- გუშინწინ მეგობრის შვილი მოკლეს და როგორ უნდა ვიყოთ? შიში და ნერვიულობაა ყოველდღე.
ასე ვიწყებთ საუბარს.
ქართულად. კიდევ ერთ საქართველოდან უკრაინაში წასულ ქალს ვხვდები...
ნინო მელაძე 25 წელი ცხოვრობდა ზაპოროჟიეში.
ის და მეუღლე თვენახევარი იყვნენ ომის ქალაქში. საქართველოს საელჩო დაეხმარათ წამოსვლაში. ჯერ ლვოვში გადაიყვანეს, მერე - ვარშავაში და იქიდან გადმოფრინდნენ ქუთაისში.
ერთი წელია, საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ ნინოს არც წამოსვლის შიში განელებია, არც დაბრუნების სურვილი...
იხსენებს: „სენაკში ვცხოვრობდით. რთული პერიოდი იდგა, საარსებო არ გვქონდა. ჯერ მეუღლე წავიდა უკრაინაში, მერე - მთელი ოჯახი, ჩვენ და სამი შვილი. ძალიან დაგვეხმარა იქაური მთავრობა, სამუშაოც მოგვცეს, ბინაც, მერე - მოქალაქეობაც. მზარეული ვარ, 18 წელი ვმუშაობდი ქართულ და სომხურ სამზარეულოებში. 25 წელი დიდი დროა, დიდი სანაცნობო გვყავს, სამეგობრო... ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი მასშტაბური ომი დაიწყებოდა, ტყვიებს კი არ ისვრიან, რაკეტები ცვივა. ნადგურდება ყველაფერი: სკოლა, თეატრი, ბინები, საბავშვო ბაღები, სამშობიაროები... ჩემი მეგობარი იწვა საავადმყოფოში, ნახევარი სააავადმყოფო ჩამოინგრა დაბომბვის შემდეგ, მადლობა ღმერთს, ინგა გადარჩა...“
ნინოს და მის ოჯახს საინტერესო ისტორია აქვს. თვითონ ილიაევია, მცხეთიდან, სოფელ ქანდიდან, ასურელი. საქართველოში, 2014 წლის აღწერით, 2377 ასურელი ცხოვრობს. თუმცა ცნობილი ბერ-დიაკვანი, ასურელი მამა სერაფიმე, რომელიც ქრისტეს ენაზე, არამეულზე გალობს, წერს, რომ საქართველოში 4 000 ასურელია, აქედან 2 000 სოფელ ქანდაში ცხოვრობს და ამ ენაზე ლაპარაკობს.
13 ასურელი მამა საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა წმ. იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით. ღირს იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეებიდან აერჩია 12 ბერი და მის წილხვედრ ქვეყანაში წასულიყო ქრისტეს სჯულის განსამტკიცებლად. მათ დიდი ღვაწლი გასწიეს ჩვენში, წმიდანებად არიან შერაცხულნი და მათი საფლავებიც აქ არის, სხვადასხვა კუთხეში.
საქართველოში მცხოვრები ასურელები და ნინოს ოჯახიც ინარჩუნებენ ტრადიციებს, ენას, წესებს, სამზარეულოს...
ასურელები ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოშიც: ქუთაისში, სენაკში, ბათუმში. ამ სამ ქალაქს განსაკუთრებულად გამოვყოფ. იმიტომ რომ ნინოს მეუღლე სენაკელი ასურელია, უფროსი ქალიშვილის, ნათიას მეუღლე - ქუთაისში მცხოვრები ასურელი, უმცროსი ქალიშვილი ხატია კი ბათუმელ ასურელზე დაქორწინდა... ოჯახის მესამე შვილი ლაზარეა - ლაზარემ უკრაინაში მაგისტრატურა დაამთავრა და ახლა კანადაში სწავლობს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ყოველ წელს ჩამოდიოდნენ მელაძეები საქართველოში. ქალიშვილებმაც აქ იპოვეს თავიანთი ბედნიერება. კარგი სიძეები მყავსო, აბობს ნინო. თუმცა დიდი ტკივილიც გადაიტანეს, ნათიას ტყუპი გოგონებიდან ერთი 7 წლისა დაეღუპა... მაშინ 7 თვე უკრაინაში იყო, მშობლებთან, გაუჭირდა ამ უბედურებასთან გამკლავება... 16 წლის გოგონა ცერებრალური დამბლის დიაგნოზით ჰყავს, თუმცა საკმაოდ ყოჩაღია, ნიჭიერი, ტანვარჯიშზე დადის, დედიკოს ეხმარება, პატარა ძამიკოსაც უვლის... ნინოს მეორე ქალიშვილს ორი ბიჭი ჰყავს.
ნინო მელაძე, მართალია, არ არის მშობლიურად ქცეულ ზაპოროჟიეში, მაგრამ თავის სამშობლოშია და ყველა კუთხეში თავისიანები ეგულება. სენაკში - მაზლის ოჯახი, ბათუმსა და ქუთაისში - ქალიშვილები, ქანდაში - მოხუცი დედა და ძმის ოჯახი...
ჩვენთან, ქალთა ფონდ „სოხუმში“ ნინო ნათიასთან ერთად იყო მოსული. ჩვენგან დატვირთულები წავიდნენ, კმაყოფილები, მაგრამ ეს დახმარება ცოტაა ლტოლვილადქცეული ადამიანისთვის.
„ჩვენი სახლი დგას, მაგრამ ზაპოროჟიესაც მიადგნენ. ბევრმა დაკეტა ბინა, წავიდა ქალაქიდან. ჩემს ქმარს აქეთ ურჩევნია დარჩენა, მე კი ძალიან მინდა წასვლა,“ - მითხრა ნინომ.
ბედნიერია შვილებისა და შვილიშვილების მოსიყვარულებით, მაგრამ წასვლაზე ფიქრობს. რა გასაკვირია, 25 წლის ნაშენებ-ნაჯაფი ოჯახი არ ეთმობა დასაკარგად...