ოლენა და ირინა მარიუპოლიდან არიან - რძლები, ძმების ცოლები. ომი რომ დაიწყო, მეორე დღეს მშობლებთან წავიდნენ ახლო სოფელში, ძველ ყირიმში.
აუცილებელი ნივთები ჩავყარეთ, გვეგონა, უცებ დავბრუნდებოდითო.
11 მარტს რუსეთის გზით წამოვიდნენ მსუბუქი მანქანებით. ისროდნენ, სამხედროები ხვდებოდათ, აჩერებდნენ, ეშინოდათ, არ იცოდნენ, რა ბედი ეწეოდათ... ასე იარეს ტაგანროგამდე. ორი-სამი საათის სავალია, მაგრამ იმ გზაზე საუკუნე გავიდა მათთვის... მერე მატარებლით ვლადიკავკაზში ჩამოვიდნენ, იქიდან - თბილისში. ახლა ქუთაისში არიან ქმარ-შვილთან ერთად.
ქუთაისის ბაზარში ვიყავით, რომ გაიგეს, უკრაინიდან ვართ, ყველა რაღაცას გვჩუქნიდაო, ოლენამ. ტირილი ამივარდა და უფროსმა ბიჭმა, რა გატირებს, რომ გვჩუქნიან, ხომ კარგია, კარგად რომ გვექცევიან, ხომ კარგია, არ იტიროო...
მშობლები დატოვეს და არაფერი იციან მათზე, ახლობლებზე ფიქრობენ, მეგობრებზე... ბევრი სადარდებელი აქვთ, მაგრამ ცდილობენ, ბავშვებს ცრემლები არ დაანახონ. მთავარია, ერთად ვართ, ეს არის ჩვენი სიმდიდრეო...
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ითავა ამ ოჯახების დახმარება, სასტუმროს ხარჯები, მხარდაჭერა... რამდენიმე დღეში იტალიაში გაფრინდებიან და იცხოვრებენ მარიუპოლში დაბრუნების იმედით... სხვაგან არც გვიფიქრია და არც არასოდეს დაგვიგეგმავს ცხოვრება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს საყვარელ ქალაქში დავბრუნდებითო...
მშვიდობა უკრაინას!