ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხამამაღლა საუბარს იმაზე, რომ ქალთა ფონდ „სოხუმის“ მოღვაწეობის სფერო ბევრად ვრცელი და მრავალფეროვანია, ვიდრე სახელწოდება იტევს.
ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის და გენდერული მეინსტრიმინგის, მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების მართვის, ქალთა მხარდაჭერის და სარეაბილიტაციო ცენტრების, ანუ -ძალადობის წინააღმდეგ ინტენსიური კამპანიების გვერდით, ფონდ „სოხუმის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფილია ახალგაზრდული პროექტები: საინიციატივო ჯგუფების, კლუბების და ცენტრების დაფუძნება ნიჭიერი მოზარდებისთვის მათთან აქტიურ და უწყვეტ კომუნიკაციაში.
2021 წლის მარტიდან ახალგაზრდებთან მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა და 10 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმებებით, შეიქმნა ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები სამტრედიაში, ბაღდათში, თერჯოლაში, ვანში, ტყიბულში, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩოხატაურსა და ქობულეთში.
ახალგაზრდული პროექტებით ფონდმა არა ერთი მომავალი ლიდერი ამოიცნო. დღეს ერთ-ერთი, ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 17 წლის გურამ ლომიძეა.
- მოსწავლე ყოველთვის კარგი ვიყავი. ბავშვობიდან მიყვარს კვლევა, სულ ერთია- რის, რადგან ყველა საგანში არის რაღაც ძალიან საინტერესო და იდუმალი, რისი აღმოჩენაც მნიშვნელოვანია.
- და რა აღმოაჩინე ამ 12 წლის მანძილზე, რაც ყველაზე მეტად გეძვირფასება?
- „ყველაზე მეტს“ ჯერ ვერაფერს ვუწოდებ. მინდა „ყველაზე მეტის“ აღმოჩენის ინტერესი არ გაქრეს და ეს პროცესი კიდევ უფრო ხანგრძლივი და შედეგიანი გახდეს. ამ ეტაპზე ვიცი ის, რომ ისტორია გამორჩეულად მიყვარს.
- როდის დაიწყე აქტიური თვითგამოხატვა?
- პროექტები სულ მაინტერესებდა. ერთგვარი პერფექციონისტი ვარ - განვითარებაზე და მიღწევებზე ორიენტირებული. მაქვს ჯანსაღი მოტივაციები. მიყვარს, როცა ახალ უნარებს ვიძენ ახალი თემით და ახალი ურთიერთობებით. ასე, რომ სულ ვეძებ და ვპოულობ საინტერესო გამოწვევებს.
- როდის გაიგე ფონდ "სოხუმის" შესახებ?
- პირველად ფონდი სოხუმის შესახებ სკოლიდან გავიგე და დიდი სიხარულით ჩავერთე, რადგან მუდმივად ვიყავი ახალი პროექტების ძიებაში ჩართული. მახსოვს როდესაც პირველ შეხვედრას დავესწარი, დავალება მოგვცეს - როგორც ტრენერებს, ჩაგვეტარებინა შეხვედრა ჩვენს სკოლაში მიღებული ცოდნით. ძალიან დავიბენი. არ ვიცოდი ზუსტად რა უნდა გამეკეთებინა, რადგან მარტო საუბარი არ არის პრეზენტაციის ჩატარება. თემა იყო ბულინგი. ძალიან ნაცნობი და აქტუალური პრობლემა ჩვენს თაობაში. ბოლოს ძალა მოვიკრიბე და შევძელი. მგონია, რომ შევძელი, რადგან ფონდის წარმომადგენლებმა წამახალისეს და შემაქეს, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. არც აუდიტორიას ეტყობოდა მოწყენილობა.
- ქალთა ფონდ „სოხუმის“ რომელ პროექტში მიიღე მონაწილეობა?
- ეს იყო 6 თვიანი სატრენინგო კურსი ძალადობის პრევენციის და კონფლიქტის მართვის მიმართულებებით, რამაც ვფიქრობ, რომ სერიოზული ცოდნა მოგვცა იმ საკითხებში, რის გარეშეც წარმოუდგენელია დღეს რაიმე მოვლენა ობიექტურად განიხილო, რაიმე პოზიცია დაიჭირო, როგორც ღირსეულმა მოქალაქემ. ეს იყო სრული კურსით განათლება და პრაქტიკული მაგალითები განსჯისთვის, რომელმაც ღირებულებების განმტკიცების გარდა, მსჯელობის და ანალიზის უნარი გაგვიძლიერა, საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო მეტი პერსპექტივები და ძალა დაგვანახა. საუკეთესო გამოცდილება მოგვცა ჩვენს ასაკში.
- რაიმე მნიშვნელოვანზე თუ შეგიცვალა აზრი? მაგალითად ცნებებზე: ბულინგი, ტოლერანტობა, თაობათა შორის კონფლიქტი, ძალადობა..
- მგონია, რომ მანამდეც სწორი განწყობა და აღქმა მქონდა ამ ცნებების მიმართ, მაგრამ განმიმტკიცა უკვე არსებული აზრი, მომცა არგუმენტირების საშუალება, ცოდნა - როგორ დავარწმუნო სხვა, დისკუსიის ხელოვნება და ბევრი ახალი უნარი ეფექტური კომუნიკაციისთვის, ლიდერის პოზიციის მოპოვება-შენარჩუნებისთვის.
- რა ადგილი აქვს ქალთა ფონდ „სოხუმს“ შენს ბიოგრაფიაში?
- გარდამტეხი! და მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ფონდ „სოხუმს“ ასეთი ურთიერთობისთვის. მადლობა ვუთხრა ჩემი განვითარების და თავდაჯერებსითვის, არაფორმალური განათლებისთვის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებისთვის! მადლობა იმისთვის, რომ დღეს ვიცი, ჩემი ვალდებულებაა მოვუწოდო ადამიანებს - გავაანალიზოთ თანამედროვე გამოწვევები და შევძლოთ ერთიანად მოგვარება ნებისმიერი პრობლემის! მე ვრჩები „სოხუმის“ მეგობრების ჯგუფის აქტიურ წევრად და ვეცდები, ყოველთვის ვიამაყო მათი მხარდაჭერის სახელით!
ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას გულისხმობს, რაც ასე ჭირდება მომავალ თაობებს და მთლიანად სახელმწიფოს - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე.
ჩვენი რუბრიკაც და ახალგაზრდა ლიდერების გაცნობის სერიაც, გრძელდება .