რამდენიმე დღის წინ ენდრიუ დომინიკის ფილმი ვნახე “ქერა”, რომელიც მერლინ მონროს ცხოვრებაზე ყვება. მტკივნეულად, დაუნდობლად, სიმართლის და ტყუილის დაუდასტურებელი ნარევით. და მას შემდეგ ამ საოცარ არსებაზე ფიქრით დავსევდიანდი.. რატომ არასდროს დამიწერია მასზე? რატომ არ დავასრულო გენდერული დეზინფორმაციის ბლოგების ციკლი იმ ქალზე რექვიემით, რომელიც დღესაცსაკულტოა: ელექტრად დაბადებული და შოუბიზნესის სამყაროში “მუნჯი ქერას” “სულელი არსების” იმიჯით სექსუალურ ნივთად ქცეული მერილინი. ტრაგიკული გოგო - მიმზიდველობის და დაუცველობის მარადიული სიმბოლო.
ბევრია ლამაზი ქალი, მაგრამ სულ სხვა სილამაზე გადმოდის მისგან - სიცოცხლესავით ტკბილი და შემაშფოთებელი, ფატალური. რამდენმა “ითამაშა” მერლინი და ვერ განმეორდა მისი ტეხილი ვნების ნამსხვრევები გრძელ თვალებში, სხეულის უსრულყოფილესი ფორმები, მოძრაობის განსაკუთრებული ამპლიტუდა, ღია ინფანტილურობით დარჩენილი ტუჩები და მშვენიერი სევდა ნამდვილი ბედისწერის - ხალხმრავალის და უერთადერთობის.
დეზინფორმაცია მერლინ მონროს ბრწყინვალე და ტრაგიკული ცხოვრების ძირითადი ხაზია და არა მარტო მისი სიცოცხლის წლებში. სიკვდილის მერეც. მისი სახელი გარდაცვალების შემდეგაც კი მუდმივ ექსპლუატაციაშია.
ფილმმა “ქერა” ეს კამათი ისევ ახლებურად სიცოცხლისუნარიანი გახადა და სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ ეთაყვანება მერლინის ხატს და სავსებით ობიექტურადაც, ფილმის ავტორების წინააღმდეგ აამხედრა, რადგან აქ მხოლოდ შემოქმედების მდარე ხარისხზე აღარ იყო რეპლიკები. აქ მერლინის ცხოვრება ისევ უღმერთოდ გაყალბდა.
ვინ არის ქალი, რომელზეც უკვე 80 წელია მსოფლიომ საუბარი არ შეწყვიტა?
ჩვენ მხოლოდ შეგრძნებებზე ვწერთ. ტკივილებზე, რომელმაც შეიძლება დაამახინჯოს ადამიანის ბიოგრაფია.
რატომ ავირჩიე საფინალო ბლოგის გმირად მერლინი, როცა თემა გენდერული დეზინფორმაციაა და მაშინ ეს ტერმინი აქტუალური არ იყო.. გამიჭირდება პუნქტებში დავკონკრეტდე, მაგრამ მთელი არსით ვგრძნობ, რომ ყველა მის მიმართ ჩადენილ სისასტიკეში, ყველაზე მომაკვდინებელი სწორედ დეზინფორმაცია იყო და არის. ალბათ, იშვიათია სახელი, რომელსაც სიკვდილის მერეც კი ასე უდიერი ნარატივებით სტიგმატიზირებენ. ალბათ, იმიტომ, რომ დღემდე ცოცხალია, დღემდე მტკივნეულია, დღემდე მგრძნობიარეა ყველა მისი ფრაგმენტით ეკრანზე და ეკრანს მიღმა. იქნებ იმიტომ, რომ სწორედ დღემდე ვერ მოახერხა სამყარომ გაემიჯნა (ან რატომ უნდა გაემიჯნა) ასეთი სილამაზე და გონიერება ქალში, თითქოს ერთად მათი თანაცხოვრება წარმოუდგენელია და ამის კლასიკურ მაგალითად ხშირად მცდარად, მაგრამ ჩვენშიც მერლინის სილუეტი პროეცირდება. ვინ დაგვაჯერა ამაში?
ჩვენი კოლექტიური მეხსიერება არასდროს იგონებს, რომ მერლინ მონრო იყო პირველი ქალი, რომელმაც დააარსა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია და ამით დარტყმა მიაყენა ჰოლივუდის სტუდიის ხახადაღებულ რეპუტაციას. როგორც მერილინისთვის, ასევე ჰოლივუდისთვის, ეს იყო რევოლუციური მომენტი - სექსისტური მოლოდინებისგან შეზღუდულიდა გზა შემოქმედებითი თავისუფლებისკენ! გაზეთმა Morning Telegraph-მა ამ გასაოცარი სიმამაცის ფაქტზე დაწერა: “მწარე ბრძოლა დასრულდა! მერლინ მონრომ, ხუთნახევარდუიმიანმა ქერამ, რომელიც იწონის 118 მიმზიდველად განაწილებულ ფუნტს, დააჩოქა “მეოცე საუკუნე ფოქსი”.
ის იყო პერფექციონისტი და იყო ვარსკვლავი, რომელმაც კონტროლი ჩამოართვა მისი დიდების ყალბ არქიტექტორებს და თვითონ გადაწყვიტა საკუთარი ბედიც. მერლინის ეს ნაბიჯი ბევრი ვარსკვლავისთვის გახდა თვითგამორკვევის საბაბი და მოტივაცია, არადა, მედიამ, ეს უპრეცედენტო ძალისხმევა, ისევ “ქერა ლამაზი”-ს სხეულის ენით თარგმნა..
მერლინს უყვარდა შექმნა, არადა “შემქმნელების” კლიშეებიდან თავი ვერ დააღწია ვერც სიკვდილის მერე, სამწუხაროდ.
ნორმა ჯინ ბეიკერი -მერლინ მონრო, ეს სიცოცხლესავით ლამაზი გოგონა, დაიბადა ლოს -ანჟელესში, 1926 წელს. ბავშვობა, დედის მოწყვლადი ფსიქიკის გამო, თორმეტამდე სხვადასხვა “აღმზრდელ ოჯახში” და ორჯერ თავშესაფარში გაატარა. იყო მორცხვი და მორჩილი. ოცნებობდა სიყვარულზე, ოჯახურ სითბოზე და ვარსკვლავობაზე.
უყვარდა ყველას და ისე გამოვიდა, რომ მაინც არ ყავდა არავინ.
,,ის, ფიზიკურ გარდაცვალებამდე ბევრად უფრო ადრე იყო მკვდარი, მარტოობისა და სულის სიცარიელის განცდისგან” – ასე წერს ფსიქოლოგი ელისაბედ მაკავოი სიცოცხლით სავსე მერლინ მონროზე, რომელმაც პირველად აღწერა არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი სახეობა – მერლინ მონროს სინდრომი.
არავინ ჰგავდა მას. მისნაირი არავინ დადიოდა. არავინ ლაპარაკობდა მის მსგავსად. სექსუალური,ნიჭიერი, ბრწყინვალე და დაუცველი- ის არ იყო ჩვეულებრივი ეკრანის ქალღმერთი. მან სამყაროს აჩუქა მერლინ მონროს ლეგენდა, საკუთარი ტკივილებისგან ნაშობი მეორე ქალი, რომელიც აბედნიერებდა და აბედნიერებს ხალხს. ცოტა თუ იცნობდა ნამდვილს. რასაც სხვები წერდნენ მასზე, მერლინმა უწოდა "ტყუილი! ტყუილი! ტყუილი!"და პროტესტივით დატოვა დედამიწა.
National library of Medicine-ს ოფიციალურ საიტზე სტატიაში “ავადმყოფობის ტრაექტორია მერილინ მონროს ფსიქოლოგიურ აუტოფსიაში“ წერია:
“სავარაუდოა, რომ ბავშვობიდან წარმოქმნილმა ტრავმების დაგროვებამ დროთა განმავლობაში გამოიწვია BPD(მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა)-ის სტრუქტურირება, ფსიქოპათოლოგიური განზომილებების მოზაიკა, რომელიც ხასიათდება ტრავმების ხშირი მოცილებით, გადამუშავებით და ექსპლუატაციით”. -ესეც, რექვიემი მეოცე საუკუნის ქალის ხატზე, ტრაგიკულ კერპზე და ვარსკვლავზე, რომელიც კიდევ დიდხანს აგვაფორიაქებს მისი ბიოგრაფიის დეზინფორმაციული ლეგენდებით და მაინც იბრწყინებს სულ.