიღეს კარგი ცნობა - ცოცხლები ვართო. ეს იყო და ეს.
ახლახან, იანვარში, ლამის ერთი წლის თავზე დარეკა კაცმა, სამხედრომ, რომელიც მათთან ერთად იჯდა რუსეთის დასაკარგავში და გამოუშვეს, გაცვალეს. ცოცხლები არიან, ნორმალურად არიანო.
ამის გაგება იყო ბედნიერება! ახლაც ეს არის მთავარი - ცოცხლები იყვნენ და ჯანმრთელები დაბრუნდნენ. ძალიან განიცდის სვეტლანა. დედა რუსი ჰყავს, ვაჟიშვილის და სიძის ამბავი რომ შეეტყო, მთელი წელი დაჰყო უკრაინაში, მაგრამ ვერაფერი გაიგო და მერე ისიც საქართველოში ჩამოფრინდა. სვეტლანას აქ მეგობრები ეგულებოდა და ამიტომ არჩია თავის ბიჭუნასთან ერთად ქუთაისში ჩამოსვლა.
საინტერესოა ამ ქართულ-უკრაინული მეგობრობის ისტორია. სვეტლანა, ქუთაისელი ნინო და მისი ბიძაშვილი ნარგიზა ერთად სწავლობდნენ უკრაინაში, სამედიცინო სასწავლებელში. თავიდანვე დამეგობრდნენ. ქართველი გოგონები შაბათობით სახლში რეკავდნენ ხოლმე და სვეტას თავისთან მიჰყავდა სახლში, რომ უფრო კომფორტულად დაერეკათ.
სვეტლანა იხსენებს: „ტიროდნენ, მშობლებს რომ ელაპარაკებოდნენ. ენატრებოდათ. ჩემი დედა და მამა განიცდიდნენ, ამას რომ ხედავდნენ. დედა გემრიელად ასადილებდა ხოლმე და ასე გრძელდებოდა. მამამ ჩვენთან გადმოსვლა შესთავაზა, მაგრამ გოგონებმა იუარეს. ზამთრის ერთ თოვლიან დღეს ჩექმები დაუმალა ორივეს და არ გაუშვა. გადმოვიდნენ ჩვენთან და ორი წელი ვცხოვრობდით ერთად. ნინოს ძმა ჩემი ნათლია გახდა“.
ასე დაუკავშირდნენ ერთმანეთს ნათელ-მირონობის მადლით. სვეტას მამა რომ გარდაიცვალა, ნინო იქ იყო, შვილივით გაიზიარა ეს ტკივილი.
რა თქმა უნდა, ომის დაწყებისთანავე შეეხმიანა ნინო მეგობარს, აქეთ ჩამოსვლას სთხოვდა. სვეტლანაც ჩამოვიდა - იქ დარჩენისაც ეშინოდა ბავშვის გამო.
პირველივე დღიდან გრძნობს ნინოს მხარდაჭერას. აქ კომფორტულადაა, მოსწონს და უყვარს ქუთაისი. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უჭირს. იმდენად რთული დღეები გადაიტანა, რომ ერთი წლის წინ კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს.
- ნინოს გავყევი ექიმთან, იმას ყველაფერი რიგზე ჰქონდა, ჩემი მდგომარეობა კი საგანგაშო აღმოჩნდა. უკვე ნაწილობრივ ქართული გული მაქვსო, - ხუმრობს სვეტა.
გულისტკივილის მიზეზი ლტოლვილობასთან ერთად ქმრის და ძმის ტყვეობაა. თან ისე, რომ არაფერი იციან მათზე. ნეტავ ჩვენი „ხლოპცი“ მალე გამოუშვან, ესაა ჩემი საფიქრალიო.
მისმა ბიჭუნამ: ორივე ძალიან მენატრებაო. იცით, ბიძაჩემი როგორი ადამიანია? კეთილი, ოპტიმისტი, ჭკვიანი, ნაკითხი. ფსიქოლოგივითაა. გვითხრეს, რომ ციხეშიც ყველას ეხმარება და ამხნევებს... იცით, რა კარგი კაცია? უნდა გაიცნოთ, რომ გაიგოთ.
პატარაა, მაგრამ დიდი გულის ადამიანია. ცდილობს, დედიკოსაც გაუადვილოს სიძნელეები...
ცუდ ფიქრებს ახლოს არ იკარებს დედა-შვილი. მეც მჯერა, რომ მალე ყველაფერი კარგად დასრულდება...